საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 02.10.2023
საქმის ნომერი
2კ-721აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.10.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №721აპ-23 თბილისი

მ-ი თ., 721აპ-23 2 ოქტომბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 იანვრის განაჩენით, თ. მ-ი, – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 500 ლარი.

2. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ თ. მ-მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· 2022 წლის 11 იანვარს, დილის საათებში, ქ-ში, ი. ჭ-ის გამზირზე მდებარე №- სკოლის ეზოში, თ. მ-მა ვ. მ-ას მოქაჩა თმა. ამ დროს დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 იანვრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. მსჯავრდებულ თ. მ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. შ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 31 მარტის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და თ. მ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. სუსგ: №193აპ-23, №545აპ-19) და კასატორს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

6. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის: დაზარალებულ ვ. მ-ას, მოწმეების: თ. გ-ის, გ. კ-ისა და სხვათა ჩვენებები, კანონის დაცვით გამოქვეყნებული მოწმე ა. გ-ას გამოკითხვის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, ასევე – საქმეში არსებული სხვა მასალები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია თ. მ-ის მიერ სხვაგვარი ძალადობის ჩადენა. ამასთან, სამართალწარმოების მიმდინარეობისას არ გამოკვეთილა რაიმე ობიექტური გარემოება, რაც დაზარალებულის ან მოწმეთა ჩვენებების სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

7. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს: სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს გადმოცემული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს აღწერილი ინკრიმინირებული ქმედება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განაჩენი №230აპ-13, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.1.2). სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ბრალდების შესახებ დადგენილებების ფარგლებში განიხილა თ. მ-სა და ვ. მ-ას შორის ფიზიკური დაპირისპირების ერთი ფაქტი.

8. საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობითა და მათი ანალიზის შემდეგ საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ თ. მ-ის ქმედება სწორად დააკვალიფიცირა საქართვეალოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებში – სხვაგვარ ძალადობად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), რაც ვერ შეფასდება ბრალდების ფარგლების გადაცილებად და აღნიშნულით არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, მათ შორის – არც მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა (ყველა ბრალდებულს უფლება აქვს, მისთვის გასაგებ ენაზე იყოს სწრაფად და დეტალურად ინფორმირებული მის წინააღმდეგ ბრალდების ხასიათსა და მიზეზის შესახებ) და იმავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის (ყოველ ბრალდებულს უნდა მიეცეს ადეკვატური დრო და საშუალება, რათა მოემზადოს დაცვისათვის) კუთხით, რადგან მხარეებს ჰქონდათ განაჩენის გასაჩივრების კიდევ ორი ეტაპი მისი კანონიერების შემოწმების მიზნით. ევროპული სასამართლო კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გარანტირებულ უფლებებს ერთმანეთს უკავშირებს და აცხადებს, რომ ისინი ბრალდებულის მიერ დაცვის მომზადების უფლების ჭრილში უნდა იქნეს განხილული. ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრების ეტაპზე სრულად განიხილა საქმე, რითაც გამოსწორდა ხარვეზები და ბრალდებულს მიეცა შესაძლებლობა, მოემზადებინა დაცვა ახალი ბრალდების ირგვლივ, მე-6 მუხლის დარღვევა არ დადგინდება. მაგალითად, სიპავიჩიუსის (Sipavičius v. Lithuania (განაცხადი N 49093/99; 21.02.2002) Sipavicius)) საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ მომჩივანს ჰქონდა შესაძლებლობა, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების წინაშე მოემზადებინა საკუთარი დაცვის პოზიცია ახალი ბრალდების ფარგლებში. სტრასბურგის სასამართლომ ეროვნულ დონეზე განხორციელებული სამართალწარმოების სრულად შემოწმებისას დაასკვნა, რომ საქმისწარმოების პროცესში არსებული და გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორება შესაძლებელი იყო საქმის ზემდგომ ინსტანციებში გადასინჯვის შედეგად. შესაბამისად, სასამართლომ ერთხმად დაასკვნა, რომ მომჩივნის უფლება – დეტალურად გასცნობოდა ბრალდების არსსა და საფუძველს და ჰქონოდა საკმარისი შესაძლებლობა დაცვის მოსამზადებლად – არ დარღვეულა. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ევროპულმა სასამართლომ ასევე საქმეზე „დალოსი უნგრეთის წინააღმდეგ“ (Dallos v. Hungary (განაცხადი N 29082/95; 01.03.2001)).

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ადვოკატის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

10. ზედა ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ „საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, no. 19312/07, §34, ECtHR, 02/09/2014; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

11. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ თ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე