საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100123007556160
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №718აპ-25 1 დეკემბერი, 2025 წელი
ა–ი ს., №718აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის განაჩენზე თბილისის ვაკე- საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ს. ა–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2023 წლის 26 მარტს, დღის საათებში, თ–ში, ...... ქუჩა N..-ში მდებარე ავტო-სამრეცხაოს ეზოში ყოფნისას ს. ა–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ც. ს–ეს, კერძოდ, სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ე.წ. „კასტეტი“.
1.3. 2023 წლის 26 მარტს დღის საათებში, თ–ში, ...... ქუჩა N..-ში მდებარე ავტო-სამრეცხაოს ეზოში ყოფნისას ს. ა–მა განზრახ დააზიანა თ. ს–ის კუთვნილი „მიცუბიშის“ ფირმის „აუთლენდერის“ მოდელის ავტომანქანის უკანა საქარე მინა, რამაც 350 ლარის ზიანი გამოიწვია.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის გამო, არ დადასტურდა ს. ა–ის ბრალეულობა მისთვის ბრალადწარდგენილ დანაშაულებში.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 აგვისტოს განაჩენით, ს. ა–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებებით და გამართლდა.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვახტანგ ხარებაშვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად ს. ა–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვახტანგ ხარებაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურება ს. ა–ის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებებითა და ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებით ცალსახად დადგინდა, რომ ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი თავად ს. ა–ი იყო, მან პირველად მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა დაზარალებულს, შემდეგ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ჩაუმსხვრია ავტომანქანის საქარე მინა. ს. ა–ს ჰქონდა ყველანაირი შესაძლებლობა, განრიდებოდა კონფლიქტს, ჩამჯდარიყო კუთვნილ ავტომანქანაში და წასულიყო. ამასთან, მან სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურა, რომ როდესაც ც. ს–ის ავტომანქანისკენ მიდიოდა, ჰქონდა ჩხუბის მოლოდინი და ასვე მიუთითა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მასსა და ც. ს–ეს შორის პრაქტიკულად ერთდროულად მოხდა. შესაბამისად, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ს. ა–ი არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასება:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. უპირველეს ყოვლისა საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის N593აპ-15 გადაწყვეტილებაზე, რომელშიც განმარტებულია, რომ „პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება იმ შემთხვევაში, როდესაც მის მიმართ ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება კი უკიდურესობით გამოწვეული მოქმედებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას. მართალია, აუცილებელი მოგერიების დროს არ არსებობს სამართლებრივ სიკეთეთა შესაბამისობის მოთხოვნა, მაგრამ თავდაცვა არ არის მართლზომიერი სამართლებრივ სიკეთეთა აშკარა შეუსაბამობის დროს. არ შეიძლება ადამიანს სიცოცხლე მოუსპო ან მძიმე დაზიანება მიაყენო იმ შემთხვევაში, როცა აშკარად შესაძლებელია თავდაცვის განხორციელება შედარებით უფრო ნაკლები ზიანის მიყენების გზით. ამასთანავე, უნდა დადგინდეს მომგერიებლის სუბიექტური დამოკიდებულება, კერძოდ, მოგერიება უნდა იყოს სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით განხორციელებული“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მაისის N862აპ-19 გადაწყვეტილებაში კი განმარტებულია, რომ: „აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა შედგება შემდეგი სამი ელემენტისგან: უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი. თავის მხრივ, უკიდურესი მდგომარეობის არსებობის დასადგენად საჭიროა შემდეგი სამი კრიტერიუმის არსებობა: სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, ხელყოფის იმწუთიერობა და ხელყოფის მართლწინააღმდეგობა, რაც, შესაბამისად, გულისხმობს ხელყოფის რეალურ (ობიექტურ) ხასიათს. აუცილებელი მოგერიების დროს ობიექტურად უნდა არსებობდეს თავდასხმა და სუბიექტურად პირს უნდა ჰქონდეს თავდაცვის მიზანი “.
5.3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის N....... დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ამოღების ოქმებით დადგენილია, რომ ს. ა–მა ც. ს–ეს სახეში ჩაარტყა ხელი, რაც სამედიცინო ექსპერტიზის N......... დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. თუმცა, მხოლოდ დაზიანების მიყენება არ არის საკმარისი საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. განზრახვის დასადგენად შეფასებულ უნდა იქნეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და დადგინდეს ს. ა–ის ქმედება მიმართული იყო ც. ს–ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისკენ, თუ მან, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, თავდაცვის მიზნით, უპასუხა თავდამსხმელს და მოქმედებდა თუ არა იგი დაუყოვნებლივ, გარემოებების შესაბამისად.
5.4. საკასაციო პალატის შეფასებით აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს მოწმეთა ჩვენებები და ნივთიერი მტკიცებულების (ვიდეოჩანაწერების) გახსნისა და დათვალიერების ოქმი, რითაც დგინდება, რომ 2023 წლის 26 მარტს დღის საათებში, თ–ში, ...... ქუჩა N..-ში მდებარე ავტოსამრეცხაოს ეზოში ავტომანქანის გასარეცხად რიგში მდგომ ს. ა–სა და ც. ს–ეს შორის, ამ უკანასკნელის (ც. ს–ის) მიერ რიგის დარღვევის გამო, მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რაც გადაიზარდა ურთიერთშელაპარაკებაში. აღნიშნული ფაქტით უკმაყოფილო ც. ს–ემ დატოვა სამრეცხაოს ტერიტორია, ხოლო ს. ა–მა, მისი რიგის შესაბამისად, განაგრძო მანქანის რეცხვა და ცოტა ხანში გადაიყვანა იგი გამშრალების ზონაში. მალევე, მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,მიცუბიში აუთლენდერის“ მოდელის წითელი ფერის ავტომანქანით, სამრეცხაოს ტერიტორიაზე დაბრუნდა ც. ს–ე, რომელმაც მანქანა გააჩერა პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილას და დაუძახა ს. ა–ს მისულიყო მასთან. თავის მხრივ ს. ა–ი წავიდა ც. ს–ის მფლობელობაში არსებულ ავტომანქანის მიმართულებით და გაჩერდა მანქანის წინა მარცხენა კართან. ამ დროს მანქანიდან გადმოვიდა ბიტამომარჯვებული ც. ს–ე და მოულოდნელად ს. ა–ს შუბლში რამდენჯერმე ჩაარტყა ე.წ. ,,ბიტა“. ც. ს–ის ძალადობრივი ქმედებისგან თავდაცვის მიზნით, ს. ა–მა ც. ს–ეს იმწუთიერად სახის არეში დაარტყა ხელი, რის შემდეგაც ც. ს–ის თანმხლებმა პირებმა ისინი გააშველეს. ც. ს–ე და მისი თანმხლები პირები ჩასხდნენ ავტომანქანაში. ს. ა–მა, მის ხელთ არსებული მობილური ტელეფონით სცადა მანქანის ნომრისთვის ფოტოს გადაღება, რა დროსაც ც. ს–ემ უკუსვლით დაძრა მანქანა და მიაბჯინა ს. ა–ს. შემდეგ კი, რამოდენიმე მეტრით უკან გაათრია. ს. ა–ი, რომელსაც ხელში ტელეფონი ეჭირა, თავდაცვის მიზნით, რათა მანქანას არ გადაევლო, დაეყრდნო უკანა საქარე მინას, რის შედეგადაც მინა დაიმსხვრა. ც. ს–ემ გააჩერა ავტომანქანა, კვლავ ბიტამომარჯვებული გადავიდა მანქანიდან და ს. ა–ის ავტომობილს ჩაუმსხვრია უკანა საქარე მინა.
5.5. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას ქმნის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ამდენად, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ქმედების ფაქტობრივი დადასტურება, არამედ – ბრალდების მხარეს აწევს ტვირთი, ამტკიცოს, როგორც ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ისე – პირის ბრალეულობა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას. სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილი განსაზღვრავს ქმედების მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოებებს, მათ შორის, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი, ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. მოცემულ შემთხვევაში, აუცილებელი მოგერიებისას გამოკვეთილია ერთი მხრიდან თავდასხმა, ხოლო მეორე მხრიდან საპასუხო – თავდაცვით გამოწვეული ქმედება, რაც ამართლებს თავდამსხმელის ხელყოფას და გამორიცხავს ქმედების მართლწინააღმდეგობას. ამდენად, როდესაც სასამართლომ უნდა დაადგინოს ერთი მხარის პასუხისმგებლობა კონფლიქტის დროს ჩადენილ დანაშაულში, აუცილებელია გამოირიცხოს თავდაცვის მდგომარეობა.
5.6. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატას, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებების ანალიზით იკვეთება, დაზარალებულ ც. ს–ესთან კონფლიქტის დროს ს. ა–ის მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოების – აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნა და ამ დროს დაზარალებულ ც. ს–ესთან მიმართებით მის ქმედებაში ადგილი არ ჰქონდა თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე განხორციელებული თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ს. ა–ის ქმედებაში მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოების არსებობის გონივრული ვარაუდი ვერ იქნა დაძლეული ბრალდების მხარის მტკიცებულებებითა და არგუმენტებით.
5.7. რაც შეეხება ბრალდების მეორე ეპიზოდს – სხვისი ნივთის დაზიანებას, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ ს. ა–ი იმყოფებოდა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავ მდგომარეობაში. კერძოდ, ს. ა–ი მანქანის საქარე მინას ჩაეჭიდა მას შემდეგ, რაც ც. ს–ემ მანქანა დაძრა უკუსვლით, მიაბჯინა მას და რამოდენიმე მეტრით უკან გაათრია. საკასაციო პალატის შეფასებით, ც. ს–ის ზემოხსენებული ქმედებებით ობიექტურად არსებობდა ს. ა–ის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე. მას არ გააჩნდა საქარე მინის დაზიანების განზრახვა, იმყოფებოდა თავდაცვის მდგომარეობაში რის გამოც, მისი ქმედება ვერ იქნება მიჩნეული მართლსაწინააღმდეგოდ.
5.8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.
5.10. ამდენად, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე