დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100116001345674
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის
განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №106აპ-26 ქ.თბილისი,შ-ძე მ. №106აპ-26 18 თებერვალი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ მ. შ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1.ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. შ-ს, დაბადებულს ... წლის .. დეკემბერს, - ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგი გარემოებებით:
2016 წლის 9 მარტს, დაახლოებით 05:00 საათზე, ქ. ბ-ში, ს.ხ-ის ქ.№..-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-.. სადარბაზოს ბინა №....-ის შესასვლელთან, მ. შ-მ, ხელთ არსებული ცივი იარაღის (დანის) გამოყენებით, მ. ქ-ას მიაყენა მუცლის ღრუში შემავალი ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა - მუცლის მარცხენა გვერდით ზედაპირზე წვრილი ნაწლავისა და წვრილი ნაწლავის ჯორჯლის დაზიანებით; ნაკვეთი ჭრილობები - მარცხენა თეძოს ძვლის ფრთის ზედა წვეტის საპროექციო მიდამოსა და მარცხენა იდაყვის არეში, რაც ერთობლივად მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. მ. ქ-ა გადაუდებელი სამედიცინო ქირურგიული ჩარევის შედეგად გადაურჩა სიკვდილს და დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განაჩენით მ. შ-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდა.
გამართლებულ მ. შ-ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მაისის განაჩენით გაუქმდა მ. შ-ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის გამამართლებელი განაჩენი.
მ. შ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი დაკავებისთანავე უნდა განწესდეს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის ვადა უნდა აეთვალოს დაკავების დღიდან.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ მ. შ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ტ. მ-მა და კ. ც-მ, რომლებმაც მოითხოვეს განაჩენის გაუქმება და მ. შ-ის გამართლება.
5. 2019 წლის 2 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მსჯავრდებულმა მ. შ-მ და განაცხადა თანხმობა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენი გაესაჩივრებინათ მის ადვოკატებს - ტ. მ-სა და კ. ც-ს.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ მ. შ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ტ. მ-ისა და კ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ დაიშვა განსახილველად.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მაისის განაჩენი დაკავების შემდგომ, 2025 წლის 15 დეკემბერს, კვლავ გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ. შ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ა-მ, რომლებიც ითხოვენ ზემოაღნიშნულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ მ. შ-ის გამართლებას.
8. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მისი მონაწილეობის გარეშე, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე. წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით კი ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2019 წლის 6 დეკემბრის განჩინებით დაუშვებლად ცნო მსჯავრდებულ მ. შ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ტ. მ-ისა და კ. ც-ის საკასაციო საჩივარი. ამდენად, ვინაიდან საკასაციო პალატამ ერთხელ უკვე იმსჯელა განაჩენის კანონიერებაზე სამართლებრივად მოკლებულია შესაძლებლობას, კვლავ განიხილოს კასატორების მოთხოვნა.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენის შეცვლის თაობაზე მსჯავრდებულ მ. შ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ა-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
10. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ მ. შ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე - ლ. თევზაძე
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
მ. გაბინაშვილი