საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119003131982
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №143აპ-23 ქ. თბილისი
ჭ. ნ. 143აპ-23 4 აგვისტო, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 12 დეკემბრის განაჩენზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის ირაკლი კოძახიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. ჭ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით (საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944. 2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია).
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. ჭ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 3 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქალაქ ს–ში, .......ის ქუჩაზე, მთვრალ (საშუალო ხარისხის ალკოჰოლური თრობა) ნ. ჭ–ე, დასახლებულ პუნქტში დასაშვებ ზღვრულ - 60 კმ/სთ სიჩქარეზე გადაჭარბებით მართავდა ,,ნისანის’’ მარკის ........ ავტომობილს. ავტომობილის მართვისას მან დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21.15; 33.1; 33.2 და 33.6 (21.15. ,,აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას’’; 33.1. ,,მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება’’; 33.2. ,,სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს’’; 33.6. ,,თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ პუნქტში ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით..’’;) მუხლების მოთხოვნები და შეეჯახა წინ, თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ს. წ–სის მართვის ქვეშ მყოფ ,,ვენტოს’’ მარკის ავტომობილს, ნომრით ........... აღნიშნული შეჯახების დროს, შეექმნა რა დაბრკოლება თ. ბ–ს, რომელიც მართავდა ,,ნისანის’’ მარკის ......... მარკის ავტომობილს, ეს უკანასკნელი უკანა მარცხენა ფრთაზე შეეჯახა ნ. ჭ–ს ავტომობილს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თ. ბ–მ მიიღო რა სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, 2019 წლის 19 თებერვალს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ასევე, თ. ბ–მის ავტომობილში მყოფმა მგზავრმა ი. ნ–მ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 დეკემბრის განაჩენით ნ. ჭ–სე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით (საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944. 2019 წლის პირველ აპრილამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.
3.1. ნ. ჭ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ვახტანგ ჭუმბურიძემ, რომელმაც ითხოვა ნ. ჭ–ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით კანონიერი და სამართლიანი სასჯელის დანიშვნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ასევე ავტომობილის მართვის უფლების ჩამორთმევა.
4.1. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულ ნ. ჭ–ს ადვოკატმა ს. კ–მ რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 12 დეკემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 დეკემბრის განაჩენი ნ. ჭ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა ირაკლი კოძახიძემ, რომელიც ითხოვს ნ. ჭ–ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) დამნაშავედ ცნობასა და მისთვის კანონიერი სასჯელის შეფარდებას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა პროკურორმა, რომელიც ითხოვს გამართლებულის დამნაშავედ ცნობას.
9. მხარეებს შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2018 წლის 3 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქალაქ ს–ში, ........ის ქუჩაზე, მთვრალი (საშუალო ხარისხის ალკოჰოლური თრობა) ნ. ჭ–ე, დასახლებულ პუნქტში დასაშვებ ზღვრულ სიჩქარეზე გადაჭარბებით მართავდა ,,ნისანის’’ მარკის ავტომობილს (სახელმწიფო ნომრით - .......) და შეეჯახა წინ, თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ, ს. წ–სის მართვის ქვეშ მყოფ ,,ვენტოს’’ მარკის ავტომობილს (სახელმწიფო ნომრით .......). ამასთან, აღნიშნული შეჯახების დროს, ნ. ჭ–სის ავტომობილს უკანა მარცხენა ფრთაზე შეეჯახა ,,ნისანის’’ მარკის ავტომობილი (სახელმწიფო ნომრით - ......), რომელსაც მართავდა თ. ბ–მე. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თ. ბ–მ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება და გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, 2019 წლის 19 თებერვალს საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო თ. ბ–მის ავტომობილში მყოფმა მგზავრმა ი. ნ–მ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.
10. მხარეებს შორის დავის საგანია საკითხის გარკვევა, ჩაიდინა თუ არა ნ. ჭ–მ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება. აღნიშნული საკითხის გასარკვევად უნდა დადგინდეს, დაარღვია, თუ არა ნ. ჭ–სემ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესები და არსებობდა თუ არა მიზეზობრივი კავშირი წესების დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის, თ. ბ–ს ავტომობილთან მომხდარ შეჯახებასთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში ექსპერტების კომპეტენციას წარმოადგენს მტკიცებულებებსა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით დაადგინონ: ავტოსაგზაო შემთხვევის მექანიზმი; ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის რა მოთხოვნები დაირღვა; შეეძლო თუ არა მძღოლს/მძღოლებს შემთხვევის თავიდან აცილება და მიიღო თუ არა მან საფრთხის შექმნის მომენტიდან ის ზომები, რომლებსაც მას ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი ავალდებულებს.
11. კასატორის მტკიცებით ნ. ჭ–ე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მოქმედებდა მოძრაობის უსაფრთხოების წესების უგულებელყოფით, შეეჯახა წინ, თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ს. წ–ს მართვის ქვეშ მყოფ ,,ვენტოს’’ მარკის ავტომობილს, აღნიშნულით დაბრკოლება შეუქმნა თ. ბ–ს, რომელიც მართავდა ,,ნისანის’’ მარკის ავტომობილს, რის გამოც იგი უკანა მარცხენა ფრთაზე შეეჯახა ნ. ჭ–ს ავტომობილს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვის შემთხვევაში მას შეეძლო ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილია დაცვისა და ბრალდების მხარეების ინიციატივით ჩატარებული ავტოტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა შედეგები წინააღმდეგობრივია, იმავდროულად, ექსპერტებმა კვლევის შედეგები დააფუძნეს განსხვავებულ მონაცემებს, კერძოდ:
12.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 13 მარტის №... ავტოტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის (ექსპერტი ზ. გ–სი) თანახმად:
12.1.1. გამოძიებით დადგენილ ვითარებაში ,,ნისანის“ მარკის, სახ. ნომრით ........., მძღოლი ნ. ჭ–ს მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ 21.15, 33.1, 33.2 და 33.6 მუხლების მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მას ტექნიკური თვალსაზრისით შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება;
12.1.2. გამოძიებით დადგენილ ვითარებაში „ვენტოს“ მარკის (სახ. ნომრით ........), ავტომობილის მძღოლ ს. წ–ზე ტექნიკური თვალსაზრისით არ იყო დამოკიდებული მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა არ აღინიშნება;
12.1.3. გამოძიებით დადგენილ ვითარებაში „ნისანის“ მარკის (სახ. ნომრით ........), მძღოლ თ. ბ–ზე ტექნიკური თვალსაზრისით არ იყო დამოკიდებული მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა არ აღინიშნება.
12.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 2 დეკემბრის №1503/ა კომისიური ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის (ექსპერტები: ი. ს–ე, ზ. გ–ი) თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს თ. მ-ს ქუჩაზე, ს-ის მხრიდან, თ-ს მიმართულებით სავალ გზაზე და ასევე თ-ს მხრიდან, ს-ს მიმართულებით სავალ გზაზე ნებადართული მოძრაობის სიჩქარე შეადგენს არაუმეტეს 60 კმ/სთ;
12.2.1. მოცემულ შემთხვევაში, მძღოლ ნ. ჭ–ს მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-15 პუნქტის, 33-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 33-ე მუხლის პირველი და 2-ე პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მას მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო;
12.2.2. მოცემულ შემთხვევაში, მძღოლებს - ს. წ–ს და თ. ბ–ს შეჯახების თავიდან აცილება არ შეეძლოთ და მათ მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის უგულვებელყოფა არ აღინიშნება.
