დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 05.06.2025
საქმის ნომერი
2კ-85-I-25
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
05.06.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330802225011512266

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №85I-25 ქ. თბილისი

გ. ჯ., 85I-25 5 ივნისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჯ. გ.ს (G. G) ინტერესების დამცველის, ადვოკატების – ქ. ე-სა და ს. ს-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 20 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჯ. გ-ს მიმართ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

2023 წლის 4 სექტემბერს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბ-ს ადგილობრივი სასამართლოს მიერ გამოცემულია ჯ. გ.ს დაკავების ბრძანება, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 129 (1) (5) მუხლით (კრიმინალური დაჯგუფების ჩამოყალიბება) და 25-ე მუხლის II ნაწილთან ერთობლივად 263-ე მუხლის I ნაწილითა და მე-3 ნაწილის მე-2 წინადადების (1) (5) პუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის;

2023 წლის 20 სექტემბრიდან ჯ. გ. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის არხებით.

2. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:

2018 წლის 5 ოქტომბრიდან 2021 წლის 27 ივლისამდე პერიოდში, ჯ. გ., როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი, თანამზრახველებთან ერთად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით ეუფლებოდა სხვის ქონებას. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ჯ. გ. და მისი თანამზრახველები ამუშავებდნენ სხვადასხვა ონლაინ საინვესტიციო პლატფორმას. ამასთან, აღნიშნული ონლაინ პლატფორმების, ისევე, როგორც ი-სა და ბ-ს რესპუბლიკაში მდებარე, სულ მცირე, ორი ქოლცენტრის ოპერირებით, დაზარალებულებს არწმუნებდნენ, განეხორციელებინათ ინვესტიციები მითითებულ პლატფორმებზე და აწვდიდნენ განზრახ არასწორ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ხდებოდა მათი ინვესტიციების დაბანდება. რეალურად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები ფულადი თანხის ინვესტირებას არ ახდენდნენ და წინასწარი განზრახვის შესაბამისად, მართლსაწინააღმდეგოდ ისაკუთრებდნენ დაზარალებულთა ფულად თანხებს.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, ჯ. გ.მ და ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებმა 398 დაზარალებულს მიაყენეს, ჯამურად, დაახლოებით, 21 000 000 ევროს ოდენობის მატერიალური ზიანი. აღნიშნული თანხიდან 16 365 674.60 ევრო თაღლითურად იქნა დაუფლებული ჯ. გ-ს აქტიური ჩართულობითა და უშუალოდ მის მიერ ჩადენილი ქმედებების შედეგად.

3. ჯ. გ-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2025 წლის 7 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჯ. გ.;

2025 წლის 8 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ჯ. გ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით, შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა – 3 თვით;

2025 წლის 26 მარტს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ჯ. გ-ს, ექსტრადიციის თაობაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები;

ამჟამად, ჯ. გ. მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის N... პენიტენციურ დაწესებულებაში.

4. 2025 წლის 15 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა – თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა ჯ. გ-ს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბ-ს ადგილობრივი სასამართლოს მიერ 2023 წლის 4 სექტემბერს გაცემულ ჯ. გ-ს დაკავების ბრძანებაში და დასჯადია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 129 (1) (5) მუხლით (კრიმინალური დაჯგუფების ჩამოყალიბება) და 25-ე მუხლის II ნაწილთან ერთობლიობაში 263-ე მუხლის I ნაწილითა და მე-3 ნაწილის მე-2 წინადადების (1) (5) პუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში).

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 20 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა.

დასაშვებად იქნა ცნობილი ჯ. გ-ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბ-ს ადგილობრივი სასამართლოს მიერ 2023 წლის 4 სექტემბერს გაცემულ ჯ. გ-ს დაკავების ბრძანებაში და დასჯადია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 129 (1) (5) მუხლით (კრიმინალური დაჯგუფების ჩამოყალიბება) და 25-ე მუხლის II ნაწილთან ერთობლივად 263-ე მუხლის I ნაწილითა და მე-3 ნაწილის მე-2 წინადადების (1) (5) პუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში).

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჯ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები – ქ. ე. და ს. ს. საკასაციო საჩივრით მოითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 20 მაისის განჩინების გაუქმებას, შემდეგი საფუძვლებით: კასატორებს მიაჩნიათ, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში, დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლები, ჯ. გ.ს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დაემუქრება საფრთხე, რასაც ასაბუთებენ იმ გარემოებით, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი ი-ს სახელმწიფოს მოქალაქეა. იგი ი-ს სამხედრო ძალებში 2014 წლიდან ირიცხება და მათ შორის, მონაწილეობდა ,,ჰამასის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში განსაკუთრებით 2023 წლის 7 ოქტომბერს ი-ზე ,,ჰამასის” მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მკვეთრად მოიმატა მუსლიმანური რელიგიის მქონე მოსახლეობის მხრიდან ანტისემიტური შემთხვევების რაოდენობამ. ამასთან, ანტისემიტურ განწყობებს აქვს არა ცალკეული, არამედ სისტემატური და მასშტაბური ხასიათი; გარდა ამისა, კასატორები ვრცლად მიმოიხილავენ ჯ. გ.ს მიმართ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში წარდგენილ ბრალდებას, და მიიჩნევენ, რომ საქმის მასალებით არ დგინდება ჯ. გ.ს ქმედებაში რაიმე დანაშაულებრივი როლი; ამასთან, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ ჯ. გ.ს მიმართ ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით დაგვიანებით გამოაცხადა, ხოლო მისი გადაცემა მოითხოვა არა უშუალოდ ისრაელის სახელმწიფოსგან, ჯ. გ-ს ი-ში ყოფნის პერიოდში, არამედ – საქართველოს რესპუბლიკისგან, რაც ასევე დარღვევად მიაჩნიათ.

7. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჯ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატების – ქ. ე-სა და ს. ს-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.

8. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა, თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა თავისი პოზიცია საკასაციო საჩივართან მიმართებით, ხოლო დაცვის მხარემ შუამდგომლობა, რომ საქმე განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორის მოთხოვნა საკასაციო საჩივრების ზეპირი მოსმენით განხილვასთან დაკავშირებით, რათა დაცვის მხარეს მიეცეს შესაძლებლობა, ზეპირად დაასაბუთოს მისი საჩივარი, რამეთუ მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარში გაცხადებული საკითხები არ საჭიროებს საქმის ფაქტობრივი გარემოებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევას, მით უფრო, როდესაც საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტლების მიღებამდე, საკასაციო სასამართლომ მხარეებს მისცა შესაძლებლობა, წარმოედგინათ დამატებითი არგუმენტები მათი პოზიციების დასადასტურებლად თუ საპროცესო მოწინააღმდეგის მტკიცების გასაბათილებლად, რის კვალდაკვალ, საკასაციო სასამართლოში, დაცვის მხარეს დამატებითი არგუმენტაცია აღარ წარმოუდგენია.

2. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

3. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

4. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჯ. გ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2025 წლის 7 მარტს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

5. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში, დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლები, ხოლო ჯ. გ.ს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დაემუქრება საფრთხე, ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით. აღნიშნულის დასადასტურებლად კასატორები საკასაციო საჩივარში უთითებენ სხვადასხვა ინტერნეტსაიტებსა და ინტერნეტგაზეთებში განთავსებულ სტატიებს, გერმანიის უნივერსიტეტების ანგარიშებსა და კვლევებს, რომლებზე დაყრდნობითაც, ცდილობენ ჯ. გ-ს უფლებათა დარღვევის რისკის წარმოჩენას.

6. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას (Soering v. the United Kingdom, no.14038/88, §91, ECtHR, 7/07/1989). ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას. ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება (J.K. and others v. Sweden, no. 59166/12, §91,96, ECtHR, 23/08/2016; Saadi v. Italy, no.37201/06, §129, ECtHR, 28/02/2008).

8. დაცვის მხარეს სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე წარმოუდგენია რაიმე კონკრეტული მტკიცებულება ანდა სარწმუნო ინფორმაცია, რაც დაადასტურებდა, რომ ჯ. გ. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იდევნება რაიმე ნიშნით ან, ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს მისი უფლებების დარღვევის, არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. დაცვის მხარე შემოიფარგლება მხოლოდ ზეპირი განცხადებებითა და ზოგადი განმარტებებით. ექსტრადიციის შემთხვევაში, დევნის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხის არსებობა უნდა დადასტურდეს მტკიცების სტანდარტით, რაც გულისხმობს კონკრეტულ, უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ დევნისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხეების შესახებ მტკიცებულებების წარმოდგენას. აღნიშნულის საპირისპიროდ, დაცვის მხარე აპელირებს და იშველიებს ზოგადი ხასიათის ინფორმაციას, კასატორების მიერ მითითებული მასალები არ უკავშირდება ჯ. გ-ს და, ამდენად, არარელევანტურია ექსტრადიციის შემთხვევაში, მისი უფლებების დარღვევის სამტკიცებლად.

9. გარდა ამისა, არც კასატორთა მიერ და არც ღია წყაროებში მითითებული მასალებით დასტურდება ის ფაქტიც, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ანტისემიტურ განწყობებსა და აღნიშნულიდან გამომდინარე, ძალადობრივ ქმედებებს სისტემატური ხასიათი გააჩნია. ასევე საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ჯ. გ.მ კონკრეტული პირების მხრიდან მომდინარე საფრთხის ანდა განხორციელებული არამართლზომიერი ქმედებების თაობაზე მიმართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და მათ მოახდინეს არაეფექტური რეაგირება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას. ამდენად, საკასაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, აღნიშნავს, რომ ცალკეული ანტისემიტური ინციდენტები, თუ სხვადასხვა მოტივაციით ჩადენილი ძალადობრივი აქტები, რომლებიც ზოგადი ხასიათისაა და არ უკავშირდება ჯ. გ.ს, არ გულისხმობს, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას და არ არის საკმარისი მისი უფლებების დარღვევის საფრთხეების სამტკიცებლად.

10. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე (Mamatkulov and Askarov v. Turkey, no. 46827/99 and no. 46951/99, § 73, 04.02.2005).

11. მხედველობაშია მისაღები, აგრეთვე ის გარემოება, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოა. თავის მხრივ, ევროპის კავშირს სახელმწიფოს წევრობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ, აქვს მეტად მკაცრი კრიტერიუმები (ცნობილია, როგორც ,,კოპენჰაგენის კრიტერიუმები”), რომლის თანახმად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უნდა გააჩნდეთ ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვას. ამასთან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიმართ არ გამოთქმულა რაიმე მნიშვნელოვანი კრიტიკა ადამიანის უფლებების სისტემური ან მასშტაბური დარღვევის კუთხით. ამდენად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა წარმოადგენს „უსაფრთხო სახელმწიფოს“, რომელშიც ექსტრადიცია, ზოგადად, არ ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკს. გარდა ამისა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა აგრეთვე წარმოადგენს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოს. თავის მხრივ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული შესაბამისი ევროპული მექანიზმების გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no. 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).

12. სასამართლო ითვალისწინებს იმასაც, რომ გადაცემას ითხოვს ევროპული კონვენციის წევრი ქვეყანა „რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს (Zarmayev v. Belgium, no 35/10, §113, ECtHR,27/02/2014; Gasayev v. Spain, no. 48514/06, ECtHR, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v. Slovakia, no. 21022/08; 51946/08, ECtHR, 14/09/2010) და ექვემდებარება საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლების დაცვის მონიტორინგს საერთაშორისო ინსტრუმენტების (როგორც ევროპის საბჭოს, ასევე გაეროს ფარგლებში) მეშვეობით.

13. ამდენად, არ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ჯ. გ.ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, იგი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან მის სიცოცხლეს შეექმნება საფრთხე.

14. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ასევე შეისწავლა ჯ. გ.ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევის რისკი.

15. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის გადაწყვეტილებამ გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია მართლაც წარმოშვას საკითხი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, როდესაც მიმღებ სახელმწიფოში პირი დგას მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის წინაშე. მაგრამ ,,მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარი“ გულისხმობს დარღვევებს, რომლებიც იმდენად ფუნდამენტური ხასიათისაა (Sejdovic v. Italy [GC], no. 56581/00, § 84, ECtHR; Stoichkov Stoichkov v. Bulgaria, no. 9808/02, §56, ECtHR, 25/03/2005; Drozd and Janousek v. France and Spain, §110, ECtHR, 26/06/1992), რომ შეიძლება გამოიწვიოს მე-6 მუხლით დაცული უფლების ან მისი არსის გაუქმება (Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, no. 8139/09, §259, ECtHR, 17/01/2012) და არა მარტივი პროცედურული ხარვეზები. ექსტრადიციის შემთხვევაში მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის რეალურობის მტკიცების ვალდებულება ეკისრება კასატორს, რომელმაც უნდა წარმოადგინოს აღნიშნული საფრთხის დამადასტურებელი კონკრეტული და სარწმუნო მტკიცებულებები (Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, no. 8139/09, § 261, ECtHR, 17/01/2012).

16. კასატორები საკასაციო საჩივარში არ უთითებენ საფრთხის არსებობის ან/და რეალურობის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებაზე. დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია კონკრეტული მტკიცებულება, რაც ჯ. გ.ს მიმართ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა ან იქნებოდა „არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის“, რომ, ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურამ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ მოიპოვა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

17. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ ჯ. გ-ს ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობა არ იკვეთება, მისი წითელი ცირკულარით ძებნა გვიან გამოცხადდა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ჯ. გ.ს ექსტრადიცია ისრაელის სახელმწიფოსგან უნდა მოეთხოვა – საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, აღნიშნავს, რომ საექსტრადიციო საქმის მასალებში სრულად არის წარმოდგენილი ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მე-12 მუხლით გათვალისწინებული ყველა სათანადო დოკუმენტი და ინფორმაცია, მათ შორის, ინფორმაცია სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, კვლავაც იმეორებს, რომ ექსტრადიციის პროცესში ექსტრადიციის განმახორციელებელ სახელმწიფოს არ აქვს უფლებამოსილება, იმსჯელოს პირის ბრალეულობაზე (მათ შორის, იმ გარემოებაზე, თუ როდის შეიძინა პირმა ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა, თუ მსჯავრდებულის სტატუსი, როდის გამოცხადდა პირზე ძებნა, ასევე არ ახდენს მიღებული განაჩენის გადასინჯვას მისი დასაბუთებულობის ან/და კანონიერების კუთხით და ა.შ.), ვინაიდან იმ პირის ბრალეულობა, ვის მიმართაც წარმოდგენილია ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა, საქართველოს რესპუბლიკასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის მოქმედი საერთაშორისო და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი ექსტრადიციის დასაშვებობის გადაწყვეტისას, ისევე, როგორც – ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოსგან ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობის გაგზავნის დროის საკითხი. სასამართლო ექსტრადიციის დასაშვებობის განხილვისას ამოწმებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობას (იხ. მაგალითად: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები საქმეებზე: №402I-21; №453I-21).

18. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს ექსტრადიციის განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოებების ამომწურავ ჩამონათვალს; მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში არ მოიპოვება ევროპული კონვენციით და აღნიშნული კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობის რომელიმე საფუძველი.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 20 მაისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჯ. გ-ს (G. G.) ინტერესების დამცველის, ადვოკატების – ქ. ე-სა და ს. ს-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 20 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი