დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330802225011513937
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№82I-25 2 ივნისი, 2025 წელი
ი–ო ვ., №82I-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ვ. (V.) ი–ოს (Y.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. კ–ას საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 19 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ვ. ი–ოს მიმართ მოლდოვას რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები და ფაქტობრივი გარემოებები:
1.1. მოლდოვას რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები არის შემდეგი: 2022 წლის 11 ნოემბერს გამოცემული ვ. ი–ოს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების თანახმად, ამ უკანასკნელს ბრალი დაედო მოლდოვას რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 2171-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო შენახვა, ტრანსპორტირება და გასაღება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2022 წლის ივნისიდან აგვისტომდე პერიოდში, მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ფარგლებში, ვ. ი–ო იღებდა და ინახავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, მათ შორის მარიხუანას (1336,889 გრამი), მეფედრონს 1022,44 გრამი) და PVP-ს (5513,221 გრამი). აღნიშნულის შემდგომ, იგი ათავსებდა მცირე პაკეტებში განაწილებულ ნარკოტიკულ საშუალებებს ამისათვის სპეციალურად მოწყობილ სამალავებში, მათი შემდგომი გასაღების მიზნით, რის სანაცვლოდაც იღებდა მატერიალურ სარგებელს უკანონოდ მიღებული შემოსავლიდან.
1.3. 2022 წლის 13 დეკემბერს მოლდოვას რესპუბლიკის კიშინიოვის მუნიციპალური სასამართლოს (ბუიუკანის ოფისი) მოსამართლის განჩინებით, ვ. ი–ოს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული შინაპატიმრობა შეიცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით – პატიმრობით.
1.4. იმავე დღეს მოლდოვას რესპუბლიკის კიშინიოვის მუნიციპალური სასამართლოს (ბუიუკანის ოფისი) მოსამართლის მიერ გამოიცა ვ. ი–ოს დაკავების ბრძანება.
1.5. 2024 წლის 11 დეკემბრიდან ვ. ი–ო მოლდოვას რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის არხებით.
2. ვ. ი–ოს მიმართ საქართველოში განხორციელებული პროცედურები:
2.1. 2025 წლის 8 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს მოლდოვას რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ვ. ი–ო.
2.2. 2025 წლის 10 თებერვალს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ვ. ი–ოს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით.
2.3. 2025 წლის 18 მარტს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა მოლდოვას რესპუბლიკის შუამდგომლობა ვ. ი–ოს ექსტრადიციის თაობაზე და თანდართული დოკუმენტები.
2.4. 2025 წლის 6 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ვ. ი–ოს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2025 წლის 8 აგვისტომდე.
2.5. ამჟამად ვ. ი–ო მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის № ..
პენიტენციურ დაწესებულებაში.
2.6. 2025 წლის 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და მოითხოვა დასაშვებად იქნეს ცნობილი ვ. ი–ოს მოლდოვას რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.
2.7. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი – ვ. ი–ო და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი – თ. კ–ა არ დაეთანხმნენ პროკურორის შუამდგომლობას.
2.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 19 მაისის განჩინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი ვ. ი–ოს მოლდოვას რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია ვ. ი–ოს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ 2022 წლის 11 ნოემბრის დადგენილებაში და დასჯადია მოლდოვას რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 2171-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო შენახვა, ტრანსპორტირება და გასაღება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ).
2.9. 2025 წლის 23 მაისს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ვ. ი–ოს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. კ–ამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 19 მაისის განჩინების გაუქმება.
3. კასატორის პოზიცია:
3.1. კასატორის პოზიციით, სასამართლოს გადაწყვეტილება ვ. ი–ოს მოლდოვას რესპუბლიკაში ექსტრადიციის თაობაზე უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი ვ. ი–ო არ მონაწილეობდა იმ სასამართლო სხდომაზე, სადაც მის მიმართ შეიცვალა აღკვეთის ღონისძიება და იგი არ იყო უზრუნველყოფილი დაცვით, რაც ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველია. ამასთან, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მის მიერ სამართლდამცავ ორგანოებთან თანაშრომლობის გამო, იგი შესაძლოა დაექვემდებაროს წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს. დაცვის მხარეს გასათვალიწინებელ გარემოებად მიაჩნია, რომ ვ. ი–ო თავშესაფრის მაძიებელი პირია და მასზე ვრცელდება ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებრივი გარანტიები. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებას და მიუთითებს, რომ მოლდოვას რესპუბლიკა არ არის მესამე უსაფრთხო სახელმწიფო, რადგან ასებობს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების დარღვევის საფრთხე.
4. პოზიცია საკასაციო საჩივარზე:
4.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა წარმოადგინა პოზიცია და მოითხოვა ვ. ი–ოს მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების უცვლელად დატოვება. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 19 მაისის ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინებით სასამართლოს მიერ შესწავლილ იქნა ექსტრადიციის სამართლებრივი საფუძვლები, შეფასებულ იქნა ექსტრადიციის შემთხვევაში ვ. ი–ოს უფლებების დარღვევის რისკები, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მოლდოვას რესპუბლიკაში არსებული ზოგადი მდგომარეობა და უფლებების დაცვის გარანტიები და ყველა გარემოების გათვალისწინებით, დასაშვებად სცნო ვ. ი–ოს მოლდოვას რესპუბლიკაში ექსტრადიცია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ ვ. ი–ოს მოლდოვას რესპუბლიკაში ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია, რომლის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კონვენციის დებულებებს უპირატესი ძალა აქვს კონვენციის მხარეებს შორის არსებულ სხვა ხელშეკრულებებთან მიმართებით და მინსკის 1993 წლის 22 იანვრის კონვენცია სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ, რომლის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს აღმოუჩენენ სამართლებრივ დახმარებას პროცესუალური და სხვა ქმედებების შესრულების გზით, რომელთაც ითვალისწინებს თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობა, კერძოდ:...დანაშაულის ჩამდენი პირების ძებნა და გადაცემა ...
3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
4. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ მოლდოვას რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ ძებნილი ვ. ი–ო 2025 წლის 8 თებერვალს საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. დაკავებისა და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ვ. ი–ოს მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
5. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს. საკასაციო სასამართლო შეაფასებს, არსებობს თუ არა ვ. ი–ოს მოლდოვის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე საფუძველი.
6. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული დაექვემდებაროს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული ქმედება როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით უნდა იყოს დასჯადი; 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს.
7. ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა შემდეგნაირად:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გადაგზავნა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა თოთხმეტიდან ოც წლამდე.
8. ამდენად, მოცემულ საქმეში ვ. ი–ოს მოლდოვას რესპუბლიკაში ექსტრადიცია მოითხოვება ისეთი ქმედებების ჩადენისათვის, რომელიც დასჯადია როგორც საქართველოს, ისე მოლდოვას რესპუბლიკის სისხლის სამართლის კანონმდებლობით და ამავდროულად, მოცემული დანაშაულებისათვის სასჯელის სახით, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.
9. გარდა ამისა, დაცულია ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-3-მე-4 მუხლებითა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნებიც, კერძოდ, მოცემულ საქმეში პოლიტიკური დანაშაულის/პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებული დანაშაულის ან სამხედრო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არ არის.
10. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.
11. დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთა ჩადენისთვისაც მოითხოვება ვ. ი–ოს ექსტრადიცია, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები და ამავე კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია), რაც ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებია.
12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა: ოცდაათი წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. როგორც წარმოდგენილი მასალებით ირკვევა ვ. ი–ომ დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინა 2022 წლის ივნისიდან აგვისტომდე პერიოდში, ამდენად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები გასული არ არის. ასევე, მოლდოვას რესპუბლიკიდან მიღებული ინფორმაციით, არც მოლდოვას რესპუბლიკის კანონმდებლობით არის გასული ხანდაზმულობის ვადები. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნი, ისე – მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.
13. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ თხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებულია საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილება შესაბამისი პირის მიმართ იმ დანაშაულის ან დანაშაულების ჩადენისათვის, რომლებისთვისაც მოითხოვება ექსტრადიცია. ექსტრადიციაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ გადამცემი მხარის კომპეტენტური ორგანოები გადაწყვეტენ არ დაიწყონ ან შეწყვიტონ სამართალწარმოება იმავე დანაშაულის ან დანაშაულების წინააღმდეგ. ასევე, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
14. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობაში მითითებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არ მიმდინარეობდა და არც მიმდინარეობს სამართალწარმოება, გარდა საექსტრადიციო პროცედურებისა. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა „Non bis in idem“-ის პრინციპი.
15. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომ ექსტრადიციის მომთხოვნ ქვეყანაში არსებობს ვ. ი–ოს უფლებების დარღვევის საფრთხე და მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ვ. ი–ოს მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც მოლდოვას რესპუბლიკაში მისი უფლებების დარღვევის ეჭვს წარმოშობდა. საგულისხმოა, რომ ექსტრადიციის პროცესში სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი მიემართება დაუსწრებლად გამოტანილ განაჩენს, რაც არ უნდა იქნეს გაიგივებული აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხთან, შესაბამისად დაცვის მხარის მოთხოვნა ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამხვილებს, რომ საექსტრადიციო მასალების თანახმად, ვ. ი–ო ინფორმირებული იყო მის მიმართ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ, თუმცა მან დაარღვია აღკვეთის ღონისძიება და მიიმალა.
16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.: Mamatkulov and Askarov Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtH 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
17. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.
18. ვ. ი–ო არ სარგებლობს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით და არც თავშესაფარი აქვს მიცემული. გარდა ამისა, მისი ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფო არის უსაფრთხო სახელმწიფო. ამდენად, არ არსებობს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება. ამასთან, არ იკვეთება არც სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები.
19. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი განსაზღვრავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი და მათზე არც დაცვის მხარე მიუთითებს.
20. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ მიუთითებია წონადი არგუმენტები მოლდოვას რესპუბლიკაში ვ. ი–ოს მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევის რეალური საფრთხის არსებობის შესახებ, ამასთან მსგავსი ინფორმაცია არც საქართველოს გენერალურ პროკურატურას გააჩნია.
21. საექსტრადიციო მასალებში არ იკვეთება, რომ ვ. ი–ოს საქმის განხილვისას პროცედურები აშკარად და უხეშად დაირღვა, რაც წარმოშობდა საფუძველს ვარაუდისა, რომ მოლდოვას რესპუბლიკაში მას შეეზღუდა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ამ უფლების დარღვევის საფრთხე.
22. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ მოლდოვას რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ვ. ი–ოს მოლდოვას რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
23. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no. 140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ვ. ი–ოს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. კ–ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 19 მაისის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონით, ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციით, მინსკის 1993 წლის 22 იანვრის კონვენცით სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ვ. (V.) ი–ოს (Y.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. კ–ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 19 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე