დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 04.11.2024
საქმის ნომერი
2კ-54-I-24
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
04.11.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 190141124010134377

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №541-24 4 ნოემბერი, 2024 წელი ახმედოვა ხ–ხ–ა, N541-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ხ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. კ-ს საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2024 წლის 3 ოქტომბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის №..-ე ქალთა სპეციალური დაწესებულების დირექტორმა, რომელმაც ითხოვა ხ. ა–ას მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით, ხ. ა–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით. მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 10 წლით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; ხოლო 5 წლით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის განაჩენით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 მარტის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის განაჩენზე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 თებერვლის განჩინებით, მსჯავრდებულ ხ. ა–ას მიმართ 2021 წლის 11 იანვრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ გავრცელდა.

6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით, 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ ხ. ა–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულ სასჯელზე არ გავრცელდა ამ კანონის მოქმედება.

7. მსჯავრდებულ ხ. ა–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. კ-მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინებაში ცვლილების შეტანა, ხ. ა–ს მიმართ 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გავრცელება და დანიშნული სასჯელის ¼-ით შემცირება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

2. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ,,ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა), 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო წარმოებისა ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო წარმოებისა), 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან 2731 მუხლის მე-7 ნაწილით“.

3. ვინაიდან, ხ. ა–ა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას ნასამართლევი იყო საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის მასზე ვერ გავრცელდება ზემოხსენებული მუხლის მოქმედება.

4. ამასთან, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,ერთი მეხუთედით შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანს ან ქალ მსჯავრდებულს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია“. შესაბამისად, ხ. ა–ს მიმართ უნდა გავრცელდეს ზემოხსნებული მუხლის დანაწესი და მას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით უნდა შეუმცირდეს 1/5-ით.

5. მსჯავრდებულ ხ. ა–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. კ-ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მსჯავრდებულ ხ. ა–ას მიმართ უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ხ. ა–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის მ.კ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინება;

3. მსჯავრდებულ ხ. ა–ას ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე 1/5-ით შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი ( 9 წლით თავისუფლების აღკვეთა) და განესაზღვროს 7 შვიდი წლით, 2 თვით და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა.

4. მსჯავრდებულ ხ. ა–ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 1 მარტიდან.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის განაჩენი დანარჩენ ნაწილში, დარჩეს უცვლელი.

6. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე