დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 05.06.2025
საქმის ნომერი
2კ-83-I-25
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
05.06.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330802225011512249

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №83I-25 ქ. თბილისი

ი. ა. , 83I-25 5 ივნისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ი-ს (A. Y.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 19 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ი-ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

2013 წლის 26 აპრილს, თურქეთის რესპუბლიკის ქ. ა-ს მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ა. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის No5237 სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ნარკოტიკული ნივთიერებების მიწოდება და რეალიზაცია). აღნიშნული განაჩენით ა. ი-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 7 თვის ვადით;

2018 წლის 3 აპრილს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

2. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:

2013 წლის 26 აპრილის განაჩენის მიხედვით: 2011 წლის 15 აგვისტოს, ა. ი-მა და მისმა თანამზრახველებმა, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ა. ი-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მოახდინეს ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანას” კულტივირება. კულტივირებული ნარკოტიკული საშუალება ა. ი-მა და ჯგუფის სხვა წევრებმა გაამზადეს სარეალიზაციოდ, რის შემდეგაც, დანაშაულებრივი ქმედება გამოავლინეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა.

3. ა. ი-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2021 წლის 26 აპრილს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ა. ი-ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები;

2023 წლის 11 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. ი.;

2023 წლის 12 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ა. ი-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო – 25 000 ლარის ოდენობით და იგი იმავე დღეს გათავისუფლდა საექსტრადიციო პატიმრობიდან.

4. 2025 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა – თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა ა. ი.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, შუამდგომლობაში მითითებული განაჩენების აღსრულების მიზნით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 19 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა.

დასაშვებად იქნა ცნობილი ა. ი-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ნარკოტიკული ნივთიერებების მიწოდება და რეალიზაცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, აღნიშნული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ. ართვინის მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2013 წლის 26 აპრილს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ი-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. კ. საკასაციო საჩივრით მოითხოვს ექსტრადიციის საკითხის განხილვის გადავადებას გონივრული ვადით, შემდეგი საფუძვლებით: ადვოკატის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება უსამართლოა, რადგან ა. ი. 14 წელია, რაც საქართველოში ცხოვრობს, აქვე ჰყავს: მეუღლე, რომელიც საქართველოს მოქალაქეა და საქართველოშივე დაბადებული მცირეწლოვანი შვილი. ექსტრადიციის შემთხვევაში, ა. ი. ვეღარ შეძლებს მეუღლესა და შვილთან ურთიერთობას; თურქეთის რესპუბლიკაში გამოტანილი განაჩენით, გაურკვეველია, თუ რისთვის ედება ბრალი ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს, მას უსაფუძვლოდ სდებენ ბრალს სხვა პირთა მიერ მის მიწის ნაკვეთზე მარიხუანის დათესვისათვის. ამჟამად ა. ი-ს ერთადერთი იმედია თურქეთის რესპუბლიკაში ამნისტიის აქტის გამოცემა, რასაც ორი თვის ვადაში ვარაუდობენ.

7. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. კ-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.

8. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა, თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა თავისი პოზიცია საკასაციო საჩივართან მიმართებით, ხოლო დაცვის მხარეს რაიმე სახის ახალი მტკიცებულება თუ ინფორმაცია არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. თურქეთის რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. ი. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2023 წლის 11 დეკემბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. კასატორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უსამართლოა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხიდან გამომდინარე, კერძოდ, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოში გააჩნია ოჯახური კავშირები, ჰყავს მეუღლე, რომელიც საქართველოს მოქალაქეა და ასევე საქართველოში დაბადებული შვილი. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებულ მოსაზრებას შემდეგ გარემოებათა გამო:

5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no. 9742/07, ECtHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, ECtHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95,ECtHR). ამდენად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში გახდეს.

6. მოცემულ შემთხვევაში, საექსტრადიციო მასალების თანახმად, ა. ი. არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, იგი ასევე არ ითვლება საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ა. ი-ს საქართველოში მცხოვრებ მეუღლესა და შვილს, იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთის რესპუბლიკა არის საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფო და ორ ქვეყანას შორის მოქმედებს უვიზო რეჟიმი, შესაძლებლობა ექნებათ, ბიუროკრატიული და შორი მგზავრობით გამოწვეული დაბრკოლებების გარეშე, იმოგზაურონ თურქეთის რესპუბლიკაში ა. ი.ს მოსანახულებლად.

7. სასამართლო მხედველობაში აგრეთვე იღებს ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათსა და ლეგიტიმურ მიზანს, კერძოდ, იმ გარემოებას, რომ ა. ი-ს 2013 წლის 26 აპრილის განაჩენით დადგენილი ქმედებები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შეესაბამება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.

8. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v. Belgium, no.140/10, par.11, ECtHR, 04/09/2014; Soering v. UK, §86 ECtHR, 07/07/1989).

9. მითითებულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. ი-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ უფლებებს.

10. დაცვის მხარის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ თურქეთის რესპუბლიკაში გამოტანილი განაჩენით, გაურკვეველია, თუ რისთვის ედება ბრალი ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს და რომ მას უსაფუძვლოდ სდებენ ბრალს სხვა პირთა მიერ ჩადენილი ქმედებებისათვის, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ექსტრადიციის პროცესში ექსტრადიციის განმახორციელებელ სახელმწიფოს არა აქვს უფლებამოსილება, იმსჯელოს პირის ბრალეულობაზე, ვინაიდან იმ პირის ბრალეულობა, ვის მიმართაც წარმოდგენილია ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მოქმედი საერთაშორისო და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი, ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას.

11. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას (Soering v. the United Kingdom, no.14038/88, §91, ECtHR, 7/07/1989). ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (Mamatkulov and Askarov v. Turkey, no.46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no. 69235/11, §58, ECtH 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no.36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).

12. განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში არ უთითებს სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრულ ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებზე, აგრეთვე, თურქეთის რესპუბლიკაში ა. ი.ს მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევის რეალური საფრთხის არსებობის შესახებ, ამასთან, მსგავსი ინფორმაცია არც საქმის მასალების შესწავლის შედეგად არ დასტურდება. რაც შეეხება დაცვის მხარის განმარტებას, რომ ა. ი. თურქეთის რესპუბლიკაში ამნისტიის შესახებ აქტის შესაძლო გამოცემას ელოდება, მითითებული გარემოება არ წარმოადგენს ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის განხილვის გონივრული ვადით გადავადების სამართლებრივ საფუძველს.

13. გარდა აღნიშნულისა, საქართველოს პროკურატურამ ა. ი-ს შესახებ ინფორმაცია მოიძია ინტერნეტის ყველაზე მოხმარებად საძიებო სისტემებში (google.com, bing.com, yahoo.com), თუმცა მისი უფლებების დარღვევის ან/და დევნის მანიშნებელი რაიმე ინფორმაცია არ მოიძებნა. ინტერნეტის ღია წყაროებში ინფორმაციის მოძიება ერთ-ერთი მზარდად გამოყენებადი მეთოდია პირის მიმართ უცხო სახელმწიფოში დევნის დასადასტურებლად. როგორც წესი, დევნის დამადასტურებელი ფაქტების შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ავრცელებენ.

14. საკასაციო სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევების პრევენციის კუთხით. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ხსენებული მექანიზმები ერთობლივ, მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.

15. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული, ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).

16. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „საფუძველი ვარაუდისათვის“, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ა. ი. დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფისა და დევნის რისკი.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 19 მაისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ი-ს (A. Y.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ იზა კალატოზიშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 19 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი