შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100122005837675
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №372აპ-24 7 აგვისტო, 2024 წელი
რ-ი რ., №372აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის და მსჯავრდებულ რ. რ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განაჩენზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 303-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ რ. რ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
4. რ. რ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5. რ. რ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 18 აპრილიდან;
6. რ. რ-ს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, 15 წლით ჩამოერთვას: ა) საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში) საქმიანობის უფლება, არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო /სააღმზრდელო მომსახურების გაწევის უფლება და აღნიშნული მომსახურების გამწევ დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ბ) არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში, არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ ბიბლიოთეკაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში), არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/ სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევ დაწესებულებაში ყოფნის უფლება;
7. რ. რ-ს უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე;
8. მხედველობაში იქნას მიღებული, რომ რ. რ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია;
9. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
რ. რ-სგან და ნ. ბ-სგან ამოღებული ტანსაცმელი – დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს;
ნ. ბ-ის ფრჩხილის და ნერწყვის ნიმუში და რ. რ–ის ნერწყვის ნიმუში განადგურდეს;
თ.ც-ისაგან ამოღებული ველოსიპედი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
10. არასრულწლოვათა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვან დაზარალებულს და მის კანონიერ წარმომადგენელს ეცნობოთ საქმის სასამართლოში განხილვის შედეგები და განემარტოთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლება;
11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს მიღებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი;
12. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე