საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100121004737866
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახე
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1070აპ-23 თბილისი
მ-ე გ, 1070აპ-23 8 აპრილი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),გოჩა აბუსერიძე, ლაშა ქოჩიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 12 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ს-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 იანვრის განაჩენით:
გ. მ-ე, დაბადებული ... წლის ... მაისს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ,“ ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლითა და 6 თვით.
გ. მ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 15 აპრილიდან.
2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ:
2.1. 2017 წლის 1 დეკემბერს, დილით, თ-ის N..-ე საჯარო სკოლის საპირფარეშოში, ერთი მხრივ, ამავე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები – დ. ნ-ი და დ. ღ-ი, ხოლო მეორე მხრივ, ამავე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები – ა. ს-ნი და თ. ჩ-ძე სიტყვიერად შელაპარაკდნენ, რის გამოც ურთიერთობა დაეძაბათ. აღნიშნულის შედეგად ა. ს-ნმა და თ. ჩ-მ თავი იგრძნეს დაჩაგრულად და შეურაცხყოფილად.
2.2. ვითარების გარკვევის მიზნით, ხსენებულმა პირებმა, გაკვეთილების დამთავრების შემდეგ სკოლის გარეთ შეხვედრა გადაწყვიტეს. ა. ს-ანი დახმარების მიზნით, დაუკავშირდა დეიდაშვილს, მ. კ-ს და აცნობა მომხდარი ინციდენტის შესახებ.
2.3. ზემოაღნიშნულის გამო, მ. კ-ია მეგობრებთან – გ. ჯ-ან, გ. ბ-ნ, ა. დ-ნ, გ. მ-სა და გ. ი-ან ერთად, დაახლოებით, 14:00 საათზე, მივიდა თ-ს N..-ე საჯარო სკოლასთან, სადაც მათ შეხვდათ: ა. ს-ნი, თ. ჩ-ძე და ამავე სკოლის მე-9 კლასელები. ამავდროულად, ხსენებულ სკოლასთან შეიკრიბნენ ა. ს-სა და თ. ჩ-ნ დაპირისპირებული მეთერთმეტეკლასელები – დ. ნ-ი, დ. ღ-ი, დ. ს-ძე და სხვები.
2.4. ვითარების გასარკვევად, დაპირისპირებულმა მხარეებმა გადაინაცვლეს თ-ში, ა. ხ-ს ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, რა დროსაც გ. ჯ-სა და დ. ს-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. ფიზიკური დაპირისპირების დროს, გ. ჯ-მ თანნაქონი დანით, ხოლო მ. კ-მ და გ. მ-მ თანნაქონი ბასრი საგნების გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, ჯგუფურად ჭრილობები მიაყენეს, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანს, დ. ს-ს.
2.5. მიყენებული ჭრილობების შედეგად, დ. ს-ძე საავადმყოფოში გარდაიცვალა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 12 სექტემბრის განაჩენით:
მსჯავრდებულ გ. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორი – მსჯავრდებულ გ. მ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ს-ა ითხოვს გ. მ-ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას.
4.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, გ. ბ-ის ჩვენება ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ, სხვა მოწმეთა ჩვენებებს და შესაბამისად, დაცვის მხარისათვის გაუგებარია, თუ რატომ ჩათვალა იგი სასამართლომ სარწმუნოდ. ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით აღმოჩენილი სისხლის კვლები (რომელშიც ს-სა და მ-ის მაჟორულ-მინორულ წილებზეა საუბარი), ადასტურებს მხოლოდ გ. მ-ის მონაწილეობას, კერძოდ, იმ კუთხით, რომ იგი შემთხვევისას, ცდილობდა დ. ს-ის გადმოქაჩვას. ხსენებული დასკვნით არ დასტურდება გ. მ-ის დანაშაულში რაიმე ფორმით მონაწილეობა.
5. ბრალდების მხარემ, პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა მოითხოვა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
5.1. შესაგებლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს არ აქვს საფუძველი, დასაშვებად მიიჩნიოს საკასაციო საჩივარი, ვინაიდან, იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონისმიერ წინაპირობებს. სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა თანახმად განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
8. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ დაცვის მხარე, რომელიც ითხოვს გ. მ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა (მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები), უტყუარად ადასტურებს გ. მ-ის მიერ განზრახ მკვლელობას, ჩადენილს დამამძიმებელ გარემოებებში. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს დაცვის მხარის არგუმენტებზე, მათ შორის გ. მ-ის ფიზიკურ კონფლიქტში ჯგუფურად ჩართვასთან მიმართებით, გაცემული აქვს დასაბუთებული პასუხები.
9. წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში, საკასაციო პალატა, პირველ რიგში, განიხილავს შემთხვევის ადგილზე მყოფი, პირდაპირი სახის მოწმის ჩვენებას, კერძოდ:
10. გ. ბ-ის (გ. მ-ის კლასელი) განმარტებით, გ. მე-მ რამდენჯერმე მოუქნია ხელი დ. ს-ს. საგანი, რომელიც გ. მ-ს ხელში ეჭირა და უქნევდა დ. ს-ს, მისი აღქმით, იყო დანა. ეს საგანი გ. მ-ს მუჭით ეჭირა, ჰქონდა პირი და უჩანდა წვერი. გ. მ-მ ორზე მეტჯერ მოუქნია ხელი დ. ს-ს. გ. ბ-ს განცხადებით, გ. მ-ს მოქნეული საგანი დ. ს-ს მოხვდებოდა, ვინაიდან იყო საკმაოდ ახლოს და ასევე მოქნევა იყო მიზანმიმართული და არა – ჰაერში ქნევა. მანვე აღნიშნა, რომ ეზოდან გამოსვლის შემდეგ, გ. მ-ს შარვალი ჰქონდა სისხლიანი. ასევე ზურგზე ჰქონდა სისხლი.
11. შემთხვევის დღეს, 2017 წლის 1 დეკემბერს, გ. მ-ის ემოციურ მდგომარეობასა და მის ტანსაცმელზე სისხლის კვლის არსებობაზე მიუთითებენ საქმეში წარმოდგენილი მოწმეები, კერძოდ:
11.1. მოწმე თ. ქ-მა დაადასტურა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, დაახლოებით, 15:00 საათისათვის მასთან სახლში მივიდა გ. მ-დე, რომელიც იყო ანერვიულებული და სისხლიანი. როგორც გ. მ-მ განუცხადა, მოუვიდა ჩხუბი. მას ზურგზე ჰქონდა დაზიანება, რომელიც სავარაუდოდ, ფარდულში რაღაცას მიარტყა.
11.2. მსგავსი ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმეებმა: ნ. ქ-მა, ვ. ყ-მ და თ. გ-მა.
11.3. ამასთან, მოწმე ლ. ს-ის ჩვენების მიხედვით, 2017 წლის 1 დეკემბერს, თ. ქ-ის სახლში ნახა გ. მ-დე, რომელიც თ. ქ-ს ესაუბრებოდა ჩხუბზე. საუბრიდან მან შეიტყო, რომ გ. მ-მ გ. ჯ-ან მიიღო შეტყობინება, რომლის თანახმადაც, მ. კ-ას ნათესავს სკოლაში ჰქონდა უსიამოვნება. მოწმე ლ. ს-მა ციტირება მოახდინა იმ სიტყვების, თუ რა უთხრა გ. ჯ-მ გ. მ-ს „წავიდეთ, ვიჩეხაოთო.“ ლ. ს-ის განცხადებით, მას გ. მ-მ განუცხადა, რომ დ. ს-ის გ. ჯ-ან ფიზიკურად დაპირისპირებისას, გ. მ-ე ცდილობდა დ. ს-ის უკან გადმოწევას, მაგრამ ვერ მოახერხა და შემდგომ წავიდა ა. დ-ის დასახმარებლად.
12. გასათვალისწინებელია, რომ გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, საქმეში წარმოდგენილია სხვა თანხვდენილი მტკიცებულებებიც, რომლებიც აგრეთვე დაკავშირებულია გ. მ-ის მსჯავრდებასთან, კერძოდ:
12.1. შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერებით დგინდება, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, შუადღეს, გ. მ-ე გ. ი-ან, გ. ბ-სა და ა. დ-ან ერთად ჯერ იმყოფებოდა ..-ე სკოლის ტერიტორიაზე, ხოლო შემდეგ გადაადგილდებოდა ხ-ას ქუჩის მიმართულებით.
12.2. დ. ს-ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ სიკვდილის უშუალო მიზეზია – ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული მარჯვენა ბარძაყის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის შედეგად მარჯვენა ბარძაყის არტერიისა და ვენის დაზიანებით გამოწვეული სისხლდენით.
12.3. ტრასოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის N... და N... დასკვნებით, ექსპერტთა ჩვენებებით დადგენილია, აღმოჩენილი ჭრილობებიდან რომლის მიყენება შეიძლებოდა ექსპერტიზაზე წარდგენილი ორივე დანით (ასევე მსგავსი კონსტრუქციის სხვა, მჩხვლეტავ-მჭრელი საგნით) და ამასთან, მიმოხილულია, თუ რომელ ჭრილობებზე გამორიცხავს ექსპერტიზა გ. ჯ-ს კუთვნილი დანით მიყენების შესაძლებლობას.
12.4. ბიოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის N.. დასკვნით დგინდება, რომ:
პაკეტში წარწერით – ,,გ. მ-ის ტანსაცმელი“ მოთავსებულ ქურთუკზე, მარცხენა სახელურზე (მითითებულია შესაბამისი ნომერი ობიექტების), მარჯვენა სახელოზე, წინა მარცხენა კალთაზე, წინა მარცხენა და მარჯვენა კალთის ზედა მესამედში, შესაკრავების მიმდებარედ, მარცხენა გვერდით ზედაპირსა და უკანა კალთის ქვედა კიდის მიმდებარედ არსებული მოწითალო მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. დასკვნაში მითითებული კონკრეტული ნომრით ობიექტების გენეტიკური პროფილი და ობ.N21-ის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის დ. ს-ს (ობ. N... ექსპერტიზის დასკვნა N...). ობ. N21-ის პროფილის მინორული წილი ეკუთვნის გ. მ-ს (ობ. N44 ექსპერტიზის დასკვნა N...).
პაკეტში წარწერით: ,,გ. მ-ის ფეხსაცმელი“ მოთავსებულ წყვილ ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო და მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.30,32-38-ის გენეტიკური პროფილი და ობ. 31,31ა-ს შერეული პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის დ. ს-ს, ხოლო ობ.31,31ა-ს პროფილის მინორული წილი ეკუთვნის გ. მ-ს.
13. ამდენად, საკასაციო პალატას უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია გ. მე-ის შემთხვევის ადგილზე ყოფნა და მისი ჯგუფურად ჩართვა ფიზიკურ დაპირისპირებაში. მოწმე გ. ბ-ის პირდაპირი სახის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი (როგორც აღინიშნა, მან უშუალოდ დაინახა, თუ როგორ უტყამდა გ. მ-ე მის ხელთ არსებულ საგანს დ. ს-ს) საკასაციო პალატას არ გააჩნია, მით უფრო, რომ მასში აღწერილი გარემოებები დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი სხვა უტყუარი მტკიცებულებებითაც. დაზარალებულის სისხლი აღმოჩენილია გ. მ-ის როგორც ტანსაცმელზე (არაერთ ადგილას), ასევე – მარცხენა და მარჯვენა ფეხსაცმელზე. მოცემული გარემოებების ერთობლივი ანალიზი გამორიცხავს გ. მ-ის მითითებას, რომლის თანახმდაც, შემთხვევის ადგილზე ის მხოლოდ გასაშველებლად იმყოფებოდა.
14. წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და კასატორის არგუმენტების შეფასების შემდეგ, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენს გ. მ-ის დამნაშავედ ცნობასთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში, ადვოკატს არ მიუთითებია ისეთი სახის წინაპირობებზე, რომლებიც საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს გამოკვეთდა. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v. Georgia), N12391/06, §175, 14/05/2020). შესაბამისად, ვინაიდან, დაცვის მხარის საკასაციო საჩივრით არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ს-ს საკასაციო საჩივარი გ. მ-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 12 სექტემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე – ლ. თევზაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ლ. ქოჩიაშვილი