12.3. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 21 აგვისტოს №........... სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის (ექსპერტი ზ. თ–ე) თანახმად:
12.3.1. მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის (ავტომობილ “Nissan NOTE“ ........-სთან შეჯახების) თავიდან აცილება ავტომობილ „Volkswagen Vento“ .......... მძღოლზე არ იყო დამოკიდებული და მის მოქმედებაში საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება;
12.3.2. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დასაშვები სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში, ავტომობილ „Nissan NOTE-ის“ (.......) მძღოლს, ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის, ავტომობილ “Volkswagen Vento-ს“ (.........) უკანა ნაწილზე შეჯახების თავიდან აცილება შეეძლო და მისი მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა ავტომობილ ,,Volkswagen Vento-ს“ (... უკანა ნაწილზე შეჯახება;
12.3.3. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დასაშვები სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში, ავტომობილ „Nissan NOTE-ის“ (............) მძღოლს ტექნიკური თვალსაზრისით, ავტომობილ ,,Nissan NOTE-ზე“ (...........) შეჯახების თავიდან აცილება შეეძლო და მისი მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა ავტომობილ „Nissan NOTE-ის“ (............) უკანა მარცხენა ნაწილზე შეჯახება.
12.4. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 7 აპრილის №.......... სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის (ექსპერტები: ზ. თ–ე, დ. გ–ი) თანახმად, საქმეში არსებული და წარმოდგენილი დამატებითი მასალების, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, მასზე დანართი სქემის, აგრეთვე ს–ს მუნიციპალიტეტის მერიის 19/02/2020-ის №........ მიმართვის წერილის და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 27/02/2020-ის №.......... ........... მიმართვის წერილით სასამართლო სხდომის CD დისკზე ელექტრონული ჩანაწერის მიხედვით, 2018 წლის 3 ნოემბერს, ქ. ს–ში, ..........ის ქუჩაზე, მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა იყო 40 კმ/სთ;
12.4.1. მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის (ავტომობილ „Nissan NOTE-თან“ (.......) შეჯახების) თავიდან აცილება ავტომობილ ,,Volkswagen Vento-ს“ (............) მძღოლ ს. წ–ზე არ იყო დამოკიდებული და მის მოქმედებაში საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება;
12.4.2. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დასაშვები სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში, ავტომობილ „Nissan NOTE-ის“ (.........) მძღოლს - ნ. ჭ–ს, ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის, ავტომობილ ,,Volkswagen Vento-ს“ (............) უკანა ნაწილზე შეჯახების თავიდან აცილება შეეძლო და მისი მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა ავტომობილ ,,Volkswagen Vento-ს“ (............) უკანა ნაწილზე შეჯახება;
12.4.3. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მსვლელობისას წინ მიმავალ ავტომობილთან სათანადო დისტანციით [40÷50 მეტრი] და ნებადართული სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში ავტომობილ „Nissan NOTE-ის“ (.........) მძღოლ თ. ბ–ს, ტექნიკური თვალსაზრისით, ავტომობილ „Nissan NOTE-ზე“ (............) შეჯახების თავიდან აცილება შეეძლო და მისი მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-11 პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა ავტომობილ „Nissan NOTE-თან“ (..........) შეჯახება;
12.4.4. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის (ავტომობილ „Nissan NOTE-თან“ (.............) შეჯახების) თავიდან აცილება ავტომობილ „Nissan NOTE-ის“ (............) მძღოლ ნ. ჭ–ზე არ იყო დამოკიდებული და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მის მოქმედებაში საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.
13. ამდენად, ბრალდებისა და დაცვის მხარეების ინიციატივით დანიშნულ საექსპერტო კვლევებში შესაბამისმა ექსპერტებმა 2018 წლის 3 ნოემბერის მდგომარეობით ქ. ს–ში, ...........ის ქუჩაზე, სიჩქარის შეზღუდვის მაქსიმალურ ზღვრად აიღეს განსხვავებული მონაცემი, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნის თანახმად: შემთხვევის ადგილზე ნებადართული მოძრაობის სიჩქარე შეადგენს არაუმეტეს 60 კმ/სთ, ხოლო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით - 40 კმ/სთ.
14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს აღნიშნულ სადავო საკითხთან მიმართებით, კერძოდ:
14.1. გამომძიებელ მ. ც-ს ჩვენების თანახმად, რომელმაც შეადგინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ნახაზი, მიუთითა, რომ ქალაქ ს-ში, ...........ის ქუჩაზე მოძრაობის მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე შემთხვევის დროს იყო - 40 კმ/სთ. მოწმემ განმარტა, რომ თ–დან დასახლებულ პუნქტში შემოსასვლელში, თ–დან ქალაქ ს–ს მიმართულებით მიმავალ გზის ზოლში, შემთხვევის დროს იდგა სიჩქარის შემზღუდავი ნიშანი, რომლის მიხედვით, დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე იყო 40კმ/სთ. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა საპირისპირო ზოლში, ანუ ქალაქ ს–ს ცენტრიდან თ–სკენ მიმავალი გზის ზოლში, თუმცა საგზაო ნიშანი, რომელიც იდგა თ–დან ს–სკენ მომავალ ზოლში, ვრცელდებოდა ს–დან თ–სკენ მიმავალ სამოძრაო ზოლზეც და იქ სხვა საგზაო ნიშანი არ ყოფილა.
14.2. პატრულ-ინსპექტორმა ა. ლ–მა განმარტა, რომ შემთხვევის დროს ადგილზე იდგა სიჩქარის შემზღუდავი ნიშანი, რომელზეც აღნიშნული იყო - დაშვებული მოძრაობის სიჩქარე - 40 კმ/სთ.
14.3. ექსპერტმა ზ. გ–მა განმარტა, რომ საგზაო მოძრაობის ნიშანი მოქმედებს მხოლოდ იმ მიმართულებით, რომელ საავტომობილო სამოძრაო ზოლშიც არის დადგმული - მიმართული, რათა საგზაო ნიშანი მძღოლს ხილულად აწვდიდეს შესაბამის ინფორმაციას. მძღოლი საპირისპირო ზოლში მდგარი ნიშანს ვერ დაინახავს და შესაბამისად, აღნიშნული ნიშნის მოქმედების ზონას არ წარმოადგენს მძღოლის სამოძრაო ზოლი. მოცემულ შემთხვევაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თ-ს მიმართულებით სამოძრაო ზოლში, სადაც არ იყო შესაბამისი ნიშანი, შესაბამისად, მძღოლებისათვის მოცემულობა იყო - დასახლებული ზონა, ე.ი. მისთვის მოძრაობა დასაშვები იყო - 60 კმ/სთ-დე სიჩქარე. აქედან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარებისას გაანგარიშება მოხდა მოცემულობით, რომ დასაშვები სიჩქარეა - 60 კმ/სთ (02.07.2021; 12:31:26). გარდა ამისა, მოწმემ განმარტა, რომ თ. ბ–მეს, რომ ჰქონოდა არასწორი დისტანცია მის წინ მიმავალ ავტომობილთან, იგი მას უკნიდან შეეჯახებოდა და გაჩერდებოდა ავტომანქანის სავალ მარჯვენა ზოლში, ამასთან, ავტომანქანებს სხვა დაზიანებები ექნებოდა და მარცხენა მხარეს ვერ აღმოჩნდებოდა. თუ პირველი შეჯახება არ მოხდებოდა, მეორე და მესამე ავტომობილებს შორის კონტაქტი არ მოხდებოდა. თ. ბ–ს ავტომობილი მოძრაობდა ცოტა უკან და მარცხენა მხარეს და სავსებით შესაძლებელია, რომ იგი მთლიანად გადასული იყო საპირისპირო ზოლში და გვერდს უვლიდა არსებულ სიტუაციას, რომ არა ნ. ჭ–ს ავტომობილის უკანა ნაწილის ტრიალი, მეორე და მესამე ავტომობილებს შორის კონტაქტს ადგილი არ ექნებოდა (12:35:27). მოწმემ ასევე განმარტა, რომ საქმის მასალებისა და თ. ბ–ს მგზავრის ჩვენების თანახმად, თ. ბ–ე მოძრაობდა დაახლოებით 60 კმ/სთ სიჩქარით, ამასთან, ავტომობილის მოძრაობის სიჩქარის დადგენის სხვა საშუალება არ ჰქონდათ, ვინაიდან მესამე ავტომობილს არ დაუტოვებია სამუხრუჭე კვალი, ხოლო სამუხრუჭე კვლების გარეშე, სიჩქარის დადგენა შეუძლებელია (12:50:35). თ. ბ–ს რომ ემოძრავა 60 კმ/სთ ან მეტი სიჩქარით, დაარღვევდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონს, თუმცა არ იქნებოდა მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან, ვინაიდან თუ მანძილი არის 10-15 მეტრი, 60 კმ/სთ მოძრავი ავტომობილი ვერ აიცილებს შეჯახებას, რადგან მას ამისათვის სჭირდება 38 მეტრი, შესაბამისად, მნიშვნელობა არ ჰქონდა იგი 60 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს თუ მეტით (12:52:19). მოწმემ ასევე განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოცემულობა არ შეიცვლებოდა არც იმ შემთხვევაში თუ მესამე ავტომობილი იმოძრავებდა 40 კმ/სთ სიჩქარით, ვინაიდან ამ შემთხვევაში გასაჩერებელი მანძილი ნაცვლად 38 მეტრისა იქნებოდა 15 მეტრი, შესაბამისად, პრაქტიკულად არაფერი შეიცვლებოდა (13:01:29).
14.4. ექსპერტმა ი. ს–მ დაადასტურა, რომ საგზაო ნიშანი ვრცელდება იმ სამოძრაო ზოლში, რომელ ზოლში მოძრავ მძღოლსაც წინ ხვდება და არა საწინააღმდეგო ზოლში, რადგან სხვა შემთხვევაში მძღოლი მას ვერ შენიშნავს. თუ საგზაო ნიშანი მძღოლის სამოძრაო ზოლში არ არის, საპირისპიროდ მიმავალ ზოლში არსებული ნიშანი მასზე არ ვრცელდება (06.07.2021; 11:08:24).
14.5. დაცვის მხარი მიერ წარმოდგენილმა ექსპერტმა ზ. თ–მ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე მოძრაობის სიჩქარე შეზღუდულია 40 კმ/სთ-მდე. მოცემულ შემთხვევაში ავტომობილების განლაგება და დატოვებული კვლები მიანიშნებს იმაზე, რომ ნ. ჭ–ს ავტომანქანა თითქმის მთელი ფართით დაეჯახა მის წინ მიმავალ ავტომანქანას, რაც არ გამოიწვევდა მის შემობრუნებას. სამუხრუჭე სწორხაზოვანი კვალი მიუთითებს, რომ ნ. ჭ–ს ავტომანქანა როგორც დაეჯახა პირველ ავტომობილს, ისე გააგრძელა მოძრაობა საბოლოო გაჩერებამდე (30.09.2021; 15:16:38; 15:31:37). თ. ბ–ს ავტომანქანაში მჯდომი მგზავრის ჩვენების თანახმად, დისტანცია მათ და ნ. ჭ–ს ავტომობილს შორის იყო დაახლოებით 10 მეტრი (რაც გაიზიარა ყველა ექსპერტმა), თუმცა გარდა ამისა იმავე მგზავრმა განმარტა, რომ მომხდარ ავტოშემთხვევამდე, გზაზე მოძრაობისას, მათ გადაუსწრო სწრაფი სიჩქარით მოძრავმა ნ. ჭ–ს ავტომობილმა, რის შემდეგაც დაახლოებით 150 მეტრის გავლის შემდეგ მოხდა პირველი შეჯახება, შესაბამისად, თუ მეორე ავტომობილმა დაახლოებით 150 მეტრი გაიარა 80-100 კმ/სთ სიჩქარით და იმავდროულად, მეორე და მესამე ავტომობილებს შორის შენარჩუნდა 10 მეტრიანი დისტანცია, გამოდის, რომ მესამე ავტომობილიც მოძრაობდა დაახლოებით იგივე სიჩქარით, რა სიჩქარითაც მოძრაობდა მის წინ მიმავალი. შესაბამისად, თუ მივიღებთ მოცემულობად, რომ მესამე ავტომობილი მოძრაობდა 60 კმ/სთ სიჩქარით, მაშინ მის წინ მიმავალსაც ამ სიჩქარით უნდა ემოძრავა, რადგან ისინი ფაქტიურად თანაბრად გადაადგილდებოდნენ (15:18:11).
14.5.1. მოწმემ უსაფრთხო დისტანციასთან მიმართებით მიუთითა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 ნაწილის ,,პ“ პუნქტზე“, რომლის თანახმად, ნორმალური მოძრაობის პირობებში ერთმანეთის მიყოლებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარავად საჭირო დრო დასახლებულ პუნქტში უნდა იყოს არანაკლებ 2 წამისა, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში − არანაკლებ 3 წამისა. ფორმულის შესაბამისად თუ ავტომობილები მოძრაობენ - 60 კმ/სთ სიჩქარით, დისტანცია მათ შორის უნდა იყოს დაახლოებით 33 მეტრი, 80 კმ/სთ სიჩქარის შემთხვევაში - 44 მეტრი, 100 კმ/სთ სიჩქარის შემთხვევაში - 35 მეტრი. ავტოტექნიკური ექსპერტიზის მეთოდიკის თანახმად, მძღოლებისათვის დისტანციის გამოთვლის გაადვილების მიზნით, რომ უსაფრთხო დისტანციის სიდიდედ მიღებულია სატრანსპორტი საშუალების მოძრაობის სიჩქარის ნახევარი სიდიდე. აღნიშნულისა და მოცემულ შემთხვევაში იმის მხედველობაში მიღებით, რომ პირველი შეჯახების შედეგად ნ. ჭ–ს ავტომობილი მყისიერად არ გაჩერდა და გააგრძელა მოძრაობა დაახლოებით 50 კმ/სთ სიჩქარით და კიდევ გაიარა 14 მეტრი, მე-3 ავტომობილი შეძლებდა შეჯახების თავიდან არიდებას, თუ მას ექნებოდა შესაბამისი დისტანცია მე-2 ავტომობილთან (15:20:33).
14.5.2. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მძღოლი ხელმძღვანელობს მისი მოძრაობის ზოლში მდგარი საგზაო ნიშნებით და საპირისპირო მოძრაობის ზოლში მდგარი ნიშნები მას არ ეხება. თავად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილას და შემთხვევის ადგილამდე ნახა 40 კმ/სთ სიჩქარის შემზღუდველი ნიშანი, რომლის მოქმედება ვრცელდებოდა უშუალოდ შემთხვევის ადგილზეც (15:42:20). ამასთან, არსებითი მნიშვნელობა მოცემულ საქმესთან მიმართებით, დასაშვები იყო 40 თუ 60 კმ/სთ სიჩქარე, არ აქვს, ვინაიდან პრინციპული მნიშვნელობა აქვს დისტანციას - წინ მიმავალმა ავტომობილმა თუ მიიღო ზომები, მაგალითად ვინმემ გადაურბინა, უკან მიმავალ მძღოლს უნდა ჰქონდეს საშუალება მიიღოს იგივე ზომები, ისე, რომ წინ მიმავალ ავტომობილს არ დაეჯახოს. განსახილველ შემთხვევაში საჭირო დისტანცია რომ ყოფილიყო შეჯახება გამოირიცხებოდა (15:26:52).
15.6. ექსპერტმა დ. გ–მა განმარტა, რომ ნ. ჭ–ს ავტომობილს პირველი შეჯახების შემდგომ მოძრაობის მიმართულება ფაქტობრივად არ შეუცვლია და გადაადგილდა იმ მიმართულებით რა მიმართულებითაც მოძრაობდა შეჯახებამდე. მის წინ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან დისტანციის დაცვა დამოკიდებული იყო თ. ბ–მეზე. ამასთან, საქმეში დასაშვებ სიჩქარედ ფიგურირებს ორი მონაცემი - 40 და 60 კმ/სთ, თუმცა ორივე შემთხვევაში, მძღოლ თ. ბ–ს შეეძლო თავისუფლად აეცილებინა შეჯახება (15:52:11).
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების და დაცვის მხარეების მიერ საქმეში წარმოდგენილ დასკვნების განსხვავებული შედეგები განპირობებულია, მათ შორის - იმ საწყისი მონაცემებით, რაც ექსპერტებმა გამოიყენეს კვლევის პროცესში. კერძოდ:
16.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევისას ექსპერტი დაეყრდნო მოცემულობას, რომ შემთხვევის ადგილზე ნებადართული მოძრაობის სიჩქარე შეადგენს არაუმეტეს 60 კმ/სთ, ხოლო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით - 40 კმ/სთ;
16.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტმა ზ. გ–მა განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოცემულობა არ შეიცვლებოდა არც იმ შემთხვევაში თუ მესამე ავტომობილი იმოძრავებდა 40 კმ/სთ სიჩქარით, ვინაიდან ამ შემთხვევაში გასაჩერებელი მანძილი ნაცვლად 38 მეტრისა, იქნებოდა - 15 მეტრი, შესაბამისად, პრაქტიკულად არაფერი შეიცვლებოდა (13:01:29), ასევე განმარტა, რომ თ. ბ–ს, რომ ჰქონოდა არასწორი დისტანცია მის წინ მიმავალ ავტომობილთან, იგი მას უკნიდან შეეჯახებოდა და გაჩერდებოდა ავტომობილის სავალ მარჯვენა ზოლში, ამასთან, ავტომობილებს სხვა დაზიანებები ექნებოდა და საბოლოოდ იგი მარცხენა მხარეს ვერ აღმოჩნდებოდა, ხოლო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა ზ. თ–მ განმარტა, რომ მოცემულ საქმესთან მიმართებით არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, დასაშვები იყო 40 თუ 60 კმ/სთ სიჩქარე, ვინაიდან პრინციპული მნიშვნელობა აქვს დისტანციას, რადგან, როგორც წესი წინ მიმავალი ავტომობილის მძღოლი თუ მიიღებს ზომებს (მაგალითად ვინმე გადაურბენს), უკან მიმავალ მძღოლსაც უნდა ჰქონდეს საშუალება მიიღოს იგივე ზომები ისე, რომ წინ მიმავალ ავტომობილს არ დაეჯახოს. განსახილველ შემთხვევაში საჭირო დისტანცია რომ დაეცვა თ. ბ–ს, შეჯახება გამოირიცხებოდა (15:26:52). უსაფრთხო დისტანციასთან მიმართებით ზ. თ–მ ასევე მიუთითა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 ნაწილის ,,პ“ პუნქტზე“, რომლის თანახმად, ნორმალური მოძრაობის პირობებში ერთმანეთის მიყოლებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარავად საჭირო დრო დასახლებულ პუნქტში უნდა იყოს არანაკლებ 2 წამისა, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში − არანაკლებ 3 წამისა. ფორმულის შესაბამისად, თუ ავტომობილები მოძრაობენ - 60 კმ/სთ სიჩქარით, დისტანცია მათ შორის უნდა იყოს დაახლოებით 33 მეტრი, 80 კმ/სთ სიჩქარის შემთხვევაში - 44 მეტრი, 100 კმ/სთ სიჩქარის შემთხვევაში - 35 მეტრი. ავტოტექნიკური ექსპერტიზის მეთოდიკის თანახმად, მძღოლებისათვის დისტანციის გამოთვლის გაადვილების მიზნით, რომ უსაფრთხო დისტანციის სიდიდედ მიღებულია სატრანსპორტი საშუალების მოძრაობის სიჩქარის ნახევარი სიდიდე. აღნიშნულისა და მოცემულ შემთხვევაში იმის მხედველობაში მიღებით, რომ პირველი შეჯახების შედეგად ნ. ჭ–ს ავტომობილი მყისიერად არ გაჩერდა და გააგრძელა მოძრაობა დაახლოებით 50 კმ/სთ სიჩქარით და კიდევ გაიარა 14 მეტრი, მე-3 ავტომობილი შეძლებდა შეჯახების თავიდან არიდებას, თუ მას ექნებოდა შესაბამისი დისტანცია მე-2 ავტომობილთან (15:20:33).
16.3. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ექსპერტ ზ. გ–ს განმარტებით თ. ბ–ს ავტომობილი მოძრაობდა ცოტა უკან და მარცხენა მხარეს და სავსებით შესაძლებელია, რომ იგი მთლიანად გადასული იყო საპირისპირო ზოლში და გვერდს უვლიდა არსებულ სიტუაციას, რომ არა ნ. ჭ–ს ავტომობილის უკანა ნაწილის ტრიალი, მეორე და მესამე ავტომობილებს შორის კონტაქტს ადგილი არ ექნებოდა (12:35:27), მაშინ როცა ექსპერტ ზ. თ–ს განმარტებით მოცემულ შემთხვევაში ავტომობილების განლაგება და დატოვებული კვლები მიანიშნებს იმაზე, რომ ნ. ჭ–ს ავტომანქანა თითქმის მთელი ფართით დაეჯახა მის წინ მიმავალ ავტომანქანას, რაც არ გამოიწვევდა მის შემობრუნებას. ამასთან, სამუხრუჭე სწორხაზოვანი კვალი მიუთითებს, რომ ნ. ჭ–ს ავტომანქანა როგორც დაეჯახა პირველ ავტომობილს, ისე გააგრძელა მოძრაობა საბოლოო გაჩერებამდე (30.09.2021; 15:16:38; 15:31:37). აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს სქემატურ ნახაზსა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სადაც აღნიშნულია, რომ შეჯახების ადგილიდან იწყება პირდაპირი მუხრუჭის კვალი, რომლის სიგრძე არის 14 მეტრი.
17. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ, ერთი მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის და, მეორე მხრივ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მითითებული წინააღმდეგობრივი საკითები პირდაპირ უკავშირდებოდა იმ საკითხის გადაწყვეტას - შეეძლო თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება და შესაბამისად, დაარღვია თუ არა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები გამართლებულმა, რომელთა დადგენა ბრალდებისა და დაცვის მხარეების მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნების ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგების გათვალისწინებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით შეუძლებელია.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია დაცვისა და ბრალდების ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსიები; განსახილველი საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც უნდა დგინდებოდეს გამართლებულის მიერ სადავო შემთხვევის თავიდან აცილების საკითხი, ხოლო განსახილველ შემთხვევაში სს საქმეში წარმოდგენილია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტიზის ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნები, ამასთან, ექსპერტების განმარტებით ნაკლებმნიშვნელოვანია დასაშვები იყო 40 თუ 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა (იხ. ექსპერტების - ზ. თ–სა და ზ. გ–ს ჩვენებები), რადგან პრინციპული მნიშვნელობა აქვს დისტანციას; გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება ის გარემოება, რომ გამართლებულმა ჩაიდინა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული დანაშაული; საქმეში ურთიერთსაწინააღმდეგო ექსპერტიზის დასკვნების გარდა არ მოიპოვება სხვა ნეიტრალური მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ბრალდების მხარის ვერსიას - in dubio pro reo პრინციპის მოთხოვნიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
19. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43). მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.
20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
21. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
22. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
23. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი წინაპირობის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
24. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 12 დეკემბრის განაჩენზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის ირაკლი კოძახიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე