საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N200100123007545884
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №766აპ-25 ქ. თბილისი
ყ–ი გ., 766აპ-25 22 დეკემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ყ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ი. ბ–სა და მ. ვ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ყ–მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგით:
2023 წლის 21 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ვ–ში, ე.წ. ,,ბასეინების" ტერიტორიაზე, გ. ყ–ი შეხვდა თ. მ–ს, რომლებსაც ერთმანეთში წარსულში ჰქონდათ კონფლიქტი. აღნიშნული კონფლიქტიდან გამომდინარე, თ. მ–მა და გ. ყ–მა ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამ ფაქტით განაწყენებულმა გ. ყ–მა, შურისძიების მოტივით, განიზრახა თ. მ–ის მკვლელობა, თავის სარგებლობაში არსებული ,,ოპელის" მარკის ავტომანქანის (სახ. № ....) უკანა სავარძლიდან აიღო საკუთარ სახელზე რეგისტრირებული, 12-კალიბრიანი, სანადირო, გლუვლულიანი თოფი და სამჯერ, დამიზნებით ესროლა თ. მ–ს, რომელიც მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.
2. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 თებერვლის განაჩენით გ. ყ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით;
გ. ყ–ს საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 3 (სამი) წლის ვადით;
გ. ყ–ს ძირითადი სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2023 წლის 21 მაისიდან;
გაუქმდა გ. ყ–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
3. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ყ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ვ–მა. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გ. ყ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ივნისის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ. ყ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ი. ბ–მ და მ. ვ–მა. ადვოკატები საკასაციო საჩივრებით მოითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გ. ყ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგი ძირითადი საფუძვლებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან სასამართლოში არ დამტკიცებულა განაჩენში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად გადაწყდა ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია; ქმედების ჩადენის დროს მსჯავრდებული იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, შესაბამისად, მისი ქმედება წარმოადგენს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოებას, კერძოდ, გ. ყ–ი იცავდა საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ნაჯახით შეიარაღებული თ. მ–ის თავდასხმისგან; გარდაცვლილს მსჯავრდებულისთვის არ მიუყენებია შეურაცხყოფა, ამდენად, გ–ს არ გააჩნდა მკვლელობის რაიმე მოტივი; კონფლიქტის ინიციატორი შემთხვევის დღეს და წარსულშიც არაერთხელ, სწორედ დაზარალებული იყო; სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა შემთხვევის თვითმხილველი მოწმის – ზ. ს–ის ჩვენება, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება, როგორც მის მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას, ასევე – საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს. იგი აშკარად ცრუობს და ამახინჯებს ფაქტობრივ გარემოებებს, რათა დაამძიმოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, იგი გამოძიებაში არაფერს უთითებდა ე.წ. ფუჭ გასროლაზე; სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის – დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, არ დასტურდება, რომ გ. ყ–მა ესროლა მიწაზე დავარდნილ თ. მ–ს.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება მსჯავრდებულ გ. ყ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ი. ბ–სა და მ. ვ–ის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი არ ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას და სასამართლომ უკანონოდ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია გ. ყ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს: მხარეებს შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მსჯავრდებულმა გ. ყ–მა სანადირო გლუვლულიანი თოფის გამოყენებით სამი ცეცხლნასროლი ჭრილობა მიაყენა თ. მ–ს, რის შედეგადაც, იგი ადგილზე გარდაიცვალა, მაგრამ დაცვის მხარის მოსაზრებით, მსჯავრდებული იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და, შესაბამისად, არ მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების ზემოაღნიშნულ მტკიცებას, შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საკასაციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია განზრახი მკვლელობისათვის. ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა – სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია აღმოცენდეს, მაგალითად, შურისძიების, ეჭვიანობის ან/და შელაპარაკების ნიადაგზე.
11. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს: ქმედების სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია, ბრალდებული არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა, ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის №527აპ-17 განაჩენის სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 29).
12. საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ე.ი. ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან.
13. საკასაციო სასამართლოს მიერ განმარტებულია: პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება იმ შემთხვევაში, როდესაც მის მიმართ ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება კი უკიდურესობით გამოწვეული მოქმედებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას. მართალია, აუცილებელი მოგერიების დროს არ არსებობს სამართლებრივ სიკეთეთა შესაბამისობის მოთხოვნა, მაგრამ თავდაცვა არ არის მართლზომიერი სამართლებრივ სიკეთეთა აშკარა შეუსაბამობის დროს. არ შეიძლება ადამიანს სიცოცხლე მოუსპო ან მძიმე დაზიანება მიაყენო იმ შემთხვევაში, როცა აშკარად შესაძლებელია თავდაცვის განხორციელება შედარებით უფრო ნაკლები ზიანის მიყენების გზით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №593აპ-15 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4).
14. მსჯავრდებული თავის ჩვენებაში განმარტავს, რომ 2022 წელს გ. ყ–ს თავისი ახლობლების გამო, თ. მ–თან მოუხდა ინციდენტი. განაწყენებული დაზარალებული მასთან სახლში მივიდა და ჯერ დანა გაუხსნა, შემდეგ კი თოფიდან ორჯერ ისროლა ჰაერში. ამის შემდეგ, თ. მ–ი მის მიმართ ყოველთვის აგრესიულად იყო განწყობილი, ტელეფონით ურეკავდა და ემუქრებოდა, ხოლო მსჯავრდებული თავს არიდებდა. 2022 წლის სროლის ფაქტზე 112-ში დედამისმა დარეკა, პოლიციელებმა შეადგინეს ოქმი, თუმცა რა დაწერეს მასში, არ იცის, რადგან არ წაუკითხავს. სხვა შემთხვევებთან დაკავშირებით, მსჯავრდებულს არ უჩივლია.
15. გ. ყ–ის განმარტებით, შემთხვევის დღესაც, კონფლიქტის ინიციატორი სწორედ თ. მ–ი იყო, მისგან მოდიოდა აგრესია, ხოლო მსჯავრდებული თავს იცავდა. მსჯავრდებულის ჩვენებით, როდესაც იგი ჩამოვიდა ავტომანქანიდან, რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ გაიგონა თ. მ–ის ხმა. იგი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, რაზეც გ–მაც სიტყვიერი შეურაცხყოფით უპასუხა. როდესაც თ–ე გაიქცა თავისი მანქანისკენ, თვითონაც წავიდა საკუთარი მანქანისკენ, რადგან იფიქრა, რომ თ–ეს თოფი ჰქონდა. ამიტომ თავისი მანქანიდან ამოიღო თოფი. თ–ს უთხრა, ახლოს არ მისულიყო, თორემ თავს დაიცავდა, მერამდენედ უნდა მიეყენებინა მისთვის შეურაცხყოფა. დაინახა, რომ თ–ე ნაჯახით ხელში უახლოვდებოდა, რის გამოც, ჰაერში გამაფრთხილებლად გაისროლა და უთხრა, ახლოს არ მისულიყო, ნაჯახს არ დაარტყმევინებდა. ამ დროს თ–ემ რაღაც მანევრირება დაიწყო, მსჯავრდებულს კი ზ. ს–ი მივარდა, დაუდგა წინა მხრიდან და ცდილობდა თოფის წართმევას. გ–მ ზ–ს უთხრა, რომ თ–ე დაეჭირა, ის ესხმოდა თავს და მას რატომ იჭერდა. რაღაცნაირად გამოგლიჯა თავისი თავი და ხელები ზ–ს და დაზარალებულს ესროლა ფეხების მიმართულებით. თ. მ–ი გაჩერდა, მაგრამ ეუბნებოდა, რომ მაინც ,,ჩააძაღლებდა“, შემდეგ რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა. მსჯავრდებულმა იფიქრა, თ–ე გაჩერდებოდა, მაგრამ თ–ემ დაიღრიალა, რომ ჯერ მას ,,ჩააძაღლებდა“ და მერე – დედამისს. სანამ ზ. ს–ი მას ეჭიდავებოდა, თ–ე მანევრირებდა, მომენტს ეძებდა, რომ ნაჯახი დაერტყა, დაახლოებით, მეტრნახევარში იდგა, ერთი ნაბიჯიღა აკლდა, რომ თავში ,,დაეშვა“ ნაჯახი. დაზარალებულმა პირველი სროლის შემდეგ ერთი ნაბიჯი უკან გადადგა, მაგრამ მერე უარესად გაიქცა მისკენ. მეორე სროლა იმან განაპირობა, რომ თ–ე იყო უარესად გამწარებული და იმ ნაჯახით ალბათ დაჩეხავდა. მსჯავრდებულმა განმარტა, რომ ბუნდოვნად ახსოვს, მეორედ და მესამედ როგორ გაიროლა. მას თ. მ–ის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია.
16. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემთხვევის უშუალო თვითმხილველი პირის, ნეიტრალური, პირდაპირი მოწმის − ზ. ს–ის ჩვენებაზე, რომელიც მსჯავრდებულისგან სრულიად საპირისპიროდ განმარტავს შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს. მისი ჩვენებით დადგენილია შემდეგი:
17. შემთხვევის დღეს, 2023 წლის 21 მაისს, ის და თ. მ–ი იმყოფებოდნენ სოფელ ვ–ში, ე.წ. ,,ბ–ბთან“. ამ დროს ვენახების მხრიდან, ლურჯი ფერის ,,ოპელის” მარკის ავტომანქანით მივიდა გ. ყ–ი, რომელიც გადმოვიდა ავტომანქანიდან და თ–ეს დაუწყო გინება. თ–ემაც გინებითვე უპასუხა. ისინი სიტყვიერ შეურაცხყოფას ხელების ქნევით აყენებდნენ ერთმანეთს. შემდეგ გ. ყ–მა თავისი ავტომანქანის წინა სალონიდან გადმოიღო თოფი. თოფის დანახვაზე მოწმე ზ. ს–ი მივარდა გ. ყ–ს წინა მხრიდან, ხელი სტაცა ლულას და ზემოთ ააკვრევინა. თოფი პირველად არ გავარდა, ე.წ. ,,ასეჩკა მისცა”. ამ დროს თ. მ–მა თავისი მანქანის საბარგულიდან აიღო პატარა ნაჯახი და იდგა ადგილზე, მათთან არ მისულა, მათ შორის, დაახლოებით, 4 მეტრამდე იყო მანძილი. ზ. ს–ი გ. ყ–ს ხელებით იჭერდა უკნიდან და არ აძლევდა თ–ეს მიმართულებით გასროლის საშუალებას, თუმცა გ. ყ–მა ორჯერ გაისროლა ჰაერში, რის შემდეგაც, წააქცია ზ–ი და სწორედ მაშინ დამიზნებით ესროლა თ. მ–ს. დაზარალებულს ტყვია მოხვდა საზარდულის არეში და ძირს დაეცა. შემდეგ გ. ყ–ი მივიდა და კიდევ ორჯერ ესროლა ძირს დავარდნილ თ. მ–ს, რის შემდეგაც მანქანით დატოვა ადგილი.
18. მოწმემ ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ, როდესაც თ. მ–მა ნაჯახი მანქანიდან ამოიღო, თვითონ, გ. ყ–ს, რომელსაც უკვე თოფი ჰქონდა მომარჯვებული, ხელით აკავებდა და სროლისას მსჯავრდებულსა და აწ გარდაცვლილს, დაახლოებით, 2-3 მეტრი იყო დაშორება. როდესაც დამიზნებით პირველი გასროლის შემდეგ თ–ე დაეცა, ზ. ს–მა გ. ყ–ს უთხრა ეს რა ქენიო, თავზე დაიფარა ხელები და გაიგო კიდევ ორი გასროლის ხმა. ამ დროს მოწმე იმყოფებოდა ტრაქტორის მეორე მხარეს, ხოლო გ– და თ–ე იმყოფებოდნენ ტრაქტორის სხვა მხარეს. გასროლების შემდეგ დაინახა, რომ გ. ყ–ი თავზე ედგა თ. მ–ს.
19. მოწმემ ასევე განმარტა, რომ პირველადაც, როდესაც ტყვია არ გავარდა, გ. ყ–ი ასევე დამიზნებით ისროდა თ–ეს მიმართულებით. შემდეგ გ–მ მოასწრო თოფის მეორედ გადატენა. ამ დროს მოწმემ თოფი ააწევინა და გ–მ ჰაერში გაისროლა ტყვია. გ. ყ–მა იარაღი ყოველი გასროლის წინ გადატენა. როდესაც გასროლილი ტყვია მოხვდა თ–ეს, დაზარალებული ერთ ადგილას იდგა და მათკენ არ წასულა. მისი დაცემის შემდეგ, მსჯავრდებულმა კიდევ ორჯერ ისროლა, რაც მოწმეს არ დაუნახავს, მხოლოდ ხმა გაიგონა, რადგან ამ დროს იმყოფებოდა ტრაქტორის მეორე მხარეს, საიდანაც ვერ ხედავდა სროლის ადგილს. სროლების დასრულების შემდეგ, მოწმემ უკვე დასახიჩრებული თ. მ–ი ნახა და ამის შემდეგ დარეკა ,,112“-ში. მოწმის ჩვენებით, თ–ესგან სიტყვა – ,,ჩაგაძაღლებ“ არ გაუგია. ტრაქტორი ამ დროს არ იყო დაქოქილი და ეს რომ თ–ეს ეთქვა, გაიგონებდა. როდესაც თ–ეს ტყვია პირველად მოხვდა, ის ნელ-ნელა გადავარდა მიწისკენ.
20. დაცვის მხარე ცდილობს მითითებული თვითმხილველი მოწმის ჩვენების დისკრედიტაციას და წარმოჩენას, რომ, თითქოსდა იგი ცრუობს და დანაშაულის ჩადენას აბრალებს მსჯავრდებულს, თუმცა აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან. ზ. ს–ის ჩვენება დეტალური, თანმიმდევრული და დამაჯერებელია. დაცვის მხარე მიუთითებს, რომ მოწმემ სასამართლოში მისცა გამოძიებაში მიცემული ჩვენებისგან არსებითად განსხვავებული, შეცვლილი ჩვენება, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს. ხაზგასასმელია, რომ რაიმე არსებითი სახის წინააღმდეგობა არ იკვეთება მოწმის მიერ გამოძიებასა და სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს შორის.
21. ზ. ს–მა სასამართლოში მიცემული ჩვენების იდენტურად, გამოძიებაშივე ამხილა მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენაში და მაშინვე უთითებდა, რომ იგი ცდილობდა სანადირო თოფით შეიარაღებული გ. ყ–ის შეჩერებასა და თ–ესკენ არ უშვებდა. ამ დროს თ–ემ მათკენ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და გაჩერდა 2-3 მეტრში. გ. ყ–მა ჯერ ორჯერ გაისროლა ჰაერში, შემდეგ თოფის კონდახით მოწმე თავიდან მოიშორა და უკვე დამიზნებით ესროლა დაზარალებულს, მუცლის მიმართულებით, რის შემდეგაც იგი მოწყვეტით დაეცა მიწაზე. ამ დროს მასთან ახლოს მივიდა მსჯავრდებული და უკვე მიწაზე მწოლიარეს, ესროლა სახისა და ტანის არეში კიდევ ორჯერ. გამოკითხვის ოქმში, მოწმე ასევე უთითებს, რომ როდესაც თ–ე, ხელში ნაჯახმომარჯვებული, 2-3 მეტრის მოშორებით იდგა ზ. ს–ისა და გ. ყ–ისგან, დაზარალებულს შეეძლო, გ–სთან მისულიყო და ნაჯახი ჩაერტყა მისთვის, რადგან მოწმე იჭერდა მსჯავრდებულს, თუმცა მან ეს არ გააკეთა.
22. რაც შეეხება მოწმე ზ. ს–ის სასამართლოში მიცემულ ჩვენებას, საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ და განაჩენის გამოტანის დროს სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით. ზ. ს–მა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას, მხარეთა უშუალო მონაწილეობით პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის შედეგად, განავრცო, დააზუსტა და შეავსო გამოძიებაში გამოკითხვის ოქმში მითითებული დეტალები, სრულყოფილად აღიდგინა და გადმოსცა შემთხვევის დროს განვითარებული მოვლენები. ამასთან, როგორც ზემოთაც აღინიშნა, რაიმე არსებითი სახის წინააღმდეგობა გამოკითხვის ოქმში მითითებულ ინფორმაციასა და სასამართლოში მიცემულ ჩვენებას შორის არ იკვეთება.
23. ამასთან, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია იმის მადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ ზ. ს–ი დაინტერესებული პირია, სასამართლოს აძლევს ცრუ ჩვენებას და ესოდენ მძიმე დანაშაულის ჩადენას უსაფუძვლოდ აბრალებს გ. ყ–ს. ზ. ს–ის ჩვენებით ირკვევა ისიც, რომ იგი თ. მ–თან მეგობრობდა, მაგრამ მას ასევე კარგი ურთიერთობა ჰქონდა გ. ყ–თანაც. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია რაიმე მიზეზი, რომ საეჭვოდ მიიჩნიოს და არ გაიზიაროს შემთხვევის თვითმხილველი პირის სანდო, დამაჯერებელი და დეტალური ჩვენება.
24. აღსანიშნავია ისიც, რომ მოწმე ზ. ს–ის ჩვენება თანხვდენილია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ, გარდაცვლილის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლის მიხედვით, დგინდება, რომ პირველივე ჭრილობა, რომელიც დაზარალებულს გასროლისას მსჯავრდებულმა მიაყენა, სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებას წარმოადგენდა (თეძოს ფოსოს ჭრილობა-ტყვიის შესავალი ხვრელი, შემავალი მუცლის ღრუში, შარდის ბუშტისა და მარჯვენა თეძოს არტერიის დაზიანებით, მენჯის მარჯვენა ნახევრის რბილი ქსოვილების უცხო სხეულები – ტიზი დაა საფანტები. ჭრილობის არხის შესაბამისად, რომელიც მიემართება წინიდან უკან, მარცხნიდან მარჯვნივ და ზემოდან ქვემოთ, რბილ ქსოვილებში სისხლჩაქცევები). ნიშანდობლივია ისიც, რომ გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნებოდა სისხლის მრავალი კვლები, კერძოდ, მაისურზე, ასევე: ჯინსის შარვლის ზედა მხარეს, ყელის მიდამოში, თავთან იდგა სისხლის გუბე. გვამს სულ დასისხლიანებული ჰქონდა ხელები მთელ სიგრძეზე. მიუხედავად ამისა, ნაჯახზე საერთოდ არ აღმოჩნდა სისხლის ლაქები, რაც დადასტურებულია ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითაც. თავის მხრივ, მსჯავრდებულს სხეულზე რაიმე დაზიანება არ ჰქონია. ამდენად, აწ გარდაცვლილის სხეულზე არსებული თავდაპირველი დაზიანება და ის გარემოება, რომ ნაჯახზეც არ აღმოჩნდა სისხლის კვლები, ცალსახად გამორიცხავს მსჯავრდებულის განმარტებას, რომ მას შემდეგ, რაც მან პირველი გასროლით დაჭრა დაზარალებული, იგი ნაჯახით შეიარაღებული აგრძელებდა მისკენ სვლას, ხოლო თვითონ თავს იცავდა მისგან. როგორც აღინიშნა, დაცვის მხარის ვერსიას გ. ყ–ის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნის შესახებ, კატეგორიულად გამორიცხავს შემთხვევის უშუალო თვითმხილველი პირის, მოწმე ზ. ს–ის ჩვენება, რომლის მიხედვითაც, აგრეთვე სრულად უარყოფილია კონფლიქტის დასაწყისიდანვე (როგორც თავდაპირველი, ასევე − მომდევნო ორი გასროლის დროს), მსჯავრდებულის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მოქმედების ფაქტი.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, მსჯავრდებული გ. ყ–ი არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, შესაბამისად, მისი ქმედება არ წარმოადგენდა უკიდურესობით გამოწვეულ მოქმედებას და არ იყო გამოწვეული თავდაცვის სურვილით, არამედ: გ. ყ–მა წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, შურისძიების მოტივით, მის ხელთ არსებული სანადირო თოფიდან გამიზნულად, დამიზნებით, ახლო მანძილიდან სამჯერ ესროლა თ. მ–ს, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. მსჯავრდებულის ქმედება უშუალო მიზეზობრივ კავშირია დამდგარ შედეგთან − თ. მ–ის გარდაცვალებასთან (თ. მ–ის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული კისრისა და მუცლის წინა კედლის ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად, მაგისტრალური სისხლძარღვების (მარცხენა საძილე არტერიის, საუღლე ვენის და მარჯვენა თეძოს არტერიის) დაზიანებათა გამო).
26. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს გ. ყ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამასთან, სააპელაციო პალატამ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ, ნათლად მიუთითა იმ მოტივებზეც, რომელთა საფუძველზეც, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება და იზიარებს.
27. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
29. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ყ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ი. ბ–სა და მ. ვ–ის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე