დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330141224010121206
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№581-24 7 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. ა. ი. 581-24 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ი. ქ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის განაჩენით ა. ი. ქ–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ–ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
1.1. ა. ი. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა და გასაღება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით;
1.2. ა. ი. ქ–ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო – 2015 წლის 1 სექტემბრიდან;
1.3. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ა. ი. ქ–ეს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დასწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, ხოლო 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ი. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ბ. ტ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
4. 2024 წლის 1 ოქტომბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციური დაწესებულებიდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ა. ი. ქ–ს პირადი საქმე.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ი. ქ–ს მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათი;
5.1. მსჯავრდებულ ა. ი. ქ–ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელი.
6. 2024 წლის 22 ოქტომბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N..პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ა. ი. ქ–ს საჩივარი, რომელიც თარგმნილი იქნა შპს ,,……ის” მიერ (ს.ფ. 9-11).
6.1. ა. ი. ქ–ე საჩივრით ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებას.
7. მსჯავრდებულ ა. ი. ქ–ეს პირადი საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2024 წლის 5 ნოემბერს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბერის განჩნებით (რომლითაც მსჯავრდებულ ა. ი. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ბ. ტ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად) დადგენილია, რომ ა. ი. ქ–მ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა და გასაღება, რაც დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი საქართველოს სსკ-ით ისჯებოდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შესაბამისად, მას აღნიშნული მუხლით დაედო მსჯავრი), ხოლო საქართველოს სსკ–ის დღეს მოქმედი რედაქციით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით (რისთვისაც მსჯავრდებულია ა. ი. ქ–ე) გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
3. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-7 ნაწილით.
4. ამდენად, ვინაიდან ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებასთან მიმართებით, რაიმე სახის შეღავათის გავრცელების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, სასამართლო მოკლებულია ა. ი. ქ–სათვის ამ ნაწილში სამართლებრივი მდგომარეობის შემსუბუქების შესაძლებლობას.
5. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ა. ი. ქ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი