ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 18.06.2025
საქმის ნომერი
2კ-88-I-25
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
18.06.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №88I-25 თბილისი

ც-ი გ., 88I -25 18 ივნისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ც-ის საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 30 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის განაჩენით გ. ც-ი (პ/ნ -- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, ხოლო, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი; მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების თანახმად, დამატებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 6000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, გ. ც-ს დამატებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ქონების ჩამორთმევა, კერძოდ, ჩამოერთვა 9000 ლარად ღირებული 100 ბლოკი (1000 კოლოფი) სიგარეტი, დასახელებით – „Manchester black“ და 100 ბლოკი (1000 კოლოფი) სიგარეტი, დასახელებით – „Dubao red“, ქართული აქციზური მარკის გარეშე. გ. ც-ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2023 წლის 11 მაისიდან იმავე წლის 13 მაისის ჩათვლით.

2. 2024 წლის 17 სექტემბერს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის პრობაციის ეროვნული ბიუროდან ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაიგზავნა მსჯავრდებულ გ. ც-ის პირადი საქმე, ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით.

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 30 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ც-ს უარი ეთქვა ამნისტიის გამოყენებაზე და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 30 აპრილის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ც-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მის მიმართ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათი საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლით განსაზღვრული სასჯელის განახევრების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა წარმოდგენილი საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა (გ. ც-მა საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2023 წლის 11 მაისს).

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, დანიშნული სასჯელი გაუნახევრდება თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, ხოლო, მოცემული პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

4. კასატორი საჩივარში უთითებს, რომ მისთვის არავის უცნობებია დაზარალებულის თანხმობის წარმოდგენის შესახებ, თუმცა საქმეშია ახალციხის რაიონული სასამართლოს სხდომის მდივნის – ი. ი-ის – აქტი, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერში (ზუსტი თარიღი არ არის დაფიქსირებული) სხდომის მდივანი ტელეფონით დაუკავშირდა გ. ც-ის მეუღლეს – ნ. ც-ს და აცნობა, რომ გ. ც-ს 6 თვის ვადაში უნდა წარმოედგინა დაზარალებულის თანხმობა, რათა მსჯავრდებულის მიმართ გავრცელებულიყო ამნისტიის შესახებ კანონი. ნ. ც-მა სხდომის მდივანს განუმარტა, რომ საუბრის შინაარსს გადასცემდა მეუღლეს.

5. განსახილველი საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში შემოსვლის მომენტისათვის დაზარალებულის თანხმობა მის მიმართ ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენების თაობაზე არ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, გამოირიცხება დასახელებული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სასჯელის განახევრების შესაძლებლობა, თუმცა ეს გარემოება მსჯავრდებულს არ უსპობს ამნისტიის კანონით გათვალისწინებული სხვა შეღავათით სარგებლობის უფლებას.

6. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

7. შესაბამისად, გ. ც-ს საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით – უნდა შეუმცირდეს 1/6-ით.

8. მსჯავრდებულ გ. ც-ს სასჯელი უმცირდება 6 თვით. ზემოხსენებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს, რომ პირს, რომელიც პირობით მსჯავრდებულია XII თავის შესაბამისად (ე.ი. მათ შორისაა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლები) და რომელსაც დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა, მოცემული ამნისტიის კანონის მე-2−მე-4 მუხლების თანახმად, 1 წელზე ნაკლები ვადით უმცირდება, ამ მუხლის საფუძველზე, 1 წლით შეუმცირდება დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა.

9. შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გ. ც-ს უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი და უნდა განესაზღვროს 2 წლით პირობითი მსჯავრი, ხოლო გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 წელი.

10. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის პირველი მუხლით, აგრეთვე მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა). აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება ვერ გავრცელდება ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის განაჩენით მსჯავრდებულისათვის დამატებითი სასჯელის სახით დანიშნულ ჯარიმაზე – 6000 ლარზე (მაგ. იხ. სუსგ: №1271-24, №821-24).

11. რაც შეეხება საჩივარში გამოთქმულ პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 30 აპრილის განჩინებაში, ნაცვლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლისა, მითითებულია სსკ-ის 276-ე მუხლი, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 12 ივნისის განჩინებით აღმოიფხვრა 2025 წლის 30 აპრილის განჩინებაში დაშვებული ბუნდოვანება-უზუსტობა, კერძოდ, განჩინების სამოტივაციო ნაწილში სსკ-ის 276-ე მუხლის ნაცვლად მიეთითა მე-200 მუხლი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ც-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 30 აპრილის განჩინება გაუქმდეს:

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

4. „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გ. ც-ს 1 (ერთი) წლით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩათვლილი ჰქონდა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით და განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო, სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი;

5. ახალციხის რაიონული რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

6. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე