საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 25.03.2024
საქმის ნომერი
2კ-1455აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.03.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1455აპ-23 თბილისი

მ-ი მ., 1455აპ-23 25 მარტი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის, ასევე მსჯავრდებულ მ. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ა. გ-ისა და ტ. კ-ის – საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. მ-ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით – განზრახ მკვლელობის მცდელობაში.

2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· 2021 წლის 18 იანვარს, დაახლოებით, 01:00 საათზე, გ-ის რაიონის სოფელ გ-ში, მ. მ-ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ საავტომობილო გზაზე, მ. მ-სა და გ. ჯ-ეს შორის, უხამსი ხუმრობის მიზეზით ბილწსიტყვაობის გამო, მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც მ. მ-მა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ჯერ მარცხენა ფეხის ბარძაყში, ხოლო შემდეგ – გულმკერდის არეში დანა დაარტყა გ. ჯ-ეს, რითაც მას, გულმკერდის მარცხენა ნახევარში შემავალი და მარცხენა ბარძაყის ღია ჭრილობის სახით, მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ხასიათის მძიმე ხარისხის დაზიანებები. მ. მ-ის განზრახვა სისრულეში ვერ იქნა მოყვანილი, რადგან გ. ჯ-ე გადარჩა სიკვდილს დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით მ. მ-ის, - ნასამართლობის არმქონის, მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე; მ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 18 იანვრიდან.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. მ-მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· 2021 წლის 18 იანვარს, დაახლოებით, 01:00 საათზე, გ-ის რაიონის სოფელ გ-ში, მ. მ-ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ საავტომობილო გზაზე, მ. მ-სა და გ. ჯ-ეს შორის შეუფერებელი ხუმრობის მიზეზით მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც მ. მ-მა ჯერ მარცხენა ფეხის ბარძაყში, ხოლო შემდეგ – გულმკერდის არეში – დანა დაარტყა გ. ჯ-ეს, რითაც მას, გულმკერდის მარცხენა ნახევარში შემავალი და მარცხენა ბარძაყის ღია ჭრილობის სახით, მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ხასიათის მძიმე ხარისხის დაზიანებები.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი სალომე ქემაშვილი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, მ. მ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.

7. ადვოკატები: ა. გ-ი და ტ. კ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ მ. მ-ის უდანაშაულოდ ცნობას წარდგენილ ბრალდებაში და მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით დაკვალიფიცირებას.

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. ბრალდების მხარის პოზიცია, რომ მ. მ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით; ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოთხოვნა მსჯავრდებულის ქმედების სსკ-ის 122-ე მუხლით დაკვალიფიცირების თაობაზე.

11. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ განზრახვის ელემენტი განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისაგან. მხოლოდ ის ფაქტი, რომ კონკრეტული დაზიანება ან დაზიანებები მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო, სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, უპირობოდ არ ნიშნავს, რომ ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 108-ე ან 109-ე მუხლით. განზრახვის დასადგენად უნდა დადგინდეს დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა ხარისხი, ხასიათი და ლოკალიზაცია, მათი მიყენების ვითარება, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება და ა.შ.. ასევე გასათვალისწინებელია დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები და დამნაშავის ქცევა ქმედების ჩადენის შემდეგ. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევით უტყუარად ვერ დადგინდა მ. მ-ის სურვილი, მოეკლა გ. ჯ-ე. ცალსახაა, რომ დაზარალებული იყო ინიციატორი კონფლიქტისა, რომელიც ორ ეტაპად განვითარდა: სუფრასთან დაწყებული დაპირისპირება გარეთ გაგრძელდა. დადგენილია, რომ გარეთ გასულ მ. მ-ს გ. ჯ-ემ დაუწყო ჩხუბი, რა დროსაც ისინი მიწაზე წაიქცნენ, გ. ჯ-ე ზემოდან მოექცა მ. მ-ს და ისინი ერთმანეთის ურტყამდნენ. ასევე დადგენილია, რომ წაქცეულმა მ. მ-მა ჩხუბის დროს ორჯერ მოუქნია დანა ზემოდან მოქცეულ გ. ჯ-ეს, რა დროსაც დაზარალებულმა მიიღო მარცხენა ბარძაყისა და გულმკერდის არეში სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები, რაც დადასტურდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც. მ. მ-ს გ. ჯ-ის მოკვლის განზრახვა რომ ჰქონოდა, თავისუფლად შეეძლო, დანის დარტყმები გაეგრძელებინა და დაზარალებულისათვის კვლავ მიეყენებინა მრავლობითი დაზიანებები, რაც დაადასტურებდა მის მისწრაფებას, მოეკლა გ. ჯ-ე. თუმცა მან დანის ორჯერ დარტყმის შემდეგ საკუთარი ნებით შეწყვიტა მართლსაწინააღმდეგო ქმედება და შემთხვევის ადგილზე მყოფებს სთხოვა „--ში“ დარეკვა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მიზნით. მსჯავრდებულის ამგვარი ქმედება კი გამორიცხავს მკვლელობის განზრახვას. შესაბამისად, პროკურორის მოთხოვნა მ. მ-ის ქმედების განზრახ მკვლელობის მცდელობით დაკვალიფიცირების თაობაზე საფუძველსაა მოკლებული.

12. სისხლის სამართლის საქმის მასალების გაანალიზების შემდეგ საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მ. მ-ის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნის შესახებ. საკასაციო პალატა კვლავაც იმეორებს, რომ ,,ქმედება აუცილებელი მოგერიების ფარგლებში (ფარგლების გადაცილებით) ჩადენილად ითვლება, თუ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დასტურდება აუცილებელი მოგერიების სავალდებულო წინაპირობების არსებობა. შესაბამისად, აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი ისეთი გარემოებების შეფასება, როგორიცაა კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა ხელყოფის საშიშროებასთან და ინტენსივობასთან. პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება, როდესაც ხელყოფა ატარებს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და საფრთხეს უქმნის სამართლით დაცულ სიკეთეს, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება უკიდურესობით არის გამოწვეული, რაც გულისხმობს, რომ უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას, ამასთან, მოგერიება ხორციელდება სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზნით. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებაც მხოლოდ მაშინ იკვეთება, თუ არსებობს აუცილებელი მოგერიების ვითარების ყველა პირობა, მომგერიებელს არ დაურღვევია დაცვის მართლზომიერების პირობები, თუმცა გადააცილა ფარგლებს“. შესაბამისად, ,,სწორი სამართლებრივი შეფასებისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებების ანალიზის საფუძველზე გაირკვეს, რამ გამოიწვია და რისკენ იყო მიმართული პირის ქმედება: მსჯავრდებული მოქმედებდა სხვისი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების განზრახვით საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის არარსებობის პირობებში, თუ საკუთარი წარმოდგენით მოქმედებდა მართლზომიერად, იცავდა თავს, მისთვის არსებითი არ იყო მიყენებული დაზიანების ხარისხი და მთავარი იყო, აღნიშნულით უზრუნველეყო საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 8 აპრილის განჩინება N770აპ-19).

13. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, არ არის გამოკვეთილი არც აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა და, მით უფრო, არც აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მ. მ-ის ქმედებას წინ უძღოდა კონფლიქტური ფონი, განვითარებულმა მოვლენებმა კი განსაზღვრეს მისი მიზანმიმართული ქმედებები, რაც მეტყველებს არა თავდაცვაზე, არამედ – განზრახვაზე. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით (მოწმეთა ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით) უტყუარად დადასტურდა, რომ გ. ჯ-ის მიერ ქვეშ მოქცეულმა მ. მ-მა დაზარალებულს მიაყენა ორი ჭრილობა, რომელთაგან ერთი არ არის დანაზე დაცემით მიღებული, როგორც ამას აღნიშნავს დაცვის მხარე, რადგან მოწინააღმდეგე მხარეთა ურთიერთგანლაგება დაზიანების მიყენების მომენტში, თუნდაც დაზარალებულის მიწის ზედაპირისკენ უკიდურესად გადახრის შემთხვევაშიც კი, გამორიცხავს დანაზე დაცემის ალბათობას.

14. დაცვის მხარე თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომლებიც, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ საქმესთან მიმართებით არარელევანტურია და ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის, განაჩენის გაუქმებისა და მსჯავრდებულის გამართლების ან მისი ქმედების გადაკვალიფიცირების საფუძველი.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მ. მ-ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე გადაკვალიფიცირება მართებულად მიაჩნია. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და, შესაბამისად, გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.

16. საკასაციო პალატა ითვალისწინებს, რომ მხარეებმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრებით მიმართეს იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივრებშია ჩამოყალიბებული. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

17. საკასაციო სასამართლო მხარეთა საკასაციო საჩივრების დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მათში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მათში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლო ასევე მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული. ამასთან, განსახილველი საკითხების ირგვლივ უკვე არსებობს ჩამოყალიბებული, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. საკასაციო საჩივრების დასაბუთება კი არ წარმოაჩენს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას კანონის არსებით დარღვევას, ასევე არ ვლინდება მ. მ-ის ქმედების კვალიფიკაციისას ისეთი სამართლებრივი პრობლემის არსებობა, რაც საკასაციო სასამართლოს მხრიდან დადგენილი პრაქტიკის განვითარებისათვის დამატებით ან ახლებურ შეფასებას საჭიროებს.

18. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა მხარეთა იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილისა და მსჯავრდებულ მ. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ა. გ-ისა და ტ. კ-ის – საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე