დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 12.11.2024
საქმის ნომერი
2კ-85-I-24
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
12.11.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330802224010264842

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№85I-24 12 ნოემბერი, 2024 წელი

ფ. ა.ი №85I-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ფ. (F.) ა–ს (A–k) ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. შ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ფ. ა–ს მიმართ ბულგარეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები და ფაქტობრივი გარემოებები:

1.1. ბულგარეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები არის შემდეგი: 2023 წლის 16 ოქტომბერს, ბულგარეთის რესპუბლიკის სოფიას პროკურატურის პროკურორის დადგენილებით ფ. ა–ი ცნობილია ბრალდებულად ბულგარეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მე-6, მე-7, და მე-9 პუნქტებით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის მე-20 მუხლის 1-ელ და მე-2 ნაწილებზე მითითებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად), რაც გამოიხატა შემდეგით:

2023 წლის 9 ოქტომბერს ფ. ა–მა ორი სხვა პირის თანამონაწილეობითა და დახმარებით, ბ–ს რესპუბლიკაში, ქალაქ ს–ში, დ–ს ქუჩაზე არსებულ საცხოვრებელ სახლში, სიცოცხლის მოსპობის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა მ. შ. ა–ს. მიყენებული ჭრილობებისგან დაზარალებული გარდაიცვალა.

1.2. 2023 წლის 16 ოქტომბერს, ბულგარეთის რესპუბლიკის პროკურატურამ გასცა ფ. ა–ს დაკავების ბრძანება და გამოცხადდა პირის ძებნა.

1.3. 2024 წლის 8 იანვარს, ბულგარეთის რესპუბლიკის სოფიას საქალაქო სასამართლომ გამოსცა განჩინება ფ. ა–ს მიმართ დაკავების ორდერის გაცემის თაობაზე.

1.4. 2024 წლის 26 თებერვლიდან ფ. ა–ი იძებნება ბულგარეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2. ფ. ა–ს მიმართ საქართველოში განხორციელებული პროცედურები:

2.1. 2024 წლის 20 მარტს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ბულგარეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ფ. ა–ი.

2.2. 2024 წლის 21 მარტს, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, ფ. ა–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

2.3. 2024 წლის 22 აპრილს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შევიდა ფ. ა–მის ექსტრადიციის თაობაზე ბულგარეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.

2.4. 2024 წლის 18 ივნისს, ფ. ა–სთვის შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე, 2024 წლის 20 ივნისიდან 2024 წლის 20 სექტემბრამდე.

2.5. 2024 წლის 18 სექტემბერს, ფ. ა–სთვის შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე, 2024 წლის 20 სექტემბრიდან 2024 წლის 20 დეკემბრამდე.

2.6. ფ. ა–ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციურ დაწესებულებაში.

2.7. 2024 წლის 21 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ და მოითხოვა დასაშვებად იქნეს ცნობილი ფ. ა–სის ბულგარეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.

2.8. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი – ფ. ა–ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი – გ. შ–ე არ დაეთანხმნენ პროკურორის შუამდგომლობას.

2.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი ფ. ა–ს ბ–ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომელიც აღწერილია ბულგარეთის რესპუბლიკის სოფიას პროკურატურის პროკურორის 2023 წლის 16 ოქტომბრის დადგენილებაში ფ. ა–ს ბრალდებულად ცნობის შესახებ და დასჯადია ბულგარეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მე-6, მე-7, და მე-9 პუნქტებით, ამავე კოდექსის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-20 მუხლის 1-ელ და მე-2 ნაწილებზე მითითებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად).

2.10. 2024 წლის 30 ოქტომბერს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ფ. ა–სის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. შ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინების გაუქმება.

3. კასატორის პოზიცია:

3.1. კასატორის პოზიციით, სასამართლოს გადაწყვეტილება ფ. ა–ს ბ–ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის თაობაზე უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი ფ. ა–ი გამორიცხავს მის მიერ დანაშაულის ჩადენას, ხოლო საქართველოს პროკურატურის მიერ ბულგარეთის რესპუბლიკიდან გამოთხოვილი და სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ ფ. ა–მა ჩაიდინა მკვლელობა. ამასთან, კასატორს გასათვალისწინებელ გარემოებად, მიაჩნია ის ფაქტი, რომ ფ. ა–ი იდევნება, როგოც წარმოშობის ქვეყანაში, ასევე ბულგარეთის რესპუბლიკაში და მისი განცხადების საფუძველზე საერთაშორისო დაცვაზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება, სადაც შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ არსებობს სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც ფ. ა–ი არ უნდა იქნეს ექსტრადირებული ბ–ს რესპუბლიკაში.

4. პოზიცია საკასაციო საჩივარზე:

4.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ წარმოადგინა პოზიცია და მოითხოვა ფ. ა–ს მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების უცვლელად დატოვება. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინებით სასამართლოს მიერ შესწავლილ იქნა ექსტრადიციის სამართლებრივი საფუძვლები, შეფასებულ იქნა ექსტრადიციის შემთხვევაში ფ. ა–ს უფლებების დარღვევის რისკები, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ბულგარეთის რესპუბლიკაში არსებული ზოგადი მდგომარეობა და უფლებების დაცვის გარანტიები და ყველა გარემოების გათვალისწინებით, დასაშვებად სცნო ფ. ა–ს ბულგარეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია. ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, კი არ არსებობს ფ. ა–ს ბულგარეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ ფ. ა–ს ბულგართის რესპუბლიკაში ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია, რომლის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კონვენციის დებულებებს უპირატესი ძალა აქვს კონვენციის მხარეებს შორის არსებულ სხვა ხელშეკრულებებთან მიმართებით.

3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

4. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ ბულგარეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ ძებნილი ფ. ა–სი 2024 წლის 20 მარტს, საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. დაკავებისა და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ფ. ა–ს მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

5. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს. საკასაციო სასამართლო შეაფასებს, არსებობს თუ არა ფ. ა–ს ბულგარეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე საფუძველი.

6. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული დაექვემდებაროს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული ქმედება როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით უნდა იყოს დასჯადი; 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს.

7. ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა შემდეგნაირად:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

8. ამდენად, მოცემულ საქმეში ფ. ა–სის ბულგარეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მოითხოვება ისეთი ქმედების ჩადენისათვის, რომელიც დასჯადია როგორც საქართველოს, ისე ბულგარეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კანონმდებლობით და ამავდროულად, მოცემული დანაშაულებისათვის სასჯელის სახით, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.

9. გარდა ამისა, დაცულია ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-3-მე-4 მუხლებითა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნებიც, კერძოდ, მოცემულ საქმეში პოლიტიკური დანაშაულის/პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებული დანაშაულის ან სამხედრო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არ არის.

10. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.

11. დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთა ჩადენისთვისაც მოითხოვება ფ. ა–ს ექსტრადიცია, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი, რაც ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია.

12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა: ოცდაათი წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. როგორც წარმოდგენილი მასალებით ირკვევა ფ. ა–მა დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა 2023 წლის 9 ოქტომბერს. ამდენად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები გასული არ არის. ასევე, ბულგარეთის რესპუბლიკიდან მიღებული ინფორმაციით, არც ბულგარეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით არის გასული ხანდაზმულობის ვადები. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნი, ისე – მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.

13. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ თხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებულია საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილება შესაბამისი პირის მიმართ იმ დანაშაულის ან დანაშაულების ჩადენისათვის, რომლებისთვისაც მოითხოვება ექსტრადიცია. ექსტრადიციაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ გადამცემი მხარის კომპეტენტური ორგანოები გადაწყვეტენ არ დაიწყონ ან შეწყვიტონ სამართალწარმოება იმავე დანაშაულის ან დანაშაულების წინააღმდეგ. ასევე, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

14. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობაში მითითებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით საქართველოში არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სამართალწარმოება, გარდა საექსტრადიციო პროცედურებისა. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა „Non bis in idem“-ის პრინციპი.

15. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომ ფ. ა–ი იდევნება, როგორც წარმოშობის ასევე მის მომთხოვნ ქვეყანაში და მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოება, რომ ფ. ა–ს მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც მის მიმართ ბულგარეთის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა. ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ბრალდების აშკარა დაუსაბუთებლობის ან/და ბრალდების მიღმა არასათანადო მოტივაციის საფუძვლით ექსტრადიციის დაუშვებლობის საკითხი სამართლიანი განხილვის უფლების კონტექსტში მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება წარმოიშვას, კერძოდ: თუ პირის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი და ის აშკარად დაუსაბუთებელია; ბრალდება აშკარად სცილდება სისხლის სამართლის ჩარჩოებსა და მიზნებს ან/და კანონის აშკარად განუჭვრეტად განმარტებას ეყრდნობა და ბრალდების მოტივაცია აშკარად არასათანადოა. მოცემულ საქმეში ასეთი მოცემულობა არ იკვეთება. საგულისხმოა ისიც, რომ ექსტრადიციის პროცესში ექსტრადიციის განმახორციელებელ სახელმწიფოს არა აქვს უფლებამოსილება, იმსჯელოს პირის ბრალეულობაზე, ვინაიდან იმ პირის ბრალეულობა, ვის მიმართაც წარმოდგენილია ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის ექსტრადიციის მოქმედი საერთაშორისო და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტისას.

16. ამასთან, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ბულგარეთის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ იქნა გარანტია იმის თაობაზე, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი ფ. ა–ს უფლებები სრულად იქნება დაცული. საგულისხმოა, რომ გარანტიები არის კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი და ამასთანავე არის საკმარისად კონკრეტული და არა ზოგადი/ბუნდოვანი. მათ შორის მოიცავს გარანტიას იმის თაობაზე, რომ დანაშაული არ არის პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობის. გასათვალისწინებელია ბულგარეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში ბ–ს რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ბ–ს რესპუბლიკა წარმოადგენს ევროპის კავშირის წევრ სახელწიფოს. თავის მხრივ, ევროპის კავშირის სახელწიფოს წევრობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ, აქვს მეტად მკაცრი კრიტერიუმები, რომლებიც ცნობილია, როგორც კოპენჰაგენის კრიტერიუმები, რომლეთა თანახმად, ევროკავშირის წევრ სახელწიფოებს, უნდა გააჩნდეთ ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებთა დაცვას. ამასთან, ბ–ს რესპუბლიკის მიმართ არ გამოთქმულა რაიმე მნიშვნელოვანი კრიტიკა ადამიანის უფლებათა სისტემური ან მასშტაბური დარღვევის კუთხით. ამდენად, ბ–ს რესპუბლიკა წარმოადგენს „უსაფრთხო სახელწიფოს“, სადაც ექსტრადიცია, ზოგადად არ ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკს.

17. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.: Mamatkulov and Askarov Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtH 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).

18. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.

19. ფ. ა–ი არ სარგებლობს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით. გარდა ამისა, მისი ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფო არის უსაფრთხო სახელმწიფო. ამდენად, არ არსებობს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება. ამასთან, არ იკვეთება არც სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები.

20. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი განსაზღვრავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი და მათზე არც დაცვის მხარე მიუთითებს.

21. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ მიუთითებია წონადი არგუმენტები ბულგარეთის რესპუბლიკაში ფ. ა–ს მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევის რეალური საფრთხის არსებობის შესახებ, ამასთან მსგავსი ინფორმაცია არც საქართველოს გენერალურ პროკურატურას გააჩნია.

22. საექსტრადიციო მასალებში არ იკვეთება, რომ ფ. ა–ს საქმის განხილვისას პროცედურები აშკარად და უხეშად დაირღვა, რაც წარმოშობდა საფუძველს ვარაუდისა, რომ ბულგარეთის რესპუბლიკაში მას შეეზღუდა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ამ უფლების დარღვევის საფრთხე.

23. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ ბულგარეთის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ფ. ა–ს ბულგარეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

24. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის საფრთხეს, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიცია შეუსაბამოა კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no.9742/07, §29, ECtHR, 26/01/2010). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no.27279/95, ECtHR, 8/12/1997). ამდენად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში გახდეს.

25. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no. 140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ფ. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. შ–ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონით, ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ფ. (F–k) არ–ს (A–k) ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. შ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

მამუკა ვასაძე