საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330100124010676117
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №675აპ-25 26 ნოემბერი, 2025 წელი
ფ. კ., №675აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 23 მაისის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო მიქავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. კ. ფ–ას (დაბადებულს 19.. წლის 6 ივლისს, პირადი №..........) ბრალად ედებოდა სხვისი ნივთის მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
1.2. კ. ფ–ას ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2019 წლის 1 ოქტომბრისა და 2024 წლის 10 აპრილის ხელშეკრულებების შესაბამისად, კ. ფ–ამ ავტოსალიზინგო კომპანია შპს „მ–თან“ გააფორმა ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, სესხად მიიღო 5797,55 ლარი. ვალდებულების უზრუნველსაყოფად კი, შპს „მ–ს“ სახელზე დარეგისტრირდა “MERCEDES BENZ” მოდელის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით – ........ აღნიშნული მანქანა სარგებლობის უფლებით გადაეცა კ. ფ–ას გასხვისების, დაგირავების ან სხვაგვარად უფლებრივად დატვირთვის აკრძალვით. ხელშეკრულების პირობით, კ. ფ–ას შპს „მ–ს“ სასარგებლოდ, 8 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 818,89 ლარი, თუმცა მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გადაიხადა, ავტომანქანა კი, რომელიც მის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და განკარგა. აღნიშნულმა ქმედებამ 5797,55 ლარის, მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 მარტის განაჩენით, კ. ფ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა კ. ფ–ას მიერ დანაშაულის ჩადენას.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ნანა ხუნჯუამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა კ. ფ–ას დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის თანაზომიერი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 23 მაისის განაჩენით, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნანა ხუნჯუას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი – ნინო მიქავა – საკასაციო საჩივრით ითხოვს კ. ფ–ას დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას. კასატორის პოზიციით, სახელშეკრულებო ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების მიუხედავად, ლიზინგის საგნის გასხვისება, სცდება სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობას და წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ კ. ფ–ასა და შპს „მ–ს“ შორის ურთიერთობა წარმოიშვა ნებაყოფლობით გაფორმებული სალიზინგო ხელშეკრულების საფუძველზე, რაც კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სფეროა. ბრალდების მხარის არგუმენტით, ლიზინგის საგნის დაუბრუნებლობა უნდა შეფასდეს, როგორც მითვისება, თუმცა სასამართლო აღნიშნულ პოზიციას არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.3. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ქმედების მითვისებად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია შემდეგ გარემოებათა ერთობლიობა: „სხვისი ნივთი ან ქონებრივი უფლება უნდა იმყოფებოდეს მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში; პირი უნდა მოქმედებდეს ანგარების მოტივით, ამოძრავებდეს სხვისი ნივთის/ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და სხვისი ქონების ხარჯზე საკუთარი ქონების უკანონოდ და უსასყიდლოდ გაზრდის პირდაპირი განზრახვა.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 10 სექტემბრის N206აპ-21 განჩინება).
4.4. მითვისებისგან განსხვავდება სამოქალაქო ვალდებულების შეუსრულებლობა, რომელიც წარმოიშობა ნებაყოფლობით გაფორმებული ხელშეკრულების ან კანონით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად. ასეთ შემთხვევაში, პირი არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ მოვალეობას, თუმცა მისი ქმედება არ არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ისეთი ინტენსივობით, რომ სისხლის სამართლის წესით ჩარევა გახდეს აუცილებელი. აქ სამართლებრივი შედეგი გამოიხატება არა სასჯელით, არამედ კერძო ინტერესის აღდგენით – ზიანის ანაზღაურებაში.
4.5. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა, რომ შპს „მ–სთან“ ხელშეკრულების საფუძველზე, კ. ფ–ას მიზნად ჰქონდა მატერიალური სარგებლის მიღება ან ავტომობილის მართლსაწინააღმდეგო მითვისება. პირიქით, დადგენილია, რომ კ. ფ–ა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კეთილსინდისიერად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას (საბოლოო ჯამში, კომპანიას იმაზე მეტი თანხა გადაუხადა, ვიდრე თავად მიიღო), თუმცა სახელშეკრულებო ვალდებულება ბოლომდე არ შეუსრულებია.
4.6. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული შემთხვევა, განსახილველი საქმის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, წარმოადგენს სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობას, სადაც მხარეებს შორის დავა უკავშირდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას. შესაბამისად, კ. ფ–ას ქმედებაში არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის – მითვისების – შემადგენლობის ნიშნები.
4.7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).
4.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 23 მაისის განაჩენი კ. ფ–ას უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.9. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო მიქავას საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე