საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №200100122006630606
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №520აპ-25 25 ნოემბერი, 2025 წელი
ი. გ., №520აპ-25 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ი–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ე. მ–ისა და კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ვლადიმერ ბექიშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. ი–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 109-ე მუხლის „პ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი არაერთგზის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
2022 წლის 19 ნოემბერს ყ–ს რაიონის სოფელ შ–ში მდებარე ვ. ნ–ის ოჯახში, სხვა პირებთან ერთად, სტუმრად იმყოფებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით ნასამართლევი გ. ი–ი, რომელსაც სუფრაზე ყოფნის დროს, დაახლოებით, 00:05 საათზე, გ. ა–თან მოუხდა სიტყვიერი დაპირისპირება. აღნიშნული ფაქტით განაწყენებულმა გ. ა–მა სუფრაზე არსებული მინის ბოთლი თავში ჩაარტყა გ. ი–ს. აღნიშნულის შემდეგ, გ. ა–ი საცხოვრებელი სახლიდან გავიდა ქუჩაში, სადაც გაჰყვა გ. ი–ი, რომელმაც შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, გ. ა–ს დანით მიაყენა დაზიანებები ყელის, სახისა და ტანის არეში, რომელიც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით საავადმყოფიში მიყვანამდე გარდაიცვალა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 აგვისტოს განაჩენით გ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლით.
2.2. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 აგვისტოს განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა. მსჯავრდებულ გ. ი–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე. მ–მა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ხოლო კახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ვლადიმერ ბექიშვილმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის – უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 აპრილის განაჩენით დაცვისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 აპრილის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ. ი–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ე. მ–მა და კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – ვლადიმერ ბექიშვილმა. დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად – გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ხოლო ბრალდების მხარემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. დაცვის მხარის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან საქმეში არ მოიპოვება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, დაეყრდნო მოწმეთა არადამაჯერებელ და წინააღმდეგობრივ ჩვენებებს, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (რომლითაც დადგინდა დაზარალებულის იარაღზე როგორც გ. ა–ის, ისე – გ. ი–ის სისხლის კვალის არსებობა) დასტურდება, რომ გ. ი–ი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.
4.2. ბრალდების მხარის განმარტებით, მსჯავრდებული არის საზოგადოებისათვის საშიში, აგრესიული და ძალადობრივი ქმედებებისაკენ მიდრეკილი პიროვნება, რაც დასტურდება მისი ნასამართლობით, სასამართლოში ქცევითა და ექსპერტის შეფასებით. მისთვის შეფარდებულმა სასჯელებმა ვერ უზრუნველყო რესოციალიზაცია და კანონმორჩილ ადამიანად გარდაქმნა. პროკურორის განმარტებით, ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, მას უნდა შეეფარდოს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.2. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს გ. ი–ის მიერ გ. ა–ისათვის დანის გამოყენებით ჭრილობების მიყენება, თუმცა, დაცვის მხარე მომხდარს აუცილებელი მოგერიებით ხსნის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა, კერძოდ, იმყოფებოდა თუ არა იგი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და შესაბამისად, დაზარალებულისათვის ჭრილობების მიყენება განპირობებული იყო თუ არა თავდაცვის სურვილით. ასევე, ბრალდების მხარის საჩივრიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო შეაფასებს მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის პროპორციულობას.
5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება გ. ი–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი გ. ი–ის საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „პ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას, კერძოდ:
5.4. მოწმე ვ. ნ–ის ჩვენებით, 2022 წლის 18 ნოემბერს, ყ–ს რაიონის სოფელ შ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სუფრა ჰქონდა გაშლილი და მასპინძლობდა სტუმრებს. გ. ი–ი სადღეგრძელოს ამბობდა, რა დროსაც, მას გ. ა–მა ტყემლის ბოთლი ჩაარტყა თავში, საიდანაც სისხლი წამოუვიდა. ვ. ნ–მა გ. ი–ს იღლიაში ხელი მოჰკიდა და ეზოში ჩაიყვანა. ეზოში ასევე ჩავიდნენ სუფრასთან მყოფი ბიჭები. იგი ეზოში გ. ი–თან ერთად იდგა, როდესაც ქუჩიდან თოფის გასროლის ხმა გაიგო. მან გ. ი–ი ეზოში დატოვა, გავიდა ქუჩაში და დაინახა ავტომანქანის საბარგულთან მდგომი გ. ა–ი, თოფით ხელში. გ–ს თოფი მაღლა, ჰაერში ჰქონდა აწეული. მოწმის ჩვენებით, მან თოფი წაართვა გ. ა–ს, ხოლო მამამისმა – ვ. ნ–მა მას გამოართვა თოფი და გადააგდო მეზობლის ეზოში. შემდეგ მოწმე ეზოში შეიყვანეს ოჯახის წევრებმა, რის შემდეგაც, გარეთ მდგომი ავტომანქანა დაიქოქა და წავიდა. ავტომანქანის წასვლისთანავე, გ. ი–ი ეზოში შევიდა, ხელში ეკავა დანა, ბარბაცით გაიარა რამდენიმე მეტრი, შემდეგ კი ჩაიკეცა. აღნიშნული გარემოებები დაადასტურა მოწმე ვ. ნ–მაც და განმარტა, რომ ბიჭების ქუჩაში გასვლიდან, დაახლოებით, ერთ-ორ წუთში, გაიგონა თოფის გასროლის ხმა, რა დროსაც იგი სახლიდან ქუჩაში გავიდა. ჭიშკრიდან რამდენიმე მეტრში დაინახა, რომ მისი ვაჟი, ვ. ნ–ი, თოფს ართმევდა ერთ-ერთ ბიჭს (რომელთანაც მას მანამდე შეხება არ ჰქონია და როგორც გაიგო, ერქვა გ–). მან ბიჭებს მაშინვე გამოართვა ხელიდან თოფი და გადააგდო მეზობლის ნაკვეთში. ამის შემდეგ კი, ხელი მოჰკიდა მის შვილს – ვ. ნ–ს და შეიყვანა ეზოში. მოწმის ჩვენებით, როდესაც ვაჟა თოფს ართმევდა გ–ს, მისი თანასოფლელი გ. ი–ი მათგან მოშორებით, გვერდით იდგა სხვა რამდენიმე, 5-6 ბიჭთან ერთად. როდესაც მას ვ. ნ–ი ქუჩიდან შეჰყავდა სახლის ეზოში, ქუჩაში დაინახა, რომ გ. ი–ი მივიდა ბიჭთან, რომელსაც თოფი წაართვა და ხელი გადახვია მხარზე. ამის შემდეგ, დაინახა, რომ ეზოში შევიდა გ. ი–ი, რომელიც იყო სისხლიანი, ხელში ეკავა დანა, წავიდა სათონისკენ და იქ დაწვა.
5.5. მოწმე ს. ნ–ის ჩვენებით, ქუჩიდან გაიგო ყვირილისა და გასროლის ხმა. მამასთან ერთად გავიდა ქუჩაში და დაინახა, რომ იყვნენ ბიჭები, თუმცა, აღელვებულს, არ შეუხედავს, ვინ იყვენენ. ქუჩაში ბიჭებს ჰქონდათ ხელჩართული ჩხუბი, ოღონდ, ვინ ვის ეჩხუბებოდა და ვინ ვის აშველებდა, არ იცის. მათგან ცოტა მოშორებით, მისი ძმა – ვ. ნ–ი – ერთ-ერთ ბიჭს, გ. ა–ს, ართმევდა იარაღს. ის და მამამისი (ვ. ნ–ი) ავტომატურად წავიდნენ მათკენ. ვ. ნ–მა ვაჟას გამოართვა წართმეული იარაღი და გადააგდო მეზობლის ეზოში, ხოლო ვ. ნ–ი კი შეიყვანეს ეზოში. ქუჩაში ისევ გრძელდებოდა ყვირილი, ჩოჩქოლი და გინება. დაახლოებით ერთ წუთში, შემოესმა ავტომანქანის წასვლის ხმა, ამის შემდეგ კი მალევე დაინახა, რომ ქუჩიდან ეზოში გასისხლიანებული გ. ი–ი დანით ხელში შემოვიდა და მიწაზე დაეცა.
5.6. მოწმე ნიკა ვარდოშვილის ჩვენებით, ქუჩიდან ორჯერ გაიგონა თოფის გასროლის ხმა. ქუჩაში გასვლისას მან დაინახა, რომ ვ. ნ–ის მამამ გ. ა–ს წაართვა თოფი და გადააგდო. მოწმის ჩვენებით, გ. ა–მა თოფი გაისროლა ჰაერში და გ. ი–ის მოკვლა რომ სდომებოდა, მას ესროდა და მოკლავდა, რადგან მას თოფი კვლავ ეკავა ხელში, როდესაც გ. ი–ი ეზოდან ქუჩაში გადიოდა. თოფის გამორთმევის შემდეგ, როცა დაინახა, რომ ა–ს თოფი აღარ ჰქონდა, გ. ი–ი მივიდა გ. ა–თან, გვერდით დაუდგა, ხელი გადახვია და უთხრა: „კაი, გ–, ძმები არ ვართ, რატომ ჩამარტყი ბოთლი, მოდი, შევრიგდეთ“ და ამ დროს, დანა დაარტყა ყელში, მერე სახეზეც ჩამოუსვა, რა დროსაც გ. ა–მა დაიყვირა, დამჭრესო. გ– დაეცა მიწაზე და გ. ი–იც ზედ დაეცა. მოწმის განმარტებით, გ. ა–ისათვის დანის დარტყმამდე გ–სთვის დაზიანებები არავის მიუყენებია. ასევე, როდესაც გ. ი–მა გ. ა–ი გვერდით გაიყვანა და დანა დაარტყა, ამ დროს გ. ა–ს ხელში დანა არ ჰქონია.
5.7. შ. ი–ის გამოკითხვის ოქმების თანახმად, სუფრასთან მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, გ–მ და გ–მ ერთმანეთს უთხრეს, დაბლა ჩავიდეთ, იქ ვილაპარაკოთო. ჩავიდნენ ეზოში, იქედან კი გავიდნენ ქუჩაში. ქუჩაში პირველად გავიდა გ–, მალევე მას მიჰყვა გ. ი–ი. შ. ი–მა ქუჩიდან გაიგო გ–ს ყვირილი, რა გინდა გ–ო და ამას მოჰყვა ორი გასროლის ხმა. ეზოში მყოფი შ. ი–ი სხვებთან ერთად მაშინვე გაიქცა გარეთ, ქუჩაში. დაინახა, რომ გ–ს ხელში ეჭირა თოფი, რომლის ლულაც ცისკენ ჰქონდა მიმართული. მასთან ახლოს იდგა გ. ი–ი. შ–ს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ გ–მ გ–ს შესაშინებლად ჰაერში ისროლა იარაღი. ამ დროს გ–ს მივარდა ვ. ნ–ი და ცდილობდა, ხელიდან გამოეგლიჯა თოფი, მაგრამ გ– არ აძლევდა იარაღს. ვ–ს მიეხმარა ქუჩაში გასული მამამისი, გ–ს ორივემ გამოსტაცა იარაღი და შევიდნენ ეზოში. ამ დროს, შ–მ დაინახა, რომ გ. ი–ი ეცა გ. ა–ს და უქნევდა ხელს. ხელში რაიმე ეჭირა თუ არა, ი–მა ვერ გაარჩია, გ–ს ხელში დანა არ დაუნახავს, მაგრამ გ–მ დაიყვირა, „მიშველეთ, დამჭრა“ და წაიქცა. მასთან ერთად წაიქცა გ. ი–იც, რომელიც განაგრძობდა გ–ს მისამართით ხელის ქნევას და ორივე დაბლა გორაობდა. მალევე, გ– ადგა და ეზოში შევიდა. მათ კი ააყენეს დაჭრილი გ. ა–ი, რომელიც ვერ საუბრობდა და ნერწყვს ვერ ყლაპავდა, რადგან ყელზე ჰქონდა ჭრილობა. შ. ი–ის განმარტებით, როდესაც გ. ი–მა გ. ა–ს დანით მიაყენა დაზიანებები, მათთან ახლოს არავინ იმყოფებოდა და სხვას არ მიუყენებია დაზიანება რომელიმე მათგანისთვის. შ. ი–მა გ. შ–გან გაიგო, რომ მან დაჭრა გ. ი–ი. შ. ი–ს გ. ა–ის ხელში დანა არ დაუნახავს. ამასთან, სხვა პირი მათთან ახლოს არ მისულა. ა. ნ–ის ჩვენებით, როდესაც ავტომანქანით საავადმყოფოში მიჰყავდათ დაჭრილი გ. ა–ი, ავტომანქანაში გ. შ–ე იგინებოდა და ამბობდა, რომ მარტო მან გადაუხადა სამაგიერო გ. ი–ს გ–ს დაჭრისთვის.
5.8. გ. შ– ჩვენებით დასტურდება, რომ ქუჩაში გასულმა დაინახა, გ. ა–ი ეგდო მიწაზე და არ ლაპარაკობდა, ხოლო გ. ი–ი კედელთან მიწოლილიყო. იკითხა, თუ რა ხდებოდა, რაზეც გ. ი–მა დედის და ოჯახის მისამართით შეაგინა და ამ გინებისთვის მან აიღო დაბლა დაგდებული, გ. ა–ის კუთვნილი დანა და გ. ი–ს რამდენჯერმე დაარტყა.
5.9. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 5 ივლისის განაჩენით (რომელიც არ გასაჩივრებულა და საბოლოოა), გ. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. აღნიშნული განაჩენით დადგინდა, რომ 2022 წლის 19 ნოემბერს, დაახლოებით, 00:10 საათზე, ყ–ს რაიონის სოფელ შ–ში მდებარე ვ. ნ–ის საცხოვრებელი სახლის წინ, ქუჩაში, გ. ი–მა დანის გამოყენებით მოკლა გ. ა–ი. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო გ. ა–ის მეგობარი გ. შ–ე, რომელიც შურისძიებით განიმსჭვალა გ. ი–ის მიმართ და განიზრახა ამ უკანასკნელის მკვლელობა. გ. შ–ემ მოკვლის განზრახვით მრავალჯერ დაარტყა დანა გ. ი–ს ტანის არეში. გ. ი–ი სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით გადაიყვანეს საავადმყოფოში და დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად, სიკვდილს გადაურჩა.
5.10. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება, როდესაც ხელყოფა ატარებს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, საფრთხეს უქმნის სამართლით დაცულ სიკეთეს, არის იმწუთიერი და რეალური, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება უკიდურესობითაა გამოწვეული, რაც გულისხმობს ხელყოფის მოგერიებისა და სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზნით ჩადენილ აუცილებელ თავდაცვით ქმედებას და მიზნის მისაღწევად, მსუბუქი თავდაცვითი საშუალების გამოყენებას.
5.11. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდება გ. ა–ის მიერ გ. ი–ისათვის დანის დარტყმის ფაქტი. აღნიშნულის საპირისპიროდ, დადასტურებულია, რომ სწორედ გ. ი–მა მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები გ. ა–ს, იმ დროს, როდესაც გ. ა–ის მხრიდან მას რაიმე საფრთხე არ ემუქრებოდა, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ გ. ი–ის მიერ დაზარალებულისათვის დანის დარტყმის დროს გ. ა–ი აღარ იყო შეიარაღებული და მას წაართვეს კუთვნილი იარაღი, რომელიც მანამდე ჰაერში გაისროლა და არა – გ. ი–ის მიმართულებით. გარდა ამისა, არც ერთი მოწმე ადასტურებს, რომ გ. ა–მა დანა მოუქნია ან/და დაარტყა გ. ი–ს. მართალია, მსჯავრდებულს აღენიშნებოდა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები, თუმცა, დადგენილია, რომ ისინი დაზარალებულისათვის დანის დარტყმის შემდეგ გ. შ–ემ მიაყენა და არა – გ. ა–მა.
5.12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოების – აუცილებელი მოგერიების მართლზომიერების არცერთი წინაპირობა, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა სამართლებრივი სიკეთის იმწუთიერი, რეალური ხელყოფა და შესაბამისად, თავდაცვის სურვილით განმსჭვალული უკიდურესობით გამოწვეული აუცილებელი მოქმედება. ამდენად, დაცვის მხარის არგუმენტი მსჯავრდებულის ქმედების მართლზომიერების შესახებ, საფუძველს მოკებულია. რაც შეეხება კასატორის პოზიციას იმის შესახებ, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თუ რატომ აღმოჩნდა გ. ა–ისთვის ვ. და ვ. ნ–ების მიერ წართმეულ და გადაგდებულ თოფზე, გ. ი–ისა და გ– ა–ის სისხლის კვალი, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებული პასუხი გასცა დაცვის მხარეს, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს და მიუთითებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, თოფთან შეხება ჰქონდა ვ. ნ–ს, რომელმაც იგი წაართვა გ. ა–ს და რომელიც, თავის მხრივ, მანამდე დაეხმარა და სახლის მეორე სართულიდან ეზოში ჩაიყვანა თავის არედან სისხლმდენი ჭრილობის მქონე გ. ი–ი. რაც შეეხება თოფზე გ. ა–ის სისხლის კვალს, როგორც ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, ყ–ს რაიონის სოფელ შ–ში მ. ნ–ის (ვ. ნ–ის დედის) საცხოვრებელი სახლიდან, რომელშიც ვ. ნ–ი მასპინძლობდა სტუმრებს, ამოღებული სისხლის კვალი ეკუთვნის, მათ შორის, გ. ა–ს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ თოფთან შეხების მომენტში მას სხეულზე ჰქონდა სისხლმდენი დაზიანება.
5.13. რაც შეეხება გ. ი–ის განზრახვას, საკასაციო სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია, ბრალდებული არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის განზრახვის ნამდვილობა, ანუ, ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის N527აპ-17 განაჩენი). ამასთან, მკვლელობის სურვილი შესაძლებელია, წარმოიშვას იმწუთიერად და დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელი არ არის, რომ განზრახვა დროის ხანგრძლივი ინტერვალით უსწრებდეს წინ ქმედებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის №379აპ-18 განაჩენი).
5.14. განზრახვის დასადგენად შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის №680აპ-17 განაჩენი).
5.15. საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N....... დასკვნას, რომლითაც დადგენილია, რომ გ. ა–ის გვამს სხეულზე აღენიშნებოდა მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნით მიყენებული სიცოცხლისდროინდელი ცხრა ჭრილობა (განვითარებული სიკვდილის დადგომის წინა ახლო პერიოდში), კერძოდ: ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა ლოყის არეში, კანის, კანქვეშა ქსოვილებისა და კუნთების დაზიანებით. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს; ნაკვეთი ჭრილობა თხემის არეში მარცხნივ, ყურის ნიჟარის ზემოთ, ქალას რბილი საფარის დაზიანებით. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს; ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა კისრის ზემო მესამედში, მარჯვნივ, კანის კანქვეშა ქსოვილების, კუნთებისა და საძილე ვენის დაზიანებით. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხს; ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე, ხერხემლის მარცხენა გვერდით ხაზზე, მე-5 ნეკნის დონეზე, არშემავალი გულმკერდის ღრუში, კანის კანქვეშა ქსოვილებისა და კუნთების დაზიანებით. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს; ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა მხრის სახსრის უკანა ზედაპირზე, რბილი ქსოვილების დაზიანებით. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს; ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარცხნივ, ბეჭის დონეზე, არშემავალი გულმკერდის ღრუში, რბილი ქსოვილების დაზიანებით. მიყენებულია მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს; ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში, უკანა ზედაპირზე, მე-11 ნეკნის დონეზე, იღლიის უკანა ხაზზე, არშემავალი გულმკერდის ღრუში, რბილი ქსოვილების დაზიანებით. მიყენებულია მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს; ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში, იღლიის უკანა და ბეჭის ხაზებს შორის, მე-10 ნეკნის დონეზე, არშემავალი გულმკერდის ღრუში, კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაზიანებით. მიყენებულია მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს; ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა წვივის შუა მესამედის წინა ზედაპირზე, კანის დაზიანებით. მიყენებულია მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს. გ. ა–ის სიკვდილის უშუალო მიზეზია ზოგადი სისხლნაკლებობა, საძილე ვენის დაზიანების შედეგად განვითარებული, რაც შედეგია მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებისა (№3 ჭრილობა).
5.16. მკვლელობის განზრახვის დასადგენად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზემოთგანხილული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ, დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებების რაოდენობას, ჭრილობათა ლოკალიაზიაციას, სიმძმეს, დანაშაულის ჩასადენად გამოყენებულ იარაღს, ასევე, მოვლენათა განვითარებას, რაც ნათლად წარმოაჩენს მსჯავრდებულის ქმედების მიზანმიმართულობას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებასა და განზრახვას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულის მკვლელობის განზრახვის ქონა.
5.17. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა. გასაჩივრებული განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.
5.18. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შესახებ და აღნიშნას, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის მიზანს არ წარმოადგენს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა. უვადო თავისუფლების აღკვეთა, როგორც ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრესი ფორმა, გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ეს გარდაუვლად აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
5.19. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნისას სრულად შეაფასა კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და გ. ი–ს მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენისთვის შეუფარდა კანონიერი და სამართლიანი, მუხლის სანქციის შესაბამისი სასჯელი, რომელიც აკმაყოფილებს სასჯელის პროპორციულობის მოთხოვნას, უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
5.20. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.21. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.23. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ი–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ე. მ–ისა და კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ვლადიმერ ბექიშვილის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მერაბ გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
ლევან თევზაძე