საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 25.03.2026
საქმის ნომერი
2კ-933აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100122006529911

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №933აპ-25 ქ. თბილისი

ბ-ი გ, 933აპ-25 25 მარტი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 სექტემბრის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. ბ-ს, - დაბადებულს ... წლის ... ივლისს, - ბრალად ედება სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. პ. ბ-სა და მ. მ-ს 2013 წლიდან ერთმანეთთან ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობა. 2021 წლის 18 მარტს, პ. ბ-ი მივიდა მ. მ-ის საცხოვრებელ სახლში, ქ.რ-ში, ლ-ძის ქუჩის N.. კორპუსში მდებარე ბინა N..-ში იმ მიზნით, რომ მისგან მოეთხოვა ვალის დაბრუნება. ამ დროს 19:27 საათზე, პ. ბ-ს მობილური ტელეფონის ნომერზე ... მობილური ტელეფონის ნომრიდან ... დაურეკა მ. მ-ის მეგობარმა მამაკაცმა გ. ბ-მა, რომელიც დაემუქრა მას ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ დაამტვრევდა ძვლებში, მოკლავდა და არ აცოცხლებდა; ასევე ნუ აწუხებდა მ. მ-ის ოჯახს. იმავე დღეს, 19:50 საათზე, პ. ბ-ი იმყოფებოდა გ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მასთან ერთად ავტომობილში მყოფი რ. კ-ის თანდასწრებით, მობილური ტელეფონის ხმამაღლა მოლაპარაკე ფუნქციით, მობილური ტელეფონის ნომრიდან ... დაურეკა გ. ბ-ს მობილური ტელეფონის ნომერზე ... იმ მიზნით, რომ გაერკვია თუ რატომ ემუქრებოდა, გ. ბ-ი კვლავ დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ დაამტვრევდა ძვლებში, მოკლავდა და არ აცოცხლებდა, გაატყავებდა და მის სისხლს დალევდა. გ. ბ-ის მუქარის შედეგად პ. ბ-ს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 18 მარტის განაჩენით:

2.1. გ. ბ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

2.2. გ. ბ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად გირაოს თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

2.3. გ. ბ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 სექტემბრის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 18 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თინათინ სტურუამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 სექტემბრის განაჩენის გაუქმება, გ. ბ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ. ბ-ის მიერ პ. ბ-ის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ჩადენას.

7. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დასჯადია მუქარა (სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების), როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ობიექტური მხრივ, აღნიშნული დანაშაული წარმოადგენს მატერიალურ დანაშაულს, ვინაიდან აუცილებელია გამოკვეთილი იყოს მოქმედება (მუქარა) და მისგან გამოწვეული შედეგი (შიში). ამასთან, შიში უნდა იყოს საფუძვლიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქმედების აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მუქარა წარმოითქვა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ, რომ მუქარის მსხვერპლს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია გათვალისწინებული იყოს არამხოლოდ სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმებიც. მიუხედავად შედეგისა, განახორციელებს თუ არა მუქარას პირი ან აპირებს თუ არა მის განხორციელებას, დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა უკვე იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას.

8. დადგენილია, რომ 2021 წლის 18 მარტს, დაზარალებულ პ. ბ-სა და გ. ბ-ს შორის შედგა სატელეფონო საუბრები. აღნიშნულ დღეს, 19:27 საათზე, გ. ბ-მა ტელეფონის ნომრიდან ... დაურეკა პ. ბ-ს ნომერზე - ... (საუბარი გაგრძელდა 326 წამის განმავლობაში); 19:34 საათზე, პ. ბ-მა დაურეკა გ. ბ-ს (საუბარი გაგრძელდა 16 წამის განმავლობაში); 19:50 საათზე კვლავ პ. ბ-მა დაურეკა გ. ბ-ს (საუბარი გაგრძელდა 281 წამის განმავლობაში). ასევე, დადგენილია ის გარემოება, რომ პ. ბ-ი და გ. ბ-ი ერთმანეთს სიტყვიერად შეურაცხყოფდნენ. სადავო საკითხია იმის დადგენა, სატელეფონო კომუნიკაციებისას გ. ბ-ი დაემუქრა თუ არა პ. ბ-ს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რამაც დაზარალებულში საფუძვლიანი შიში გამოიწვია.

9. გ. ბ-ის მხრიდან პ. ბ-ის მიმართ მუქარის ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ წარმოადგინა დაზარალებულ პ. ბ-ის ჩვენება, რომელმაც, სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2021 წლის 18 მარტს დაურეკა გ. ბ-მა და დაემუქრა. შემდეგ თავად გადაურეკა და ჰკითხა, თუ რატომ ემუქრებოდა, რაზეც გ-იმ უპასუხა, რომ მ. მ-ს მისი ვალი არ ჰქონდა, ისევ გინებასა და მუქარაზე გადავიდა, უთხრა, რომ მოკლავდა, გაატყავებდა, ჩამოკიდებდა და მის სისხლს დალევდა. პ. ბ-ის განმარტებით, მუქარების შედეგად გაუჩნდა მისი აღსრულების რეალური შიში. დაზარალებულ პ. ბ-ის ჩვენებით, 2021 წლის 18 მარტს, ავტომანქანაში მისი მხრიდან გ. ბ-ან დარეკვის და მის განხორციელებული მუქარის ფაქტს ჰყავდა თვითმხილველი - რ. კ-ძე, რომლის ინტერესებსაც, მისივე თქმით, იცავდა როგორც ადვოკატი სისხლის სამართლის საქმეზე. მოწმე რ. კ-ის ჩვენებით, პ. ბ-ს მობილური ტელეფონი ხმამაღალ რეჟიმზე ჰქონდა ჩართული და მოისმინა, თუ როგორ შეაგინა გ. ბ-მა და დაემუქრა დაზარალებულს.

10. საგულისხმოა, რომ სატელეფონო კომუნიკაციების, სიტყვიერი შეურაცხყოფის არსებობის ფაქტს არ უარყოფს არც დაცვის მხარე. თავად გ. ბ-ი გამორიცხავს მუქარის ფაქტს და მის პოზიციას ადასტურებს მოწმე ა. ა-ი.

11. სახელმწიფო ბრალმდებელი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მოწმე ა. ა-ი წარმოადგენს დაინტერესებულ პირს, ვინაიდან, რამდენიმე წლის მანძილზე იყო გ. ბ-ის მეწყვილე. საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მოწმე გ. ბ-ის თანამშრომელი იყო და ავტომატურად მიკერძოებულია, ბრალდების მხარეს ვერ დაეთანხმება. ამ ლოგიკით, შესაძლოა, დაინტერესებულ პირს წარმოადგენდეს რ. კ-ძეც, ვინაიდან, მასაც გააჩნია კავშირი დაზარალებულთან და მისგან იღებდა სამართლებრივ დახმარებებს. მოწმე ა. ა-მა ჩვენების მიცემისას გარკვევით და არაორაზროვნად აღნიშნა, რომ გზის სხვადასხვა მხარეს არ მდგარან ის და გ. ბ-ი, რადგან არეგულირებდნენ მოძრაობის ცალ მხარეს. მას არ უთქვამს, რომ ქუჩაში არსებული ხმაურის ფონზე ვერ შეძლებდა მუქარის სიტყვების გაგებას. მისი განმარტებით, იდგა გ. ბ-ის გვერდით და ისმენდა საუბრის არა ნაწილს, არამედ მთელ შინაარსს. მოწმის განმარტებით, თავდაპირველად საუბარი შედგა გ. ბ-სა და მ. მ-ს შორის, რა დროსაც, გ-ი მ-ას თხოვდა პ. ბ-ის ნომერს. შემდეგ საუბარი წარიმართა პ. ბ-ან, რა დროსაც გ-ი სთხოვდა პ-ს მ. მ-ის საცხოვრებლიდან წასვლას, რასაც მოჰყვა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის შემდეგ გ-ის დაურეკა პ. ბ-მა და კვლავ სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი. მოწმემ გამორიცხა, რომ რომელიმე საუბრის მიმდინარეობის დროს ადგილი ჰქონოდა მუქარას და აღნიშნა, რომ გინება, მისი აღქმით, იყო ორმხრივი, რადგან გ-ი პ-ს ეუბნებოდა, თუ ვის აგინებდა და თვითონაც აგინებდა.

12. საკასაციო სასამართლო, ისევე როგორც სააპელაციო პალატა, მოცემული საქმის ფარგლებში, ვერ მიიჩნევს დადგენილად მოწმე რ. კ-ის ჩვენებაში მითითებულ გარემოებას, რომ მას დაურეკა მ. მ-მა და უთხრა, პ. ბ-ს მოწმედ არ გაჰყოლოდა. თავად მ. მ-ან აღნიშნული ფაქტის ნამდვილობა ისევე, როგორც კონფლიქტის მიზეზისა, არ გადამოწმებულა, რადგან დასახელებული მოწმის გამოკითხვის ოქმი წინასასამართლო სხდომაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი. ბრალდების მხარემ მოწმედ დასაკითხ პირთა სიაში არ შეიყვანა მოწმე მ. მ-ანი, ხოლო თავის მხრივ, დაცვის მხარეს, გამოკითხვის ოქმი წარდგენილი არ ჰქონია. ამდენად, მხოლოდ ცალმხრივად გარემოებების დადგენა, მაშინ, როდესაც დაცვის მხარე პ. ბ-ის დაინტერესებასა და მ. მ-ან არაერთი კომუნიკაციის, საცხოვრებელ სახლში მიკითხვის სხვა მიზეზებზე საუბრობს, ავტომატურად ვერ გახდება წარდგენილი ბრალდების დადასტურების საფუძველი.

13. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარე ეყრდნობა დაზარალებულისა და მოწმე რ. კ-ის ჩვენებებს და არ გააჩნია რაიმე სახის სხვა მტკიცებულება, მხოლოდ მათი ჩვენებები ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. ერთის მხრივ, დანაშაულის ჩადენაში გ. ბ-ს ამხელენ დაზარალებული პ. ბ-ი და მოწმე რ. კ-ძე, მეორეს მხრივ კი, წარმოდგენილია კონფლიქტის უშუალო თვითმხილველი მოწმის - ა. ა-ის ჩვენება, რომელიც არ ადასტურებს გ. ბ-ის მხრიდან პ. ბ-ის მიმართ მუქარის ფაქტს და უთითებს მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ. სხვა მტკიცებულება ბრალდების მხარეს საქმეში არ წარმოუდგენია.

14. შიშის ფაქტორის დადგენისას, მნიშვნელოვანია სხვადასხვა გარემოებების, მათ შორის, იმ ფაქტორების, შეფასება, რის გამოც, პირმა დაუყოვნებლივ ვერ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. დაზარალებულმა პ. ბ-მა საგამოძიებო ორგანოებს, რეაგირების მიზნით მიმართა 2021 წლის 30 მარტს, სავარაუდო ფაქტიდან საკმაოდ ხანგრძლივი დროის შემდეგ, რაც მუქარის შემთხვევაში, გ. ბ-ან დაკავშირებული რიგი ფაქტორების არსებობის გარეშე, ეჭვქვეშ აყენებს შიშის განცდის ფაქტს. საკასაციო სასამართლო ვერ მიიჩნევს საფუძვლიანად და დადასტურებულად იმ არგუმენტს, რომ გარკვეული დრო სჭირდებოდა საჩივრის მომზადებას და ღამის საათებში ავტომანქანის საპატრულო ეკიპაჟის მიერ გაჩერებაც ავტომატურად დაკავშირებულია გ. ბ-ან.

15. საქმეში არ მოიპოვება რაიმე დამატებითი, ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც დაზარალებულისა და მისი თანმხლები პირის ჩვენებისაგან დამოუკიდებლად დაადასტურებდა პ. ბ-ის მიმართ 2021 წლის 18 მარტს მუქარის ფაქტს.

16. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა სტანდარტს და არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა გ. ბ-ის დამნაშავედ ცნობისათვის.

17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

18. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა ახალ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

19. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გ. ბ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს გამართლებულის სასარგებლოდ.

20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

22. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 სექტემბრის განაჩენზე გ. ბ-ის მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე