საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100124010231998
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №209აპ-25 ქ. თბილისი
მ-ი ბ. , 209აპ-25 7 ივლისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 იანვრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე მახათაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ბ. მ-ს, - დაბადებულს ... წლის ... სექტემბერს, - ბრალად ედება ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ხუთი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2024 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით 10:00 საათზე, ქ. თ-ში, ვ-ი ..., მე-... მიკრო/რაიონში, ... „...“ კორპუსი, ბინა N...-ში მდებარე მ-ების კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური სასმლით მთვრალი ბ. მ-ი, სახლიდან გასვლასთან დაკავშირებით წამოჭრილი კონფლიქტის გამო, ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა დედას - ნ. მ-ს, კერძოდ, თეფში მოუღერა და თავის გატეხვით დაემუქრა. ბ. მ-ის წარსული ქმედებებისა და მისი მხრიდან მომავალი აგრესიის გათვალისწინებით, ნ. მ-მა მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში.
· 2024 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით 10:00 საათზე, ქ. თ-ში, ვ-ი ..., მე-... მიკრო/რაიონში, ... „...“ კორპუსი, ბინა N...-ში მდებარე მ-ების კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური სასმლით მთვრალმა და სახლიდან გასვლის გამო წინააღმდეგობის გაწევით გაღიზიანებულმა ბ. მ-მა, ფიზიკურად იძალადა დედაზე - ნ. მ-ზე, კერძოდ, მუშტი დაარტყა მარჯვენა მხრის არეში და კედელს მიანარცხა თავით, რის შედეგადაც ნ. მ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2024 წლის 28 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. თ-ში, ვ-ი ..., მე-... მიკრო/რაიონში, ... „...“ კორპუსი, ბინა N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური სასმლით მთვრალმა და შემოსასვლელი კარის დაგვიანებით გაღებით გაღიზიანებულმა ბ. მ-მა ფიზიკურად იძალადა დედაზე - ნ. მ-ზე, კერძოდ, მუშტი დაარტყა მარჯვენა მხრის არეში, რა დროსაც ნ. მ-ი დაეცა იატაკზე და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2024 წლის 2 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. თ-ში, ვ-ი ..., მე-... მიკრო/რაიონში, ... „...“ კორპუსი, ბინა N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური სასმლით მთვრალმა ბ. მ-მა სახლში შესვლისთანავე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფეხი მუცლის არეში დაარტყა დედას - ნ. მ-ს, რის შედეგადაც ნ. მ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2024 წლის 10 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. თ-ში, ვ-ი ..., მე-... მიკრო/რაიონში, ... „...“ კორპუსი, ბინა N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური სასმლით მთვრალმა ბ. მ-მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა უმიზეზოდ მიაყენა დედას - ნ. მ-ს, კერძოდ, მუშტი ჩაარტყა მარჯვენა მხრის არეში, წააქცია იატაკზე და წავიდა სახლიდან. აღნიშნული ქმედების შედეგად ნ. მ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2024 წლის 10 სექტემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თ-ში, ვ-ი ..., მე-... მიკრო/რაიონში, ... „...“ კორპუსი, ბინა N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური სასმლით მთვრალმა და სახეზე არსებულ დაზიანებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვით გაღიზიანებულმა ბ. მ-მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - ნ. მ-ს, კერძოდ, ძლიერად მიანარცხა კედელს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 ნოემბრის განაჩენით:
2.1. ბ. მ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2024 წლის 27 აგვისტოს ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2024 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2024 წლის 2 სექტემბრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2024 წლის 10 სექტემბრის, 17:00 საათის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2024 წლის 10 სექტემბრის, 19:00 საათის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 12 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და ბ. მ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2.3. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 იანვრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე მახათაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 იანვრის განაჩენის გაუქმება, ბ. მ-ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებაში სრულად და მკაცრი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბ. მ-ის მიერ დედის - ნ. მ-სადმი ძალადობასა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ჩადენას.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით ისჯება ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი, ნაკლებად მძიმე ან მძიმე ხარისხის დაზიანება.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულატიურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.
9. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად (N140აპ-21, N65აპ-20, N1001აპ-20 განაჩენები), მუქარის ნაწილში გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენები დარჩა უცვლელად, ვინაიდან დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებები ან დაზარალებულმა კატეგორიულად დაადასტურა, რომ რაიმე სახის შიში არ განუცდია, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
11. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ნ. მ-მა და მოწმე გ. მ-მა გამოიყენეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მათ ახლო ნათესავს (შვილსა და ძმას). მათივე განმარტებით, ჩვენების მიცემაზე უარის თქმა წარმოადგენს მათი ნების გამოხატულებას. მათ მიმართ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, როგორიც არის მუქარა, იძულება და სხვა, ადგილი არ ჰქონია.
12. 2024 წლის 11 სექტემბრის შემაკავებელ ორდერთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული ორდერის შედგენას საფუძვლად დაედო ნ. მ-ის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ შვილმა - ბ. მ-მა ფიზიკურად იძალადა მასზე, ასევე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. თუმცა შემაკავებელი ორდერის ოქმი შეიცავს ინფორმაციას მხოლოდ 2024 წლის 10 სექტემბერს სავარაუდოდ ჩადენილი ძალადობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ. ამასთანავე, შემაკავებელი ორდერის ოქმში არსებული მწირი და ზოგადი ხასიათის ინფორმაცია, იმ ვითარებაში, როდესაც დაზარალებულმა ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული პრივილეგიით და ახლო ნათესავის - შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე სასამართლოში უარი განაცხადა, სხვა მტკიცებულებით კი ფაქტების დეტალური დადგენა და გადამოწმება შეუძლებელია, ვერ გახდება პირის მსჯავრდების საფუძველი.
13. შემაკავებელი ორდერის მსგავსად, დანაშაულის ჩადენის შესახებ განცხადება შეიცავს დაზარალებულისაგან მიღებულ ინფორმაციას და იმ ვითარებაში, როდესაც სახეზე არ გვაქვს დაზარალებულად ცნობილი ნ. მ-ის სასამართლოში მიცემული ჩვენება, საკასაციო სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას იმსჯელოს დასახელებულ წერილობით მტკიცებულებებში ასახული ინფორმაციის სისწორეზე, მით უფრო დადასტურებულად მიიჩნიოს მათში აღწერილი ფაქტები და გარემოებები. საგულისხმოა, რომ დანაშაულის ჩადენის შესახებ დაზარალებულის მიერ შედგენილ თავდაპირველ განცხადებაში საერთოდ ნახსენებიც კი არ არის ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტი და მითითებულია, რომ ბ. მ-ი ფიზიკური ძალადობის შემდეგ ემუქრებოდა სახლიდან გაგდებით. განცხადება ასევე არ შეიცავს ინფორმაციას ბრალდების სხვა ეპიზოდებთან, კონკრეტულად კი, 2024 წლის 27 აგვისტოს, 28 აგვისტოსა და 2 სექტემბერს სავარაუდოდ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის შესახებ.
14. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დადგინდა, „ნ. მ-ის მდგომარეობა არ აღწევს ტანჯვის რეგისტრს“. უნდა აღინიშნოს, რომ საექსპერტო კვლევის მიმდინარეობისას, საკვლევ პირთან გასაუბრების ფარგლებში, ნ. მ-მა განმარტა, რომ ბოლო ერთი თვეა, მისმა შვილმა - ბ. მ-მა საგრძნობლად მოუმატა დალევას, მთვრალი მიდის სახლში, ის აკავებს ხოლმე, რომ არ დალიოს და დასალევად რომ არ უშვებს ხოლმე, იგი ხდება აგრესიული, ხან ხელს ჰკრავს და არ ემორჩილება, ვერ იმორჩილებს. ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილი ბ. მ-ს ქმედების შესახებ რაიმე ხელშესახებ ინფორმაციას ხსენებული დასკვნის არცერთი ნაწილი არ შეიცავს. შესაბამისად, მასზე დაყრდნობით, ბ. მ-ის მსჯავრდებაზე მსჯელობაც კი ირელევანტურია.
15. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რაზეც აპელირებს კასატორი, ოქმის თანახმად, დაზარალებულმა ნ. მ-მა მიუთითა იმ ადგილებზე, სადაც შვილმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
15.1. მოცემულ შემთხვევაში, 2024 წლის 11 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ნ. მ-საგან მიღებული ჩვენების შესამოწმებლად. საქართველოს სსსკ-ის 129-ე-130-ე მუხლებიდან გამომდინარე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე დაზარალებულს მიეცა წინადადება - დეტალურად აღედგინა საქმის ვითარება. წარმოდგენილი ოქმის თანახმად, დაზარალებულმა აღადგინა ის ვითარება, რაც გამომძიებელს მანამდე უამბო, ხოლო დამატებით რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი არ აღმოჩენილა.
15.2. იმ პირობებში, როდესაც ნ. მ-მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა/არც უარყო საგამოძიებო ექსპერიმენტის შინაარსი, მოცემული ოქმი ბ. მ-ის ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.
15.3. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (იხ. №424აპ-16, №561აპ-15; №682აპ-21), საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს გარკვეულ შემთხვევებში გააჩნია პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებითი ძალა:
15.3.1. N561აპ-15 სისხლის სამართლის საქმეში საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულებს ჩვენება არ მიუციათ, არამედ ვითარება აღადგინეს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მათ მიერ გამოყენებული იყო ბრალდების მხარის მიერ მათთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის 1-ელ ნაწილში.“ ე.ი. ამ სისხლის სამართლის საქმეში საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ვითარება აღდგა სწორედ იმ ,,სპეციალური ხერხების“ დემონსტრირებით, რაც პირმა მისთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად გამოიყენა, რის გამოც ოქმი მიჩნეულ იქნა ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად.
15.3.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №424აპ-16 გადაწყვეტილების თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს მიენიჭა მტკიცებულებითი ძალა, ვინაიდან ბრალდებულმა გამომძიებლებს მიუთითა იმ მაღაზიასა და მასში განთავსებულ სექციაზე, სადაც დანები იყო დალაგებული. თავის მხრივ, მაღაზიის თანამშრომელმა მოწმედ დაკითხვის დროს აღნიშნა, რომ ამ მაღაზიაში, სწორედ ამ ადგილას, ისეთივე ტიპისა და ფორმის დანები იყიდებოდა (რაც ასევე დასტურდებოდა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მაღაზიაში გადაღებული ფოტოდოკუმენტით).
15.3.3. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა (საგამოძიებო ექსპერიმენტის გაზიარების კუთხით), პირობითად სხვა შემთხვევა შეიძლება იყოს მოცემულობა, როდესაც მოწმის/დაზარალებულის ჩვენებაში ასახული ინფორმაციის აღდგენის პროცესში, საქმეზე დამატებით აღმოჩნდება რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. ესე იგი, საგამოძიებო ექსპერიმენტი უნდა ასახავდეს ჩვენებისგან დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას, რომლის რეალურობაც სწორედ ამ საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოწმდება. მაგალითად, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას პირმა მიუთითა, თუ სად დამალა დანაშაულის საგანი, რომლის ნამდვილობა შემოწმდა, გამართლდა და გამომძიებლებმა იგი ამოიღეს.
16. ამდენად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში საგამოძიებო ექსპერიმენტის 2024 წლის 11 სექტემბრის ოქმი არ შეესაბამება არცერთ ზემოაღწერილ შემთხვევას, მასში გადმოცემულია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი ბ. მ-ს ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიჩნევის საფუძველი ვერ გახდება.
17. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
18. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაემტკიცებინა ბ. მ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2024 წლის 27 აგვისტოს ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2024 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2024 წლის 2 სექტემბრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2024 წლის 10 სექტემბრის, 17:00 საათის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2024 წლის 10 სექტემბრის, 19:00 საათის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებების საფუძვლიანობა.
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე მახათაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 იანვრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე