საჩივარი დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 10.12.2025
საქმის ნომერი
ა-3650-შ-94-2025
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
10.12.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-3650-შ-94-2025

10 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - თ.მ.ქ–ნი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი – ესპანეთის, ქ.ბარსელონას პირველი ინსტანციის N40 სასამართლოს 2024 წლის 8 მარტის გადაწყვეტილება N414/2024

დავის საგანი – მხარდაჭერის მიმღებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ესპანეთის, ქ.ბარსელონას პირველი ინსტანციის N40 სასამართლოს 2024 წლის 8 მარტის გადაწყვეტილებით N414/2024 ბატონი ს.ჯ–ძის მხარდამჭერად დაინიშნა ქალბატონი თ.მ.ქ–ნი.

2. 2025 წლის 22 ივლისს თ.მ.ქ–ნმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ესპანეთის, ქ. ბარსელონას, პირველი ინსტანციის N40 სასამართლოს 2024 წლის 8 მარტის N414/2024 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალების შესწავლით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაში შევიდა 2024 წლის 8 აპრილს

4. საქმის მასალების თანახმად, მხარდამჭერის მიმღები საქართველოს მოქალაქეა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ივლისის განჩინებით თ.მ.ქ–ნის შუამდგომლობა, ესპანეთის, ქ.ბარსელონას პირველი ინსტანციის N40 სასამართლოს 2024 წლის 8 მარტის N414/2024 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, მიღებულია წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ თ.მ.ქ–ნის შუამდგომლობა ესპანეთის, ქ.ბარსელონას პირველი ინსტანციის N40 სასამართლოს 2024 წლის 8 მარტის N414/2024 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

8. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ მისი ცნობა/აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი წინაპირობების თვალსაზრისით. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იურიდიული ძალის სხვა ქვეყანაში გავრცელებისათვის უნდა არსებობდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივ საფუძველში იგულისხმება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების გავრცელება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელმაც უნდა სცნოს ეს გადაწყვეტილება, ხოლო სამართლებრივ საფუძველში მოიაზრება საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმები, რომლითაც ხორციელდება ცნობა/აღსრულების შემოწმება/განხილვა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარებით ახდენს ამ გადაწყვეტილებით დაცული მხარის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ცნობას, რომლის რეალიზაციის იურიდიული შედეგი უნდა გავრცელდეს საქართველოში (იხ. სუსგ №ა-3644-შ-94-2019, 3 ოქტომბერი, 2019 წელი).

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

10. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, ესპანეთის, ქ.ბარსელონას პირველი ინსტანციის N40 სასამართლოს 2024 წლის 8 მარტის გადაწყვეტილება N414/2024 ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.მ.ქ–ნის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ესპანეთის, ქ.ბარსელონას პირველი ინსტანციის N40 სასამართლოს 2024 წლის 8 მარტის გადაწყვეტილება N414/2024, რომლითაც:

- ს.ჯ–ძეს, თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, ესაჭიროება მხარდამჭერი, რომელსაც ექნება თანხლების, ზედამხედველობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილება პირად და ეკონომიკურ სფეროებთან დაკავშირებულ მოქმედებასთან მიმართებით, კერძოდ: ა) დამოუკიდებელი ცხოვრების ძირითადი და დამხმარე აქტივობები. ბ) პირად სფეროსთან დაკავშირებით: მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რაც მოიცავს თანხმობას/მეთვალყურეობას მისთვის დანიშნულ სამედიცინო მკურნალობაზე, მედიკამენტების მიღებას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, საავადმყოფოში ან საცხოვრებელში მოთავსებას. გ) ქონებასთან დაკავშირებით: მისი ქონების მართვა და განკარგვა, რაც გულისხმობს მისი ქონების, უფლებების და ნებისმიერი სახის სამართლებრივი და ქონებრივი ინტერესების მართვასთან და განკარგვასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის სამართლებრივ ქმედებას და გარიგებას. დ) გადაწყვეტილება საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და გადაადგილების შესახებ. ე) ბიუროკრატიული, იურიდიულ-ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება.

- ეს მხარდაჭერა შეთანხმებულია 6 წლის ვადით, ისე როგორც ეს გათვალისწინებულია კატალონიის სამოქალაქო კოდექსის 226-8 მუხლით;

- ბატონი ს.ჯ–ძის მხარდამჭერად დაინიშნა ქალბატონი თ.მ.ქ–ნი.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ბადრი შონია

ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე