საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100123007405837
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №74აპ-25 6 ივნისი, 2025 წელი
ქ–ე ჯ. №74აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განაჩენზე კახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ვლადიმერ ბექიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ჯ. ქ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2023 წლის 20 აპრილს, დაახლოებით, 10:00 საათზე, ა–ს რაიონის სოფელ ჭ–ში მდებარე ჯ. ქ–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, სიტყვიერი დაპირისპირება მოუხდათ ჯ. ქ–ესა და ნ. ნ–ს. აღნიშნული ფაქტით განაწყენებული ჯ. ქ–ე შურისძიების მოტივით განეწყო ნ. ნ–ის მიმართ, საცხოვრებელი სახლიდან გამოიტანა ორლულიანი სანადირო თოფი და მოკვლის განზრახვით, ორჯერ ესროლა ნ. ნ–ს, რომელიც მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანებების შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 იანვრის განაჩენით ჯ. ქ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლზე.
ჯ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ჯ. ქ–ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2023 წლის 20 აპრილიდან.
2.2. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 იანვრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა კახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა – ვლადიმერ ბექიშვილმა – და მოითხოვა ჯ. ქ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით.
2.3. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 იანვრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ასევე გაასაჩივრა ჯ. ქ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ–ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად – გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მსჯავრდებულ ჯ. ქ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენი და მის ნაცვლად დადგენილი იქნა გამამართლებელი განაჩენი.
ჯ. ქ–ე გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3.2. 2025 წლის 10 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა კახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა, ვლადიმერ ბექიშვილმა, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე, დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, ბრალდების მხარის მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ჯ. ქ–ის მიერ ნ. ნ–ის განზრახ მკვლელობის ფაქტს. სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ჯ. ქ–ის პოზიცია, რადგან ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ ობიექტურ მტკიცებულებებს. მათით დგინდება, რომ ჯ. ქ–ე არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. იგი მოქმედებდა შურისძიების მოტივით, რომელიც გამოწვეული იყო ნ. ნ–ის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფით, რის შემდეგაც ჯ. ქ–ემ გადაწყვიტა ნ. ნ–ის მოკვლა. შესაბამისად, ნ. ნ–ი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და არა ჯ. ქ–ე. თბილისის სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებაში არ უთითებს იმ გარემოებაზე, თუ როგორ შეძლო აივანზე მყოფმა ჯ. ქ–ემ ნ. ნ–ის მისამართით მიბჯენით სროლა, მაშინ, როდესაც ჭრილობის არხის მიმართულება, რომელიც მიბჯენით არის ნაწარმოები განვითარებულია ჰორიზონტალურად. აივნიდან სროლის შემთხვევაში კი, ჭრილობის მიმართულება იქნებოდა არა ჰორიზონტალური, არამედ ზევიდან ქვევით. აგრეთვე საცხოვრებელი სახლის აივანსა და ნ. ნ–ის გვამის განთავსების ადგილის მანძილის გათვალისწინებით, შეუძლებელი იქნებოდა, ჯ. ქ–ეს საცხოვრებელი სახლის აივნიდან მიბჯენით ესროლა ნ. ნ–ისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტია, რომ ჯ. ქ–ე სროლის დროს იდგა ეზოში, ნ. ნ–თან ახლოს. ასეთ დროს თუკი ნ. ნ–ი რეალურად აპირებდა ჯ. ქ–ისთვის ფეხების დახვრეტას ან მკვლელობას და საფრთხე იმწუთიერი იყო, როგორ შეძლებდა მასთან მიახლოებას, მით უფრო, თუ ნ. ნ–ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, წინმსწრებად საბრძოლო მდგომარეობაში ჰქონდა მოყვანილი. ზ. ა–ის გამოკითხვის ოქმით (უდავოდ გამხდარი მტკიცებულება) დგინდება, რომ როდესაც ზ. ა–ემ ჯ. ქ–ეს ჰკითხა, თუ რატომ მოკლა ნ. ნ–ი ჯ. ქ–ემ, უპასუხა, რომ „ყელში ამომიყვანა და თან მემუქრებოდა ნ–ი, ავტომატით ფეხები უნდა დაგიხვრიტოო“. შესაბამისად, სასამართლოსთვის ჯ. ქ–ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, თითქოს ნ. ნ–ი მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა არ შეესაბამება სინამდვილეს. ასევე ჯ. ქ–ის მიერ აღწერილი სროლის მომენტი ეწინააღმდეგება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და ექსპერტის განმარტებას. ჯ. ქ–ე აცხადებს, რომ ორივე გასროლის დროს ის იმყოფებოდა სახლის აივანზე, ხოლო ნ. ნ–ი – ეზოში, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ გულმკერდის წინა ზედაპირზე არსებული ჭრილობა განვითარებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან მეტალ ტყვიისშემცველი ჭურვების (საფანტი) მიბჯენით გასროლის შედეგად და არის შესასვლელი ცეცხლნასროლი ჭრილობა. ჭრილობის არხის მიმართულებაა წინიდან უკან, მარჯვენიდან მარცხნივ, ჰორიზონტალური მდებარეობით. ჯ. ქ–ის განზრახ მკვლელობის სურვილზე, ასევე ცალსახად მეტყველებს ნ. ნ–ის სხეულზე ორი ცეცხლნასროლი ჭრილობა, რომლებიც ცალ-ცალკე აღებული სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებებია. ჯ. ქ–ის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ნ. ნ–ი პირველი სროლის შემდეგ ცდილობდა ავტომატის აღებას, არ შეესაბამება სინამდვილეს და აღნიშნული განცხადება მიმართულია მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებისკენ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ჯ. ქ–ე არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, თავდასხმა რომ რეალური და იმწუთიერი ყოფილიყო, ჯ. ქ–ე ვერ შეძლებდა ნ. ნ–თან იმ მანძილით მიახლოებას, რომ მას მიბჯენით გაესროლა ნ. ნ–ის მიმართულებით. პირველი სროლის შედეგად, ნ. ნ–ი ეცემა მიწაზე და მას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ხელში აღარ უჭირავს, ამის შემდეგ ჯ. ქ–ე მისი მისამართით მეორეჯერ ისვრის, რაც ცალსახად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ჯ. ქ–ეს არც პირველი და არც მეორე სროლის დროს არ ამოძრავებდა თავდაცვის მიზანი, იგი მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით, რომელიც მიმართული იყო ნ. ნ–ის განზრახ მკვლელობისკენ და მისი ქმედება გამოწვეული იყო შურისძიების მოტივით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენში მითითებულია, რომ პირველი სროლის შემდეგ ნ. ნ–ი კვლავ ფეხზე დგას ავტომატით შეიარაღებული, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მისი მხრიდან ჯ. ქ–ის დაზიანების საფრთხე კვლავაც არსებობს და იმწუთიერია. აღნიშნული მსჯელობა არ ეყრდნობა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. მოვლენები თუკი, ამდაგვარად განვითარდა, რა შეუშლიდა ხელს ნ. ნ–ს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა ჯ. ქ–ისათვის. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ნ. ნ–ის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ბოლო გაწმენდის შემდეგ სროლა ნაწარმოები არ არის. კასატორმა თავისი პოზიციის დასასაბუთებლად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯ. ქ–ის გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ჯ. ქ–ის ყოფნა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოების – აუცილებელი მოგერიების – მდგომარეობაში და დაზარალებულთან მიმართებით, მის ქმედებაში არ გამოკვეთილა თავდაცვის აშკარა შეუსაბამობა თავდასხმის ხასიათსა თუ საშიშროებასთან.
5.3. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეებს შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს ჯ. ქ–ის მიერ ნ. ნ–ისათვის სანადირო თოფით ცეცხლნასროლი დაზიანებების მიყენების ფაქტი, რის შედეგადაც დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დაცვის მხარეს აღნიშნული სადავოდ სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე გაუხდია და უტყუარადაა დადასტურებული სასამართლო-სამედიცინო, ბალისტიკური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, ექსპერტთა ჩვენებებითა და მოწმეთა – ზ. ა–ის, ს. და პ. ქ–ების მიერ მიწოდებული ინფორმაციით. ხსენებული მოწმეები მართალია, შემთხვევის ფაქტს არ შესწრებიან, თუმცაღა გაიგონეს ორი გასროლის ხმა, რის შემდეგაც მალევე ნახეს ჯ. ქ–ე, სანადირო თოფით, მან განუცხადა, რომ მოკლა ნ. ნ–ი და პირველივე შესაძლებლობისთანავე უნდა დაერეკა „112-ში“ და შეეტყობინებინა მომხდარის შესახებ.
5.4. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი შეეხება ჯ. ქ–ის ქმედების კვალიფიკაციას, კერძოდ, კასატორის პოზიციით გამართლებული მოქმედებდა შურისძიების მიზნით, მოკვლის განზრახვით და მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოების – აუცილებელი მოგერიების – ნიშნები არ იკვეთება. აღნიშნულს ბრალდების მხარე ასაბუთებს დანაშაულის ჩადენის ხერხითა და საშუალებით, დანაშაულის იარაღით, დაზიანებათა რაოდენობით, ხასიათითა და მათი ლოკალიზაცით.
5.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
5.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, ბრალდებული არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა, ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლეოდეს (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის №527აპ-17 განაჩენის სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 29).
5.7. საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას.
5.8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აუცილებელი მოგერიება შესაძლებელია როგორც საკუთარი, ასევე სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. აუცილებელი მოგერიების დროს თავდასხმა უნდა იყოს ობიექტურად საშიში და მომგერიებელს სუბიექტურად უნდა ჰქონდეს თავდაცვის და არა შურისძიების მიზანი. აღნიშნული გამოიხატება უკიდურეს მდგომარეობაში, უკიდურესობით გამოწვეულ მოქმედებასა და თავდაცვის სურვილში. ხელყოფა, გარდა იმისა, რომ უნდა იყოს რეალური, იგი უნდა იყოს ასევე მართლსაწინააღმდეგო, იმწუთიერი, რელევანტური, ანუ, სოციალურად მნიშვნელოვანი და სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით განხორციელებული. იმისათვის, რათა სახეზე გვქონდეს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება (აუცილებელი მოგერიება), გადაცილებული არ უნდა იქნეს აუცილებელი მოგერიების ფარგლებს.
5.9. საკასაციო სასამართლოს სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით მიაჩნია, ნ. ნ–ის მიერ ჯ. ქ–ეზე განხორციელებული თავდასხმა იყო რეალურად საშიში და მომგერიებელ ჯ. ქ–ეს ობიექტურად ჰქონდა თავდაცვის მიზანი, ვინაიდან ნ. ნ–ი მომარჯვებული იყო საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ავტომატით, რასაც წინ უძღოდა შეძახილი და მუქარა, რაც ადასტურებს თავდასხმის მართლსაწინააღმდეგობას, ასევე – მის რეალურ და იმწუთიერ ხასიათს.
5.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულის მხრიდან თავდასხმას ჰქონდა უწყვეტი ხასიათი და სწორედ ამიტომ, გაისროლა მეორედ ჯ. ქ–ემ, რაც წარმოადგენდა უკიდურესობით გამოწვეულ მოქმედებას, იყო რელევანტური და განხორციელებული სამართლებრივი სიკეთის – ჯანმრთელობის/სიცოცხლის დაცვის სურვილით. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ობიექტურად სახეზე, ასევე არ არის ჯ. ქ–ის ქმედებაში აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილება, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში თავდაცვის ხასიათი შეესაბამება თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჯ. ქ–ის მიერ პირველი გასროლის შემდეგ დაჭრილი ნ. ნ–ი კვლავ ფეხზე იდგა, აღნიშნული დაადასტურა ექსპერტმა გ. კ–მა, რომელმაც ჩვენების დროს განმარტა, რომ, სხვა შემთხვევაში, ჭრილობების ტრაექტორია და მიმართულება განსხვავებული იქნებოდა. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ავტომატით მომარჯვებული, თუნდაც დაჭრილი ნ. ნ–ი, კვლავ საფრთხისშემცველი იყო ჯ. ქ–ისთვის, ვინაიდან ნებისმიერ დროს შეეძლო საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ავტომატიდან გაესროლა ჯ. ქ–ის მიმართულებით. გ. ფ–მა ჩვენების მიცემისას დაადასტურა, რომ მის მიერ მოხდა ავტომატური იარაღის განმუხტვა, ავტომატს ეკეთა მჭიდი, რომელშიც ჩადის 30 ტყვია, 29 ტყვია იყო მჭიდში, ხოლო ერთი ტყვია იყო გადასული ლულაში. მოწმის ჩვენებით, იარაღი იყო მომზადებული გასასროლად, რადგან ავტომატურ იარაღში ტყვია მჭიდიდან თავისით არ გადადის ლულის არხში, ხოლო ნანახი ავტომატის ე.წ. ლულის სავაზნეში ნამდვილად იყო ტყვია. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ჯ. ქ–ე და ნ. ნ–ი ოჯახებით მეგობრობდნენ, მათ შორის იყო ნათესაური კავშირი – იყვნენ ნათელმირონები. ჯ. ქ–ეს გარდაცვლილის ოჯახის წევრები დადებითად ახასიათებენ, ხოლო მათ შორის რაიმე სახის დაპირისპირებაზე არცერთი მხარე საუბრობს. დაზარალებულის უფლებამონაცვლემ და ნ. ნ–ის მეუღლემ გარდაცვლილი ალკოჰოლური თრობის დროს კონფლიქტურ პიროვნებად დაახასიათეს და განმარტეს, რომ ნასვამ მდგომარეობაში, ხშირად ჰქონია კონფლიქტი, რის გამოც, დაზარალებული ცდილობდა, აღარ დაელია ალკოჰოლური სასმელი. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ნ. ნ–ის გვამიდან აღებულ სისხლში კი აღმოჩნდა 1,11% ეთილის სპირტი.
5.11. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ჯ. ქ–ის მიერ განმარტებულ გარემოებებს კიდევ უფრო მეტად სარწმუნოს და დამაჯერებელს ხდის.
5.12. სისხლის სამართლის პროცესში მხარეები აღჭურვილნი არიან შეჯიბრებითობის უფლებით, რა დროსაც დაცვის მხარე ბრალდების მხარესთან თანასწორად უფლებამოსილია მოიპოვოს და წარადგინოს სასამართლოში მისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულება. ზემოაღნიშნული პრინციპის იმპერატიული მოთხოვნები დაირღვევა თუ არ იარსებებს რეალური შესაძლებლობა, ბრალდებულმა გავლენა მოახდინოს პროცესზე – მისი ხმა/პოზიცია მოსმენილი და შეპირისპირებული იყოს სხვა მტკიცებულებებთან. ამასთან, სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვევა, თუკი ბრალდებულს არ მიეცემა ეფექტური შესაძლებლობა, შეეწინააღმდეგოს სადავო მტკიცებულებების გამოყენებას მის წინააღმდეგ და გაასაჩივროს ის გარემოებები, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს მისი მსჯავრდება საეჭვო მტკიცებულებების საფუძველზე.
5.13. ბრალდების მხარის შეფასება, რომლის თანახმადაც, ჯ. ქ–ე მოქმედებდა ნ. ნ–ის მოკვლის განზრახვით, არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებების შედეგად. მაშინ, როდესაც საქმეზე არ არის ფაქტის თვითმხილველი ნეიტრალური მოწმე და ერთადერთი პირი, რომელიც შეესწრო ფაქტს, არის ჯ. ქ–ე, სასამართლო უნდა დაეყრდნოს ისეთ ნეიტრალურ მტკიცებულებებს, როგორებიცაა სასამართლო-სამედიცინო, ბალისტიკური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, ვიდეოჩანაწერები (არსებობის შემთხვევაში) და სხვა. სწორედ ამგვარი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითოს, თუ რომელი მხარის პოზიციას განამტკიცებს ისინი.
5.14. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ყველა ნეიტრალური მტკიცებულება, მათ შორის – ექსპერტიზის დასკვნები, ექსპერტთა, მოწმეთა ჩვენებები და გამოკითხვის ოქმები – საქმისათვის მნიშვნელოვან დეტალებთან დაკავშირებით, უპირისპირდება კასატორის პოზიციას. აღნიშნული წინააღმდეგობები, ბრალდებულის განმარტების გათვალისწინებით, კიდევ უფრო სარწმუნოდ წარმოაჩენს ჯ. ქ–ის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნას, მით უფრო, მაშინ, როდესაც დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე, გარდა დაზარალებულისა და გამართლებულისა, სხვა არავინ იმყოფებოდა.
5.15. საკასაციო სასამართლო ყურადღების მიღმა ვერ დატოვებს გასროლის შემდგომ ჯ. ქ–ის ქმედებებს, კერძოდ: „112-დან“ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმითა და ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 20.04.2023 წელს 12:51 საათზე, ჯ. ქ–ე კუთვნილი ტელეფონის ნომრიდან რეკავს გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრ „112-ში“. ოპერატორს ეუბნება, რომ უკავშირდება თ–დან, სოფელ ჭ–დან, ახსენებს საკუთარ სახელსა და გვარს – ჯ. ქ–ეს – და ეუბნება, რომ კაცი შემოაკვდა, რომელიც შეუვარდა ეზოში და რომელიც მოკლა. ითხოვს დახმარებას, როგორც გარდაცვლილისთვის, ასევე – თავის თავისთვის. ოპერატორის შეკითხვაზე, როდის მოკლა, ჯ. ქ–ე პასუხობს, რომ მკვლელობა ერთი საათის წინ მოხდა, ჯ. ქ–ის სახლის ეზოში და ადგილზე ელოდება დახმარებას. ჯ. ქ–ე ოპერატორს უმეორებს, რომ მკვლელობა მოხდა მისი სახლის ეზოში, ერთი საათის წინ, სანადირო თოფის გამოყენებით. ოპერატორის შეკითხვაზე – პიროვნება შეუვარდა და შემოაკვდა? ჯ. ქ–ე ადასტურებს და ამატებს, რომ მის დახვრეტას აპირებდა. ჯ. ქ–ის მხრიდან სამართალდამცავი ორგანოებისათვის, პირველი შესაძლებლობისთანავე, ჩაბარების სურვილი, დაადასტურებულია ასევე მოწმე ზ. ა–ის გამოკითხვის ოქმით, რომელმაც ჯ. ქ–ე შემთხვევიდან მალევე ნახა. გამართლებულმა განუმარტა, რომ პირველი შესაძლებლობისთანავე უნდა დაერეკა „112-ში“, რათა ჩაჰბარებოდა პოლიციას.
5.16. ამდენად, ნათელია, რომ ჯ. ქ–ე შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა, დანაშაულის იარაღი თავიდან არ მოუშორებია, ნაცვლად ამისა, წარუდგინა სამართალდამცავებს, აღიარა ჩადენილი და ითანამშრომლა გამოძიებასთან, შესაბამისად, არაფრით დასტურდება, რომ ჯ. ქ–ეს სურდა ნ. ნ–ის მკვლელობა, რომელთანაც მეგობრობდა და რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა.
5.17. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ჯ. ქ–ემ მეორედ გაისროლა მიბჯენით, ვინაიდან ექსპერტმა ზ. გ–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ვერაფერს იტყვის იმაზე, რა დაშორება იყო ორ ადამიანს შორის. შესაძლებელია, ზოგადად, რომ ადამიანი თვითონ მივიდეს, მიუახლოვდეს, დაეცეს, ანდა მიებჯინოს თოფის ლულას, თუმცა, ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, მას შეუძლია მხოლოდ იმის თქმა, რომ ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანების მიყენების მომენტში, ცეცხლსასროლი იარაღის ლულის სიგრძივი ღერძი და ნ. ნ–ის გვამზე არსებული ცეცხლსასროლი ჭრილობის არხი მდებარეობდა ერთ საპროექციო ხაზზე და ნეკერაულის ჭრილობის არხი წარმოადგენდა ცეცხლსასროლი იარაღის ლულის გაგრძელებას, ხოლო სად, რამდენად ახლოს იდგა რომელიმე პიროვნება, ან როგორ მდგომარეობაში, ზუსტად ამის თქმა არ შეუძლია. ამასთან, ბრალდების მხარის პოზიცია, რომ აივნიდან სროლის შემთხვევაში ჭრილობის მიმართულება იქნებოდა არა ჰორიზონტალურად, არამედ ზევიდან ქვევით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და თანდართული ფოტოსურათებით დადასტურებულია, რომ ეზოში, ანუ შემთხვევის ადგილზე, დგას ერთსართულიანი სიპი ქვით აშენებული სახლი, რომლის აივანი მიწისგან მცირედით არის დაშორებული. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და თანდართული ფოტოსურათებით, ეზოში განთავსებული ერთსართულიანი სახლის აივნის სიმაღლის და ნ. ნ–ის გვამის მდებარეობის გათვალისწინებით, არ გააჩნია საფუძველი ექსპერტების ზ. გ–სა და გ. კ–ს ჩვენებებში დაეჭვების.
5.18. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დაასკვნა, რომ განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული.
5.19. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.20. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი კახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ვლადიმერ ბექიშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე