საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 21.03.2024
საქმის ნომერი
2კ-1241აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.03.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100120003400583

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1241აპ.-23 21 მარტი, 2024 წელი

წ–ე ს., №1241აპ.-23 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ირინე ჩოჩიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ს. წ–ე (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

ს. წ–ე აღიარებს ქურდულ სამყაროს, სისტემატიური კავშირი აქვს საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდ ო. კ–სთან და ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან, თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას ქურდული სამყაროს საქმიანობაში მონაწილეობისათვის, ასევე, ასრულებს კანონიერი ქურდების დავალებებს და აქტიურად მონაწილეობს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. შ. გ–მა და ი. მ–მ გადაწყვიტეს საერთო ბიზნესის წარმოება, კერძოდ, მდინარე მტკვარზე მცურავი საშუალებით ტურისტების მომსახურება. აღნიშნული ბიზნესის დასაწყებად, ი. მ–ს მეუღლის სახელზე შ. გ–ს თავდებობით ბანკიდან გამოიტანეს სესხი - 30000 ლარი, რომლითაც შეიძინეს მცურავი საშუალება კატერი. 2018 წლის ივნისიდან დაიწყეს მუშაობა. მუშაობის დაწყებიდან 2 თვის შემდეგ ი. მ–სა და შ. გ–ს შორის წარმოიშვა მოგების განაწილებასთან დაკავშირებული დავა. დავის გადასაწყვეტად ი. მ–ს მეგობრის ზ. გ–ს სახლში მოწყობილ შეხვედრაზე, შ. გ–მი დაადანაშაულეს მოგების თანხის არაკეთილსინდისიერ განაწილებაში, რის გამოც სცემეს და დაავალდებულეს ბანკიდან აღებული სესხის დარჩენილი ნაწილის 20000 ლარის დამოუკიდებლად გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით უკმაყოფილო და მოსალოდნელი ანგარიშსწორებით შეშინებული შ. გ–ი დაუკავშირდა საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდს გ. ხ–სს მეტსახელად ,,ჯ–ს“, რომელმაც სიტუაციაში გარკვევა და დავის მოგვარება დაავალა კრიმინალურ ავტორიტეტს კ. ა–სს მეტსახელად ,,კ–სს“. 2018 წლის ოქტომბერში კ. ა–ს მიერ მოწყობილ ქურდულ გარჩევაზე ი. მ–მისგან ცნობილი გახდა, რომ სადაო თემით ასევე დაინტერესებული იყო კანონიერი ქურდი ო. კ–აა მეტსახელად ,,კ–ო“. 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს შ. გ–ს დაუკავშირდა ს. წ–ეე, რომელმაც უთხრა, რომ კანონიერი ქურდის - ო. კ–ს დავალებით მოქმედებდა და სისრულეში უნდა მოეყვანა შ. გ–სა და ი. მ–ს შორის არსებული დავის შესახებ ო. კ–ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, კერძოდ, ს. წ–ეემ ი. მ–ს მოსთხოვა შ. გ–მი გაეთავისუფლებინა სესხის დარჩენილი თანხის 20000 ლარის გადახდის ვალდებულებისგან, ხოლო შ. გ–ს დაავალა მის შპს ,,ი–ს“ ბალანსზე არსებული სადავო ,,მცურავი საშუალება“ კატერი გადაეფორმებინა კანონიერი ქურდის ო. კ–ს ნათესავის - ცოლის ძმის, ზ. მ–ს სახელზე. შ. გ–ა ს. წ–ს მითითების საფუძველზე, 2018 წლის 30 ოქტომბერს მისი შპს-ს ბალანსზე არსებული ,,მცურავი საშუალება“ გადაუფორმა ზ. მ–სს.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ს. წ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 ივლისის განაჩენით ს. წ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ირინე ჩოჩიამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ს. წ–ს წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2023 წლის 27 ოქტობერს საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ირინე ჩოჩიამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ს. წ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, გამომძიებელ ი. თ–სის ჩვენება, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, ინტერნეტ საიტ ,,პ–ს“ დათვალიერების ოქმი, ინტერპოლის გენერალური სამდივნოდან მიღებული ინფორმაცია, ს. წ–ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია და მოწმეების - ზ. გ–სა და ზ. მ–ს ჩვენებები უტყუარად ადასტურებს ს. წ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ს. წ–ე აღიარებს ქურდულ სამყაროს და არის მისი წევრი. ამასთან, მას სისტემატური კავშირი აქვს საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდ ო. კ–სთან და ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან. იგი თავისი ქმედებით მზადყოფნას გამოხატავს ქურდული სამყაროს საქმიანობაში მონაწილეობისათვის, ასრულებს კანონიერი ქურდების დავალებებს და აქტიურად მონაწილეობს ქურდული სამყაროს მიზნების განხორციელებაში. კასატორი ასევე უთითებს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ორ მხარეს შორის არსებობდა დავა, რომელიც ქურდულ სამყაროში დამკვიდრებული წესების შესაბამისად, თავისი კრიმინალური ავტორიტეტისა და გავლენების გამოყენებით, გადაწყვიტა ქურდული სამყაროს იერარქიაში ყველაზე მაღალი სტატუსის მქონე პირმა - კანონიერმა ქურდმა. ამასთან, ქურდული გარჩევის გზით დავის გადაწყვეტის შემდეგ ვალდებულებები დაეკისრათ მოდავე მხარეებს. გარდა ამისა, ამ დავის განხილვის მიზანს წარმოადგენდა როგორც მოდავე მხარის, ასევე ქურდული სამყაროს წევრისთვის სარგებლის მიღება. კანონიერი ქურდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი, მისივე დავალებით განახორციელა ს. წ–მ. კასატორი ასევე უთითებს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ კრებსებში ასახულია სხვადასხვა პირებს შორის საუბარი, შესაბამისად, ეს ინფორმაცია მიჩნეულ არ უნდა იქნეს მხოლოდ ერთ მტკიცებულებად. გარდა ამისა, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ სადავო ქონება შ. გ–მა გადაუფორმა კანონიერი ქურდთან დაკავშირებულ პირს, რომელთანაც მანამდე შ. გ–ს ურთიერთობა არ ჰქონდა. გამოკვლეული მტკიცებულებებით, კი გამოკვეთილია ორივე კანონიერი ქურდი - ო. კ–ა და გ. ხ–ი. ამასთან, ქურდული გარჩევის შემდეგ ძღვენი გაეგზავნა კანონიერ ქურდ ,,კ–ს“ (ო. კ–ს). ს. წ–ს ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით კი დასტურდება, რომ ი. მ–ს მუდმივად აკონტროლებენ ქურდები და პირადად ,,კ–ო“ იყო დაინტერესებული მისი საქმიანობით. ასევე დადასტურდა, რომ მოწმეთა უმეტესობამ განზრახ ცრუ ჩვენება მისცეს სასამართლოს, რის გამოც მათი ჩვენებები არ უნდა გაეზიარებინათ. ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით კი დადასტურდა, რომ ს. წ–ე არის შერაცხადი, შესაბამისად, სასამართლოსთვის მის მიერ მიცემული ჩვენება ემსახურებოდა პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას, რადგან ეწინააღმდეგება ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციასა და სხვა მტკიცებულებებს. სასამართლო დაეყრდნო ცრუ მოწმეთა ჩვენებებს და არ გაიზიარა ზ. გ–ის ჩვენება. ამასთან, სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ს. წ–ს ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, რომელშიც ასახული იყო ს. წ–სა და ი. მ–ს შორის, ასევე, ს. წ–სა და თ. ხ–ს შორის არსებული და ს. წ–სა და კანონიერ ქურდ ,,კ–ს“ შორის არსებული მიმოწერა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ს. წ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბარალდებაში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ს. წ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ს. წ–ს ჩვენებაზე, რომელმაც წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის შემოდგომაზე მას დაუკავშირდა მეგობარი - ი. მ–ე და უამბო ნავის შესახებ, კერძოდ, უთხრა, რომ იპოთეკით დატვირთა საცხოვრებელი ბინა, აღებული თანხით კი შ. გ–მთან ერთად წამოიწყო ბიზნეს საქმიანობა, თუმცა ვერ ისტუმრებდა სესხს და კარგავდა ბინას. ის და ი. მ–ე შეთანხმდნენ, რომ იგი გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეიძენდა ბიზნესის 50%-იან წილს და გახდებოდნენ ბიზნეს პარტნიორები. მის აწ გარდაცვლილ ძმას დაუკავშირდა კ. ა–იი ე.წ. ,,კ–გა“, რომელსაც ის მისი გაბარიტებიდან გამომდინარე მოიხსენიებს ,,დიდ ძმად“. კ. ა–ის სურდა შ. გ–მის მხრიდან ი. მ–სთან მოეგვარებინა პრობლემა. იგი 2018 წლის ოქტომბერში ჩავიდა თბილისში და ი. მ–ს ნავის შესაძენად გადასცა ფულადი თანხა - 8000 დოლარი, რის შემდეგაც დაუკავშირდა შ. გ–ს, რომელსაც ესაუბრა დაახლოებით 3-4 ჯერ, შემდეგ კი შეხვდა პირადად. თავდაპირველად შ. გ–ი მის მიმართ უცხოდ იყო განწყობილი და ტოვებდა ისეთ შთაბეჭდილებას, რომ ი. მ–სგან იყო შეშინებული. გარდა ამისა, თვითონ ჯანმრთელობის პრობლემების გამო იღებდა ფსიქოტროპულ საშუალებებს და სატელეფონო საუბრების დროს არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებდა. ამის გამო მას შ. გ–თან სატელეფონო საუბრისას დასჭირდა ისეთი ტერმინებითა და სიტყვებით საუბარი, რომ შ. გ–ს ნდობა მოეპოვებინა. ამის შემდეგ, შ. გ–მა ნავი ზ. მ–ს გადაუფორმა. თვითონ შ. გ–მი გახარებული იყო იმით, რომ ნავის გადაფორმებით ი. მ–სთან კონფლიქტური სიტუაცია ამოიწურა. ბრალდებულის განმარტებით, ზ. მ–ი იყო მისი მეუღლის მეგობრის ძმა, რომელიც იყო სანდო პიროვნება. ვინაიდან იგი ცხოვრობდა ს–ში, მას ბიზნესსაქმიანობისთვის სანდო ადამიანი ესაჭიროებოდა, რომელიც იყო ზ. მ–სი. მას შ. გ–მთან საუბარში ,,კანონიერი ქურდი“ არ უხსენებია. ამასთან, ნავის გადაფორმება არ უკავშირდება კანონიერ ქურდებსა და კრიმინალებს. მან ნავი შეიძინა ბიზნეს საქმიანობისთვის, რომლის გაფართოებასაც აპირებდა. იგი არის უშიშროების ყოფილი თანამშრომელი და მას ,,კანონიერ ქურდებთან“ შეხება და ურთიერთობა არ აქვს. პირდაპირი მტკიცებულება კი, რაც გააბათილებდა ს. წ–ს ჩვენებას და დაადასტურებდა მის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას წარმოდგენილი არ არის.

5.4. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმე შ. გ–ს ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ მას და ი. მ–მეს ჰქონდათ ტურისტების მტკვარზე ნავით გასეირნების საერთო ბიზნესი, რომლის იდეაც ეკუთვნოდა მას. ი. მ–ს კი უნდა შეეძინა ნავი. საერთო ბიზნეს საქმიანობაზე შეთანხმების შემდეგ, ი. მ–მემ კუთვნილი სახლი იპოთეკით დატვირთა, აღებული თანხით კი ჩინეთიდან შეიძინეს ნავი, რომელიც რეგისტრირებული იყო შ. გ–ის კუთვნილ შპს-ს სახელზე. ისინი შეთანხმდნენ, რომ ბიზნეს საქმიანობიდან შესული თანხა პირველ რიგში უნდა მოხმარებოდა ი. მ–ს კუთვნილ ბინაზე იპოთეკის მოხსნას, შემდეგ კი შუაზე გაიყოფდნენ მოგებას. მის მოვალეობაში შედიოდა პერსონალთან და ტურისტებთან ურთიერთობა, ასევე ნავის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა. ი. მ–ს კი ბიზნეს საქმიანობაში ჰყავდა წარმომადგენელი - ზ. გ–ი, რომელიც ხარჯთაღრიცხვას აწარმოებდა. მათ ჰქონდათ სპეციალური ჟურნალი, სადაც აღიწერებოდა თანხების შემოსავალ-გასავალი. ბიზნესის დაწყებიდან დაახლოებით 45 დღეში, მას და ი. მ–ს ბიზნეს საქმიანობაში ნაწარმოებ ჟურნალში ასახულ ინფორმაციის სიზუსტესთან დაკავშირებით მოუხდათ კამათი. რის შემდეგაც თვითონ, ი. მ–ე, ზ. გ–ი და სხვა პირები შეიკრიბნენ ზ. გ–ს სახლში, სადაც არკვევდნენ ჟურნალში არსებული თანხების დანაკლისს, რა დროსაც მასსა და ზ. გ–ს შორის მოხდა შელაპარაკება. ამ დროს მას ზ. გ–მა ჟურნალი ესროლა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მან პასუხისმგებლობა აიღო არსებულ დანაკლისზე და განაცხადა, რომ ჟურნალში არსებული უზუსტობები მისი ბრალეულობით იყო გამოწვეული, რის გამოც, მას ი. მ–მ უნდობლობა გამოუცხადა. აღნიშნულიდან მალევე მან ი. მ–ს უთხრა, რომ ბიზნეს საქმიანობიდან გადიოდა. ამასთან, ვინაიდან ნავი მისი შპს-ს სახელზე იყო რეგისტრირებული, იგი ცდილობდა ნავი ი. მ–სთვის ან მის მიერ დასახელებული პირისთვის გადაეფორმებინა. ამის გამო მან მიმართა ნაცნობს - კ. ა–ს და სთხოვა ი. მ–მესთან კომუნიკაციაში დახმარებოდა, რადგან თვითონ კონფლიქტი ჰქონდათ. ი. მ–ე მხოლოდ ნავის გადაფორმების მიზნით დაუკავშირდა კ. ა–ის. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მას დაუკავშირდა მისთვის უცნობი პიროვნება - ს. წ–ე, რომელმაც უთხრა, რომ იყო ი. მ–ს მეგობარი და მასზე უნდა გადაეფორმებინათ ნავი, რაც მისივე განმარტებით, შეთანხმებული იყო ი. მ–სთან. მან ეს საკითხი გადაამოწმა კ. ა–თან, რომელმაც დაუდასტურა, რომ მასზე უნდა გადაეფორმებინა ნავი. ამის შემდეგ, იგი შეხვდა ს. წ–ეის მიერ დასახელებულ პირს, რომელსაც გადაუფორმა ნავი. მოწმემ დაადასტურა, რომ იგი იცნობს მის თანასოფლელ გ. ხ–ს, რომელიც არ ცხოვრობს ს–ში. მასთან რამდენიმე წელია კომუნიკაცია არ ჰქონია. მას ს. წ–სთან საუბრისას რომელიმე კანონიერ ქურდზე საუბარი ან შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად კანონიერ ქურდებთან კომუნიკაცია არ ჰქონია. გარდა ამისა, ს. წ–ს მასზე ზეწოლა ან მუქარა არ განუხორციელებია.

5.5. აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 მარტის განაჩენით შ. გ–მი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით (მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე დანაშაულის ჩადენაში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ სასამართლო აფასებს მოწმეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას, შესაბამისად, მოწმის მიერ მხოლოდ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია და მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები საფუძვლად ვერ დაედება ს. წ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.

5.6. მოწმე შ. გ–მთან საერთო ბიზნესის ქონისა და მასთან არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ი. მ–მაც, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ მათ ჰქონდათ სპეციალური ჟურნალი, სადაც აღიწერებოდა თანხების შემოსავალი და გასავალი. ბიზნეს საქმიანობის დაწყებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მან დეტალურად შეისწავლა ჟურნალში არსებული ჩანაწერები და აღმოაჩინა, რომ მასში გაურკვეველი ციფრები იყო მითითებული და იყო დიდი დანაკლისი. ის და შ. გ–ი შეთანხმდნენ, რომ ორი კვირის განმავლობაში იმუშავებდა ი. მ–ე, რის შემდეგაც ორ კვირაში სულ სხვა შემოსავალი მიიღო და ბიზნეს საქმიანობა გავიდა 70% მოგებაზე. აღნიშნულის გამო, მასსა და შ. გ–ს შორის წარმოიშვა კონფლიქტი. ამის შემდეგ, თვითონ, შ. გ–მი და გ. ი–ე არსებული პრობლემის გადასაწყვეტად შეიკრიბნენ ზ. გ–სთან სახლში, სადაც მას შ. გ–მი კითხვებზე პასუხს არ სცემდა, რაზეც გაბრაზდა და შ. გ–ს წვივში მიარტყა ფეხი. ამის შემდეგ ჟურნალში არსებული უზუსტობების გამო, მათ შორის რამდენიმე შეხვედრა კიდევ შედგა, რომელსაც ესწრებოდა მისი მეგობარი - თ. ხ–იი. მასთან საუბრისას შ. გ–მა განაცხადა, რომ დატოვებდა ბიზნეს საქმიანობას. იგი შ. გ–ს მოუწოდებდა, რომ ვინაიდან მისი სახლი იპოთეკით იყო დატვირთული, დაეხსნა სახლი. ამ შეხვედრის შემდეგ მას და შ. გ–ს კომუნიკაცია არ ჰქონიათ. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ი. მ–ე ახლობლებისა და მეგობრების დახმარებით ცდილობდა სესხის თანხის გადახდას. ამ პერიოდში შ. გ–ს ნათესავები და მეზობლები მიდიოდნენ მასთან შესახვედრად და ერკვეოდნენ სიტუაციაში. იგი ყოველთვის ხელმძღვანელობდა სააღრიცხვო ჟურნალით, რომელშიც შ. გ–ს მიერ გაურკვეველი ჩანაწერები იყო გაკეთებული და თანხებში იყო დანაკლისი. იგი კარგავდა იპოთეკით დატვირთულ სახლს. მას დახმარება აღმოუჩინა მეგობარმა - ს. წ–მ. მისი დახმარების გარეშე იგი სახლს დაკარგავდა. მან სატელეფონო საუბრისას მეგობარს - ს–ს უთხრა, რომ ბიზნეს პარტნიორთან ჰქონდა პრობლემები, სახლი კი იპოთეკით იყო დატვირთული. ასევე, დეტალურად აუხსნა ბიზნეს საქმიანობის შესახებ. ს. წ–ე დაინტერესდა აღნიშნული ბიზნესით და შეთანხმდნენ, რომ გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ ს. წ–ე შეიძენდა შ. გ–ს შპს-ს სახელზე რეგისტრირებულ ნავს, რის შემდეგაც გახდებოდნენ ბიზნეს პარტნიორები და ერთად განახორციელებდნენ ბიზნეს საქმიანობას. გარდა ამისა, ბიზნესში შესვლის მიზნით მის მეუღლეს ს. წ–ეის მეუღლემ ჩაურიცხა გარკვეული თანხა, ხოლო თვითონ ს. წ–მ მას პირადად გადასცა გარკვეული თანხა, რის შემდეგაც შ. გ–მა ს. წ–ეის ნაცნობს გადაუფორმა ნავი. დროის გასვლის გამო მას ზუსტად აღარ ახსოვს თანხების ოდენობა. მოწმის განმარტებით, მასსა და შ. გ–ს შორის არსებულ პრობლემების მოგვარებაში დასახმარებლად მას კანონიერ ქურდებთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მას ზ. გ–სთვის არ უთქვამს, რომ პრობლემების მოგვარებაში კანონიერი ქურდები იყვნენ ჩარეული.

5.7. მოწმე შ. გ–მის ჩვენებით კი ირკვევა, რომ შ. გ–ი არის მისი ძმა, რომელსაც ი. მ–სთან ჰქონდა საერთო ბიზნესი, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ, მათ შორის ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოიშვა კონფლიქტი, რომლის ზუსტი მიზეზი არ იცის, თუმცა იცის, რომ ი. მ–ე თანხის დანაკლისს აბრალებდა შ. გ–ს, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი გამოვიდა ბიზნესიდან. ვინაიდან შ. გ–ს შპს-ს სახელზე რეგისტრირებული იყო მცურავი საშუალება - ნავი, სურდათ აღნიშნული ნავის ი. მ–მის ან მისი ახლობლის სახელზე გადაფორმება. ამის გამო შ. გ–მა მიმართა კ. ა–ს ,,კ–ს“, რათა მას ეშუამავლა ი. მ–სთან, რომ ნავი გადაეფორმებინა. მისთვის ცნობილია, რომ შ. გ–ს დაუკავშირდა ი. მ–ს ახლობელი, რომელმაც გადაიფორმა ნავი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ი. მ–სთან კონფლიქტის დროს მას ან მის ძმას კანონიერი ქურდისთვის არ მიუმართავთ. იგი ნაწილობრივ არ ეთანხმება გამოკითხვის ოქმში ასახულ ინფორმაციას. მას ოქმზე ისე მოაწერინეს ხელი, რომ არ წაუკითხავს. მასზე და მის ძმაზე ხორციელდება ზეწოლა, კერძოდ, რამდენიმე დღის წინ დაიჭირეს მისი ძმა, ახლა კი შეიძლება თვითონაც დაიჭირონ და ამით აიძულებენ გაურკვეველი ჩვენების მიცემას. შ. გ–ს დაჭერის შემდეგ, მას პოლიციაში გადასცეს ფურცელზე დაწერილი ჩვენება, რომელიც უნდა მიეცა სასამართლოზე, თუმცა ვინ გადასცა სახელი არ იცის.

5.8. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმე ზ. მ–ს ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ მას ბევრი დედმამიშვილი ჰყავს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, რის გამოც მათი ბევრი ქონება აქვს გადაფორმებული. მას დაუკავშირდა ვენაში მცხოვრები და - ნ. ბ–ა (მ–ი), რომელმაც სთხოვა მის სახელზე გადაეფორმებინა მცურავი საშუალება - ნავი, რაზეც დათანხმდა, სხვა დეტალებით არ დაინტერესებულა. საუბრისას დამ უთხრა, რომ ნავის გადაფორმებასთან დაკავშირებით ტელეფონით დაუკავშირდებოდნენ. ამის შემდეგ, მას დაურეკა უცნობმა პირმა და შეთანხმდნენ შეხვედრაზე. დათქმულ ადგილზე მასთან მივიდა ორი უცნობი პირი, რომელთაგან ერთს ერქვა შ–ა, რის შემდეგაც მან რაღაც საბუთებზე მოაწერა ხელი. პოლიციაში დაბარების შემდეგ იგი დაუკავშირდა დას, რომელმაც უთხრა, რომ ის ნავი მისი დაქალის შეძენილი იყო, მან იყიდა და სთხოვა გადაფორმება. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ო. კ–ა არის მისი დის ყოფილი მეუღლე, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია ე.წ. ,,კანონიერ ქურდად“, თუმცა მას მასთან შეხება აღარ აქვს.

5.9. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმე თ. ხ–ს ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ მის მეგობარს - ი. მ–სა და შ. გ–ს ჰქონდათ საერთო ბიზნესი, თუმცა საქმიანობის დროს მათ შორის მოხდა გაუგებრობა. მან შეისწავლა ი. მ–მის მიერ წარდგენილი ბიზნეს საქმიანობის ჟურნალი, სადაც ბევრი გაურკვევლობა და თანხების დანაკლისი აღმოჩნდა. მოწმის განმარტებით, ამის შემდეგ შ. გ–ი გავიდა ბიზნეს საქმიანობიდან და საქმეს მხოლოდ ი. მ–ე უძღვებოდა, რომელიც ეძებდა ახალ ბიზნეს პარტნიორს.

5.10. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმე ე. ბ-ს ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ ი. მ–ე არის მისი მეუღლე, რომელსაც საერთო ბიზნესი ჰქონდა შ. გ–მთან. ი–მ საცხოვრებელი ბინა დატვირთა იპოთეკით და აღებული თანხა ბიზნეს საქმიანობაში დააბანდა. მან ი. მ–სა და შ. გ–ის კონფლიქტის, ან იმის შესახებ თუ ვინ იყო საქმის გასარკვევად ჩარეული არ იცის. იგი არც ს. და მ. წ–ებს არ იცნობს, თუმცა მას მ. წ–მ ჩაურიცხა ფული. მოწმის განმარტებით, ბანკს რომ იპოთეკით დატვირთული ბინა არ წაერთმია ოჯახს მისი და მისი მეუღლის მეგობრები ეხმარებოდნენ და შეძლებისდაგვარად ურიცხავდნენ თანხებს, დანარჩენ საქმიანობას მისი მეუღლე წარმართავდა.

5.11. მოცემულ შემთხვევაში მოწმეებმა - შ. გ–მა, ი. მ–მ, შ. გ–მა, ე. ბ–მ, თ. ხ–იმა და ზ. მ–სმა დაადასტურეს, რომ შ. გ–ს და ი. მ–ს ჰქონდათ საერთო ბიზნესი, მაგრამ ვინაიდან მოუხდათ კონფლიქტი, შ. გ–ი გავიდა ბიზნეს საქმიანობიდან. თუმცა აღსანიშნავია, რომ არცერთ ზემოაღნიშნულ მოწმეს არ დაუდასტურებია, რომ აღნიშნული დავის გადასაწყვეტად, რომელიმე მხარემ მიმართა ,,კანონიერ ქურდს“, რომლის დავალების შესრულებასაც ს. წ–ე ახორციელებდა. პირიქით, შ. გ–მისა და შ. გ–მის ჩვენებებით დადასტურდა, რომ კონფლიქტის გამო ბიზნესიდან გამოსვლის შემდეგ შ. გ–ს სურდა მისი შპს-ს სახელზე რეგისტრირებული ,,მცურავი საშუალების“ - ნავის ი. მ–ს ან მისი ახლობელის სახელზე გადაფორმება. გარდა ამისა, ს. წ–მ და ი. მ–მ დაადასტურეს რომ არიან მეგობრები და შეთანხმდნენ, რომ ს. წ–ე გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეისყიდდა შ. გ–ს შპს-ს სახელზე რეგისტრირებულ ნავს და გახდებოდა ი. მ–ს ბიზნეს პარტნიორი, რის შემდეგაც ს. წ–მ ი. მ–ს თანხის ნაწილი გადასცა ხელზე, ხოლო ნაწილი ი. მ–მის მეუღლის - ე. ბ–ს ანგარიშზე ჩარიცხა ს. წ–ს მეუღლემ - მ. წ–მ, რაც ასევე დასტურდება საბანკო ამონაწერითა და მოწმე ე. ბ-ს ჩვენებით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად არ დასტურდება ს. წ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა.

5.12. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმე ზ. გ–ს ჩვენებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ შ. გ–სა და ი. მ–ს ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით ჰქონდათ კონფლიქტი. იგი ი. მ–ს ინიციატივით აწარმოებდა ხარჯთაღრიცხვას და ჟურნალში ყოველდღიურად ასახავდა შემოსავალ-გასავალს. მის გარდა ჟურნალში თანხების აღრიცხვას ახორციელებდნენ შ. გ–ი და მისი მეგობარი - გ. მ–ი. კონფლიქტი წარმოშვა ჟურნალში მითითებულმა გაურკვეველმა რიცხვებმა და თანხების დანაკლისმა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მის სახლში საქმის გასარკვევად შეიკრიბნენ თვითონ, ი. მ–მე, შ. გ–მი, გ. მ–ი და ზ. კ–ე, რა დროსაც დეტალურად განიხილეს ჟურნალში მითითებული მონაცემები. იგი თანხების მიმოქცევას ჟურნალში შ. გ–ს მითითებით აღნიშნავდა. როდესაც გაირკვა, რომ დანაკლისი შ. გ–ს ბრალეულობით იყო გამოწვეული, ეს უკანასკნელი კი დანაკლისს მას აბრალებდა, გაბრაზდა და შ. გ–მს ჟურნალი ჩაარტყა თავში, ი. მ–მ კი ფეხი მიარტყა. გაშველების შემდეგ შ. გ–მი წავიდა. მას ი. მ–მ უთხრა, რომ შ. გ–ს პრობლემის მოსაგვარებლად კანონიერი ქურდი ,,ჯ–ო“ და კრიმინალური ავტორიტეტი ჰყავდა ჩარეული. მან დაზუსტებით არ იცის, ვინ იყო ჩარეული და საქმის გასარკვევად ვინ ვის შეხვდა. მან ბოლოს ი. მ–მისგან შეიტყო, რომ მას პრობლემების მოგვარებაში ზ. კ–ე დაეხმარა. ი–მ ასევე უთხრა, რომ გარჩევების შემდეგ ბიზნესიდან მხოლოდ 5% დარჩა. მოწმის განმარტებით, შ. გ–სა და ი. მ–ს შორის კონფლიქტისას მას ს. წ–ს სახელი და გვარი არ გაუგია და არ იცის ვინ არის იგი. მართალია, აღნიშნულმა მოწმემ განმარტა, რომ მან ი. მ–მისგან იცოდა, რომ შ. გ–ს პრობლემის მოგვარებაში ჩართული ჰყავდა კანონიერი ქურდი ,,ჯ–ო“ და კრიმინალური ავტორიტეტი, თუმცა დაზუსტებით არ იცის ვინ იყო ჩარეული და საქმის გასარკვევად ვინ ვის შეხვდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ მოწმე ზ. გ–ი უშუალოდ არ შესწრებია აღნიშნულ ფაქტებს და გადმოსცემს მისთვის ი. მ–მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელმაც სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას არ დაადასტურა არსებული დავის მოგვარებასთან დაკავშირებით ,,კანონიერ ქურდებთან“ კომუნიკაცია. შესაბამისად, მოწმე ზ. გ–ს ჩვენება არის ირიბი და არ არის გამყარებული სხვა პირდაპირი მტკიცებულებით, რის გამოც მისი ჩვენება არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.13. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოწმეთა პირდაპირი ჩვენებების არარსებობის პირობებში გამოკვლეული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით ს. წ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების უტყუარად დადასტურება შეუძლებელია. მართალია ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით დასტურდება, რომ შ. გ–სა და ი. მ–ს ჰქონდათ ქონებრივი დავა და ს. წ–ს ჩართულობით ხდებოდა სადავო ,,მცურავი საშუალების“ ზ. მ–ს სახელზე გადაფორმება, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება, რომ შ. გ–მა და ი. მ–მ დავის მოგვარების მიზნით საქმეში კრიმინალური ავტორიტეტები ე.წ. ,,კანონიერი ქურდები“ ჩართეს. ამასთან, აღნიშნულ ჩანაწერებში არ ფიგურირებს საქმის მასალებში ე.წ. ,,კანონიერ ქურდებად“ მიჩნეული გ. ხ–ი და ო. კ–ა.

5.14. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა პირდაპრი მტკიცებულება, რაც უტყუარად დაადასტურებდა, რომ ს. წ–ე როგორც ,,ქურდული სამყაროს წევრი“ აღიარებდა ქურდულ სამყაროს, სისტემატიური კავშირი ჰქონდა საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდ ო. კ–სთან და ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან, ამასთან, თავისი ქმედებით მზადყოფნას გამოხატავდა ქურდული სამყაროს საქმიანობაში მონაწილეობისთვის, ასრულებდა კანონიერი ქურდების დავალებებს და აქტიურად მონაწილეობდა ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. გარდა ამისა, არ დადასტურდა, რომ 2018 წლის ოქტომბერში ს. წ–ე მოქმედებდა კანონიერი ქურდის ო. კ–ს დავალებით და ამ უკანასკნელის მიერ შ. გ–სა და ი. მ–ს შორის არსებული დავის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის მიზნით, ი. მ–მეს მოსთხოვა შ. გ–მი გაეთავისუფლებინა სესხის დარჩენილი თანხის - 20000 ლარის გადახდის ვალდებულებისგან, ხოლო შ. გ–ს დაავალა მის შპს ,,ი–ს“ ბალანსზე არსებული სადაო ,,მცურავი საშუალება“ - კატერი გადაეფორმებინა კანონიერი ქურდის - ო. კ–ს ნათესავის, მისი ცოლის ძმის - ზ. მ–ს სახელზე, რის საფუძველზეც 2018 წლის 30 ოქტომბერს შ. გ–მმა მისი შპს-ს ბალანსზე არსებული ,,მცურავი საშუალება“ გადაუფორმა ზ. მ–ს. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.

5.15. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ს. წ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.16. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.18. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.19. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ირინე ჩოჩიას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე