საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100122006658066
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №498აპ-24 ქ. თბილისი
გ-ე გ. 498აპ-24 26 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. გ-ს, - დაბადებულს ... წლის ... აპრილს, - ბრალად ედება პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2022 წლის 19 ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. ბ-ში, შ. რ-ს ქ. №...-ში მდებარე სასტუმრო „შ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების წარმომადგენლების მიერ საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილ „შკოდა რაპიდის“ მარკის (სახ.№...) სატრანსპორტო საშუალებაში მყოფმა გ. გ-მ, პოლიციის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ფეხის დარტყმით ჩაამსხვრია ხსენებული ავტომობილის უკანა მარჯვენა კარის შუშა.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 ივლისის განაჩენით:
2.1. გ. გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
2.2. გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
2.3. გაუქმდა გ. გ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2.4. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2022 წლის 19 ნოემბრიდან 2023 წლის 31 ივლისის ჩათვლით.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ-მ ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ძალადობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. 2022 წლის 19 ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. ბ-ში, შ. რ-ს ქ. №...-ში მდებარე სასტუმრო „შ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების წარმომადგენლების მიერ საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილ „შკოდა რაპიდის“ ფირმის (სახ.№....) სატრანსპორტო საშუალებაში მყოფმა გ. გ-მ, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არაერთგზის მოწოდებისა, დამშვიდებულიყო, წინააღმდეგობას უწევდა პოლიციის თანამშრომლებს მის დაკავებაში, რა დროსაც ფეხის დარტყმით მან ჩაამსხვრია ხსენებული ავტომობილის უკანა მარჯვენა კარის შუშა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის განაჩენით:
4.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორმა - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: გ. გ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ისეთი სასჯელის შეფარდება, რაც დაკავშირებული იქნება სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლოში წარმოდგენილი, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადასტურდა, რომ გ. გ-ს ქმედებაში ცალსახად გამოკვეთილი იყო ბრალად წარდგენილი დანაშაულის - პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით - შემადგენლობა და მისი ქმედება შეფასდა, როგორც პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით. შესაბამისად, გ. გ-ს მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კანონიერია და განსახილველ შემთხვევაში არ არის გამოკვეთილი სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლის სამართლებრივი წინაპირობები.
8. საკასაციო სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ძირითადი ობიექტია სახელმწიფო მმართველობის დადგენილი წესი, ხოლო დამატებით - პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, აგრეთვე მათი ოჯახის წევრის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და საკუთრება. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, კერძოდ, თავდასხმაში. თავდასხმა არის აგრესიული აქტი, რასაც თან ახლავს ძალადობა ან ძალადობის მუქარა. სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მათ სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მათ სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მათი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კრიმინალიზებულია პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, ანდა მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ამ მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი ქმედება კავშირში უნდა იყოს ხელისუფლების წარმომადგენლის - პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან. სუბიექტური მხრივ, აუცილებელია ქმედების მოტივის გარკვევა, არსებობს თუ არა კავშირი პოლიციელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და მასზე, ანდა კანონში მითითებულ ობიექტზე განხორციელებულ ხელყოფას შორის.
9. საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისათვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი საქმიანობა, ხოლო დამატებითი ობიექტია მისი პირადი უსაფრთხოება (ჯანმრთელობა, ხელშეუხებლობა, პირადი თავისუფლება). ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება რამდენიმე ალტერნატიულ ქმედებაში: ა) პოლიციის მუშაკის მიმართ ძალადობით ან ძალადობის მუქარით წინააღმდეგობაში (საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით); აგრეთვე ბ) აშკარად უკანონო ქმედებისათვის მის იძულებაში. კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ისეთ ელემენტს, როგორიცაა მიზანი. კერძოდ, ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა მიზნად უნდა ისახავდეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას, მისი კანონიერი საქმიანობის შეწყვეტას ან შეცვლას, აგრეთვე, აშკარად უკანონო ქმედებისათვის მის იძულებას. ამასთან, ქმედება ჩადენილი უნდა იყოს ძალადობით ან ძალადობის მუქარით.
10. საკასაციო სასამართლოს მიერ აღნიშნულ დანაშაულთა შემადგენლობებთან მიმართებით განმარტებულია (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე N468აპ-20) შემდეგი: იმისათვის, რათა სამართლებრივად სწორად შეფასდეს დავის საგნად ქცეული ქმედების კვალიფიკაცია, უნდა გაივლოს ზღვარი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობასა და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას შორის; უნდა გაიმიჯნოს ამ დანაშაულთა შემადგენლობებისთვის სავალდებულო ნიშნები და დადგინდეს, პოლიციელთა ჯანმრთელობის ხელყოფა იყო დანაშაულებრივი მიზნის მიღწევის საშუალება თუ წარმოადგენდა ხელყოფის უშუალო ობიექტს; მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს, მსჯავრდებულთა ქმედებები მიზნად ისახავდა პოლიციის მუშაკებისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას, მათი საქმიანობის შეწყვეტას ან შეცვლას, რასაც თან სდევდა დაზარალებულების მიმართ ფიზიკური ძალადობა თუ მათი ქმედებები პირდაპირ იყო მიმართული, პოლიციელების საქმიანობიდან გამომდინარე, მათი ჯანმრთელობის ხელყოფისაკენ.
11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულ გ. გ-ს მიზანი იყო პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, არის მართებული და გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებიდან, კერძოდ:
12. მოწმე გ. ფ-ს ჩვენების თანახმად, არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ შეეწყვიტა აღნიშნული ქმედებები, გ. გ-ე არ წყნარდებოდა, გადავიდა უკვე პოლიციის თანამშრომელთა მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, სიტუაციის განმუხტვის მიზნით თხოვეს მას ჩამჯდარიყო ავტომანქანაში, ჯერ უარი განაცხადა, თუმცა შემდეგ ჩაჯდა დაცვის პოლიციის სამსახურეობრივ ავტომანქანაში, მარცხენა მხარეს, გვერდით დაუჯდა თვითონ, რა დროსაც მან (გ. გ-მ) ფეხის მირტყმით გატეხა ავტომანქანის უკანა მარჯვენა მინა. ავტომანქანაში ჩასმის დროს მას არ ეკეთა ხელბორკილი, არ იყო დაკავებული, იგი დააკავეს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა მას შემდეგ, რაც დააზიანა ავტომანქანის მინა.
13. მოწმე ო. კ-ს ჩვენების თანახმად, ავტომანქანაში მასთან ერთად ჩაჯდა გ. ფ-ე და კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი ც. , რომლის გვარიც არ ახსოვს. ავტომანქანაში ჩასმის დროს გ. გ-ს არ ეკეთა ხელბორკილი, არ იყო დაკავებული, ჩასმის შემდგომ იგი კვლავ იყო აღელვებული, არ წყნარდებოდა და ჩაამტვრია შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტომობილის უკანა მარჯვენა კარის მინა, რომელიც იყო დახურული.
14. მოწმე ც. ქ-ს ჩვენების თანახმად, გ. გ-ს ვიზუალურად ეტყობოდა, რომ იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, იგინებოდა, ილანძღებოდა და გამოხატავდა უკმაყოფილებას საზოგადოებისა და მათ მიმართ, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მოქალაქეების მიმართ იქცეოდა აგრესიულად, მან წარუდგინა თავი, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი და მოუწოდა დამშვიდებისაკენ, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც გადაწყვიტეს მისი იმ ტერიტორიიდან განრიდების მიზნით ავტომანქანაში ჩასმა. რაც შეიძლებოდა უმტკივნეულოდ, პროპორციული ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში, უკან მასთან ერთად ჩასხდნენ თავად და გ. ფ-ე. ო. ჭ-ე დაჯდა საჭესთან, გ. გ-ე იჯდა შუაში. ავტომანქანაში ჩასხდომის შემდეგ გ. გ-ე აგრძელებდა აგრესიულ ქმედებებს, ცდილობდა მათზე თავდასხმას, ავტომანქანიდან გადასვლას, საბოლოოდ მისი ქმედებები იქამდე მივიდა, რომ ფეხის ძლიერი დარტყმით დააზიანა ავტომანქანის უკანა მარჯვენა საქარე მინა, რის შემდეგაც მან განუმარტა, რომ იყო დაკავებული.
15. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად აღნიშნავს, რომ მოწმეების - გ. ფ-ს, ო. კ-სა და ც. ქ-ს ჩვენებების თანახმად, პოლიციის ავტომანქანა დაზიანდა იმ დროს, როდესაც გ. გ-ე პროპორციული ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში, რა დროსაც ის უწევდა მათ ფიზიკურ წინააღმდეგობას, რათა ხელი შეეშალა მათ საქმიანობაში. ამდენად, ნათელია, რომ გ. გ-ს ქმედება წარმოადგენს არა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციიის ავტომანქანაზე თავდასხმას, არამედ - პოლიციელის საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, პოლიციის მუშაკისათვის ძალადობით წინააღმდეგობის გაწევას, რა დროსაც პოლიციის ავტომანქანის შუშა დაზიანდა, რაც, ობიექტური პირისათვის დამაჯერებლობის კუთხით, მიმართულია მსჯავრდებულის მხრიდან საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დადასტურებისაკენ.
16. ამრიგად, აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და, შესაბამისად, მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.
17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებაზე, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი