საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 11.10.2023
საქმის ნომერი
2კ-797აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.10.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200100122006616221

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №797აპ-23 11 ოქტომბერი, 2023 წელი

მ–ი ი., №797აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ი. მ–ი (პირადი ნომერი: ..............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2022 წლის 23 ნოემბერს, ქ. ა–ში, თამარის ქუჩა №..-ში მდებარე ა. ბ–ს საცხოვრებელ ბინაში, ი. მ–ი სიცოცხლის მოსპობით დაეუქრა ყოფილ მეუღლეს - ა. ბ–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.3. 2022 წლის 24 ნოემბერს, ქ.ა–ში, თ–ს ქუჩა №..-ში მდებარე ა. ბ–ს საცხოვრებელ ბინაში, ი. მ–ი სიცოცხლის მოსპობით დაეუქრა ყოფილ მეუღლეს - ა. ბ–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.4. 2022 წლის 25 ნოემბერს, ქ.ახმეტაში, თ–ს ქუჩა №..-ში მდებარე ა. ბ–ს საცხოვრებელ ბინაში, ი. მ–ი სიცოცხლის მოსპობით დაეუქრა ყოფილ მეუღლეს - ა. ბ–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თელავის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ი. მ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

2.2. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენით ი. მ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 23 ნოემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2022 წლის 24 ნოემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 25 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

2.3. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა სარიამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ი. მ–ს წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2023 წლის 30 ივნისს თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა სარიამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ი. მ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა ვინაიდან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ ი. მ–ს ბრალეულობას. უდავო მტკიცებულებით, ვითარების აღდგენის მიზნით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, დასტურდება, რომ დაზარალებულმა ა. ბ–მა მიუთითა ი. მ–ს მიერ მის მიმართ 23, 24 და 25 ნოემბერს განხორციელებული მუქარის ფაქტების შესახებ, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძლიანი შიში. კასატორი ასევე უთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 20 მარტის N738აპ-19 გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ: „როდესაც ბრალდებული/მსჯავრდებული საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ვითარებას აღადგენს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მის მიერ გამოყენებული იყო შერაცხული ქმედების ჩასადენად და ახდენს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენას, ეს ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოს მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის“. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ ა. ბ–სთან საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ვითარების აღდგენის მიზნით, იგი მიჩნეული უნდა იქნეს დამოუკიდებელ პირდაპირ მტკიცებულებად, რაც უნდა გაეზიარებინა სასამართლოს. ამასთან, უდავო მტკიცებულებებით, მოწმეების - ზ. ც–სა და ე. პ–ს გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას მათ სახლში დახვდნენ ა. ბ–ი და ი. მ–ი, რა დროსაც მათ ა. ბ–მა განუმარტა, რომ მას მეუღლე - ი. მ–ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. კასატორი ასევე უთითებს, რომ ზემოხსენებული ირიბი ჩვენებები გამყარებულია დაზარალებულთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, რაც უნდა ჩაითვალოს პირდაპირ მტკიცებულებად.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ი. მ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბარალდებაში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ი. მ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულმა ა. ბ–მა (მეუღლემ) სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ი. მ–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.

5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს N........ შეტყობინებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2022 წლის 25 ნოემბერს 112-ში დარეკა ა. ბ–სმა და განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა არეულობას (ფიზიკურ/სიტყვიერ კონფლიქტს). ამასთან, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმში მითითებულია, რომ 112-ში რეკავს ქალბატონი და აცხადებს, რომ მეუღლის მხრიდან დიდი ხანია ადგილი აქვს ფსიქოლოგიურ ძალადობას, თუმცა დღეს გადაწყვიტა დარეკვა. აღსანიშნავია, რომ ი. მ–ის ბრალი ედება მეუღლის - ა. ბ–ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (სამი ეპიზოდი), თუმცა მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ დოკუმენტებში არაფერია ნათქვამი სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის განცდის შესახებ.

5.5. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 9 სექტემბრის N409აპ-21 გადაწყვეტილებაზე, რომელშიც განმარტებულია, რომ ,,მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების, მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება. შესაბამისად, მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, თუმცა ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები N315აპ-20; N49აპ-20; N679აპ-20). მოცემულ შემთხვევაში მართალია, დაზარალებულმა მ.ს-ემ მიუთითა ადგილები, სადაც 2020 წლის 12 ივნისს მისმა მეუღლემ - გ.შ-მ მასზე ფიზიკურად იძალადა, თუმცა იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული პრივილეგიით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე სასამართლოში უარი განაცხადა, საგამოძიებო მოქმედების ოქმის (თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად განხორციელდა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენების ადგილზე შემოწმება) არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტუნებელ განაჩენს (მათ შორის როდესაც მხარეების მიერ უდავოდ არის ცნობილი)“. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, კასატორის მიერ მითითებული უდავო მტკიცებულება - საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.

5.6. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ი. მ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.9. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე