საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 08.11.2024
საქმის ნომერი
2კ-909აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.11.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100123006777760

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №909აპ-24 8 ნოემბერი, 2024 წელი

ხ–ე მ., №909აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ხ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. ა–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. მ. ხ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2022 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქალაქ თ–ი, ... მე–.. კვარტალი, კორპუსი №..–ს მიმდებარედ, სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე წარმოშობილი შურისძიების მოტივით, მ. ხ–მ განზრახ მკვლელობის მიზნით, თანნაქონი დანის გამოყენებით, მ. მ–ს მარცხენა გულმკერდის არეში, შემავალი ჭრილობა მიაყენა, რამაც გულის და ფილტვის დაზიანება გამოიწვია. უგონო მდგომარეობაში მყოფი მ. მ–ი გადაყვანილ იქნა ქალაქ თ–ში, ქ–ს ქუჩა №..-ში მდებარე „........ ცენტრში“ სადაც მას გულ-ფილტვის რეანიმაცია და გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარეს რის შედეგადაც შეუნარჩუნეს სიცოცხლე.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 სექტემბრის განაჩენით, მ. ხ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 11 წლით თავისუფლების აღვეთა.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა დაცვის მხარემ და მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2024 წლის 15 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ. ხ–მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. ა–მ, რომლითაც მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორების არგუმენტები:

4.1. კასატორების პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, კერძოდ: მასში მოყვანილი დასკვნები არ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ეს მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებს მ. ხ–ს მიმართ მსჯავრადშერაცხილ ქმედებას. დაზარალებულმა უარყო მ. ხ–ს მიერ მისთვის დაზიანებების მიყენების ფაქტი. ასევე, აღნიშნული არ დადასტურებულა საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით. ბრალდების მხარის ყველაზე მნიშვნელოვანმა მოწმემაც კი, გ. ჭ–მ არ დაადასტურა მ. ხ–ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი და უარყო, რომ მის ხელში დანა დაინახა. დაცვის მხარემ ასევე დაკითხვის დროს მოწმის მდგომარეობიდან გამომდინარე ეჭვქვეშ დააყენა მისი ჩვენების სანდოობა და განმარტა, რომ მოწმე იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. საგამოძიებო ორგანოებს ნაცვლად იმისა, რომ ჩაეტარებინათ სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, შემოიფარგლნენ მხოლოდ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმითა და ოპერატიული ინფორმაციის მიმღები პოლიციელების ჩვენებებით, რაც გამამყუნებელი განაჩენის გამოსატანად არ ქმნის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამასთან, დანაშაულის ჩადენის იარაღზე, ბრალდების მხარის მიერ, არ იქნა ჩატარებული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, ხოლო მასზე ბიოლოგიური ნიმუშის კვალის აღმოჩენა არის საეჭვო, ასევე, არ იქნა გამოთხოვილი შემთხვევის ადგილის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მ. ხ–ს მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.

5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას მ. ხ–ს უდანაშაულობის შესახებ და მიუთითებს, რომ მართალია მ. მ–მა, ჩვენების მიცემისას, უარყო მ. ხ–ს მიერ მისთვის დაზიანებების მიყენების ფაქტი, თუმცა განსახილველ საქმეში მოიპოვება მისი ჩვენებისაგან დამოუკიდებლად, ფაქტებისა და გარემოებების დასადგენად მნიშვნელოვანი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა სრულყოფილი ანალიზი ადასტურებს მ. ხ–ს მიერ მ. მ–ს განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტს, კერძოდ:

5.4. მოწმე გ. ჭ–ს ჩვენებით დადასტურებულია, მ. ხ–სა და მ. მ–ს შორის კონფლიქტის წარმოშობის მიზეზები, ასევე მათ შორის დაძაბული საუბრის არსებობა. მოწმე ზ. ბ–სა და ა. შ–ს ჩვენებებით, კი დადგენილია, მ. მ–სთან დაპირისპირების შემდეგ, მსჯავრდებულის შემთხვევის ადგილიდან გაქცევისა და მ. მ–ს მეგობრების მხრიდან მისი მ–ს ქუჩის მიმდებარედ ცემისა და დაჭრის ფაქტი. ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები შესაბამისობაშია სსიპ „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112“-იდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერთან, კერძოდ ქ. თ–ში, .......ას გამზირის და მ–ს ქუჩის კვეთაზე განთავსებული გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერის 2022 წლის 13 დეკემბრის 15:30 საათიდან 16:30 საათამდე ჩანაწერში, 16:07 საათზე, .......ას მე-.. კვარტალი, კორპუსი №..-ს ეზოდან ჩხუბით გადის ოთხი მამაკაცი, რომელთაგან სამი მამაკაცი ჩხუბით მიყვება მ. ხ–ს და გადიან მ–ს ქუჩაზე მთავარ საავტომობილო გზაზე, სადაც მ. ხ–ე ეცემა ძირს, რა დროსაც ე. ე–ი ურტყამს დანას. იქვე იმყოფება გ. ჭ–ე, რომელიც კოჭლობით მოძრაობს და იყენებს ხელჯოხს, წაქცეულ მამაკაცს მარჯვენა ხელით ართმევს დანას და ჩხუბის შემდეგ იდებს ჯიბეში. საგულისხმოა, დანაშაულის ჩადენის იარაღის ,,დანის“ ამოღების ფაქტი, რომელიც გ. ჭ–ს მითითებით ამოღებულ იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტისას. მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს ამყარებს და დამაჯერებლობას მატებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 25 მაისის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) N...........ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც გ. ჭ–ს მითითებით ამოღებულ დანაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები შეიცავს ადამიანის სისხლს, კერძოდ: დანის ტარზე აღმოჩენილი გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ. ხ–ს, ხოლო დანის პირზე არსებული სისხლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ. მ–ს. ამასთან, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 15 ივნისის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N.......... დასკვნით, უტყუარად იქნა დადასტურებული, რომ მ. მ–სის ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი პირის მქონე საგნის მოქმედებით. გამოსაკვლევი დანა (.......) წარმოადგენს ცალმხრივლესილი პირის მქონე, ფიქსატორიან დასაკეც დანას და მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელ ცივ იარაღთა კატეგორიას. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 10 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის N.......... დასკვნის თანახმად კი დადგინდა, რომ მ. მ–ს აღენიშნებოდა დაზიანება: ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ, ძუძუს დვრილიდან 0,5 სმ-ით ზემოთ, ლავიწშუა (მედიოკლავიკულურ) ხაზზე – მე-4 ნეკნის დაზიანებით, შემავალი პლევრის ღრუში, მარცხენა ფილტვის ზედა წილის, გულის პერანგის (პერიკარდიუმის) და გულის (წინაგული) დაზიანებით, გულის პერანგის სისხლით ტამპონადის განვითარებით. დაზიანება გულმკერდის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის სახით, განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების 13.12.22 წ. თარიღს. ამდენად, უსაფუძვლოა დაცვის მხარის შეფასება, თითქოს გ. ჭ–ს ჩვენება და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს მ. ხ–ს მიერ მ. მ–ს დაჭრის ფაქტს და აღნიშნული წარმოადგენს ვარაუდებზე დაფუძნებულ მსჯელობას.

5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია განზრახი მკვლელობისათვის. ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა – სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის ან/და შელაპარაკების ნიადაგზე. საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

5.6. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციის თაობაზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება: დანაშაულის იარაღი (მჩხვლეტავ-მჭრელი საგანი), დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, რა ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, ის, რომ მსჯავრდებულს ამოძრავებდა შურისძიების მოტივი, ასევე დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება.

5.7. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად კი, მხარეს უფლება აქვს, სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა.

5.8. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მხარე თავად განსაზღვრავს რა არის მნიშვნელოვანი მისი პოზიციის დასადასტურებლად სასამართლოში და მოიპოვებს/წარადგენს მტკიცებულებებს. ამასთან, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები უნდა ჩატარდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში, კი მტკიცებულება რომელიც საეჭვოს გახდიდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ნამდვილობას ან/და კანონშესაბამისობას - დაცვის მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

5.9. ამდენად, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული.

5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.12. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. ხ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. ა–ს საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

მამუკა ვასაძე