საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 14.01.2026
საქმის ნომერი
2კ-838აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.01.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100124009113586

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№838აპ-25 ქ. თბილისი

ა. გ., 838აპ-25 14 იანვარი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჩ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 დეკემბრის განაჩენით გ. ა., – დაბადებული ..., – ცნობილ იქნა დამნაშავედ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2024 წლის 16 მარტიდან.

2. სასამართლომ დაადგინა, რომ გ. რეშიძემ ჩაიდინა: განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. 2024 წლის 4 მარტს, დაახლოებით, 22:00 საათზე, ..., სუპერმარკეტ „...“ მიმდებარედ, გ. ა-მ, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ხელთ ნაქონი იარაღიდან გასროლით, მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო – გულ-მკერდისა და მუცლის ღრუში შემავალი, ცეცხლნასროლი ჭრილობა, ფილტვის, ღვიძლის, დიაფრაგმისა და რეტროპენიტონეალური სივრცის დაზიანებით. დაჭრილი ნ.ა ჭ. გადაიყვანეს საავადმყოფოში და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად, შეუნარჩუნდა სიცოცხლე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, მსჯავრდებულ გ. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – კ. ჩ-მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და წარდგენილ ბრალდებაში გ. ა-ს უდანაშაულოდ ცნობას, ხოლო, მეორე მხრივ, თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკრორმა – თამარ პაპავამ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას, სასჯელის დამძიმების კუთხით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – კ. ჩ-მ, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რამეთუ მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, კვლავ პასუხგაუცემელი დარჩა შეკითხვა – ჩაიდინა თუ არა გ. ა-მ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაული. დადგინდა, რომ დაზარალებულმა ნ. ჭ-მ მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, თუმცა უტყუარად არ გამორკვეულა, რომ გ. ა.ს სურდა მისი განზრახ მოკვლა და – რამ შეუშალა ხელი განზრახვის აღსრულებაში. საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებითა და დაცვის მხარის მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების მიხედვით, გ. ა.სთან მომხდარი ინციდენტის დროს, ნ. ჭ-მ მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, მაგრამ, იმავდროულად, საყურადღებოა, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა იარაღიდან განმეორებით გასროლის შესაძლებლობა, თუმცა არ უსვრია, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს დაზარალებული მოძრაობდა, მას კი ხელს არავინ უშლიდა. საეჭვოა, რატომ ვერ შეძლო ბრალდების მხარემ, სასამართლოში დაეკითხა დაზარალებული და მხოლოდ გამოქვეყნებული ჩვენების საფუძველზე, გამოკვეთა გ. ა-სთან მისი წინარე კონფლიქტი და, შესაბამისად, შურისძიების მოტივი. მით უფრო, როდესაც დაცვის მხარემ შეძლო, სასამართლოში წარმოედგინა დაზარალებულის ნოტარიულად დამოწმებული პოზიცია.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლომაც უტყუარად დადგენილად მიიჩნია, რომ შემთხვევის დღეს ხელთ ნაქონი იარაღიდან გასროლით, გ. ა-მ ნ. ჭ-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო – გულ-მკერდისა და მუცლის ღრუში შემავალი – ცეცხლნასროლი დაზიანება.

9. ბრალდების მხარის მტკიცებით: გ. ა-მ ნ. ჭ-ს განზრახ მოკვლის მიზნით, მიაყენა ცეცხლნასროლი დაზიანება, თუმცა დაზარალებულისათვის აღმოჩენილი სათანადო სამედიცინო დახმარების გამო, განზრხავის აღსრულება ვერ შეძლო, ხოლო დაცვის მხარის მითითებით – სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ გ. ა. მოქმედებდა ნ. ჭ-ს მოკვლის განზრახვით და, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა.

10. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს: ქმედების სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, ბრალდებული არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა, ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის №527აპ-17 განაჩენის სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 29).

11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილი მიხედვით, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული იარაღის (ნ. ჭ-ს ჭრილობა მიყენებული აქვს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედების შედეგად), მიღებული დაზიანების ლოკალიზაციისა და ხარისხის (ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე, მარჯვნივ, მე-5-6-ე ნეკნთაშუა სივრცეში, მკერდის ძვლის გვერდით (პარასტერნალურ) და ლავიწშუა (მედიოკლავიკულურ) ხაზებს შორის, შემავალი გულმკერდისა და მუცლის ღრუში, მარჯვენა ფილტვის შუა წილის დაზიანებით, დიაფრაგმის მარჯვენა გუმბათისა და ღვიძლის გამჭოლი დაზიანებით, რეტროპერიტონეალური ჰემატომით და მუცლის ღრუს კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევით, მუცლის უკანა კედლისა და ზურგის არეში, რბილ ქსოვილებში „მეტალის სიმკვრივის უცხო სხეულებით“), ასევე –დამნაშავის ურყევი ნების გათვალისწინებით, რომელიც ნათლად ჩანს შემთხვევის ამსახველ ვიდეოჩანაწერში, როდესაც იგი ახლო მანძილიდან, დამიზნებით ესვრის ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზარალებულს, სიცოცხლისათვის მეტად საშიშ, გულ-მკერდისა და მუცლის არეში, სარწმუნოდ დადასტურებულია, რომ გ. ა-ს სურდა ნ. ჭ-ს სიცოცხლის განზრახ მოსპობა ან, როგორც მინიმუმ, შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა ასეთი შედეგის დადგომის შესაძლებლობას. შესაბამისად, მსჯავრდებულის ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით – განზრახ მკვლელობის მცდელობით – და ამ ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა არ არის გამოკვეთილი.

13. იმავდროულად, აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით: როდესაც საკითხი ეხება ეროვნულ სასამართლოებში სამართალწარმოების განხორციელებას, მთლიანი სამართალწარმოება, მათ შორის სასამართლო განხილვა, უნდა აკმაყოფილებდეს პოზიტიური ვალდებულების მოთხოვნებს, კანონის ძალით იქნეს დაცული ადამიანთა სიცოცხლე. მაშინ, როდესაც არ არსებობს აბსოლუტური ვალდებულება, რომ ყოველი ბრალდების საქმე დამთავრდეს პირის მსჯავრდებით ან კონკრეტული სასჯელის დანიშვნით, ეროვნული სასამართლოები არ უნდა იყვნენ განწყობილი იმისთვის, რომ დაუშვან სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების დაუსჯელად დატოვება. სასამართლოს ამოცანა, შესაბამისად, შემოიფარგლება იმის განხილვით, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს, რომ სასამართლოებმა თავიანთი გადაწყვეტილებების მიღებისას კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნების შესაბამისი სათანადო ყურადღება გამოიჩინეს და რომ სასამართლოს, როგორც შემაკავებლის როლი და ამ როლის ის მნიშვნელობა, რაც მას ეკისრება სიცოცხლის უფლების დარღვევების პრევენციაში, არ შერყეულა (იხ.: მაგალითად: Enukidze and Girgvliani v. Georgia, no. 25091/07, §242, Vazagashvili and Shanava v. Georgia, no. 50375/07, § 84).

14. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ გ. ა-მ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც ისჯება – თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი სამეციცინო ექსპერტიზის დასკვნით და, ამდენად, გ. ა.ს სასჯელი უნდა შეფარდებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების იმპერატიული მოთხოვნის შესაბამისად (დანაშაულის იარაღის გამოყენებით ჩადენის შემთხვევაში ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას), მაგრამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 308-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა საკასაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასჯელის დამძიმების კუთხით მსჯავრდებულის საუარესოდ ვერ შეაბრუნებს, საამისოდ აუცილებელი საპროცესო საფუძვლის – ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის გამო.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე