ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100123007750837
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №879აპ-24 ქ. თბილისი
ჯ. ე-, 879აპ-24 10 ოქტომბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი--ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მაისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 მარტის განაჩენით:
1.1. ე. ჯ, - დაბადებული--- წლის .. სექტემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 9 ივლისიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ჯ-ა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2023 წლის 8 ივლისს, დაახლოებით, 19:00 საათზე, ქ. თ-ი, დაბა წ–ი, დ. ა-ს ქუჩის №--ში მდებარე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ამბულატორიული ცენტრის - შპს „დ--ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ე. ჯ-ა ამავე ცენტრის დირექტორ - ექიმ ზ. რ-ნ ურთიერთშელაპარაკებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ნიადაგზე განაწყენებულმა, შურისძიების მოტივით, მას დაარტყა ლითონის საგანი სახისა და ტანის არეში და მიაყენა სხეულის განზრახ მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, მარცხენა ლოყაზე და გულ-მკერდის წინა მარჯვენა ნახევარში ნაკვეთი სისხლმდენი ჭრილობების სახით.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მაისის განაჩენით:
4.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორმა - მსჯავრდებულ ე. ჯ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ი-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მაისის განაჩენის გაუქმება და ე. ჯ-ს გამართლება ან კვალიფიკაციის შეცვლა ან სასჯელის შემსუბუქება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ე. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ უტყუარად დადგენილად მიიჩნია ე. ჯ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, რაც ცალსახად დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ზ. რ-ა და მოწმეების - ნ. ო-ს, მ ნ-ს, ნ. ო--ა და სხვათა ჩვენებებით, №-- შეტყობინებით, ამოღების ოქმით, ვიდეოჩანაწერებით, №--- სამედიცინო ბარათით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №-- დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავად იმსჯელა და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
3. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და გამამტყუნებელ განაჩენს მხოლოდ დაინტერესებული დაზარალებულის ჩვენება დაუდო საფუძვლად, რომელიც ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ უტყუარად დადგენილად მიიჩნია ე. ჯ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპირო მტკიცებაც არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებიდან; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არც საქმის მასალებით დადგენილა და არც კასატორი აპელირებს რაიმე ისეთ გარემოებაზე, რომელიც მიუთითებდა დაზარალებულ ზ. რ. პირად ინტერესზე და ნათელს მოჰფენდა იმ გარემოებას, რატომ შეიძლება ემხილა მას ე. ჯ. არჩადენილ დანაშაულში.
4. საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერებით, მოწმეთა ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის №-- დასკვნით დადასტურებულია, რომ დაზარალებულმა ზ. რ-მ მის მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიიღო დაზიანება, რაც ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, რა დროსაც ცალსახად დადგინდა მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ხოლო აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის/სუბიექტის დადგენის კუთხით ნათლად და უტყუარად გამოიკვეთა, რომ პიროვნება, რომელმაც დაზარალებულს დაზიანება მიაყენა - არის მსჯავრდებული ე. ჯ, კერძოდ:
5. გამოკვლეული ვიდეოჩანაწერით არ ირკვევა ის გარემოება, რომ სკამზე მჯდომ ე. ჯ-ნ მიდის ზ. რ. და კონფლიქტს იწყებს. თავდაპირველად ჩანს, რომ ჩანაწერი, რომელიც უჩვენებს დროს - 16:36:37 საათს, დ. ა-ს ქუჩიდან სამედიცინო კლინიკის მიმართულებით ფეხით მოემართება შავი ფერის, მოკლესახელოიან მაისურსა და ლურჯ შარვალში გამოწყობილი ე. ჯ, რომელიც ჩერდება კლინიკის წინ ერთმანეთში მოსაუბრე ექიმ ზ. რ-სა და ახალგაზრდა მამაკაცთან, რა დროსაც ექიმ ზ. რ-სა და ე. ჯ–ს შორის მიმდინარეობს აგრესიული საუბარი, თუმცა ფიზიკური კონტაქტი ერთმანეთთან არ აქვთ. აღნიშნული თანხვდება ა. დ-ს ჩვენებას, რომელიც უთითებს, რომ როდესაც მაღაზიიდან გამოდიოდა, ე. ჯ. და ზ. რ. ერთმანეთს ხმამაღლა ესაუბრებოდნენ. დიალოგი არ მოუსმენია. მივიდა, ე-ი გამოიყვანა, დასხდნენ და ისაუბრეს ცოტა ხანს, დაამშვიდა და წავიდა სახლში. უსიამოვნება აღარ გამწვავებულა. ვიდეოჩანაწერი, რომელიც უჩვენებს დროს 16:37:40 საათს, ექიმი ზ. რ- დროებით წყვეტს ე. ჯ-ნ საუბარს და მიემართება შპს „დ--ს” კლინიკის შესასვლელი კარისაკენ, კართან იღებს გრძელ საგანს და გამოდის ისევ გარეთ ე. ჯ-ნ. მათ შორის გრძელდება ისევ საუბარი, თუმცა ფიზიკური კონტაქტი არ არის. ამ დროს კლინიკიდან გარეთ გამოდის მოკლემკლავიანი პერანგით მამაკაცი, მოწმის განმარტებით, ექიმ ზ. რ. ნაცნობი სახელად „გ--”, რომლის გვარიც არ ახსოვს. ხსენებული პიროვნება ცდილობს ორივეს დაშოშმინებას, ექიმი ზ. რ. შეჰყავს კლინიკაში და კლინიკის შენობაში შედის თავად, ხოლო შპს „დ--ს” კლინიკის წინ გარეთ რჩება, მოწმის განმარტებით, ე. ჯ. მსუქან ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად, რომელიც ცდილობს, განარიდოს იგი კლინიკის მიმდებარე ტერიტორიას. ვიდეოჩანაწერი, რომელიც უჩვენებს დროს 16:38:47 საათს, კლინიკიდან გამოდის გრძელი საგნით ხელში, ზემოხსენებული „გ-”, მას უკან მოყვება კლინიკის შენობიდან გამოსული ზ. რ, ასევე გრძელი საგნით ხელში. ორივენი მიდიან კლინიკის წინ გზაზე მყოფ ე. ჯ-ს მიმართულებით, თუმცა გრძელი საგნებით ფიზიკური ინციდენტი და ფიზიკური დაპირისპირება არ ხდება, საუბრით ცდილობენ ე. ჯ-ს მოცილებას. მოწმე გ. კ-ს ჩვენებით, 2023 წლის 8 ივლისს იმყოფებოდა ექიმ ზ. რ-ნ, იმ დღეს ე. ჯ-ც იყო ზ---სთან და შელაპარაკება მოუვიდათ. შეეცადა, რომ ზ. უკან შეებრუნებინა კლინიკაში, ჰკრა ხელი და შეაგდო. ზ--ს რაღაც ჯოხი ეჭირა და ის ჯოხი გამოართვა. გამოვიდა და ე. ჯ–ს უბიძგებდა სახლისკენ წასულიყო და გასცლოდა იქაურობას. მოწმე ბ. ბ-ძემაც აღნიშნა, რომ ჯ. განარიდა და წაიყვანა სახლის მიმართულებით. ასევე ვიდეოჩანაწერი, რომელიც უჩვენებს დროს 18:14:17 საათს, შპს „დ--ს” სამედიცინო კლინიკის წინ გზაზე ერთმანეთში მოსაუბრე ზ. რ-სა და ე. ჯ-ს შორის იწყება ფიზიკური დაპირისპირება, რაც გამოიხატება შემდეგში: ზ. რ--ს პირველი ხელს ურტყამს ე. ჯ, რომელსაც საპასუხოდ ხელს უბრუნებს და ურტყამს ზ. რ. ე. ჯ–სა და ზ. რ-ს შორის ერთმანეთის მისამართით მოქნეული ხელი სხეულის სხვადასხვა მიდამოში (თავზე, ტანზე) ხვდებათ; მათთან მყოფი კეპიანი ქუდითა და მოკლე შორტით მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი ცდილობს მათ გაშველებას, თუმცა ვერ ახერხებს. ხელჩართულ დაპირისპირებაში მყოფი ე. ჯ. და ზ. რ. ჩხუბისას ეცემიან კლინიკის წინ ქვაფენილიან იატაკზე და მაინც აგრძელებენ ერთმანეთის ცემას. შემდეგ ისევ წამოდგებიან ფეხზე და აგრძელებენ იმავეს, ერთმანეთს სცემენ შიშველი ხელებით. ვიდეოჩანაწერი, რომელიც უჩვენებს დროს 18:22:25 საათს, ე. ჯ. გამოდის თავისი ეზოდან და ხელში გრძელი საგნით მოემართება გზაზე მყოფი ექიმი ზ. რ. მიმართულებით. თავის მხრივ, ე. ჯ-ს ხელში საგნით წამოსვლას ხედავს ექიმი ზ. რ-, რომელიც განერიდება და შედის შპს „დ-ს” სამედიცინო კლინიკის შენობაში. ხელში გრძელი საგნით ე. ჯ-ს კლინიკაში შესვლის საშუალებას არ აძლევს გამშველებელი - მაღაზიის პერსონალი, მოკლეშორტიანი შარვლით ახალგაზრდა ბიჭი და ექთანი ნ. ო-–ი, რომლებიც დგანან კლინიკის შესასვლელთან. ვიდეოჩანაწერი, რომელიც უჩვენებს დროს 18:24:00 საათს, მოკლეშორტიანი შარვლით ახალგაზრდა ბიჭი, ასევე ვერცხლისფერი მანქანის მძღოლი და მაღაზიიდან გამოსულნი ერთად ცდილობენ ე. ჯ-ს ხელიდან გრძელი საგნის გამორთმევას, მაგრამ ე ჯ. არ აძლევს ამის საშუალებას. თუმცა მისი ინციდენტის ადგილიდან გაყვანის დროს, მაინც ახერხებენ ე ჯ-სგან გრძელი საგნის წართმევას და აგდებენ გზაზე, მაღაზიიდან გამოსული ქალი კი იღებს გზაზე დაგდებულ გრძელ საგანს და მოისვრის შემოღობილი ნაკვეთის მხარეს. აღნიშნული თანხვდენილია მოწმეების - ნ. ო-, ი წ-ს ჩვენებასთან, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან. ვიდეოჩანაწერი, რომელიც უჩვენებს დროს 18:34:27 საათს, დ. ა--ს ქუჩა №----ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოდან კვლავ გამოდის ე. ჯ. და შიშველი ხელებით მოემართება სამედიცინო კლინიკა შპს „დ---ს“ მიმართულებით, რა დროსაც სამედიცინო კლინიკის შესასვლელ კართან იმყოფება ზ. რ. და უყურებს მისკენ მომავალ ე. ჯ–ს და კლინიკის კართან ხვდება ორივე ხელში დაჭერილი გრძელი საგნებით. ინციდენტში მონაწილე ორივე მხარეს შორის დაპირისპირება და ფიზიკური კონტაქტი არ ხდება. ზ. რ. კი რჩება კლინიკის შესასვლელ კართან გრძელი საგნებით ხელში, შორიდან ერთმანეთის მიმართულებით იშვერენ ხელებს და სავარაუდოდ ერთმანეთს აგინებენ. ...ვიდეოჩანაწერი, რომელიც უჩვენებს დროს 18:38:12 საათს, სახლის ეზოდან გრძელი საგნით ხელში გამოდის გზაზე ე. ჯ. და მოემართება შპს „დ-ს” კლინიკის მიმართულებით, თავის მხრივ, კლინიკის შესასვლელთან ექიმი ზ. რ. იღებს კედელზე მიწყობილ ორ გრძელ საგანს და ორი გრძელი საგნით ხელში მიემართება მისკენ წამოსული ე. ჯ–-ს დასახვედრად. დაპირისპირებული მხარეები უახლოვდებიან ერთმანეთს ხილ-ბოსტანის მაღაზიის წინ გაჩერებულ მოწითალო და შავი ფერის მანქანების სიახლოვეს, 18:38:31 საათზე ხდება გრძელი საგნებით ერთმანეთის მიმართ დაპირისპირება, პირველი გრძელ საგნებს მოიქნევს ზ. რ, საპასუხოდ ე. ჯ-ც მოიქნევს საგანს და ერთმანეთის მიმართ ფიზიკური დაპირისპირება გრძელი საგნებით ხდება არაერთხელ. ვიდეოჩანაწერი, რომელიც უჩვენებს დროს 18:38:44 საათს, გრძელი საგნებით ფიზიკური დაპირისპირების დროს, ე. ჯ-ს მოქნეული გრძელი საგანი ხვდება გულმკერდზე და სახის მიდამოში ექიმ ზ. რ-ს და ეცემა ასფალტზე, ასფალტზე ეცემა ასევე ე. ჯ-ც, და ამ დროს აშველებენ, რაც ასევე თანხვდენილია მოწმეების - პ. წ-სა და ი. წ--ს ჩვენებებთან.
6. რაც შეეხება ადვოკატ ი. ი-ს აპელირებას, რომ მსჯავრდებული ე. ჯ- მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის თანახმად, „მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას“.
7. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ ქმედება აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩადენილად ითვლება, თუ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დასტურდება აუცილებელი მოგერიების სავალდებულო წინაპირობების არსებობა. შესაბამისად, აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი ისეთი გარემოების შეფასება, როგორიცაა კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა ხელყოფის საშიშროებასთან და ინტენსივობასთან. პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება, როდესაც ხელყოფა ატარებს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და საფრთხეს უქმნის სამართლით დაცულ სიკეთეს, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება უკიდურესობით არის გამოწვეული, რაც გულისხმობს, რომ უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას, ამასთან, მოგერიება ხორციელდება სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზნით (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 იანვრის №796აპ-23 განჩინება). საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის მსჯელობას, რომლის თანახმად, კონკრეტულ შემთხვევაში არ არის გამოკვეთილი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა. ვიდეოჩანაწერების დათვალიერებისას მიღებული ინფორმაცია და მოწმეთა ჩვენებები არ იძლევა აუცილებელი მოგერიებისას მომგერიებლის მიმართ თავდასხმის იმწუთიერობის, რეალურობის და რელევანტურის კრიტერიუმს, მით უფრო, როდესაც მსჯავრდებული საკუთარი ნებით მიდის ზ. რ-ნ.
8. სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ე- ჯ--ს მიმართ შეფარდებული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა სამართლიანია და სრულად შეესაბამება, როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2024 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გადმოიგზავნა მსჯავრდებულ ე ჯ-ს საქმეზე დაზარალებულ ზ. რ. ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა მსჯავრდებულ ე. ჯ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გავრცელების თაობაზე.
10. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ე. ჯ-ს მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი; ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის (გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია) თანახმად, ე. ჯ. უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის - 2 წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ე. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი--ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ე ჯ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2023 წლის 9 ივლისიდან.
4. „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ე. ჯ. გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებული სასჯელის - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან;
5. ე. ჯ. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან;
6. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი ოთხკუთხედის ფორმის ლითონის გადანაჭრელი მილი და ერთი ცალი ოვალური ფორმის ლითონის გადანაჭრელი მილი, ე. ჯ-სა და ზ. რ. ნერწყვის ნიმუშები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
· ე. ჯ-ს ტანსაცმელი დაუბრუნდეს მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
· ზ. რ. სამედიცინო უნიფორმა დაუბრუნდეს მფლობელს;
· 112-ის კამერის ჩანაწერები ერთ ცალ მეხსიერებათა ბარათზე შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
· დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ერთი ცალი მეხსიერების ბარათი დაუბრუნდეს მესაკუთრეს;
7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი