საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100125011498738
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №813აპ-25 ქ. თბილისი
ჯ-ძე ბ, 813აპ-25 26 თებერვალი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 21 აგვისტოს განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ზ. კ-ისა და ა. ჭ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 23 ივნისის განაჩენით:
1.1. ბ. ჯ-ძე, - დაბადებული .. წლის ... ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 349-ე მუხლით და მიესაჯა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 2 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2025 წლის 23 ივნისიდან.
1.2. გაუქმდა ბ. ჯ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს გადამხდელ პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 50000 ლარი.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ჯ-მ ჩაიდინა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2025 წლის 5 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, გამოსცა დადგენილება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. ხსენებული კომისიის შექმნის მიზანს წარმოადგენს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შესწავლა.
· აღნიშნული საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთა შესწავლის მიზნით, კომისია იწვევს ცალკეულ პირებს და ითხოვს მათეულ ახსნა-განმარტებას. 2025 წლის მარტის სხდომის განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, დღის წესრიგში დადგა ბ. ჯ-ის გამოძახების საკითხი. კომისიის წევრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 2025 წლის 25 მარტს, 12:00 საათზე კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტების მიცემის მიზნით ბ. ჯ-ის მიწვევის შესახებ. 2025 წლის 23 მარტს, კომისიის თავმჯდომარის მიერ შედგა წერილი ბ. ჯ-ის კომისიის სხდომაზე გამოძახებასთან დაკავშირებით. აღნიშნული წერილი შეიცავდა გაფრთხილებას კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე, რაც შესაბამისი საფელდეგერო სამსახურის თანამშრომლის მიერ ჩაბარების მიზნით მიტანილ იქნა პოლიტიკური გაერთიანება „ლ-ის“ ოფისში, თუმცა კანცელარიის თანამშრომელმა და იურისტმა ბ. ჯ-ან კონსულტაციის შემდგომ, უარი განაცხადეს დოკუმენტის ჩაბარებაზე. ბ. ჯ-ძე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2025 წლის 25 მარტს 12:00 საათზე არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით. აღნიშნულის შემდეგ კომისიის მიერ მას მიეცა გამოცხადებისათვის დამატებითი ვადა. მიუხედავად იმისა, რომ ბ. ჯ-ის ცნობილი იყო საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დებულების მე-2 მუხლის თანახმად დადგენილი, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადების სავალდებულოობის თაობაზე და გაფრთხილებული იყო, გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ, მან საჯაროდ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ არც მომდევნო სხდომაზე აპირებდა გამოცხადებას. შედეგად, ბ. ჯ-ძე კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა, რამაც გამოიწვია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 21 აგვისტოს განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 23 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. საქართველოს პრეზიდენტის 2025 წლის 5 სექტემბრის №05/09/01 განკარგულებით ბ. ჯ-ძე შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
5. კასატორებმა - მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ზ. კ-მ და ა. ჭ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 21 აგვისტოს განაჩენის გაუქმება და ბ. ჯ-ის გამართლება.
5.1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა - მარი მეშველიანმა შესაგებლით მოითხოვა მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ზ. კ-სა და ა. ჭ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 21 აგვისტოს განაჩენის ძალაში დატოვება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის მიერ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის თაობაზე და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით (მათ შორის: 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის თ. წ-ის 2025 წლის 26 მარტის N1392/1-3/25 მიმართვითა და თანდართული მასალით, N1281/1-3/25 წერილით, ნ. ჭ-ის მიერ ბ. ჯ-ის ტელეფონის ნომერზე განხორციელებული ზარებისა და გაგზავნილი მოკლეტექსტური შეტყობინებების ამსახველი ეკრანის ანაბეჭდებით (ე.წ. სქრინშოტებით), ნ. ჭ-ის კუთვნილი „Samsung A53-ის“ ფირმის მობილური ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვის ოქმითა და გამოთხოვილი ინფორმაციით, საფელდეგერო მარშრუტებიდან პაკეტების დაბრუნების მიზეზის შესახებ 2025 წლის 24 მარტის ცნობით, მოწმე ნ. ჭ-ის ჩვენებით, „Facebook-ის“ დათვალიერების ოქმითა და თანდართული ფოტოსურათებით, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის წ-ის 2025 წლის 25 მარტის N1373/1-3/25 მომართვის წერილზე დართული ვიდეოჩანაწერებითა და აღნიშნული ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით (გამომძიებელი მ. ყ-ი), საინფორმაციო სააგენტო „ი-ის“ ვებგვერდის დათვალიერების ოქმით, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდის დათვალიერების ოქმით, თანდართული დოკუმენტაციით) დასტურდება ბ. ჯ-ის ბრალადშერაცხილი ქმედების ჩადენა.
8. საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 5 თებერვლის დადგენილებით კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით შეიქმნა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2025 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით, საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვრა 10 წევრით. დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა განისაზღვრა 5 წევრით. საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაამტკიცა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2025 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე.
9. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 62-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 13 თებერვალს გაიმართა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა, რომელსაც ესწრებოდა კომისიის 7 წევრი. აღნიშნული ოქმის თანახმად, კომისია წარმოდგენილი იყო „ქ-ის“ 5 დეპუტატით და, ასევე, გამოყოფილი იყო 5 კვოტა ოპოზიციისათვის, რომელთაგან ორი ადგილი მიეკუთვნა პოლიტიკურ გაერთიანება „ხ-ას“, ერთი - „ე-ბს“ და ორიც - „გ-ის“ პარტიის წარმომადგენლებს, თუმცა ამ პარტიის არჩეულმა დეპუტატებმა უარი განაცხადეს პარლამენტში მუშაობაზე. ამის გამო, მათთვის განკუთვნილი ადგილები იყო ვაკანტური. ამავე სხდომაზე კომისიამ კენჭი უყარა კომისიის წევრების მიერ წარდგენილ კანდიდატურებს, რის შედეგადაც, კომისიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს თ. წ-ანი („ქ-ბა“), ხოლო კომისიის მდივნად, ასევე ერთხმად - ს. ს-რი („ხ-ა“). ამდენად, უსაფუძვლოა დაცვის მხარის არგუმენტი პარლამენტის ან დროებითი საგამოძიებო კომისიის არალეგიტიმურობის შესახებ.
10. ადვოკატები - ზ. კ-ძე და ა. ჭ-ძე სადავო გარემოებად მიიჩნევენ ბ. ჯ-ის 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაბარების კანონიერებას. ამასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოწმე ნ. ჭ-ის ჩვენებით, 2025 წლის 5 თებერვლიდან დანიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის - თ. წ-ის სამდივნოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე და მის ფუნქცია-მოვალეობებში კი შედის ადმინისტრაციული საქმეების წარმოება და სამდივნოსთან დაკავშირებული საკითხები. თ. წ-ის თავმჯდომარეობით დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა წევრებისგან, ერთ-ერთი სამუშაო შეხვედრის დროს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ბ. ჯ-ის გამოცხადების შესახებ. აღნიშნულ სამუშაო შეხვედრას პირადად არ დასწრებია, რადგან ყველა სხდომას არ ესწრებოდა, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ აცნობა კომისიის ერთ-ერთმა წევრმა და დაევალა ბ. ჯ-ის ინფორმირება აღნიშნული ფაქტის თაობაზე (მოწმემ ზუსტად ვერ გაიხსენა უშუალოდ რომელმა წევრმა მიაწოდა ინფორმაცია მისი მოწვევის გადაწყვეტილების შესახებ). 2025 წლის 23 მარტს დაუკავშირდა ტელეფონის მეშვეობით, „ვოთსაპზე“, თუმცა არ უპასუხა, რის შემდეგაც გამოძახებული პირის ორ მისამართზე მივიდა ფელდეგერი, თუმცა ადრესატმა წერილის ჩაბარებაზე განაცხადა უარი. 2025 წლის 26 მარტის სხდომაზე, კომისიამ კენჭი უყარა და ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბ. ჯ-ის გამოუცხადებლობას რეაგირება მოჰყოლოდა პროკურატურის მხრიდან. ამის შემდეგ მოამზადა მასალები და გადააგზავნა პროკურატურაში.
11. საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის წერილი და მოწმე ნ. ჭ-ის ჩვენება სრულადაა თანხვდენილი თავად კომისიის დებულებებთან და შესაბამისად, ბ. ჯ-ის კომისიაზე დაბარებისთვის წარმართულ პროცედურებთან, რაც არ ეწინააღმდეგება დებულებით დადგენილ წესებს. აქვე აღსანიშნავია, რომ ბ. ჯ-მ თავადვე მიუძღვნა ვრცელი პოსტი სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“, რომელშიც, მათ შორის, აღნიშნულია შემდეგი: „ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ „ქ-ის“ პარტაქტივი, რომელიც თავის თავს პარლამენტის საგამოძიებო კომისიას უწოდებს, მიბარებს რაღაც ჩემთან სრულიად აბსურდულად და ხელოვნურად დაკავშირებული თემის ირგვლივ გამოძიებაზე. მსურს ამასთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთო - მე არ მივიჩნევ ამ ე.წ. საგამოძიებო კომისიას კანონის საფუძველზე შექმნილად! მიმაჩნია, რომ ეს არის ერთპარტიული დაჯგუფება, რომელიც ცილისწამებისა და მოგონილი ბრალდებებით პოლიტიკური ოპონენტების გაშავებას ცდილობს... ამიტომ, მე არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილ პროპაგანდისტულ კამპანიაში, რომლის ერთადერთი მიზანია, არარსებული თემის ირგვლივ მოგონილი ცილისმწამებლური ვერსიის განვითარების საფუძველზე პოლიტიკური ოპონენტების, ამ შემთხვევაში, ჩემი გაშავება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში იზეიმოს კანონის უზენაესობამ და ქვეყანას ჰყავდეს კანონიერი, თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების საფუძველზე არჩეული პარლამენტი, რომელიც სწორედ კანონით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით შექმნის საგამოძიებო კომისიას და გამოიკვლევს ყველა იმ სამართალდარღვევას, რომელიც ამ ქვეყანაში სხვადასხვა ხელისუფლებების პერიოდში მომხდარა“.
12. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სხდომის წინა დღეს, 24 მარტს, ბ. ჯ-ის გარემოცვისთვისაც კი იყო ცნობილი კომისიაზე დაბარების შესახებ, რაც დადასტურებულია 2025 წლის 24 მარტს საინფორმაციო სააგენტო „ი-ის მიერ გავრცელებული სტატიით შემდეგი სათაურით: „ლ. ს-ია - მ. ხ-ძე და ბ. ჯ-ძე „ნ-ის“ ხელისუფლებასთან რა შუაში არიან? მათი დაბარება მორიგი რუსული ცირკი და უნიჭო სპექტაკლია - პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ორცხობილებივით აცხობენ“, ასევე სტატიით „კოალიცია „ლ-ოს” ერთ-ერთი ლიდერი ლ. ს-ია „ნ-ის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კოალიციის ლიდერების, ბ. ჯ-ისა და მ. ხ-ის დაბარებას „რუსულ ცირკად“ და „უნიჭო სპექტაკლად“ აფასებს. როგორც ს-ამ ,,პ-ის” გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ხ-ძე და ჯ-ძე თავად გასცემენ ამ საკითხთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხს. ზემოაღნიშნული არაერთი მტკიცებულება, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ცხადყოფს, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ 2025 წლის 25 მარტს, 12:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე მისი მოწვევის შესახებ მოთხოვნის თაობაზე ბ. ჯ-ის ინფორმირებულობას, რაც მან არ შეასრულა განზრახ, პირადი მოსაზრებებითა და მოტივით.
13. შესაბამისად, საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით, მოწმე ნ. ჭ-ის ჩვენებით, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, დ. ხ-ის გამოკითხვის ოქმით, თ. ა-ისა და ე. გ-ის დაკითხვის ოქმებითა და ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ 2025 წლის 25 მარტს, 12:00 საათზე, აგრეთვე, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე დანიშნულ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ბ. ჯ-ძე დაბარებულ იქნა კანონით დადგენილი წესითა და ფორმით, თუმცა იგი არ გამოცხადდა და არც რაიმე ობიექტური, საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია საგამოძიებო კომისიისათვის.
14. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების იმ სამართლებრივ ნორმებთან შეჯერებით, რომლის საფუძველზეც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია საქმიანობს, დადგინდა, რომ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა, 2025 წლის 25 მარტის სხდომაზე ბ. ჯ-ის მიწვევის შესახებ, მატერიალური და ფორმალური თვალსაზრისით, კანონიერია და ბ. ჯ-ის წარმოშობდა სხდომაზე გამოცხადების სამართლებრივ ვალდებულებას. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსკ-ის 349-ე მუხლის როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური შემადგენლობა. რაც შეეხება დანაშაულის ჩადენის (გამოუცხადებლობის) მოტივს, აღნიშნულს ქმედების კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
15. საკასაციო სასამართლო, ისევე როგორც სააპელაციო პალატა, კატეგორიულად არ ეთანხმება ადვოკატების მიერ საკასაციო საჩივარში მოცემულ, თვითინკრიმინაციის საკითხის მისეულ განმარტებას და აღნიშნავს, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისაგან თავის შეკავების კონსტიტუციით გარანტირებული უფლების რეალიზება იწყება იმ მომენტიდან, როდესაც კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს შესაბამისი ორგანოს წარმომადგენელი. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარე ბ. ჯ-ს არ ედავება დროებითი საგამოძიებო კომისიისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობას იმ საკითხზე, რისთვისაც მას იბარებდნენ, არამედ - კომისიის კანონიერი მოთხოვნის, სხდომაზე გამოცხადების, შეუსრულებლობას. დასახელებული ნორმა არ შედის სხდომაზე სასაუბრო თემის შინაარსში და, მით უფრო, არ უზღუდავს კონსტიტუციურ უფლებას კომისიაზე დაბარებულ პირს, არამედ აფასებს კომისიის გამართულად ფუნქციონირებაში ხელშეშლის საკითხს, რასაც, კონკრეტულ შემთხვევაში, მხოლოდ გამოუცხადებლობის ფაქტი ქმნის.
16. საკასაციო სასამართლო მსჯელობას იქონიებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრით სადავოდ გამხდარ ნორმათა შორის კონკურენციაზე და კვლავ მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე საქართველოს საკანონმდებლო ნორმატიული აქტებია. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად კი, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს.
17. მართალია, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1733-ე მუხლით (1995 წლის 7 მარტის კანონი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მოგვიანებით მიღებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (1999 წლის 22 ივლისის კანონი), ქმედება დანაშაულად გამოცხადდა.
18. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი არეგულირებს, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტებიდან რომელი უნდა იქნეს გამოყენებული. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი საქართველოს საკანონმდებლო ნორმატიულ აქტების იერარქიის გათვალისწინებითა და ორგანული კანონის იმპერატიული დანაწესით, უპირატესობა უნდა მიენიჭოს უფრო გვიან გამოცემულ საქართველოს საკანონმდებლო ნორმატიულ აქტს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს.
19. საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამ კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ ეს დარღვევები თავიანთი ხასიათით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ იწვევენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
20. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ნორმათა კოლიზიის შემთხვევაშიც კი, სამართლის ნორმათა სისტემური განმარტების თანახმად, „თუ კოლიზიური ნორმები სპეციალურია და ამავე დროს აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა, მაშინ გვიან გამოცემულ ნორმას უპირატესობა ენიჭება ადრე გამოცემული ნორმის მიმართ: Lex posterior derogate legi priori. გვიან გამოცემული სამართლის ნორმა უფრო ზუსტად ასახავს კანონმდებლის ნებას. კანონი ჩვეულებრივ, პირდაპირ უთითებს მანამდე მოქმედი ნორმის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. თუ მსგავსი მითითითება კანონის ტექსტში უშუალოდ არ გვხვდება მაშინ მოქმედებს წესი - Lex posterior derogate legi priori“ (იხ. სამართლის თეორია. გ.ხუბუა, თავი XVIII, სამართლის ნორმათა განმარტება).
21. კასატორები თავიანთ საჩივარში ასევე მიუთითებენ ბ. ჯ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის დაუსაბუთებლობის თაობაზე.
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 300-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენი უკანონოა, თუ: გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას.
23. იმავდროულად, საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილი საკასაციო საჩივრის ავტორს უწესებს მოთხოვნის, როგორც მკაფიოდ ფორმულირების (კერძოდ, რა მოცულობით ასაჩივრებს განაჩენს და მის რა მოცულობით გაუქმებას ან შეცვლას ითხოვს), ისე - სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებას, რაც გულისხმობს იმის მკაფიოდ წარმოჩენას, თუ რომელი სამართლებრივი საკითხი/საკითხები გადაწყდა უკანონოდ გასაჩივრებული განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ და რა ადასტურებს მას. დანიშნული სასჯელის დაუსაბუთებლობის მოტივით საკასაციო საჩივრის ავტორების პრეტენზიის პირობებში, მათ აქვთ ვალდებულება, წარმოადგინონ ამ საკითხზე არგუმენტირებული მსჯელობა, რაც საკასაციო საჩივარში არ იკვეთება. შესაბამისად, ვერც აღნიშნული საკითხი გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.
24. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს ადვოკატების - ზ. კ-ისა და ა. ჭ-ის მოთხოვნას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 9 ივნისის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა, მოწმეების სახით დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების დაკითხვის შესახებ. სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით, კანონიერად არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს საოქმო განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
25. რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას საქმის არსებითად განხილვის თაობაზე: საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-31 მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად. ამავე მუხლის მე-32 ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. საკასაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, „საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე“ (საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-6 ნაწილი). შესაბამისად, საკასაციო საკასაციო სასამართლოს არ აქვს საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის უპირობო სამართლებრივი ვალდებულება.
26. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევის გარეშე (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე), საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა და კანონიერად დააკვალიფიცირა ბ. ჯ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 349-ე მუხლით. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილი, მართალია, მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა არ შეიძლება გაგებულ იქნეს მხარეების მიერ წამოჭრილ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მავალდებულებლად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ“ (Suominen v. Finland), N37801/97, 01/07/2003, §34), კერძოდ: ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43).
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
28. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ზ. კ-სა და ა. ჭ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 21 აგვისტოს განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ნ. სანდოძე