საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100122006389835
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №610აპ-24 17 სექტემბერი, 2024 წელი
ა–ი ტ., №610აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ტ. ა–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ტ. ა–ი (დაბადებული: ....) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
2022 წლის 27 სექტემბერს, ღამის საათებში, ა–ს მოქალაქე ტ. ა–მა, ორ პირთან ერთად, სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთა ......ის სახელმწიფო საზღვარი და ა–დან შემოვიდა ს–ში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 აპრილის განაჩენით, ტ. ა–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ტ. ა–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ. მ–მა, რომლებმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის განაჩენით, მსჯავრდებულ ტ. ა–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. მ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2024 წლის 25 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელმაც სააკასაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად კი გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3.3. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. კასატორების პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რის გამოც უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად უნდა დადგინდეს გამამართლებელი განაჩენი. ტ. ა–მა გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არალეგალურად, იძულებით, რისი მიზეზიც იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მის მიმართ განხორციელებული დევნა, ვინაიდან ტ. ა–ი აქტიურად იყო ჩართული ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „მ–ს“ საქმიანობაში. ტ. ა–ს მიზანი იყო ს–ში მოეთხოვა საერთაშორისო დაცვა (თავშესაფარი). როგორც კი ტ. ა–სი ს–ში, დ–ს ტერიტორიაზე, შემოვიდა, მაშინვე შეეცადა მოეძიებინა უახლოესი პოლიციის განყოფილება, რათა გაეკეთებინა განაცხადი საერთაშორისო დაცვის (თავშესაფრის) მოთხოვნაზე. აღნიშნულის თაობაზე ტ–მა პირველსავე გამოკითხვის ოქმში განაცხადა და მოითხოვა თავშესაფარი. მანამდე, მანქანით მგზავრობისას, როცა იგი გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა, მათაც განუცხადა თავშესაფრის მოთხოვნაზე, თუმცა პოლიციელებმა სრულყოფილად არ იცოდნენ რ–ი ენა, არ იცნობდნენ სპეციფიკურ ტერმინებს - თავშესაფარი, საერთაშორისო მოსარგებლე და სხვა. რის გამოც სათანადო კომუნიკაცია პოლიციელებთან ვერ შედგა და მათ ვერ მოახდინეს შესაბამისი რეაგირება. მას ს–ში შემოსვლამდე ჰქონდა გადაწყვეტილი მოეთხოვა საერთაშორისო დაცვა, რასაც მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი ადასტურებს. სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დააფუძნა პოლიციის თანამშრომლებისა და ორი მოწმის ჩვენებაზე, რომლებმაც, თითქოსდა, ვიღაც ჰ–სგან მიიღეს მითითება საზღვრის კვეთაზე ტ. ა–სთვის დახმარების გაწევის შესახებ. ჰ–ის პიროვნება დადგენილი არ არის, ტ. ა–ს არ ჰქონია მოლაპარაკება ს–ს მოქალაქე ა–ებთან საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთაზე. საქართველოს შს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო 5 დღის ვადაში, ერთ დღეს ჩაუტარა ტ. ა–ს ანკეტირება და გასაუბრება და მხარეს არ მისცა შესაძლებლობა, წარედგინა საქმეზე მტკიცებულებები. მართალია, საქართველოს სსკ-ის თანახმად, საზღვრის უკანონოდ კვეთა დანაშაულია, თუმცა საერთაშორისო დაცვის საჭიროების მქონე პირებზე საქართველოს კანონი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ სხვა სახის დათქმებს აკეთებს. საგამოძიებო ორგანოს არ ჰქონდა ტ. ა–ის დაკავებისა და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების უფლება, სანამ თავშესაფრის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ტ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების თაობაზე.
5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ტ. ა–ს მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.
5.4. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს, რომ დაცვის მხარის მიერ სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს, რომ 2022 წლის 27 სექტემბერს, ღამის საათებში, ა–ს მოქალაქე ტ. ა–მა, სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთა ს–ს სახელმწიფო საზღვარი და ა–დან შემოვიდა ს–ში. თუმცა დაცვის მხარის განმარტებით, ტ. ა–მა ს–ს სახელმწიფოს საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა იმ მიზნით, რათა მოეთხოვა საერთაშორისო დაცვა და თავშესაფარი, რის თაობაზეც განაცხადი გააკეთა პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით, მას შემდეგ, რაც ის და მისი თანმხლები პირები გააჩერეს.
5.5. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების პოზიციას ტ. ა–ს უდანაშაულობის შესახებ და ვინაიდან მხარეებს შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს ტ. ა–ს მიერ ს– სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთა სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით - სასამართლო იმსჯელებს და სამართლებრივად შეაფასებს მის მიერ განხორციელებულ ქმედებებსა და ამ ქმედებების შესაბამისად საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლებს.
5.6. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ქვეყანაში დადგენილი მმართველობის წესი და ს–ს სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში იგულისხმება, როგორც ს–დან გასვლა, ისე ს–ში შემოსვლა სათანადო დოკუმენტების (მათ შორის ყალბი მონაცემების მქონე დოკუმენტის) ან ნებართვის გარეშე, ასევე საკონტროლო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით. აღნიშნული დანაშაული დამთავრებულად ითვლება დამნაშავის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მომენტიდან. დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული პირი. ამ მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც ს–ში უშუალოდ იმ ტერიტორიებიდან შემოვიდა, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა და რომელიც საქართველოში უნებართვოდ იმყოფება და იმავე კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თავშესაფარს სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, იმ პირობით, რომ ის დაუყოვნებლივ გამოცხადდება ხელისუფლების ორგანოში და წარადგენს სათანადო განმარტებას ს–ში უკანონო შემოსვლის ან უნებართვო ყოფნის შესახებ, და თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები, აგრეთვე პირი, რომელმაც აღნიშნული ქმედება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე ჩაიდინა.
5.7. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია იმსჯელოს დაცვის მხარის განმარტებაზე, იმასთან დაკავშირებით, რომ ტ. ა–ი ს–ში იყო თავშესაფრის მაძიებელი პირი და შესაბამისად, მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება და შემდგომში მსჯავრდება უსაფუძვლოა, ვინაიდან იგი ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, უნდა გათავისუფლებულიყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.
5.8. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, არსებობს რამდენიმე გარემოება, რომელთა კუმულაციურად დაკმაყოფილების შემთხვევაში პირი თავისუფლდება ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, კერძოდ: 1) უნდა იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ს–ში უშუალოდ იმ ტერიტორიებიდან შემოვიდა, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას საფრთხე ემუქრებოდა და რომელიც ს–ში უნებართვოდ იმყოფება; 2) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თავშესაფარს უნდა სთხოვდეს ს–ს ხელისუფლებას, იმ პირობით, რომ ის დაუყოვნებლივ გამოცხადდება ხელისუფლების ორგანოში და წარადგენს სათანადო განმარტებას ს–ში უკანონო შემოსვლის ან უნებართვო ყოფნის შესახებ და 3) თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.
5.9. მოწმეების – ა. გ–სა და ე. ი–ს ჩვენებებით დადასტურებულია, რომ 2022 წლის სექტემბერში, ე. ი–ს დაუკავშირდა ჰ–ი, რომელმაც შესთავაზა, რომ გადაუხდიდა 1000 დოლარს, თუ ა–დან ს–ს სახელწიფო საზღვრის გადმოკვეთაში დაეხმარებოდა ერთ პიროვნებას. ჰ–მა აუხსნა ადგილი დ–ში, საიდანაც ეს პირი უნდა გადმოეყვანათ. 2022 წლის 27-28 სექტემბერს, ა. გ–მთან და ა. ი–თან ერთად ე. ი–მა, იქირავა ავტომანქანა ,,HONDA CR-V“ და წავიდნენ დ–ში. უკვე ღამე იყო, როდესაც მივიდნენ დ–ში და გააჩერეს ავტომანქანა. ავტომანქანასთან დარჩა ა. ი–მი, ხოლოე. ი–მა და ა. გ–მა ერთად ფეხით განაგრძეს გზა. გადაკვეთეს ა–ს სახელმწიფო საზღვარი და მივიდნენ ქ–ში. ტელეფონით დაუკავშირდნენ ტ. ა–ს, შეხვდნენ მას და შემდეგ სამივემ უკან გადმოკვეთეს საქართველოს სახელწიფო საზღვარი. ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდება, რომ ს–ს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდეგ ტ. ა–მა მათ უთხრა ა–დან ს–ს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის მიზეზი, ასევე მას მათთვის არ უთხოვია პოლიციაში ან სხვა სახელმწიფო უწყებაში წაყვანა, არ განუცხადებია ა–ს რესპუბლიკაში მისი რაიმე ნიშნით დევნის, მისთვის რაიმე საფრთხის შექმნისა და ს–ში თავშესაფრის მიღების მოთხოვნით საზღვრის გადაკვეთის თაობაზე, გადმოსვლის მიზეზებზე მხოლოდ ის განმარტა, რომ ჰქონდა „სტოპი“. საქართველოს შს სამინისტროს დ–ს რაიონული სამმართველოს თანამშრომელთა ლ. ი–ს, თ. ბ–ს, ლ. ქ–სა და გ. გ–ს ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ტ. ა–ი და მისი თანმხლები პირები შეაჩერეს ს–ს სახელწიფო საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით. შეამოწმეს დოკუმენტები და ნახეს, რომ ტ. ა–ს ა–ლ პასპორტში არ უფიქსირდებოდა საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია, რაზედაც მსჯავრდებულმა განმარტა, რომ არაოფიციალურად გადმოკვეთა საზღვარი. მოწმე ლ. ი–სის განმარტებით, ს–ს სახელმწიფო საზღვრიდან ტ. ა–ს შეჩერების ადგილამდე რამდენიმე სასაზღვრო პუნქტია, შესაბამისად მას შეეძლო მიემართა პოლიციისთვის და მოეთხოვა თავშესაფარი. მას აღნიშნულის თაობაზე არც მათ წინაშე განუცხადებია, რაც ასევე დადასტურებულია თ. ბ–სის ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ რ–დ სწორედ ის ესაუბრებოდა მსჯავრდებულს. ამდენად, მოწმეების – ა. გ–სა და ე. ი–ს ჩვენებებით, ასევე საქართველოს შს სამინისტროს დ–ს რაიონული სამმართველოს თანამშრომელთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ტ. ა–მა ს–ში თავშესაფრის მიღებაზე მხოლოდ მას შემდეგ განაცხადა, როდესაც პოლიციელებმა ის და მისი თანმხლები პირები გადაიყვანეს სასაზღვრო პოლიციის განყოფილებაში და გამოკითხეს მოწმის სახით.
5.10. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ვერსიას, იმის თაობაზე, რომ ტ. ა–მა ს–ს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა იმიტომ, რომ სურდა თავშესაფარი, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს მოწმეთა ჩვენებების სისწორეში. მათი მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები კი არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია და ვერ გახდება მოწმეთა ჩვენებების, ასევე წერილობითი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
5.11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის 2022 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-19 მუხლების თანახმად, ტ. ა–ს თხოვნა ს–ში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
5.12. მოწმე გ. ჯ–ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2022 წლის 29 ან 30 სექტემბერს, ტ. ა–ი დარეგისტრირდა, როგორც თავშესაფრის მაძიებელი. იგი განმარტავდა რომ წარსულში იყო ოპოზიციური პარტია ,,მ–ი“-ს წევრი და აქტიური პოლიტიკური საქმიანობის გამო ექვემდებარებოდა დევნას ა–ში, კერძოდ ა–ში მის მიმართ მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმე ფინანსურ დანაშაულზე, გადასახადების გადაუხდელობის გამო, თუმცა ტ. ა–ს რაიმე სახის დოკუმენტი ა–ში მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან და პარტიის წევრობასთან დაკავშირებით, არ წარუდგენია. 2022 წლის 30 სექტემბერს, ტ. ა–სთან ჩატარდა ანკეტირებისა და გასაუბრების პროცესი. რის შემდეგაც შეფასდა ამ უკანასკნელის განაცხადი და მისივე მიწოდებული ინფორმაცია, აღნიშნული ინფორმაციის სანდოობა, ტ. ა–ს წარმოშობის ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და უარი ეთქვა როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე, რადგან ვერ აკმაყოფილებდა ვერც ლტოლვილის და ვერც ჰუმანიტარული სტატუსისთვის მისანიჭებელ კრიტერიუმებს.
5.13. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ტ. ა–ს სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის 2022 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ტ. ა–სთვის ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე. ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 აგვისტოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა ტ. ა–ს სააპელაციო საჩივარი. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 აგვისტოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
5.14. პალატა აღნიშნავს, რომ ტ. ა–ს მიმართ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით გამოკვლეულ, ურთიერთანხვდენილ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანი შემოწმებისა და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.
5.15. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა, გონივრულ ეჭვს მიღმა, მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული.
5.16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.17. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.18. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ტ. ა–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. მ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე