დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 05.05.2025
საქმის ნომერი
2კ-75-I-25
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
05.05.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330141225011044847

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№ 751-25 5 მაისი, 2025 წელი

ს. თ. 751-25 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ს-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ა-ს საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 24 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 მარტის განაჩენით:

1.1. თ. ს.ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 6000 ლარი;

1.2. თ. ს-ს,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვა - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

2. 2025 წლის 21 თებერვალს მსჯავრდებულმა თ. ს-მ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენება და როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი სასჯელისაგან გათავისუფლება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 24 თებერვლის განჩინებით:

3.1. მსჯავრდებულ თ. ს-ს მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი;

3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 24 თებერვლის განჩინება გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა თ. ს-მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ა-მ, რომლებიც ითხოვენ „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებას, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენის ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შემდეგ აღნიშნავს შემდეგს:

2. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის 2731-ე მუხლის პირველი−მე-5 ნაწილებით. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტით, პირველი მუხლით გათვალისწინებული სასჯელისგან გათავისუფლება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).

4. თ. ს-ს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 მარტის განაჩენით სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს ჯარიმა – 6000 ლარი, – რომელზეც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება არ ვრცელდება.

5. იმავდროულად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაული და რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება, სასჯელისგან გათავისუფლებასთან ერთად, სასამართლოს გადაწყვეტილებით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).

6. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე 5 წლით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს სასჯელისაგან გათავისუფლება. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში თ. ს.არ გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას აღუდგინოს მას „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება).

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ თ. ს-სა და მისი ინტერესების დამცელი ადვოკატის ნ. ა-ს საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 24 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ თ. ს-სა და მისი ინტერესების დამცელი ადვოკატის ნ. ა-ს საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 24 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე