საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№818აპ-25 თბილისი
თ–ე გ., 818აპ-25 3 თებერვალი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 აგვისტოს განაჩენზე მსჯავრდებულ გ. თ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ბ–ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 27 ივნისის განაჩენით გ. თ–ე - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 349-ე მუხლით და მიესაჯა 7 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, 2 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. თ–ემ ჩაიდინა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 5 თებერვლის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. ხსენებული საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთა შესწავლის მიზნით, 2025 წლის 3 აპრილს გასამართ კომისიის სხდომაზე მიწვეულ იქნა გ. თ–ე, 2004-2012 წლებში საქართველოში თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში არსებულ ვითარებასთან დაკავშრებით ახსნა-განმარტების მისაცემად. აღნიშნულთან დაკავშირებით 2025 წლის 1 აპრილს გ. თ–ეს პირადად ჩაჰბარდა 2025 წლის 31 მარტს კომისიის თავმჯდომარის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც ასევე განმარტებულია, რომ კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ამგვარი ქმედება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მიუხედავად იმისა, რომ გ. თ–ე გაფრთხილებული იყო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის თაობაზე, იგი 2025 წლის 3 აპრილს გამართულ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, რითაც არ შეასრულა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 აგვისტოს განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 27 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად. მსჯავრდებულ გ. თ–ეს სასჯელი აეთვალა დაკავების დღიდან – 2025 წლის 27 ივნისიდან.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 აგვისტოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ გ. თ–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ბ. ბ–ა საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გ. თ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ასევე – საქმის არსებით განხილვას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრების ფარგლებში. დაცვის მხარე ითხოვს გ. თ–ის უდანაშაულოდ ცნობას. შესაბამისად, პალატის მსჯელობის საგანია, ნამდვილად ჩაიდინა თუ არა მსჯავრდებულმა მისთვის ინკრიმინირებული დანაშაული.
8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. თ–ის საქართველოს სსკ-ის 349-ე მუხლით წარდგენილი ბრალდებით მსჯავრდების შესახებ. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: მოწმეების – ნ. ჭ–ს, დ. ხ–სა და ს. შ–ს ჩვენებებს, საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 5 თებერვლისა და 1 აპრილის დადგენილებებს, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2025 წლის 7 თებერვლის N.. სხდომის ოქმს, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 31 მარტის N...... წერილს, საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 24 აპრილის N........ წერილს, საქართველოს ფოსტის 2025 წლის 1 აპრილის ცნობას, N.......... მომართვის წერილით თბილისის პროკურატურაში გადაგზავნილი მეხსიერების ბარათიდან გამოთხოვილ ინფორმაციას და დათვალიერების ოქმს, „........ს“ დათვალიერების ოქმს, დათვალიერების ოქმებსა და თანდართულ დოკუმენტაციას და საქმეში არსებულ სხვა მასალებს, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.
9. საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 5 თებერვლის დადგენილებით კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით შეიქმნა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2025 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვრა 10 წევრით. დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა განისაზღვრა ხუთი წევრით. საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაამტკიცა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2025 წლის 7 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე.
10. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 62-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 13 თებერვალს გაიმართა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა, რომელსაც ესწრებოდა კომისიის 7 წევრი. აღნიშნული ოქმის თანახმად, კომისია წარმოდგენილი იყო „.......ის“ ხუთი დეპუტატით, ასევე, გამოყოფილი იყო ხუთი კვოტა ოპოზიციისათვის, რომელთაგან ორი ადგილი მიეკუთვნა პოლიტიკურ გაერთიანება „......ს“, ერთი – „..........ს“ და ორი – „..........ის“ პარტიის წარმომადგენლებს, თუმცა ამ პარტიის არჩეულმა დეპუტატებმა უარი განაცხადეს პარლამენტში მუშაობაზე, რის გამოც, მათთვის განკუთვნილი ადგილები იყო ვაკანტური. ამავე სხდომაზე კომისიამ კენჭი უყარა კომისიის წევრების მიერ წარდგენილ კანდიდატურებს, რის შედეგადაც, კომისიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს თ. წ–ი („.......“), ხოლო კომისიის მდივნად, ასევე ერთხმად – ს. ს–ი („......“).
11. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის შემადგენლობის უმრავლესობა. დროებითი საგამოძიებო კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თუ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი კენჭისყრა. თუ გადაწყვეტილება კვლავ არ იქნა მიღებული, საკითხი უარყოფილად ითვლება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნილია მოქმედი კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. ამდენად, დაცვის მხარის არგუმენტი პარლამენტის ან დროებითი საგამოძიებო კომისიის არალეგიტიმურობის შესახებ უსაფუძვლოა.
12. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის თ. წ–ის 2025 წლის 31 მარტის N..... და 2025 წლის 24 აპრილის N...... წერილებით, კომისიის სამდივნოს წარმომადგენელ, მოწმე ნ. ჭ–ის ჩვენებით, მოწმე დ. ხ–ის ჩვენებით და .......ს ფოსტის 2025 წლის 1 აპრილის ცნობით დადგენილია, რომ, საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, გ. თ–ე საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაბარებული იყო 2025 წლის 3 აპრილს, 11:00 საათზე. კომისიის მიერ გ. თ–ის დაბარება მოთხოვნილია 2004-2012 წლებში ს–ში თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. გ. თ–ის დაბარების მოთხოვნა შემუშავდა საგამოძიებო კომისიის მორიგ სამუშაო შეხვედრაზე. ის ფაქტი, რომ გ. თ–ე კომისიის სხდომაზე დაბარებულია კომისიის წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დასტურდება 2025 წლის 3 აპრილის და 8 აპრილის კომისიის სხდომის ვიდეოჩანაწერებითაც. ასევე, ........ს ფოსტის ფელდეგერმა გ. თ–ეს განუმარტა, რომ ჩასაბარებელი წერილი იყო პარლამენტის საგამოძიებო კომისიიდან გ. თ–ის სახელზე. ამ უკანასკნელს ფელდეგერისათვის არ უთქვამს, რომ წერილი მას არ ეკუთვნოდა. გ. თ–ემ ჩაიბარა წერილი, რომელშიც მიუთითა ოფიციალური სახელი, გვარი და პირადი ნომერი. სოციალურ ქსელში გაკეთებულ საჯარო განცხადებაში გ. თ–ეს საეჭვოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ კომისია მას იბარებდა და არა – სხვა პირს. მოწმე ნ. ჭ–ს ჩვენებით დასტურდება, რომ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის სახელით გაგზავნილ წერილში დასაბარებელი პირის სახელთან დაკავშირებით დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. სოციალურ ქსელში, ჟურნალისტებთან ურთიერთობისას გ. თ–ეს ყველგან იცნობენ „გ. თ.“, ოფიციალურ დოკუმენტაციაში კი მითითებულია, როგორც – „გ. თ–ე“. სასამართლო სხდომაზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვისას გ. თ–ემ განმარტა, რომ კომისიის წერილში დაშვებული იყო შეცდომა სახელთან დაკავშირებით, დაიბარეს, როგორც გ. თ–ე, საპასპორტო მონაცემებით კი არის გ. თ–ე; საფელდეგერო სამსახურმა წერილი მიუტანა სახლში, ჩაიბარა გზავნილი, რაც დაადასტურა ხელისმოწერით; იქ დაწერა „გ–ი“, თუმცა წერილში „გ–ი“ ეწერა. გარდა ამისა, დაურეკეს ტელეფონით, მერე მისწერეს „..........p-ზე“. გ. თ–მ ასევე განმარტა, რომ საჯარო სივრცესა და მედიაში, აგრეთვე პოლიტიკური საქმიანობის დროს იცნობენ, როგორც გ. თ–ეს. მოწმე ნ. ჭ–ის ჩვენებით, წერილის ჩაბარების დასტურით და გ. თ–ის სოციალურ ქსელ „......-ის“ პირადი გვერდის
დათვალიერების ოქმით, ცალსახად დასტურდება, რომ გ. თ–ისათვის ცნობილი იყო დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისი დაბარების შესახებ, იგი გაფრთხილებულია, კომისიაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თაობაზე. გ. თ–ეს პარლამენტისთვის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის რაიმე ობიექტური, საპატიო მიზეზით არ მიუმართავს და არ უთხოვია გამოცხადების გადადება.
12. 2025 წლის 3 აპრილის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გ. თ–ე დაბარებული იყო კომისიის სხდომაზე და არ გამოცხადდა. კომისიის თავმჯდომარემ ასევე განმარტა: „მე გთავაზობთ, დაველოდოთ ბატონი გ. თ–ის გამოხმაურებას. ყველაფერი ხდება ცხოვრებაში. შეიძლება, ადამიანი ავად გახდეს, შეიძლება, იყოს რაიმე ობიექტური მიზეზი. თუ ასეთი მიზეზი სამშაბათამდე არ აღმოჩნდა, ჩვენ სხდომის დასაწყისში ვიმსჯელებთ მის შემთხვევაზე და ვუყრით კენჭს“.
13. 2025 წლის 8 აპრილს დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კენჭი ეყარა გ. თ–ის მასალების პროკურატურაში გადაგზავნის საკითხს. საგამოძიებო კომისიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი გ. თ–ის საქმის მასალების პროკურატურაში გადაგზავნის საკითხს. საგამოძიებო კომისიის ზემოაღნიშნულ სხდომებზე კომისიის არცერთ წევრს საეჭვოდ არ გაუხდია გ. თ–ის კომისიის სხდომაზე დაბარების კანონიერების საკითხი. მოწმე ნ. ჭ–მა ცალსახად აჩვენა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები კვირაში ორჯერ იკრიბებიან სამუშაო შეხვედრაზე, რომლის დროსაც იღებენ გადაწყვეტილებას კომისიის სხდომაზე ამა თუ იმ პირის ახსნა-განმარტების მიცემის მიზნით დაბარების თაობაზე. კონკრეტულ სამუშაო შეხვედრას, რომლის დროსაც გადაწყდა გ. თ–ის დაბარების საკითხი, პირადად არ დასწრებია, თუმცა მომდევნო შეხვედრის დროს კომისიის ერთ-ერთმა წევრმა (არ ახსოვს, კონკრეტულად – ვინ) დაავალა, რომ გ. თ–ე დაებარებინა საგამოძიებო კომისიაში ახსნა-განმარტებისთვის, რაც შეასრულა კიდეც. ამდენად, უტყუარად დადასტურდა ის ფაქტი, რომ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2025 წლის 3 აპრილს, 11:00 საათზე, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაბარებული იყო გ. თ–ე.
14. გარდა ამისა, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 31 მარტის წერილში გ. თ–ის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაბარების შესახებ და საგამოძიებო კომისიის მიერ ნაწარმოებ დოკუმენტაციაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, „გ. თ–ის“ ნაცვლად მითითებულია „გ. თ–ე“. ზემოაღნიშნული წერილითა და ვიდეოჩანაწერებით დგინდება, რომ გ. თ–ის საგამოძიებო კომისიაზე დაბარება უკავშირდება 2004-2012 წლებში საქართველოში თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გ. თ–ისაგან ახსნა-განმარტების მიცემას. საქმის მასალებით დადასტურებულია (რასაც არც დაცვის მხარე უარყოფს), რომ ამ პერიოდში გ. თ–ე იყო ს–ს პარლამენტის წევრი და თ–სა და უ–ს კომიტეტის თავმჯდომარე.
15. კასატორის მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ გ. თ–თვის მსჯავრადშერაცხილი ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1733-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას და მიუთითებს, რომ, მართალია, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას 1995 წლიდან ითვალისწინებდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, ხოლო 1995 წლის მდგომარეობით მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებული იყო საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, თუ ეს ქმედება ჩადენილია ასეთი დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების შემდეგ; თუმცა, 1999 წლის 22 ივლისს, ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მიღებისას, კანონმდებელმა მიიჩნია, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა ყოფილიყო სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება, რის გამოც, 1999 წლიდან სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით დაწესდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ ნორმატიულ აქტს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლში აღნიშნულია, რომ ამ კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ ეს დარღვევები, თავიანთი ხასიათით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. აღნიშნული ნორმის ანალიზით ცხადია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსმა გამორიცხა პირის სამართალდამრღვევად ცნობა იმ შემთხვევაში, როდესაც მოქმედი კანონმდებლობით ეს ქმედება იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
16. საკასაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ განსახილველი ქმედების შემადგენლობის მოქმედი დისპოზიციით ჩამოყალიბებით კანონმდებელი მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. როგორც პარლამენტის რეგლამენტში, ასევე კომისიის დებულებაში მითითებული გაფრთხილება კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ გულისხმობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის პასუხისგებას, რის შესახებაც გ. თ–ე გაფრთხილებულ იქნა კანონის სრული დაცვით. ამასთან, განსახილველი მუხლის დისპოზიცია არ შეიცავს რაიმე ბუნდოვანებას და ნორმის ადრესატისთვის (მოცემულ შემთხვევაში – პირი, რომელსაც კომისიამ აცნობა თავისი კანონიერი მოთხოვნის შესახებ) მისი შინაარსი გასაგებია (რომ, კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, პასუხს აგებს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სანქციით) აკმაყოფილებს ნორმის განსაზღვრულობის პრინციპს, რაც სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტური მოთხოვნაა, რამდენადაც კონსტიტუციური მოთხოვნაა, რომ თითოეული ნორმა იყოს კონკრეტული, გასაგები და წინასწარგანჭვრეტადი. ამდენად, გ. თ–ის მიერ ჩადენილი ქმედება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად.
17. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, კანონის შესაბამისად მოპოვებული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია, პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის. საქმის განხილვისას არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათი სანდოობისა და სარწმუნოობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი გახდებოდა.
18. რაც შეეხება ადვოკატ ბ. ბ–ას მოთხოვნას საქმის არსებითად განხილვის თაობაზე: საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-31 მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად. ამავე მუხლის მე-32 ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. საკასაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, „საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე“ (საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-6 ნაწილი). ამდენად, საკასაციო პალატას არ აქვს საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის უპირობო სამართლებრივი ვალდებულება.
19. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, სრულყოფილად, ამომწურავად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები; ამასთან, ნათლად მიუთითა იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 27 ივნისის განაჩენი უცვლელად დატოვა. შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომით, მისი ფუნქცია არ არის მეოთხე ინსტანციის სასამართლოს როლის შესრულება, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან მიმართებით. ის მიიჩნევს, რომ პროცედურული ან მატერიალური კანონმდებლობის განმარტება და გამოყენება ეროვნული სასამართლოების პრეროგატივაა და ისინი უკეთეს პოზიციაში იმყოფებიან კონკრეტულ საქმეზე მოწმეთა სანდოობისა და მტკიცებულებათა რელევანტურობის საკითხის შეფასების თვალსაზრისით.
21. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
22.ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
23. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. თ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ბ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე