საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.05.2024
საქმის ნომერი
2კ-1442აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.05.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100122006248383

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1442აპ-23 ქ. თბილისი

შ.კ. 1442აპ-23 27 მაისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 აგვისტოს განაჩენზე მსჯავრდებულ კ. შ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. რ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, კ. შ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა;

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით კ. შ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 19 აგვისტოს, დაახლოებით, 03:19 საათზე, ქ. ბ–ში, .........ის გამზირი №..-ში მდებარე საქართველოს შსს ..... პოლიციის დეპარტამენტის ბ–ს საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-.. განყოფილების ადმინისტრაციული შენობის ეზოში, ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა კ. შ–მ პოლიციის მუშაკს ჯ. ბ–ს გაუწია წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, თავი დაარტყა სახეში.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 8 მაისის განაჩენით:

3.1. კ. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. კ. შ–ს, სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან – 2022 წლის 19 აგვისტოდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, მსჯავრდებულ კ. შ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. რ–მ მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმება, კ. შ–სის გამართლება და უდანაშაულოდ ცნობა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 აგვისტოს განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 8 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ კ. შ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. რ–მ მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 აგვისტოს განაჩენის გაუქმება, კ. შ–ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კასატორმა მოთხოვნის მკაფიოდ ფორმულირებასთან ერთად უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა. ანალოგიურად, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილიც საკასაციო საჩივრის დასაშვებობას უკავშირებს ამავე ნაწილში მითითებული საფუძვლების დასაბუთებას რაც გულისხმობს, რომ მკაფიოდ უნდა იყოს იდენტიფიცირებული რატომ ასაჩივრებს და კონკრეტულად რითი ასაბუთებს კასატორი საკუთარ პოზიციას. შესაბამისად, კასატორმა უნდა განსაზღვროს და მიუთითოს არა მხოლოდ განაჩენის გასაჩივრების კონკრეტული საფუძველი, არამედ მკაფიოდ მიუთითოს ის კონკრეტული არგუმენტებიც, რომლებიც ადასტურებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლში მითითებული ერთი ანდა რამდენიმე წინაპირობის არსებობას; საკითხები, რომლებიც ქვედა ინსტანციის სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა, არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ, კასატორის აზრით, უკანონოდ ანდა დაუსაბუთებლად არ იყო გაზიარებული (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024წლის 1 აპრილის განჩინება საქმეზე N 1168აპ-23, პარ. 8.1; 2024წლის 29 აპრილის განჩინება საქმეზე N 1193აპ-23, პარ. 14; 2022წლის 1 ნოემბრის განჩინება საქმეზე N 468აპ-22, პარ.28).

8.1. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარში არ არის წარმოდგენილი კასატორის მსჯელობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, არგუმენტი ან/და კასატორის დასაბუთებული მსჯელობა, რის გამოც დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 301-ე და 303-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.

9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე ითხოვს მსჯავრდებულ კ. შ–ს გამართლებას და უდანაშაულოდ ცნობას; არ ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.

9.1. შესაბამისად, საკასაციო მოთხოვნის არარსებობის გამო, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეამოწმოს დანიშნული სასჯელის სამართლიანობა და განიხილოს მისი შემსუბუქების საკითხი.

10. ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს (მათ შორის, დაზარალებულ ჯ. ბ–ს, მოწმეთა: კ. მ–ს, რ. ფ–ს, ხ. ა–ს, ღ. უ–ს, ქ. დ–სა და მ. კ–ს ჩვენებები, 2022 წლის 19 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, 2022 წლის 31 აგვისტოს N........... სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, 2023 წლის 10 იანვრის ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N.......... დასკვნა და სხვა მტკიცებულებები), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება კ. შ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხილი საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

11. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენის დროს – 2022 წლის 19 აგვისტოს - კ. შ–ე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით იყო განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი (ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა), რაც, საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, წარმოადგენს დანაშაულის რეციდივს და განაპირობებს სასჯელის დანიშვნას საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული დანაწესის შესაბამისად. კერძოდ, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

11.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე. კ. შ–ს მსჯავრად შერაცხილი დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა მინიმალური ვადით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასჯელის ზომა უნდა განესაზღვრათ საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

11.2. მოცემულ შემთხვევაში არც ბათუმის საქალაქო სასამართლოს და არც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულთან დაკავშირებით არ უმსჯელიათ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდების მხარეს არ გაუსაჩივრებია.

11.3. საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნის წესს საქართველოს სსკ-ი იმპერატიულად განსაზღვრავს და სრულად გამორიცხავს სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ვინაიდან კასატორი ბრალდების მხარე სადავოდ არ ხდის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის კანონიერებას, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, შესაბამისობაში მოიყვანოს გასაჩივრებული განაჩენი საქართველოს სსკ-ის მე-17 და 58-ე მუხლის მოთხოვნებთან.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020; იხ. Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, §29, ECtHR, 18/07/2006; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017).

13. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

14. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 აგვისტოს განაჩენზე მსჯავრდებულ კ. შ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. რ–ს საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე