საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100122005750449
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №526აპ-24 ქ. თბილისი
ბ.ი. 526აპ-24 9 სექტემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 მარტის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ბეგაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ბ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ი. ბ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის 7 მარტს, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ......ის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამსახურის პატრულ-ინსპექტორ დ. კ–ი და ამავე სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი კ. კ–ლი ასრულებდნენ სამსახურებრივ საქმიანობას და იმყოფებოდნენ განწესში, რა დროსაც, დაახლოებით 17:30 საათზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს ალკოჰოლით მთვრალი ი. ბ–ე, რომელიც გადაყვანილ იქნა ქ. ა–ში, .........ის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, შსს ა–ს დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების მიზნით. ი. ბ–ე, მის მიმართ გატარებული ღონისძიების - ადმინისტრაციული დაკავების გამო, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ.ა–ში, რ–ს ქუჩა N..-ში მდებარე შსს .........ის პოლიციის დეპარტამენტის საპირფარეშოში სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავს დაესხა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ...........ის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამსახურის პატრულ-ინსპექტორ დ. კ–ის, კერძოდ, ფეხი ამოარტყა საზარდულში, რის შედეგადაც დ. კ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 4 ივლისის განაჩენით:
3.1. ი. ბ–ე საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ნაწილში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.2. ი. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 2 წელი.
3.3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე კონტროლის განხორციელება დაევალა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბარბარა ჩხეიძემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ი. ბ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინეს მსჯავრდებულ ი. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა კ. ლ–მა და ნ. ს–მა და მოითხოვეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 4 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 მარტის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 4 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ ი. ბ–ს მიმართ დარჩა უცვლელი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ბეგაშვილმა, რომელიც საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, ი. ბ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
6.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია მსჯავრდებულ ი. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების კ. ლ–სა და ნ. ს–ს შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, პროკურორი საჩივრით ითხოვს ი. ბ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნას.
8.1. სასამართლო ერთი მხრივ ითვალისწინებს, რომ მართალია ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს ი. ბ–სათვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნას, თუმცა საჩივარში არ უთითებს რაში გამოიხატა ი. ბ–სათვის დანიშნული სასჯელის უსამართლობა, მეორე მხრივ კი სასამართლო ითვალისწინებს, საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის დანაწესს, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა საკასაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ი. ბ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით და არ გაუსაჩივრებია, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 4 ივლისის განაჩენი ი. ბ–სათვის დანიშნული სასჯელის სამართლიანობის კუთხით, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ი. ბ–სათვის დანიშნული სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით.
9. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას ი. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის შესახებ და ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს (მათ შორის: დაზარალებულ დ. კ–ს, მოწმეთა: კ. კ–ს, ი. ა–ის, ა. ზ–ს ჩვენებებს, 2022 წლის 8 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, 2022 წლის 7 მარტის სამართალდარღვევის N........... ოქმს, 2022 წლის 11 მარტის სს „ე–ს ჰოსპიტალების ა–ს რეფერალური ჰოსპიტალის“ მიერ გაცემულ ფორმა 100-ს, N.......... ექსპერტიზის დასკვნას, შპს „.... ჰოსპიტალის“ მიერ ი. ბ–ზე გაცემულ 2022 წლის 13 იანვრის ცნობას, 2022 წლის 15 მარტის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმს (სამხრე კამერების ჩანაწერი) და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს ი. ბ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
11. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
12. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 მარტის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ბეგაშვილის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე