საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100122005838632
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№91აპ-25 ქ. თბილისი
გ–ი ჩ., 91აპ-25 22 ივლისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ბადრი შონია, გოჩა აბუსერიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ჩ. გ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. კ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ჩ. გ–ს, – დაბადებულს ...., – ბრალად დაედო: უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარება, ესე იგი, უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემაში დახმარება, მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.1. 2014 წლის 12 თებერვალს მ. ქ–მა დააფუძნა შპს „...... კლუბი“ (საიდენტიფიკაციო №.........), რომლის საქმიანობის ძირითადი სფერო იყო შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე ფინანსური აქტივებით (სავალუტო წყვილებით, აქციებით, საბირჟო ინდექსებითა და სხვა ფასიანი ქაღალდებით) ვაჭრობა. კომპანიის საქმიანობას ფაქტობრივად წარმართავდნენ: მ. ქ–ი, კ. და ბ. ხ–ები. 2014 წლიდან 2016 წლის დეკემბრამდე „......კლუბში“ ფილიალის მმართველისა და მენეჯერის პოზიციაზე დასაქმებული იყო ჩ. გ–ი. მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, სოციალურ ქსელებსა და მედიაში განათავსეს სარეკლამო განცხადებები საკუთარი კომპანიების საქმიანობის შესახებ, სადაც მითითებული იყო, რომ კომპანია უზრუნველყოფდა „..ზე“ ვაჭრობას საუკეთესო პირობებით. მ. ქ–მა, ბ. და კ. ხ–ებმა თ–ში, რ–ში, ქუ–ში, ბ–სა და მ–ში გახსნეს შპს „......კლუბის“ ფილიალები, რომელთა მენეჯერები და ხელმძღვანელები, მათ შორის, ჩ. გ–ი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მითითებით, ხვდებოდნენ და არწმუნებდნენ მოქალაქეებს, რომ შპს „......კლუბი“ წარმოადგენდა შუამავალ კომპანიას ......რსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის. „ფ–“ პლატფორმით საერთაშორისო ბირჟაზე ვაჭრობით კი, შეძლებდნენ ფინანსური სარგებლის მიღებას. ამავდროულად, მოქალაქეებს სთავაზობდნენ, ონლაინ სავაჭრო პლატფორმა „ფ–ზე“ პირადი კაბინეტის შექმნასა და სავაჭრო ოპერაციების წარმატებით განხორციელებისათვის, ონლაინ ვაჭრობის დაწყებამდე, საკუთარი წარმომადგენლები – ე.წ. „ტ–ბი“ – დაეხმარებოდნენ. ასევე, ყველა შეხვედრაზე მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ თავად წარმოადგენდნენ შუამავალ რგოლს და მათ წინაშე ანგარიშვალდებული, ლიკვიდურობის მომწოდებელი და მათი კონტრაგენტი იქნებოდა უცხოური პარტნიორი კომპანიები: ......... ბანკი „.....-ი“ და ბ...... ფირმა „L–X-ი“. მათივე განმარტებით, მოქალაქეთა მიერ კომპანიების საბანკო ანგარიშებზე შეტანილი ფულადი თანხები გადაირიცხებოდა ზემოაღნიშნული უცხოური კომპანიების ანგარიშებზე და ...ს ნებართვის გარეშე, თანხასთან წვდომა არავის ექნებოდა. რეალურად კი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ზემოხსენებულ საერთაშორისო კომპანიებთან რაიმე სახის ურთიერთობა არ ჰქონდათ, შესაბამისად, მოქალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებულება ამ კომპანიებს არ ეკისრებოდათ და მათ მიერ შეტანილ ფულად თანხებს სრულად განკარგავდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები. საქმიანობის წარმოების პროცესში, კერძოდ, 2014-2018 წლებში, .....ების მიერ სავაჭროდ შეტანილმა თანხამ შეადგინა – 27 533 986 ლარი, უკან დაბრუნებულმა თანხამ – 14 803 552 ლარი, ხოლო მათ შორის არსებულ სხვაობას – 12 730 434 ლარს – დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ.
1.2. ბ. ხ–ამ ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიღებული უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემისა და მისი წარმოშობის დაფარვის მიზნით, დახმარება სთხოვა ჩ. გ–ს, რომელმაც იცოდა, რომ შპს „......კლუბის“ ანგარიშზე არსებობდა უკანონოდ მიღებული ფულადი თანხა. ზემოხსენებული თხოვნის საფუძველზე, იგი დაეხმარა ბ. ხ–ს და 2016-2017 წლებში მასთან შეთანხმებით, უზრუნველყო აღნიშნული იურიდიული პირის საბანკო ანგარიშიდან თავისთან დაახლოებული პირებისათვის, თითქოსდა მოგებული ფულადი თანხის გადარიცხვა, კერძოდ, მ. ჯ–ს საბანკო ანგარიშზე გადარიცხა – 110 923 აშშ დოლარი, ე. გ–ს საბანკო ანგარიშზე – 24 600 აშშ დოლარი, ნ. ჟ–ს საბანკო ანგარიშზე – 10 060 აშშ დოლარი და ვ. ა–ის საბანკო ანგარიშზე – 91 630 აშშ დოლარი. გადარიცხული ფულადი თანხა გაანაღდა ჩ. გ–მა. ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, ბ. ხ–მ ჩ. გ–ის დახმარებით ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის – 237 213 აშშ დოლარის – უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია.
2. ჩ. გ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ბ. ხ–ას – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 იანვრის განაჩენით: ჩ. გ–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. ამავე განაჩენით ბ. ხ–ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთ მხრივ, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თამარ იაკობიძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ბ. ხ–ასა და ჩ. გ–ის დამნაშავეებად ცნობას მათთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენისათვის და, შესაბამისი სასჯელის შეფარდებას, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ ჩ. გ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – გ. კ–მა, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ჩ. გ–ის უდანაშაულოდ ცნობას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 იანვრის განაჩენი შეიცვალა: ჩ. გ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა დუანაშაულოდ და გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
7. სააპლაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ჩ. გ–მა ჩაიდინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარება, ესე იგი უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემაში დახმარება, მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ხოლო მსჯავრადშერაცხილი ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებაში, კერძოდ, ჯგუფურად ჩადენაში იგი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა, რამეთუ ჯგუფური დანაშაულის განხორციელებაში მონაწილეობს ორი ან მეტი ამსრულებელი, ხოლო დანაშაულში თანამონაწილე – მათ შორის, დამხმარე – შეუძლებელია იმავდროულად იყოს ამსრულებელი.
8. ამავე განაჩენით ბ. ხ–ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჩ. გ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – გ. კ–მა, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ჩ. გ–ის უდანაშაულოდ ცნობას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. სასამართლომ, ერთი მხრივ, საერთოდ არ იმსჯელა უამრავ, ცალსახად გამამართლებელ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავდნენ ჩ. გ–ის ბრალეულობას, ხოლო, მეორე მხრივ, არასწორად განმარტა კანონი, შესაბამისად, განსახილველი საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
10. კასატორის მითითებით, გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება მხოლოდ ეჭვებს, ვარაუდებსა და სხვა საქმეზე გამოტანილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 ივლისის – განაჩენის ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც მხარეებმა სადავოდ მიიჩნიეს. საქმეში არ არის გამოკვეთილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ჩ. გ–ის ფულის გათეთრების სქემაში მონაწილეობაზე მიუთითებდა. მეტიც, არ არსებობს არცერთი დაზარალებული პირის ჩვენება, რომელსაც რაიმე პრეტენზია ექნებოდა ჩ. გ–თან ან დაადასტურებდა დაზარალებულების მოტყუებასა თუ თნხის მითვისების პროცესში მის ჩართულობას. ჩ. გ–ი 2014-2017 წლებში მუშაობდა შპს „......კლუბის“ მენეჯერისა და ფილიალის მმართველის პოზიციებზე, თუმცა მას კავშირი არ ჰქონია შპს „......კლუბის“ ფინანსურ ოპერაციებთან. საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, ჩ. გ–ის კავშირი დაზარალებულების თანხების მოტყუებით დაუფლებასთან. ამავდროულად, შპს „......... კლუბში“ მისი საქმიანობის პერიოდში, არცერთ მოქალაქეს ან ტრეიდერს ფულის განაღდებასთან დაკავშირებით, პრობლემა არ შეჰქმნია, არამედ – სირთულეები დაიწყო მოგვიანებით, 2018 წლიდან, როდესაც ........ ბანკმა ლიცენზიის პირობების გადამოწმების საკითხი წამოჭრა. გამოძიებას არ შეუსწავლია კონკრეტული სავაჭრო პლატფორმის ოპერაციები, არ დაუდგენია, რომელი ტრანზაქციები იყო ფიქტიური და იმ პერიოდში, როდესაც ჩ. გ–ი საქიანობდა ზემოხსენებულ კომპანიაში, უკვე არსებობდა თუ არა თაღლითური სქემა, თუ იგი მოგვიანებით ჩამოყალიბდა. მოწმეების – მ. ჯ–ს, ნ. ჟ–ს, ე. გ–სა და ვ. ა–ის ჩვენებებსა და მათ ანგარიშებზე დარიცხულ სხვადასხვა ოდენობის თანხებთან დაკავშირებით, ჩ. გ–მა გამოძიების დროს, პირველივე გამოკითხვისას, ისევე, როგორც, სასამართლოში ჩვენების მიცემისას, განმარტა, რომ თანხებზე დაწესებული ლიმიტებიდან გამომდინარე, მისი ახლობლების ანგარიშების გამოყენებით, რამდენჯერმე დაეხმარა მის დირექტორს – ბ. ხ–ას – კომპანიის ანგარიშიდან ნავაჭრი (მოგებული) თანხის განაღდებაში, თუმცა არაფერი იცოდა და არც შეიძლებოდა, სცოდნოდა ამ თანხების უკანონო წარმომავლობასთან დაკავშირებით. ფულის გათეთრება განზრახი დანაშაულია და ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის სასამართლოს უნდა ჰქონოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის მტკიცებულებები, რომ ჩ. გ–ი იმთავითვე ჩართული იყო დანაშაულებრივ სქემაში, იცოდა ბ. ხ–ასა და მისი თანამზრახველების მიერ მოქალაქეთა თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტი, ჰქონდა ინფორმაცია ფინანსების უკანონო წარმომავლობასთან დაკავშირებით და მისი შეგნებული, განზრახი ქმედებებით ეხმარებოდა მას უკანონო თანხების ლეგალიზაციაში.
11. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
13. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს: საკასაციო საჩივრის დაშვების წინაპირობად კასატორი უთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე და მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმე არ მოიცავს იმგვარ სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (იხ.: მაგალითად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე №1216აპ-22), რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი, განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთება.
14. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულ ჩ. გ–ის უდანაშაულობასთან დაკავშირებულ, კასატორის საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში. საყურადღებოა, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).
15. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა ჩ. გ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის – უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან – მოწმეების: მ. ჯ–ს, ნ. ჟ–ს, ე. გ–ს, ვ. ა–ის, ნ. დ–ს, ზ. ა–ს, ნ. ჯ–ს, ს. ლ–სა და ა. ხ–ს ჩვენებებიდან, 2021 წლის 26 ნოემბრის საფინანსო-საბუღალტრო დასკვნიდან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის განაჩენიდან (უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინებით) და სხვა სამხილებიდან – რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ჩ. გ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ:
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის განაჩენით (რომელიც სასამართლოს არ მიუღია გამოკვლევის გარეშე, თუმცა შეაფასა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად) დადგენილია, რომ ბ. ხ–ა, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოტყუებით დაეუფლა მოქალაქეთა კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს, ხოლო დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიღებული უკანონო ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემისა და მისი წარმოშობის დაფარვის მიზნით, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, შენიღბა თანხების უკანონო წარმოშობა, დანაშაულებრივად დაუფლებულ თანხებს მისცა კანონიერი სახე და აღნიშნული ქმედებით მიიღო დიდი ოდენობით ქონებრივი შემოსავალი.
17. გამომდინარე აქედან, საყურადღებოა, რომ დაზარალებულების – ნ. ჟ–სა და ნ. დ–ს, მოწმეების – მ. ჯ–ს, ე. გ–ს და ვ. ა–ის ჩვენებებით, ისევე, როგორც – სს „......ი ბანკიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციით, დასტურდება, რომ შპს „......კლუბის“ ანგარიშიდან მათ საბანკო ანგარიშებზე არაერთჯერედად ირიცხებოდა დიდი ოდენობით თანხა, რომლის ნაწილი პირდაპირ გადამისამართდებოდა ჩ. გ–ის ანგარიშზე, ნაწილს კი ისინი ანაღდებდნენ და გადასცეს მსჯავრდებულს.
18. ზემოაღნიშნული გარემოება მხარეებს შორის დავის საგანი არც გამხდარა, თუმცა ბრალდების მხარის მტკიცებით, ჩ. გ–ი ამგვარი სქემით ეხმარებოდა ბ. ხ–ას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, ხოლო დაცვის მხარის მითითებით, ჩ. გ–ი მოქმედებდა მისი ხემძღვანელის – ბ. ხ–ას – დავალებით, რომელსაც, თანხების გატანასთან დაკავშირებული ლიმიტებიდან გამომდინარე, მხოლოდ რამდენჯერმე დაეხმარა მოგების განაღდებაში, ისე, რომ კომპანიის ანგარიშზე არსებული თანხების უკანონო წარმომავლობასთან დაკავშირებით არაფერი იცოდა და, შესაბამისად, შემოსავლის ლეგალიზაციაში განზრახ არავის დახმარებია.
19. დაცვის მხარის მტკიცების კვალდაკვალ, სააპელაციო სასამართლომ მართებულად შენიშნა, რომ ჩ. გ–ს ჰქონდა წვდომა ......ბის პლატფორმებსა და საბანკო ანგარიშებზე, რაც პირდაპირ მიუთითებს, მათი ვაჭრობის კონტროლის შესაძლებლობაზე და ცალსახად სცდება ჩ. გ–ის მხოლოდ უწყინარ, მენეჯერულ საქმიანობას, რომელიც მხოლოდ ტრენინგების ჩატარებითა და საორგანიზაციო საკითხებით შემოიფარგლებოდა, რაზეც აპელირებდა ძირითადად დაცვის მხარე თავის საკასაციო საჩივარში. დადგენილია, რომ ჩ. გ–ი, ზოგჯერ თავად უკავშირდებოდა .......ებს და სთხოვდა მათ ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების განაღდებას, თუმცა, რიგ შემთხვევებში, იგი მოქმედებდა ანგარიშების მფლობელთაგან ფარულად, რომლებმაც საერთოდ არ იცოდნენ მათ ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების მოძრაობის შესახებ და ეს მხოლოდ მოგვიანებით, გამოძიების მსვლელობისას შეიტყვეს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ჩ. გ–ისთვის იმთავითვე ცნობილი იყო შპს „......კლუბის“ ანგარიშზე არსებული, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხების შესახებ და იგი თავისი მიზანმიმართული მოქმედებებით, კარგად დაგეგმილი სქემის შესაბამისად, განზრახ ეხმარებოდა ბ. ხ–ას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც მოჰყვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, შესაბამისად, ჩ. გ–ის მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კანონიერი და სამართლიანაია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა.
20. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
21. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ჩ. გ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. კ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ბ. შონია;
გ. აბუსერიძე