დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330141224010348404
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №641-25 16 აპრილი, 2025 წელი
რ–ი გ., N641-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. რ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. პ–ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2024 წლის 4 ნოემბერს, საქართველოს გენერალური პლროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ირინე ჩოჩიამ ძებნილი მსჯავრდებულის გ. რ–ის (პირადი ნომერი: .........) მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების მიზნით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 დეკემბრის განაჩენით, გ. რ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. ზემოხსენებული განაჩენი სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 მარტის განჩინებით, ძებნილ მსჯავრდებულს გ. რ–ს ერთი მეექვსედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.
5. მსჯავრდებულ გ. რ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. პ–მა საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 მარტის განჩინებაში ცვლილების შეტანა და გ. რ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის განახევრება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია ... საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, ... თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
3. მოცემულ შემთხვევაში, გ. რ–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 დეკემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და იგი ქმედების ჩადენის დროს ნასამართლობის არმქონე პირი იყო, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ვერ იქნა დაკმაყოფილებული ამნისტიის კანონის ზემოხსენებული მუხლით დადგენილი ერთ-ერთი კრიტერიუმი – ვერ იქნა წარმოდგენილი დაზარალებულის თანხმობა – გ. რ–ის მიმართ დანიშნულ სასჯელზე არ ვრცელდება ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება.
4. ამასთან, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
5. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, გ. რ–ის მიმართ აუცილებელი წინაპირობის (დაზარალებულის თანხმობა) არარსებობისას, ვრცელდება ამნისტიის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი.
6. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, მე-2 მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-5 ან მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დაზარალებული ფიზიკური პირი გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, იმავე პუნქტში აღნიშნულ პირზე ამნისტია გავრცელდება, თუკი ამაზე თანხმობას ამ კანონით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი), ხოლო თუ დაზარალებულ ფიზიკურ პირს ოჯახის ასეთი წევრი არ ჰყავს ან დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ასეთი წევრი ვერ იძებნება, აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება“. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თუ დაზარალებული ფიზიკური პირი გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, ჩამოთვლილი მუხლებით გათვალისწინებული შეღავათები გავრცელდება, თუკი ამაზე თანხმობას ამ კანონით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი. ზემოხსენებული ნორმის ბოლო ნაწილი კი, არის შემთხვევა, როდესაც დაზარალებული ფიზიკური პირი გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, ამასთან ამ პირს ოჯახის წევრი არ ჰყავს ან ეს უკანასკნელიც ვერ იძებნება. ასეთი პირების მიმართ კი, ამნისტიის კანონი უნდა აღსრულდეს იმ მოცემულობით რაც არის სახეზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებელი ამნისტიის კანონში კონკრეტული მუხლით დაწესებული შეღავათის გამოყენებისათვის მოიხმარს ტერმინს ,,გავრცელდეს“, ხოლო ტერმინი ,,აღსრულდება“/,,აღსრულდეს“ უკავშირდება კანონის შესრულებას.
7. საკასაციო პალატა არ იზიარებს საჩივრის ავტორის პოზიციას, რომ ამნისტიის კანონის გავრცელების სამართალწარმოების ფარგლებში, სასამართლოს მიერ არ ამოწურულა დაზარალებულის მოძიების ყველა შესაძლებლობა, რადგან საქმის მასალებით დგინდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა სხვადასხვა შესაძლებლობა დაზარალებულის მოსაძიებლად, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. საგუსლისხმოა, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, თავად დაცვის მხარემაც ვერ შეძლო დაზარალებულთან კომუნიკაციის დამყარება.
8. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 დეკემბრის განაჩენით, გ. რ–ს მსჯავრი დაედო თ. გ-ს მიმართ განხორციელებული მუქარისათვის. რაც შეეხება ქეთევან გორჯესტანს, სასამართლომ დაადგინა, რომ მას მუქარის განხორციელების საფუძლიანი შიში არ განუცდია (იხ. განაჩენის 1.1. პუნქტი). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლო, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე, პოზიციის გასარკვევად, ცდილობდა დაკავშირებოდა თ. გ-ს.
9. რაც შეეხება საჩივრის ავტორის მითითებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შუამდგომლობის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის გამო მიღებული განჩინება არ არის კანონთან შესაბამისობაში - არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგან ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულის (მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის) მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო თუ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია − თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, ხოლო მე-9 პუნქტი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილი იყო შუამდგომლობა განეხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 მარტის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ძებნილი მსჯავრდებულის გ. რ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. პ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე