საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100123007490980
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №877აპ-25 ქ. თბილისი
ა. დ. 877აპ-25 23 თებერვალი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 2 ივლისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ – დავით კირჩხელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. ა–ის, – პირადი ნომერი: .........., – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2023 წლის 21 მაისს, დაახლოებით 13:10 საათზე, ქალაქ ბ–ში, ………ს ქუჩის N...-ში მდებარე შპს „გ… პ–ის“ სუპერმარკეტზე თავდასხმის გზით, სათამაშო იარაღის გამოყენებით და მისი დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, დ. ა–მა მარკეტის თანამშრომელს მ. ა–ე–გ–სეს მოსთხოვა 500 ლარის გადაცემა, თუმცა ვერ მოიყვანა განზრახვა სისრულეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
1.2. აღნიშნული ქმედებით დ. ა–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 თებერვლის განაჩენით:
2.1. დ. ა–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
2.2. დ. ა–ი დაუყონებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
2.3. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, დ. ა–ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ნიკა მენთეშაშვილმა. აპელანტმა მოითხოვა დ. ა–ის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომის განსაზღვრა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 2 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 თებერვლის განაჩენი დ. ა–ის მიმართ დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – დავით კირჩხელმა. კასატორი ითხოვს დ. ა–ის დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულის – საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი – ჩადენაში და მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ხანგრძლივობით განსაზღვრას.
6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს გამართლებული დ. ა–ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენაში და მისთვის სასჯელის (მუხლის სანქციით გათვალისწინებული) მაქსიმალური ხანგრძლივობით განსაზღვრას.
8. ბრალდების მხარე გამართლებულ დ. ა–ს ედავება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც გამოიხატა იმაში, რომ: 2023 წლის 21 მაისს, დაახლოებით 13:10 საათზე, ქალაქ ბ–ში, ....... ქუჩის N...-ში მდებარე შპს „გ. პ–ის“ სუპერმარკეტზე თავდასხმის გზით, სათამაშო იარაღის გამოყენებით და მისი დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, დ. ა–მა მარკეტის თანამშრომელს მ. ა–ე–გ–სეს მოსთხოვა 500 ლარის გადაცემა, თუმცა ვერ მოიყვანა განზრახვა სისრულეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
8.1. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია, დ. ა–მა განახორციელა თუ არა თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის/ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.
9. დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებით, ასევე ვიდეოჩანაწერით, დ. ა–ის ქმედებაში არ იკვეთება სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, ამ მიზნით თავდასხმა და სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარა. კერძოდ:
9.1. დაზარალებულ მ. ა–ე–გ–სის, თვითმხილველი მოწმეების – ხ. ფ–ს, ლ. ს–ს ჩვენებების, ასევე სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ დ. ა–ი შევიდა მაღაზიაში და მ. ა–ე–გ–სეს განუცხადა, რომ სჭირდებოდა ფული, იმავდროულად, უთხრა, რომ ფულს 2 დღეში დააბრუნებდა. მამაკაცი არ დამუქრებია. მაღაზიის თანამშრომლებს დ. ა–ის ქმედება ხუმრობა ეგონათ და არცერთ ეტაპზე მაღაზიაში შესული მამაკაცის არ შეშინებიათ. გარდა ამისა, ფიქრობდნენ, რომ იარაღი, რომელიც ხელში ჰქონდა მამაკაცს, იყო სათამაშო. დაზარალებულმა მ. ა–ე–გ–სემ ასევე განმარტა, რომ მან მამაკაცის საუბარი მიიჩნია თანხის სესხებად – თანხის თხოვნად. იგი ამბობდა, რომ თანხას დაუბრუნებდა ორ დღეში. ხელმძღვანელობისგან აქვს მითითება, რომ თუკი რაიმე უცნაური შემთხვევა მოხდება მაღაზიაში, უნდა გამოიძახოს დაცვის სამსხური. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც მამაკაცი გავიდა მაღაზიიდან, თანამშრომელმა – ხ. ფ–ემ უთხრა, დაეჭირა თითი ღილაკზე, რათა პრობლემები არ შექმნოდათ ხელმძღვანელობასთან. აქედან გამომდინარე, მხოლოდ იმიტომ, რომ არ მიეღო ხელმძღვანელისგან შენიშვნა, დააჭირა თითი აღნიშნულ ღილაკს, – ხელმძღვანელობისგან რომ არ ჰქონოდა მსგავსი დავალება, დაცვის სამსახურს არ გამოიძახებდა. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ საბოლოოდ, დ. ა–მა ბოდიში მოიხადა და დატოვა მაღაზია.
9.2. შესაბამისად, დაზარალებული და მოწმეები ადასტურებენ, რომ დ. ა–ი მხოლოდ რამდენიმე დღით ითხოვდა ფულს და არა – მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით;
9.3. ამასთან, დაზარალებული მ. ა–ე–გ–სის და მოწმე ხ. ფ–ის განმარტებით, მაღაზიაში შესული მამაკაცი არ დამუქრებია მათ, პირიქით, აცხადებდა, რომ იგი არ იყო ცუდი ადამიანი, არ შეშინებოდათ, არაფერს დაუშავებდა და მხოლოდ თანხა სჭირდებოდა, რომელსაც დაუბრუნებდა ორ დღეში.
9.4. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,ყაჩაღობის დროს პირი თავდასხმის გამოყენებით ზემოქმედებს დაზარალებულზე, რათა სხვის მოძრავ ნივთს დაეუფლოს” (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 17 თებერვლის №837აპ-21 განაჩენი). ,,თავდასხმა არის აგრესიული და აქტიური მოქმედება, რომელიც გამოიხატება ძალადობაში ან/და ძალადობის გამოყენების მუქარაში. მუქარა, როგორც წესი, შეიძლება გამოიხატოს სიტყვიერად ან ჟესტით, მაგალითად, ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის დემონსტრირებით. დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან საფუძვლიანი ეჭვი უნდა ჰქონდეს, რომ თუ იგი ქონების გადაცემის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, მუქარა რეალიზებული იქნება” (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 16 იანვრის №650აპ-19 განჩინება).
9.4.1. ასევე დგინდება, რომ დ. ა–ს მაღაზიაში ყოფნის პერიოდში არ განუხორციელებია აქტიური და აგრესიული მოქმედება, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, მისი ქმედება შეეფასებინა ყაჩაღურ თავდასხმად.
9.4.2. საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერითაც დასტურდება, რომ მაღაზიაში მყოფი დ. ა–ი არ ავლენდა არავითარ აგრესიას, იგი მშვიდად ესაუბრებოდა ჯერ დაზარალებულს, შემდეგ ხ. ფ–ეს და შესვლიდან მალევე – დაახლოებით 2 წუთში – გავიდა მაღაზიიდან. ამ დროის განმავლობაში დაზარალებული მშვიდად იჯდა სალაროსთან, – არ ეტყობა არანაირი შიში/აღელვება/ფორიაქი.
9.5. შესაბამისად, დ. ა–ის ქცევა – ფულის თხოვნა/მოთხოვნა მუქარის გარეშე (მხოლოდ სათამაშო იარაღის დემონსტრირებით, რაც აღქმადი იყო, როგორც დაზარალებულისათვის, ასევე თვითმხილველი მოწმისათვის (მათ დაადასტურეს, რომ რაღაც დროს მამაკაცმა ამოიღო იარაღი, თუმცა ფიქრობდნენ, რომ ეს იარაღი იყო სათამაშო და შიში არ გასჩენიათ)), იმ განმარტებით, რომ იგი არავის არაფერს დაუშავებს და მაღაზიის ბოდიშის მოხდით დატოვება, – გამორიცხავს ყაჩაღური თავდასხმის არსებობას.
9.6. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ ,,ის ფაქტი, რომ მაღაზიის თანამშრომლების შეშინება ვერ მოახერხა არ გამორიცხავს მისი მხრიდან ყაჩაღობის ჩადენას“ და კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,ქმედების ყაჩაღობად კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია აგრეთვე დადგინდეს, დაზარალებულმა როგორ აღიქვა და შეაფასა მის მიმართ განხორციელებული/გამოთქმული მუქარა” (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 20 მაისის №893აპ-19 განჩინება, 2022 წლის 17 თებერვლის №837აპ-21 განაჩენი), რადგან ყაჩაღობის დროს მნიშვნელოვანია, დაზარალებულმა რეალურად აღიქვას მასზე განხორციელებული სიცოცხლისათვის საშიში ძალადობა ანდა ძალადობის მუქარა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 3 აპრილის №611აპ-18 განჩინება).
9.6.1. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა კატეგორიულად დაადასტურა, რომ მას არათუ შიშის გრძნობა არ გასჩენია, საერთოდ ვერ აღიქვა, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა ყაჩაღობას, – მომხდარი ეგონა ხუმრობა/„დადგმული სცენა“, ვინაიდან ყაჩაღობა სხვანაირად წარმოუდგენია, რაც დასტურდება ვიდეოჩანაწერითაც (დაზარალებულის მშვიდი ქცევა და მშვიდი კომუნიკაცია დ. ა–თან).
10. დაზარალებულ მ. ა–ე–გ–სის, თვითმხილველი მოწმეების – ხ. ფ–ის, ლ. ს–ის ჩვენებებისა და სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერის მხედველობაში მიღებით საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ აღნიშნული ქმედებით დაზარალებულმა მუქარა აღიქვა რეალურად და განიცადა შიში.
11. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ კასატორი არასწორად უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს აქტს (2024 წლის 5 თებერვლის N96აპ-23 გადაწყვეტილებას) თავისი პოზიციის დასასაბუთებლად.
12. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
13. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ასევე არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. „საკასაციო საჩივრების დასაშვებობის კრიტერიუმების შემოღება და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Nersesyan v. Armenia, no. 15371/07, par. 22, ECtHR, 19/01/2010; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009).
15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ – დავით კირჩხელის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 2 ივლისის განაჩენზე, დ. ა–ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე