საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100122006344552
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №954აპ-25 2 თებერვალი, 2026 წელი
ს–ე გ., №954აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ოქტომბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა ლოლუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. ს–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. პირის ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებლისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2022 წლის აპრილიდან 2022 წლის აგვისტომდე, გ. ს–ე, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იმ სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, ხოლო ქალთან შედარებით იმყოფებოდა უპირატეს მდგომარეობაში, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ქალი უნდა მოქცეულიყო ისე, როგორც კაცი გადაწყვეტდა და ამასთან, მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, მეუღლეს ი. შ–ეს უკრძალავდა მეგობრებთან კომუნიკაციას და ნებართვის გარეშე საცხოვრებელი სახლიდან გასვლას, სისტემატიურად ძალადობდა ფსიქოლოგიურად და ამ ფორმით აიძულებდა ი. შ–ეს განეხორციელებინა საკუთარი ნება-სურვილის საწინააღმდეგო მოქმედებები, კერძოდ, აიძულა შეეწყვიტა სწავლა, მიეტოვებინა სამსახური, ასევე აიძულებდა გაეკეთებინა საოჯახო საქმეები, მოითხოვდა ყველა სოციალური ქსელის პაროლის გადაცემას, აიძულებდა არ ჩაეცვა სამოსი, რომელიც გამოკვეთდა ი. შ–ის სხეულის ფორმებს.
1.3. 2021 წლის 9 აგვისტოს, ქ. ბ–ში, ....ქუჩა ... №.., ბინა №.. ყოფნისას, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, გ. ს–ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს – ორსულ მეუღლეს ი. შ–ეს, კერძოდ, ძლიერად მოუჭირა ხელი ყელის არეში. გ. ს–ის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად ი. შ–ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.4. 2022 წლის 24 აგვისტოს, დილის საათებში, ქ. ბ–ში, ....ქუჩა ... №.., ბინა №.. ყოფნისას, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იმ სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, ხოლო ქალთან შედარებით იყო უპირატეს მდგომარეობაში, გ. ს–ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს – მეუღლეს ი. შ–ეს, კერძოდ, ძლიერად დაარტყა ფეხი წელის არეში. გ. ს–ის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად, ი. შ–ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.5. 2022 წლის 21 აგვისტოს, დღის საათებში, ქ. ბ–ში, ....ქუჩა ... №.., ბინა №.. ყოფნისას, გ. ს–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს – მეუღლეს ი. შ–ეს, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 მაისის განაჩენით, გ. ს–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებებით.
2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 მაისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა ლოლუამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. ს–ის წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 27 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2025 წლის 13 ოქტომბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა ლოლუამ, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, გ. ს–ის წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით სრულად დასტურდება გ. ს–ის მიერ ი. შ–ის მიმართ ჩადენილი ძალადობების, იძულებისა და მუქარის განხორციელების ფაქტები. კერძოდ, დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: დაზარალებულის დედის გამოკითხვის ოქმი, რომელიც, მისი გარდაცვალების გამო, სასამართლო სხდომაზე საჯაროდ იქნა წაკითხული (ადასტურებს დაზარალებულზე განხორციელებულ ძალადობის, იძულებისა და მუქარის ფაქტებს), შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი (აღწერილია დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ქმედებები) საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. ასევე, კასატორს მიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (საქმეები N258აპ-19 და N1070აპ-22).
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება გ. ს–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა.
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მეორე ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, გ. ს–ის მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.
5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, კასატორის მიერ მითითებულ უდავოდ ცნობილ მოწმეთა გამოკითხვის ოქმებზე, ასევე სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ დაზარალებულის დედის გამოკითხვის ოქმზე და აღნიშნავს, რომ აღნიშნული მოწმეები გ. ს–ის მიერ ოჯახში ძალადობის (ორი ეპიზოდი), იძულებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობენ თავად დაზარალებულის მონათხრობიდან. ისინი არ არიან ფაქტების უშუალო თვითმხილველნი და შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბი შინაარსისაა, რაც ვერ დაედება საფუძვლად გ. ს–ის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.
5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.7. მოცემულ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გ. ს–ის მხრიდან დაზარალებულზე ძალადობის (ორი ეპიზოდი), იძულებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებს წარმოდგენილი არ არის, თავად დაზარალებულს კი სასამართლოში ჩვენება არ მიუცია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ცალკე აღებული შემაკავებელ ორდერში მითითებული მწირი ინფორმაცია, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს წარდგენილი ბრალდებების დასადასტურებლად.
5.8. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გ. ს–ის მიერ ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა მის სასარგებლოდ. ამასთან, კასატორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა. სააპელაციო სასამართლომ კი თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რომელთა გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა გ. ს–ის საქართველოს საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი.
5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს №258აპ-19 და №1070აპ-22 გადაწყვეტილებებში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველი საქმის მოცემულობიდან.
5.12. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა ლოლუას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე