საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №601აპ-25 31 ოქტომბერი, 2025 წელი
ს-ი ე., №601აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 მაისის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანნა ცაგურიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ე. ს-ს ბრალად ედებოდა სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.2. ე. ს-ის ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2019 წლის თებერვალში, გ-ის რაიონის სოფელ ქვემო ხ-ში, სარწყავი არხის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოების დროს, შპს „მ-ის“ დაქირავებულმა ტრაქტორის მძღოლმა – ე. ს-მა – გაანადგურა ლ. მ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთში არსებული კაკლის და სხვა ხეხილის ხეები, რამაც მნიშვნელოვანი, 12 132 ლარის ოდენობის, ზიანი გამოიწვია.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 5 მარტის განაჩენით, ე. ს-ი საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ე. ს-ის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენას.
2.2. გორის რაიონული სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ანნა ცაგურიამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ე. ს-ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
2.3. პროკურორის სააპელაციო საჩივრის საპასუხოდ, ე. ს-ის ადვოკატმა – ნ. ჭ-მა – წარადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს განაჩენის უცვლ.დ დატოვება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 მაისის განაჩენით, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის – ანნა ცაგურიას – სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 5 მარტის განაჩენი, დარჩა უცვლ.დ.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი – ანნა ცაგურია – საკასაციო საჩივრით ითხოვს ე. ს-ის დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებები ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას.
3.3. პროკურორის საკასაციო საჩივრის საპასუხოდ, ე. ს-ის ადვოკატმა – ნ. ჭ-მა – წარადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უცვლ.დ დატოვებას.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ე. ს-ის გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.3. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება და არც მხარეები დავობენ, რომ 2019 წლის თებერვალში, სოფელ ქვემო ხ-ში სარწყავი არხის მშენებლობისას განადგურდა ლ. მ-ის მიწის ნაკვეთში არსებული კაკლისა და სხვა ხეხილის ხეები, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს ე. ს-ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
4.4. განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებულ ლ. მ-ის ჩვენება ეფუძნება ოჯახის წევრების მონაყოლს, რადგან თავად არ ყოფილა ხეების განადგურების თვითმხილველი. როგორც დაზარალებული, ისე მისი ძმა – ვ. მ-ი, რომელიც აწარმოებდა მოლაპარაკებებს კომპანიასთან, გამორიცხავენ ე. ს-ისგან ზიანის განზრახ მიყენებას. დაზარალებული აღნიშნულ ფაქტზე პასუხისმგებლობას კომპანიის წარმომადგენლობას აკისრებს. იმავდროულად, მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ე. ს-ი მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა. იგი იყო შპს „მ--ის“ დაქირავებული ტრაქტორის მძღოლი, რომელიც მოქმედებდა დამსაქმებლის მითითებით, რის გამოც, მისი ბრალეულობა ფორმალურია. შესაბამისად, იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც არ ყოფილან ფაქტის უშუალო თვითმხილველები და თავად გამორიცხავენ ე. ს-ის პასუხისმგებლობას, არ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვის მიღმა სტანდარტს და ვერ ჩაითვლება ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად.
4.5. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება Hirvisaari v. Finland, განაცხადი №49684/99, §30). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება Gorou v. Greece (No. 2), განაცხადი №12686/03, §37, §41). „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29). ამდენად, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს გასაჩივრებულ განაჩენში მოყვანილი არგუმენტების დეტალურ გამეორებას, რადგან ისინი უკვე შეფასებულია ქვედა ინსტანციის მიერ, რომლის პოზიციასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
4.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 მაისის განაჩენი ე. ს-ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.7. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანნა ცაგურიას საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე