საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 190100124010611944
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№776აპ-25 ქ. თბილისი
წ–ი ვ., 776აპ-25 17 ნოემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივლისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ. წ–ს, – დაბადებულს ...., – ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა და სამი პირის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ და ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.1. 2018 წლის 10 ნოემბრიდან 2024 წლის 10 ნოემბრამდე, ალკოჰოლით მთვრალი ვ. წ–ი, უმიზეზოდ, ყოველდღიურად, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლის – დ. გ–ისა და შვილების – მ. წ–ისა და წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე – ა. წ–ის, მიმართ. 2024 წლის 9 ნოემბერს კი, დაახლოებით, 20:30 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ–ში, მათსავე საცხოვრებელ სახლში, ვ. წ–მა, უმიზეზოდ, ფიზიკურად იძალადა თავის შვილზე – მ. წ–ზე. კერძოდ, მარჯვენა ხელი მოუჭირა მარცხენა ხელზე, მარცხენა ხელი დაარტყა თავში, მოქაჩა თმა და მარცხენა ხელი მოუჭირა ყელში. ვ. წ–ის ქმედებების შედეგად, მ. წ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, ხოლო ა. წ–მა და დ. გ–მა –ტანჯვა.
1.2. 2024 წლის 9 ნოემბერს, დაახლოებით, 20:30 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ–ში, მათსავე საცხოვრებელ სახლში, ვ. წ–ი მის მეორე შვილთან – მ. წ–თან არსებულ კონფლიქტში ჩარევის გამო, ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილს – ა. წ–ს. კერძოდ, უთხრა, რომ თუ არ გაჩუმდებოდა, სკამს ჩაარტყამდა. ვ. წ–ის მუქარა ა. წ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3. 2024 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, დღისით, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ–ში, მათსავე საცხოვრებელ სახლში, ვ. წ–მა უმიზეზოდ, ფიზიკურად იძალადა მეუღლის – დ. გ–ის მიმართ. კერძოდ, მარჯვენა გაშლილი ხელი დაარტყა მარცხენა ლოყაზე. ვ. წ–ის ქმედებების შედეგად, დ. გ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ვ. წ–ს წარედგინა ბრალდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 თებერვლის განაჩენით ვ. წ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა; ვ. წ–ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (დაზარალებულმ. წ–ზე ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი), რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნასავედ და მიესაჯა – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდესის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 1 წელი. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის შესაბამისად, შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები – 1 წლით.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – სალომე ქემაშვილმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას, ვ. წ–ის დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადშერაცხილი ყველა ქმედების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივლისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – სალომე ქემაშვილმა, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლას, ვ. წ–ის დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადშერაცხილი ყველა ქმედების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ წარდგენილ ბრალდებებში მისი უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე სასამართლოსგადაწყვეტილება – უკანონოა, რამეთუ, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით – დაზარალებულების: მ. წ–ის, დ. გ–ისა და ა. წ–ის გამოკითხვის ოქმებით; დანაშაულის შესახებ შეტყობინებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; შემაკავაბელი ორდერითა და მისი ოქმით – გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ვ. წ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით და, იმავდროულად, მასში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, ერთი მხრივ, სარწმუნოდ დადგინდა ვ. წ–ის მიერ მ. წ–ზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი, რასაც არც მსჯავრდებული უარყოფს და, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება მართებულად გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი კანონიერად არის მსჯავრდებული; მეორე მხრივ, უტყუარად ვერ დადასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით ვ. წ–ისათვის ბრალადშერაცხილი ქმედებების ჩადენა, კერძოდ: დაზარალებულებმა – მ. და ა. წ–ებმა, ისევე, როგორც – დ. გ–მა სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები ვ. წ–ის წინააღმდეგ და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვებისას მიწოდებული ინფორმაცია; სხვა მტკიცებულებებიდან კი, რომლებზეც აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში: „112-ში“ შეტყობინებით ირკვევა, რომ დაზარალებულმა მ. წ–მა დარეკა „112-ში“ და შეატყობინა, რომ მამა – ვ. წ–ი, რომელიც არის ალკოჰოლით მთვრალი, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს ოჯახის წევრებს, შემთხვევის ადგილზე კი, არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ დაზარალებულს არ მიუთითებია ოჯახის რომელი წევრების ან რა სახის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი, ხოლო თავად ზარის ინიციატორმა უარი თქვა სასამართლოში დაკითხვაზე, შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებთან მიმართებით გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, მართებულად გადაწყდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ; გარდა მ. წ–ზე ფიზიკური ძალადობისა, ვ. წ–ისათვის წარდგენილ სხვა ბრალდებებთან მიმართებით, ასევე არაფრისმთქმელია საქმეში არსებული სხვა სამხილებიც – მოწმე ა. კ–ს გამოკითხვის ოქმი, რომელმაც სამეციცინო დახმარება აღმოუჩინა მ. წ–ს, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანება და ამხელდა მამას ძალადობაში; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც მ. წ–ს კისრის არეში გამოუვლინდა სისხლნაჟღენთი, ასევე – საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად გამოცემული შემაკავებელი ორდერი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვ. წ–მა მ. წ–ს მარცხენა ხელი მოუჭირა ყელის არეში და ცდილობდა მის გაგუდვას. შესაბამისად, ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტიცების ტვირთი, სასამართლოში ვერ წარმოადგინა უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები ვ. წ–ისათვის წარდგენილი ბრალდებების იმ ნაწილში, რომელთა ჩადენაშიც იგი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა.
10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე