საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100123007115970
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №853აპ-24 ქ. თბილისი
ს. ხ., 853აპ-24 23 სექტემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 მაისის განაჩენზე თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჟვანიას, მსჯავრდებულების – ხ. ს–სა და თ. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – თ. ჯ–სა და მსჯავრდებულ ხ. ს–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. ჯ–სის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით:
1.1. ხ. ს–ს, - დაბადებულს .... წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში;
1.2. თ. ს–ს, - დაბადებულს .... წელს, – ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:
2023 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე, თ. ს–მ, ხ. ს–მ, ს. პ–მა, გ. გ–მ და გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირმა განიზრახეს სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით თავს დასხმოდნენ დ. უ–ს. შეთანხმებისამებრ, განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2023 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ.თ–ში, .... ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის „..“ ბლოკის ეზოში, ხ. ს–ე, თ. ს–ე, ს. პ–ი, დანით შეიარაღებული გ. გ–ა და ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელი პირი ჯგუფურად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარის გამოყენებით, თავს დაესხნენ დ. უ–ს, კერძოდ, სახის და ტანის არეში ურტყამდნენ ხელ-ფეხს, ეუბნებოდნენ, რომ მოკლავდნენ და ეზოდან ცოცხალს არ გაუშვებდნენ. ამასთან, გ. გ–აა ახდენდა დანის დემონსტრირებას, რა დროსაც დ. უ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და განიცადა ფიზიკური ტკივილი. ზემოაღნიშნული ძალადობის მუქარის გამოყენებით, ს. პ–მა, ხ. ს–მ, თ. ს–მ, გ. გ–მ და ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელმა პირმა დ. უ–ს გასტაცეს 600 ლარის ღირებულების „აიფონ X“ ფირმის მობილური ტელეფონი, 20 ლარის ღირებულების ტყავის საფულე, 100 ლარის ღირებულების ქურთუკი და 10 ლარის ღირებულების ზედატანი ე.წ „ჰუდი“. ხ. ს–ს, თ. ს–ს, ს. პ–ს, გ. გ–ს და გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად დ. უ–ს მიადგა 730 ლარის ოდენობის ქონებრივი და ფიზიკური ზიანი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით:
3.1. ხ. ს–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე;
3.2. ხ. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. მსჯავრდებულ ხ. ს–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2023 წლის 25 იანვრიდან;
3.4. თ. ს–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე;
3.5. თ. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.6. მსჯავრდებულ თ. ს–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2023 წლის 25 იანვრიდან.
4. სასამართლომ დაადგინა:
2023 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ.თ–ში, ......... ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის „..“ ბლოკის ეზოში, ხ. ს–ე და თ. ს–ე, გ. გ–სთან, ს. პ–თან და თანამზრახველთან წინასწარი შეთანხმებით, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, ჯგუფურად თავს დაესხნენ დ. უ–ს. კერძოდ, სახის და ტანის არეში ურტყამდნენ ხელ-ფეხს, რა დროსაც ზემოაღნიშნულმა პირებმა დ. უ–ს გასტაცეს 600 ლარის ღირებულების „აიფონ X“ მოდელის მობილური ტელეფონი, 20 ლარის ღირებულების ტყავის საფულე, 100 ლარის ღირებულების ქურთუკი და 10 ლარის ღირებულების ზედატანი ე.წ. „ჰუდი“. ხ. ს–ს, თ. ს–სა და მათი თანამზრახველების მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად დ. უ–ს მიადგა 730 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
5.1. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჟვანიამ მოითხოვა მსჯავრდებულების – ხ. ს–სა და თ. ს–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მათთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა;
5.2. მსჯავრდებულების თ. ს–სა და ხ. ს–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. ჯ–მ მოითხოვა თ. ს–ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება, ხოლო ხ. ს–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კვალიფიკაცია;
5.3. მსჯავრდებულ თ. ს–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. დ–მმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, თ. ს–ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება;
5.4. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ თ. ს–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. დ–მმა და მოითხოვა არ დაკმაყოფილებულიყო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
7.1. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი მაია ჟვანია ითხოვს, ცვლილება შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 მაისის განაჩენში და მსჯავრდებულები – ხ. ს–ე და თ. ს–ე ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვროთ სამართლიანი სასჯელი;
7.2. მსჯავრდებულების: ხ. ს–სა და თ. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი თ. ჯ–ე ითხოვს მსჯავრდებულების: ხ. ს–სა და თ. ს–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას;
7.3. მსჯავრდებული ხ. ს–ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი თ. ჯ–სე ითხოვენ ცვლილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში სასჯელის შემსუბუქების კუთხით და ხ. ს–ს მიმართ სასჯელის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებით განსაზღვრას.
8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
9.1. ბრალდებისა და დაცვის მხარის საკასაციო მოთხოვნების გათვალისწინებით, დავის საგანს არ წარმოადგენს მსჯავრდებულების: ხ. ს–სა და თ. ს–ს მიერ ჯგუფურად გ. გ–სთან, ს. პ–ითან და თანამზრახველთან წინასწარი შეთანხმებით, 2023 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. თ..ში, ...... ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის „..“ ბლოკის ეზოში დ. უ–ზე თავდასხმა, რა დროსაც ზემოაღნიშნულმა პირებმა დ. უ–ს გასტაცეს 600 ლარის ღირებულების „აიფონ X“ მოდელის მობილური ტელეფონი, 20 ლარის ღირებულების ტყავის საფულე, 100 ლარის ღირებულების ქურთუკი და 10 ლარის ღირებულების ზედატანი ე.წ. „ჰუდი“. ხ. ს–ს, თ. ს–სა და მათი თანამზრახველების მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად დ. უ–ს მიადგა 730 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულების – ხ. ს–სა და თ. ს–ს მიერ დ. უ–ს კუთვნილი ნივთების დასაუფლებლად გამოყენებული ხერხი – ხ. ს–მ და თ. ს–მ ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად მითითებული ქმედებები ჩაიდინეს დანის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით თუ ძალადობით (სახის და ტანის არეში ხელ-ფეხის დარტყმით), რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის.
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ხ. ს–სა და თ. ს–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ხ. ს–სა და თ. ს–ს მიმართ წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე გადაკვალიფიცირება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად მტკიცებულებასა და არგუმენტზე.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ხ. ს–სა და თ. ს–სის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ვინაიდან, მსჯავრდებულების: ხ. ს–სისა და თ. ს–სის მიერ დ. უ–სის მიმართ ყაჩაღობის (სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავდასხმა, ჩადენილი ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით – დანის დემონსტრირებით) ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია ერთადერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება – დ. უ–ს გამოკითხვის ოქმი (რომელიც გამოქვეყნდა საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით). სხვა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა უშუალოდ განსახილველი შემთხვევის დროს თავდამსხმელების მიერ დანის გამოყენების ფაქტს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არ არის.
12. სასამართლო ითვალისწინებს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად, დ. უ–ს სხეულზე აღენიშნებოდა ხანდაზმულობით შემთხვევის თარიღთან შესაბამისი ნაკაწრი, რომელიც განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად (იხ.: ტ.1, ს.ფ. 63-67). თუმცა, იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემული ექსპერტიზის დასკვნით ვერ დგინდება დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა და ასევე ვერ დგინდება კონკრეტულად რა საგნის გამოყენებით მოხდა დ. უ–სათვის დაზიანების მიყენება.
13. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულების ხ. ს–სა და თ. ს–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის სამტკიცებლად ირელევანტურია 2023 წლის 25 იანვრის პირადი ჩხრეკისას გ. გ–საგან დანის ამოღების ფაქტი, ვინაიდან გ. გ–ს ჩხრეკა ჩატარდა მომხდარი შემთხვევიდან მეორე დღეს (25 იანვარს), სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი არ დასტურდება, რომ ეს დანა ჰქონდა გ. გ–ს 2023 წლის 24 იანვარსაც.
14. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებს, რომლითაც დგინდება, რომ 2023 წლის 24 იანვარს 22:13:00 საათზე დ. უ–ს თავდაპირველად წიხლს, ხოლო შემდგომ ხელს ურტყამს ხ. ს–სე, რის შემდგომაც ჯგუფის სხვა წევრები ცდილობენ დაზარალებულის დაჭერას და ძალის გამოყენებით მას ხდიან მუქი ფერის „ზედას“, რის შემდეგაც დ. უ–სე გარბის გზის სავალი ნაწილის მიმართულებით და მას მხოლოდ ერთი პირი – თ. ს–სე მიჰყვება უკან; ხოლო ოთხი პირი ტრიალდება უკანა მიმართულებით, რა დროსაც ერთ-ერთ მათგანს ხელში უჭირავს ორი ცალი „ზედა“. ისინი ათვალიერებენ ქურთუკის ჯიბეებს, ამოწმებენ და ერთმანეთს აწვდიან დაზარალებულის ქურთუკში მოთავსებულ ნივთებს. მითითებული ოთხი პირი, მათ შორის ხ. ს–სე, 22:14:21 საათზე ტოვებს კადრს, ხოლო შემდგომ, 22:14:35 საათზე კადრში ჩნდება უკან დაბრუნებული თ. ს–სე, რომელიც გადაადგილდება ტროტუარზე და შემდგომ ისიც ტოვებს კადრს. მითითებული ჩანაწერებით ვერ დგინდება, რომ შემთხვევის დროს გ. გ–ს ხელში ჰქონდა დანა და მან ან ვინმე სხვამ დ. უ–ს მიმართ განახორციელა თავდასხმა სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით (იხ.: სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერები).
15. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მსჯავრდებულების: ხ. ს–სა და თ. ს–სის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
16. დაცვის მხარის მოთხოვნაზე მსჯავრდებულების: ხ. ს–სა და თ. ს–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორი დაცვის მხარის მოთხოვნას და ითვალისწინებს, რომ კანონმდებელი საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების სავალდებულო წინაპირობად მიიჩნევს კუმულაციურად შემდეგი გარემოებების არსებობას (რაც მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება): ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მიერ დანაშაულის აღიარებას (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეების დასახელებასა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
16.1. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულები: ხ. ს–სე და თ. ს–სე არ აღიარებდნენ მათთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენას (როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ხ. ს–სე და თ. ს–სე არ აღიარებდნენ ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენას; დაცვის მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თ. ს–ს უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას, ხოლო ხ. ს–სის ქმედების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კვალიფიკაციას (სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე შესავალი სიტყვების წარმოდგენისას მსჯავრდებულების ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა თ. და ხ. ს–ების მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ დანიშნული სასჯელი იყო მკაცრი, მსჯავრდებულები აღიარებდნენ იმ დანაშაულებრივ ქმედებას, რომლისთვისაც მსჯავრი დაედოთ და ითხოვდნენ დანიშნულ სასჯელზე საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გავრცელებას. სასამართლოს მიერ დასმული დამაზუსტებელი კითხვის შემდგომ, როგორც შესავალი, ასევე დასკვნითი სიტყვების ეტაპზე მსჯავრდებულების ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა დააფიქსირეს, რომ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით კვალიფიკაციის ნაწილში, არც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს ხდიდნენ სადავოდ და კვლავ ითხოვეს მსჯავრდებულების მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება. ანალოგიური პოზიცია დააფიქსირეს ხ. ს–მ და თ. ს–მ შესავალ სიტყვებში, თუმცა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას მსჯავრდებულმა თ. ს–მ განაცხადა, რომ მას და მის თანამზრახველებს დაზარალებულისათვის ნივთების წართმევის განზრახვა არ ჰქონიათ. აღნიშნულის შედეგად მსჯავრდებულებსა და მათი ინტერესების დამცველ ადვოკატს მიეცათ დრო პოზიციების შესათანხმებლად. შემდგომ სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულებმა გააგრძელეს დასკვნითი სიტყვების წარმოთქმა, განაცხადეს, რომ არ აღიარებენ ძარცვის ჩადენის ფაქტს და თ. ს–მ ითხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ხ. ს–მ კი - მისი ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით). აღნიშნულის გათვალისწინებით განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009). საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან განსხვავებით საქმეს სრული მოცულობით არ გადასინჯავს, მასში არსებულ ყველა ფაქტსა და მტკიცებულებას, რომელსაც განაჩენი ემყარებოდა, არ აფასებს, რამდენადაც სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია სამართლის კონკრეტული საკითხებით. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს დასაბუთებას, [ევროპული] სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვეობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვეობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76, ECtHR, 21/09/2017; Tchaghiashvili, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Marini v. Albania, no. 3738/02, par. 106, 18 /12/2007; Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, par.29, 18/07/2006).
18. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 მაისის განაჩენზე თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჟვანიას, მსჯავრდებულების – ხ. ს–სა და თ. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – თ. ჯ–სა და მსჯავრდებულ ხ. ს–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. ჯ-ს საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნეს დაუშვებლად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი