საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.10.2025
საქმის ნომერი
2კ-627აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.10.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100124009703588

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №627აპ-25 27 ოქტომბერი, 2025 წელი

მ. გ., №627აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. მ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. მ–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2023 წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით 22:45 საათზე, ქ. თ–ი, ... ....ში, ...ის ქუჩის ... შენობას შეეჯახა ავტომობილი „ჰონდა“, სარეგისტრაციო ნომრით – ,,........“, რომელსაც მართავდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი (1,7 პმ) გ. მ–ი. გ. მ–მა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები რამაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოიწვია. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ჯანმრთელობის მრავლობითი დაზიანებების გამო, ავტომობილის მგზავრი – ზ. გ–ი საავადმყოფოში მიყვანის შემდგომ გარდაიცვალა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 7 აპრილის განაჩენით, გ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 7 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. მ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, თ. მ–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის განაჩენით, მსჯავრდებულ გ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. მ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 7 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2025 წლის 20 ივნისს, მსჯავრდებულ გ. მ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, თ. მ–მა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, გ. მ–ისათვის დანიშნული სასჯელის სრულად ან ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გ. მ–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, დანაშაულის აღიარება და მონანიება, ნასამართლობის არ ქონა. გ. მ–ისთვის დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი და უსამართლო. ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსი იძლევა მის მიმართ დანიშნული სასჯელის მთლიანად ან ნაწილობრივ პირობით მსჯავრად ჩათვლის შესაძლებლობას, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა გამოყენებული.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის სრულად ანდა ნაწილობრივ პირობითად ჩათვლასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რისი მხედველობაში მიღებითაც არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (გ. მ–მა ჩაიდინა გაუფრთხილებელი დანაშაული, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებათა ნაწილი მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), დამდგარი შედეგი, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე, მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, კანონიერი და სამართლიანი სასჯელი – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. მოცემულ შემთხვევაში გ. მ–ისათვის განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, ამასთან, სასჯელის განსაზღვრის წესი სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სსკ-ის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).

5.4. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას თითქოსდა სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მსჯავრდებულის შემამსუბუქებელი გარემოებები და განმარტავს, რომ მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად, სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია მსჯავრდებულის მისწრაფება და მცდელობა დაზარალებულისათვის აენაზღაურებინა ზიანი და სწორედ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით გ. მ–ს განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის ზომა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

5.5. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. მ–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე