საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100121005061121
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №710აპ-23 19 ოქტომბერი, 2023 წელი
გ–ე გ., №710აპ-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ს. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. გ–ე (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2021 წლის 13 აგვისტოს, ღამით, ქ–ს მუნიციპალიტეტში, სოფელ მ–სა და სოფელ ა–ს საავტომობილო გზაზე, გ. გ–მ მოკვლის განზრახვით, დანის გამოყენებით, ბ. მ–ს მუცლის ღრუში განზრახ მიაყენა მძიმე ხარისხის სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები, კერძოდ: მუცლის წინა მარცხენა კედლის ღრუში შემავალი ჭრილობა, მსხვილი და წვრილი ნაწლავების, ჯორჯლისა და ბადექონის დაზიანებითა და შინაგანი სისხლდენით. გაწეული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად, ბ. მ–ე გადაურჩა სიკვდილს.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 მაისის განაჩენით გ. გ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილზე;
2.2. გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
2.3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 75 დღით და საბოლოოდ გ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 9 თვითა და 15 დღით;
2.4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 მაისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ მოითხოვა გ. გ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის სამართლიანი, მკაცრი სასაჯელის შეფარდება. მსჯავრდებულმა გ. გ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ს. ბ–მა მოითხოვეს გ. გ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განაჩენით ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო მსჯავრდებულ გ. გ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ს. ბ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
3.2. გ. გ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლზე.
3.3. გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.
3.4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინებით აღმოიფხვრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განაჩენში დაშვებული ბუნდოვანება-უზუსტობა.
გ. გ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდა 75 დღით და საბოლოოდ გ. გ–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, 9 თვითა და 15 დღით.
3.5. 2023 წლის 18 აპრილს, მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ს. ბ–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გ. გ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა. 2023 წლის 27 ივლისს, კასატორმა დამატებით მომართა უზენაეს სასამართლოს, ახალი მტკიცებულებების სახით წარმოადგინა დოკუმენტაცია (ადგილმდებარეობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა) და მოითხოვა მათი გამოკვლევა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება გ. გ–ს მიერ დანაშაულის ჩადენა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გ. გ–ს მიერ ბ. მ–სათვის სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების მიყენებისა და შესაბამისად, მკვლელობის მცდელობის ჩადენის ფაქტი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი გ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას, კერძოდ:
5.3. დაზარალებულ ბ. მ–ს ჩვენებით დგინდება, რომ 2021 წლის 12 აგვისტოს, გ. მ–სთან ერთად იმყოფებოდა რესტორანში, სადაც დალიეს ცოტა ალკოჰოლური სასმელი და ერთი საათის შემდეგ, ტაქსით დაბრუნდნენ იმ ადგილას, სადაც გ. გ–ს გაჩერებული ჰყავდა თავისი ავტომობილი. ბრალდებულის მანქანით წავიდნენ თავის სახლში, სოფელ ც-ში, რათა გ–ა გაეცნო ოჯახის წევრებისათვის. საჭესთან იჯდა გ–ა, ხოლო თავად - მის გვერდით, მარცხენა მხარეს. სახლთან მისულები, შინ აღარ შევიდნენ და გადაწყვიტეს ლუდის დასალევად წასვლა. გზაში მოუხდათ შელაპარაკება იმის გამო, რომ გ–ა მისი ძმის - ლ. მ–ს მისამართით შეურაცხმყოფელ სიტყვებს ამბობდა, რადგან სახლთან ყოფნის დროს, მისმა ძმამ, მაღალ ხმაზე ჩართული მუსიკის გამო, შენიშვნა მისცა გ–ს. მ–ს ცენტრში გააჩერეს ავტომანქანა, გადმოვიდნენ და განაგრძეს საუბარი უთანხმოების მოგვარების მიზნით. ამ დროს მათ გარდა სხვა არავინ იმყოფებოდა. ამის შემდეგ ისევ დასხდნენ ავტომანქანაში და წავიდნენ სოფელ ა–კენ, სადაც სიტუაცია უფრო დაიძაბა, იყო კამათი და მოხდა ისეთი რამ, რაც არ უნდოდა, რომ მომხდარიყო. ა-ში მისვლისას, ბრალდებულმა გააჩერა ავტომანქანა, გადმოვიდა ავტომანქანიდან, მიუახლოვდა მას მარცხენა მხრიდან, თვითონ ამ დროს ნახევარი ტანი ჰქონდა მანქანაში, ხოლო ნახევარი - გარეთ, რა დროსაც ბრალდებულმა მუცლის მარცხენა მხარეს დაარტყა დანა. უშუალოდ დაჭრის მომენტში, იმ ადგილზე მათ გარდა სხვა არავინ იმყოფებოდა. დაზარალებულის განმარტებით, დარტყმის შემდეგაც იყო შეკამათება, „გაიწიეს-გამოიწიეს“, ორივენი იყვნენ „გამწარებული“, გრძნობდა ტკივილს და გამოიქცა. როცა გარბოდა, გ–მ დაუძახა „მოგკლავო“. დაზარალებულმა დაადასტურა გამოკითხვის ოქმში ასახული ინფორმაცია, რომლის თანახმად, გ. გ–მ სწრაფად დაარტყა დანა მარცხენა მხარეს, მან მოიკიდა ხელი ჭრილობაზე, ამის შემდეგ მეორედაც მოუქნია დანა, მარჯვენა ხელი აუკრა მკლავზე და გაიქცა...ის მისდევდა უკან: „უნდა მოგკლაო“. დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებულის ავტომანქანაში ჰქონდა მობილური ტელეფონი, მაგრამ არ აუღია, რადგან ტკივილმა შეუშალა ხელი და გაიქცა მ–სს მიმართულებით. გზაზე გააჩერა ტაქსი და სთხოვა წაეყვანა ქალაქში, მაგრამ მან უარი უთხრა, რადგან იყო „გამოძახებაზე“. შემდეგ წავიდა პოლიციის შენობის მიმართულებით და დაეცა პოლიციის შენობის წინ. გამოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები. დაზარალებულმა დაადასტურა გამოკითხვის ოქმში ასახული ინფორმაცია, რომ პოლიციის თანამშრომლებს უამბო მომხდარის შესახებ და შემდეგ ცუდად გახდა. სასაწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია. დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, იგი არის მისი ახლობელი და ძმაკაცი. სურს, რომ მის მიმართ გამოყენებულ იქნას ყველანაირი შეღავათი.
5.4. დაზარალებულის ჩვენება სრულად შეესაბამება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-დან გამოთხოვილ სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერებს, სადაც ჩანს, რომ ავტომობილში არის კამათი ორ მამაკაცს შორის, რომლებიც სხედან წინა - მარჯვენა და მარცხენა სავარძლებზე. ავტომობილი არის მარჯვენა საჭიანი. 05:16:51 საათზე ავტომობილი გადის კადრიდან სოფელ მ–ს ცენტრის მიმართულებით. ვიდეოკამარის ჩანაწერების დათავალიერებისას, ბ. მ–მ განმარტა, რომ კადრში ჩანს, თუ როგორ კამათობენ ის და გ. გ–ე, მისი განმარტებით, ამ გზით ისინი გადავიდნენ სოფელ მ–ს ცენტრში და შემდეგ გაემართნენ სოფელ ა–ს მიმართულებით, სადაც საავტომობილო გზაზე ისევ გადმოვიდნენ ავტომობილიდან, რა დროსაც, გ. გ–მ დანის გამოყენებით მიაყენა ჯამრთელობის დაზიანება მუცლის არეში და შეეცადა მის მოკვლას, თუმცა გაქცევით უშველა თავს.
5.5. ვიდეოკამერის ჩანაწერებით ასევე დგინდება, რომ 2021 წლის 13 აგვისტოს, 00:45:28 საათზე, კადრში ჩნდება პირი, რომელიც მიემართება სოფელ მ–ს ცენტრისკენ, სოფელ ა–ს საავტომობილი გზის მხრიდან. მამაკაცს მარცხენა ხელი აქვს მოკიდებული მუცლის მარცხენა მხარეს და მარჯვენა ხელს უქნევს ავტომობილს. შემდეგ იგი ეცემა ძირს მარჯვენა მხრით და მარცხენა ხელი მიდებული აქვს მუცელთან, მარცხენა მხარეს. 00:45:53 საათზე მასთან მიდის პოლიციის შენობის მხრიდან მომავალი პოლიციის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი და 00:46:41 საათამდე ესაუბრება ძირს დაცემულ მამაკაცს, შემდეგ კი ეძახის პოლიციის შენობის მხარეს მყოფ ორ მამაკაცს.
5.6. სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 14 სექტემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N.......... დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო საბუთის მონაცემებით, ბ. მ–სე, 13.08.2021 წელს მიღებულ დაზიანებასთან დაკავშირებით, მიყვანილ იქნა ქ–ს ჰოსპიტალში და დაესვა დიაგნოზი: მუცლის ღრუს შემავალი ნაკვეთი ჭრილობა, მსხვილი ნაწლავის წინა კედლის, წვრილი ნაწლავის კედლისა და ჯორჯლის დაზიანება, მუცელშიდა სისხლდენა, ჰემოპერიტონიუმი. სამედიცინო საბუთის ჩანაწერების მიხედვით, ბ. მ–სეს აღენიშნებოდა მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, მსხვილი ნაწლავის, წვრილი ნაწლავის, ჯორჯლისა და ბადექონის დაზიანებებით, მუცელშიდა სისხლდენა. აღნიშნული ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
5.7. გ. გ–სის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის - „HONDA FIT“, სახელმწიფო ნომრით: ...... - დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებისას ამოიღეს მობილური ტელეფონი, სხვადასხვა ანაწმენდები, მიკრონაწილაკები, მათ შორის - ავტომანქანის საჭის მექანიზმის წინ, სალონში აღმოჩნდა ავტომობილის გასაღები, რომლის ზედაპირზე აღინიშნებოდა მოწითალო ლაქა, რომელიც ამოიღეს ერთ ბიოლოგიურ ჩხირზე და მოთავსდა მუყაოს კონტეინერში. აღნიშნულის შემდეგ, ავტომანქანის წინა მარცხენა სავარძლის ძირში არსებული პლასტმასის ზედაპირიდან, ასევე სავარძლის დასაჯდომის ნაჭრის შალითიდან ერთ ბიოლოგიურ ჩხირზე ამოიღეს მოწითალო ლაქა, რომელიც ჩაიდო მუყაოს კონტეინერში და დაილუქა.
5.8. 2021 წლის 13 აგვისტოს ამოღების ოქმის თანახმად, გ. გ–საგან ამოღებულ სამოსს, კერძოდ, მაისურს ქვედა მარჯვენა გარეთა მხარეს აღენიშნება მოწითალო ლაქა, შარვალს მარჯვენა წინა ჯიბეში - ლაქა და გარეთა მხარეს - მუქი ფერის ლაქები.
5.9. სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 29 ნოემბრის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N........ დასკვნის თანახმად, სეროლოგიური, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ გ. გ–ს ავტომობილსა და მის ტანსაცმელზე აღმოჩენილი სისხლის ლაქები ეკუთვნის ბ. მ–ს.
5.10. დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელის - თ. რ–ს ჩვენების თანახმად, 2021 წლის 13 აგვისტოს იმყოფებოდა ცვლაში. დაახლოებით 01:00 საათის შემდეგ, მოულოდნელად გაიგო სწრაფად მიმავალი ავტომანქანის ხმა, რის შემდეგაც, შემოესმა მამაკაცის ხმა. პოლიციის განყოფილების წინ, გზაჯვარედინზე შეამჩნია, რომ ახალგაზრდა მამაკაცი იწვა გზაზე. როგორც კი მიუახლოვდა, ამოიცნო მისი თანამშრომლის ძმისშვილი - ბ. მ–სე. დაზარალებულს მუცლის მარცხენა მხარეს ჰქონდა ჭრილობა. მოწმემ უმალვე აიღო ტელეფონი, დარეკა „112“-ში და მოითხოვა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ბ. მ–მ უთხრა, რომ გ. გ–მ დაჭრა. დაჭრის შემდეგ გამოიქცა, ხოლო ბრალდებული ეუბნებოდა, რომ მოკლავდა. თ. რ–მის ჩვენება დაადასტურეს მოწმეებმა ბადრი თხილაიშვილმა და ა. რ–მემ.
5.11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეში არსებული მტკიცებულებები: დაზარალებულ ბ. მ–ს ჩვენება, მოწმეების - თ. რ–ს, ბ. თ–ს, ა. რ–ს ჩვენებები, დათვალიერებისა და ამოღების ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, ვიდეოკამერის ჩანაწერები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და ერთობლივად ქმნის დანაშაულის სურათის აღდგენის შესაძლებლობას, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ. გ–ს მიერ ბ. მ–სათვის დანის გამოყენებით სიცოცხლისათვის საშიში დაზიანების მიყენების ფაქტს, ხოლო საწინააღმდეგოს მტკიცება არ შეესაბამება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს.
5.12. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ იმ საკითხის შეფასება და გადაწყვეტა - ესა თუ ის მტკიცებულება წარმოადგენს თუ არა პირდაპირ ან არაპირდაპირ მტკიცებულებას, ანდა უტყუარად ცნობილი მტკიცებულებების ერთობილობა საკმარისია თუ არა გადაწყვეტილების მისაღებად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უნდა მოხდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევისადმი ინდივიდუალური მიდგომით, კონკრეტული ფაქტების, გარემოებებისა და მომხდარი შემთხვევის კონტექსტის გათვალისწინებით. მსგავსი საკითხების გადაწყვეტისას ნებისმიერი შემთხვევისათვის მხოლოდ ზოგადი ნორმატიული მოთხოვნებია სავალდებულო, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნეს დაცული, მაგრამ კონკრეტული შემთხვევის განხილვისას ცალკეული მტკიცებულებისა თუ მტკიცებულებათა ერთობლიობის სტატუსის განსაზღვრა მთლიანად სასამართლო შეფასების საკითხია, ისევე, როგორც ეს ხდება მტკიცებულების უტყუარობის შეფასებისას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ნოემბრის განაჩენი, საქმე №346აპ-19).
5.13. ამასთან, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო, იყოს აბსოლუტურად სარწმუნო და არ მოითხოვს პირის ბრალეულობის ყოველგვარი ეჭვის გარეშე დამტკიცებას, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობისთვის. სასამართლოს შეფასებით, განსახილველ საქმეში გამოირიცხება ყოველგვარი გონივრული ეჭვი იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულ გ. გ–ს მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედება არ ჩაუდენია.
5.14. რაც შეეხება გ. გ–ს ქმედების სამართლებრივ შეფასებას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 მუხლით. საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
5.15. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ელემენტის - განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნების კომპონენტები. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განაჩენი, საქმე №213აპ-20, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი, საქმე №527აპ-17). განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება - საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი, საქმე №309აპ-19, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განაჩენი, საქმე №680აპ-17, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენი, საქმე №227აპ-16).
5.16. მოცემულ შემთხვევაში, გ. გ–ს განზრახვას, ჩაედინა ბ. მ–სის მკვლელობა, ადასტურებს მის მიერ დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული საშუალება და მიყენებული დაზიანების ხასიათი, ხარისხი, სიმძიმე და მისი მდებარეობა (დაზიანება მიყენებულია სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილას). სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 14 სექტემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N............ დასკვნის თანახმად, სამედიცინო საბუთის ჩანაწერების მიხედვით, ბ. მ–ს აღენიშნებოდა მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, მსხვილი ნაწლავის, წვრილი ნაწლავის, ჯორჯლისა და ბადექონის დაზიანებებით, მუცელშიდა სისხლდენა. აღნიშნული ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. ექსპერტმა ღ. უ–მა დაადასტურა მის მიერ შედგენილი დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ მუცლის ღრუში შემავალი ნებისმიერი ჭრილობა არის მძიმე ხარისხის დაზიანება, მიუხედავად იმისა, დაზიანდება თუ არა რომელიმე ორგანო. გ. გ–სის განზრახვას, მოეკლა დაზარალებული განამტკიცებს ბ. მ–ს ჩვენებაც, სადაც იგი ადასტურებს, რომ მსჯავრდებულმა მას მეორედაც მოუქნია დანა, ხოლო, გაქცეულს უკან მისდევდა და ეძახდა, რომ უნდა მოეკლა.
5.17. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებეული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენა.
5.18. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთი მხრივ, ხსენებული დოკუმენტები ვერ გამოდგება პირის გამამართლებელ მტკიცებულებებად, ხოლო მეორე მხრივ, საკასაციო სასამართლო სამართლებრივად მოკლებულია მტკიცებულებათა გამოკვლევის შესაძლებლობას.
5.19. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.22. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ს. ბ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე