საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100122006379937
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№164აპ-24 ქ. თბილისი
ჯ–ი ს., 164აპ-24 11 ივნისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – გიორგი ორჯონიკიძემ, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და ს. ჯ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებებით – დაზარალებულ კ. ღ–ს, მოწმეების: ა. ა–ს, ე. ჯ–ს, ვ. ჯ–ს ჩვენებებითა და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერით – დასტურდება ს. ჯ–ს მიერ დანაშაულის ჯგუფურად ჩადენის ფაქტი; უდავოდ დადგენილია, რომ დაზარალებულმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მსჯავრდებულს, რის გამოც, ვ. ჯ–მა შურისძიების მოტივით, ხელი დაარტყა კ. ღ–ს თავის არეში, რითაც გახდა ს. ჯ–ს დაწყებული დანაშაულის თანაამსრულებელი, ხოლო ე. ჯ–ი, მიუხედავად იმისა, რომ იყო 14 წელს მიუღწეველი პირი და ბრალად ვერ შეერაცხებოდა ჩადენილი ქმედება, ს. ჯ–ს განზრახვა მოიცავდა დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის, მათ შორის, ე. ჯ–თან ერთად ჩადენას, შესაბამისად, ე. ჯ–ის შეურაცხაობა ასაკის გამო, არ გამორიცხავს ს. ჯ–ს ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ს. ჯ–ს, – დაბადებულს 19.. წ., – ბრალად დაედო ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. 2022 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. ნ–ში, თ–ს ქუჩის №..-ში მდებარე სასურსათო მაღაზიაში მყოფ ს. ჯ–სა და ამავე მაღაზიის მესაკუთრეს – კ. ღ–ს შორის, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გადაიზარდა მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში. ხსენებული კონფლიქტის დროს, ს. ჯ–მა და მისმა არასრულწლოვანმა შვილებმა – ე. ჯ–მა და ვ. ჯ–მა – სხეულის სხვადასხვა, მათ შორის – თავის არეში, ხელისა და ფეხის რამდენჯერმე დარტყმით, კ. ღ–ს სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობით, ცხვირის არეში ჭრილობითა და ნაკაწრებით მარცხენა თვალბუდისა და მარჯვენა ლოყის არეში, მიაყენეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
3. ს. ჯ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
4. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 მაისის განაჩენით ს. ჯ–სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები – 1 წლით.
5. სასამართლომ დაადგინა, რომ ს. ჯ–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, რაც გამოიხატა შემდეგით:
5.1. 2022 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. ნ–ში, ქ. ნ–ში, თ–ს ქუჩის №..-ში მდებარე სასურსათო მაღაზიაში მყოფ ს. ჯ–სა და ამავე მაღაზიის მესაკუთრეს – კ. ღ–ს შორის, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გადაიზარდა მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში. ხსენებული კონფლიქტის დროს, ს. ჯ–მა სხეულის სხვადასხვა, მათ შორის – თავის არეში, ხელისა და ფეხის რამდენჯერმე დარტყმით, კ. ღ–ს სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობით, ცხვირის არეში ჭრილობითა და ნაკაწრებით მარცხენა თვალბუდისა და მარჯვენა ლოყის არეში, მიაყენეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
6. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – გიორგი ორჯონიკიძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ს. ჯ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ ს. ჯ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ბ–მა, რომელიც, დაზუსტებული საჩივრით, ითხოვდა, განაჩენის შეცვლასა და ს. ჯ–სათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 მაისის განაჩენი შეიცვალა; ს. ჯ–სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 2 წელი. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები – 1 წლით.
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ 2022 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. ნ–ში, თ–ს ქუჩის №..-ში მდებარე სასურსათო მაღაზიაში მომხდარი დაპირისპირების დროს, ს. ჯ–მა კ. ღ–ს მიაყენეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, კერძოდ, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ცხვირის არეში ჭრილობა და ნაკაწრები მარცხენა თვალბუდისა და მარჯვენა ლოყის არეში.
11. დავის საგნად არის ქცეული: მსჯავრადშერაცხილი ქმედება ს. ჯ–მა ჩაიდინა ჯგუფურად, ე. ჯ–სა და ვ. ჯ–თან ერთად, როგორც ამას ბრალდების მხარე ამტკიცებს, თუ ე. და ვ. ჯ–ებმა კ. ღ–ზე ფიზიკურად იძალადეს მას შემდეგ, რაც ს. ჯ–ს დანაშაულებრივი ქმედება იყო უკვე დასრულებული, რაც გამორიცხავს დანაშაულის ერთობლივად ჩადენას და, შესაბამისად, ს. ჯ–ის ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებას.
12. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი.
13. საკასაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ს. ჯ–სათვის წარდგენილი კვალიფიკაციის შეცვლასთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების, მათ შორის, ბრალადშერაცხილი ქმედების ყველა ელემენტის სასამართლოში უტყუარად დამტკიცების ვალდებულება, წარმოდგენილი მტკიცებულებებით სარწმუნოდ ვერ დაადასტურა, რომ ს. ჯ–სმა დანაშაული ჯგუფურად ჩაიდინა, კერძოდ, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერი ცხადყოფს, რომ მსჯავრდებულის არასრულწლოვანი შვილები – ე. და ვ. ჯ–ები, მხოლოდ მას შემდეგ მიდიან შემთხვევის ადგილზე, რაც მსჯავრდებულს უკვე დასრულებული ჰქონდა დაზარალებულზე ძალადობა და მისი ქმედების შედეგად გამოკვეთილი იყო კონკრეტული შედეგიც, რის შემდეგაც, ემილ და ვ. ჯ–ებმა მამაზე გინების გამო შურისძიების ახლადაღმოცენებული მოტივით, კვლავ ფიზიკურად იძალადეს დაზარალებულზე, რაც გამორიცხავს ს. ჯ–ს მიერ დანაშაულის შვილებთან ერთობლივად ჩადენას, რისი გათვალისწინებითაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება მართებულად გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც ს. ჯ–ს მსჯავრდება კანონიერი და დასაბუთებულია.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში და მიუთითებს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი