საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100124009269793
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №757აპ-25 24 ნოემბერი, 2025 წელი
ქ–ე მ., №757აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივნისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. ქ–ე (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის 11 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2024 წლის 9 აპრილს, ბ–ში, .... ქუჩის №..–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში და ეზოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 იანვრის განაჩენით ძალადობისათვის ნასამართლევმა მ. ქ–ემ, ხელის, სახისა და თავის არეში დარტყმით, იძალადა მ. ნ–ზე, რომელმაც ძალადობისას განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2024 წლის 9 აპრილს, ბ–ში, .... ქუჩის №..–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ. ქ–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ. ნ–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადასტურებლად, რომ მ. ქ–მ ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები.
2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 დეკემბრის განაჩენით, მ. ქ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებებით.
2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 დეკემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მ. ქ–ის წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივნისის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2025 წლის 18 ივნისს, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივნისის განაჩენის გაუქმება და მ. ქ–ის წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ მ. ქ–ის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენას. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ვინადან დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი კანონის მოთხოვნა დაცვით იქნა გამოქვეყნებული სასამართლო სხდომაზე, სასამართლოს აღნიშნული მტკიცებულება უნდა გამოეყენებინა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის გარდა საქმეში არსებობს სასამართლოში დაკითხული პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელთა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მ. ქ–ემ ჩაიდინა ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილი ქმედებები.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. ქ–ის გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5.3. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უცნობი იყო დაზარალებულ მ. ნ–ის ადგილსამყოფელი, სასამართლო სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა დაცვით გამოქვეყნებული იქნა მისი გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად, იგი ს–ში ჩამოვიდა 2023 წლის სექტემბერში და მას შემდეგ ქირით ცხოვრობს ქალაქ ბ–ში .... ქ. N..-ში. აღნიშნულ მისამართზე ცხოვრებისას, ბოლო დღეებში გვერდით მცხოვრები მეზობლისგან, რომელთანაც აქვს საერთო კედელი ისმოდა შემაწუხებელი ხმაური, კერძოდ ხმამაღლა ისმოდა მუსიკა. ხსენებულ ბინაში მცხოვრები მ. ქ–ე, დაპირდა რომ აღარ იხმაურებდა, თუმცა რამდენიმე დღის მერე ისევ იგივე გაგრძელდა. ამის გამო 2024 წლის 5 აპრილს დაელაპარაკა ბინის მეპატრონე მ. დ–ეს. მ–ამ უთხრა, რომ შეეძლო მშვიდად ყოფილიყო რადგან წასვლა მოუწევდა იმას ვინც ხმაურობდა. 2024 წლის 9 აპრილს, დაახლოებით 16:40 საათზე მასთან მივიდა მ–ე, რომელმაც მშვიდად დაუწყო საუბარი და სახლში დაპატიჟა დასალევად. ბინაში მისვლისთანავე, მ–მ დაუწყო ჩხუბი და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. ასევე აგინებდა დედის მისამართით. ეუბნეოდა, რომ ჩამშვები იყო და მის გამო მ–ა ბინას ატოვებინებდა. მ–მ მოულოდნელად მარჯვენა მუშტი დაარტყა კბილებში, რის გამოც გაუსკდა ორივე ტუჩი შიგნიდან და მოერყა წინა კბილი. დარტყმის გამო განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ვიდრე სისხლს იწმენდდა, ამ დროს მან მიაძახა პოლიციაში არ დაერეკა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავდა. მას არავის ეშინოდა და როცა დაიძინებდა ისე გამოჭრიდა ყელს რომ ვერავინ გაიგებდა. ყოველივე ამის გამო ძალიან შეეშინდა, გამოვიდა ეზოში და გამოიძახა პოლიცია. მან პოლიციის თანამშრომლებს დაბალი ხმით აუხსნა არსებული სიტუაცია, რადგან მართლა არ მოეკლა მ–ს. როცა პოლიციის თანამშრომლებმა დაიწყეს სიტუაციაში გარკვევა, მ–ემ დაუწყო ყვირილი, რომ ბოზი იყო, რადგან პოლიციაში დარეკა. ამ დროს მოულოდნელად მ–მ სწრაფად მიირბინა მასთან, ხელი დაარტყა თავში და მარჯვენა ფეხი ჩაარტყა მარცხენა ფეხის წვივის არეში, რის გამოც განიცადა ძლიერი ტკივილი.
5.4. საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, ს–ში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.
5.5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ დაადგინა, რომ ,,მოწმის დაუსწრებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა თავისთავად ვერ იქნება სასამართლო განხილვის უსამართლობის განმაპირობებელი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდების მოწმის დაუსწრებლობის საპატიო მიზეზი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია, რათა შეფასდეს ბალანსი სასამართლო განხილვის საერთო სამართლიანობის შეფასებისას.“ ამასთან, აუცილებელია სამ ეტაპად იქნეს შესწავლილი სამართალწარმოების შესაბამისობა კონვენციის მე-6 მუხლის პირველ და მესამე (დ) პუნქტებთან, როდესაც სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების სახით გამოყენებულ იქნა იმ მოწმის ჩვენება, რომელიც არ ესწრებოდა სასამართლო პროცესს და არ დაუკითხავთ. სასამართლომ უნდა შეისწავლოს: (1) არსებობს თუ არა მოწმის დაუსწრებლობის საპატიო მიზეზი და შედეგად შესაძლებელია თუ არა დაუსწრებელი მოწმის გადაუმოწმებელი ჩვენებების გამოყენება; (2) არის თუ არა დაუსწრებელი მოწმის ჩვენება ბრალდებულის მსჯავრდების ერთადერთი, ან გადამწყვეტი საფუძველი; (3) არსებობს თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, მათ შორის ქმედითი პროცესუალური გარანტიები, რათა დაცვისთვის გადაუმოწმებელი მტკიცებულებების დაშვებით მიყენებული ზიანი დაბალანსდეს და უზრუნველყოფილი იყოს მთლიანი სასამართლო განხილვის სამართლიანობა.
5.6. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მ. ქ–ისათვის ბრალადწარდგენილი ქმედებების სპეციფიკიდან გამომდინარე, მუქარის დასადასტურებლად აუცილებელია დადგინდეს საფუძვლიანი შიშის გაჩენის, ხოლო ძალადობისთვის ტკივილის განაცდის ფაქტები. საკასაციო პალატის შეფასებით, გამოკითხვის ოქმი არის ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულება ზემოხსენებული დანაშაულების შემადგენლობის დასადასტურებლად. მხოლოდ აღნიშნული კი, საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
5.7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ცალკე შეფასებელია სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თანხვედრის საკითხი. დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის თანახმად, იგი მის მიმართ ქმედების განმახორციელებელ პირად ასახელებს მ. ქ–ეს. მაშინ როდესაც 2024 წლის 13 მაისის, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N............ დასკვნის თანახმად, შესამოწმებლის გადმოცემით: 2024 წლის 9 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე, ნაცნობმა ოთხმა პირმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მუშტი დაარტყეს სახის არეში და ხის ჯოხი დაარტყეს ზურგის არეში, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
5.8. საქმეში წარმოდგენილი მოწმე პოლიციელების ზ. კ-სა და ტ. რ-ს ჩვენებები კი, არასაკმარისია ბრალადწარდგენილი ქმედებების დასადასტურებლად. მათ განაცხადეს, რომ ისინი უშუალოდ შეესწრნენ მ. ქ–ის მიერ მ. ნ–ის მიმართ ეზოში განხორციელებულ ძალადობას, რა დროსაც დაზარალებულმა არ დაადასტურა ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტი, აღნიშნული მან მხოლოდ საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვის დროს მიუთითა. ასევე, მოწმეებს არ უსაბრიათ, მუქარის განხორციელების თაობაზე. თავად გამართლებულმა კი, უარყო 2024 წლის 9 აპრილს დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალადობა და მუქარა.
5.9. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებას, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.
5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.12. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე