კერძო საჩივარი

სისხლის სამართლის
საქმის ნომერი
2კ-8-I-26
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330802226012410984

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№8I-26 26 მარტი, 2026 წელი

ა. რ., 8I-26 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – რ. ა-ს – ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. თ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 16 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რ. ა-ს, – დაბადებულის ..., – მიმართ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

1.1. რ. ა-ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ 2013 წლის 3 მაისის დადგენილების თანახმად, მას ბრალად ედება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 127.2.2, 274 და 279.3 მუხლებით (კანონმდებლობით აკრძალული შეიარაღებული ფორმირებების ან ჯგუფების შექმნა; ჯანმრთელობის დაზიანება; აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის მიერ განზრახ ჩადენილი ქმედება, რომელიც ზიანს აყენებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ ხელშეუხებლობას, სახელმწიფო უსაფრთხოებას ან თავდაცვისუნარიანობას) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში;

1.2. 2009 წლის 20 აგვისტოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ს-ს რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, რ. ა-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა;

1.3. 2013 წლის 13 დეკემბრიდან რ. ა. იძებნება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2. აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:

რ. ა. გაწევრიანდა აზერბაიჯანის კანონმდებლობით აკრძალულ შეიარაღებულ დაჯგუფებაში, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნა და რომელსაც ხელმძღვანელობდა ძებნილი „ა-ს“ მეტსახელით ცნობილი მ. ა. ა. ო.. რელიგიური შეხედულებების გამო რადიკალურ პოზიციაზე მყოფ, ამ საქმეზე სხვა ბრალდებულ პირებთან ერთად მონაწილეობდა ამ დაჯგუფების საქმიანობაში, აგრეთვე, ამ დაჯგუფების შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო ქალაქ ს-ს მკვიდრის – ჯ. ვ. ა. ო-ს – წინააღმდეგ ორგანიზებულ თავდასხმაში. კერძოდ, ამ უკანასკნელის განეიტრალების მიზნით, რომელიც შექმნილი შეიარაღებული დაჯგუფების საქმიანობას ხელს უშლიდა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე „ჯიჰადის“ წინააღმდეგ ეწეოდა აგიტაციას, 2007 წლის 28 აპრილს, ა. მ-ს დაკვეთით, რ. ა-მ და გამოძიების მიერ დაუდგენელმა პირმა, წინასწარ მომზადებული სპორტული ქუდების ნიღბებად გამოყენებით, დაიფარეს სახეები, რკინის ნაჭრებით შეიარაღებულნი თავს დაესხნენ ჯ. ვ. ა. ო-ს და ხელში არსებული რკინის ნაჭრებით მიაყენეს დაზიანება თავის, შუბლისა და მარცხენა ფეხის მუხლის არეში.

გარდა ამისა, რ. ა. 2.. წლის .. მაისს, მ. ა. ა. ო-ს მიერ უზრუნველყოფილ იქნა ფულადი თანხით და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მის მიერ შექმნილი და მართული შეიარაღებული დაჯგუფების სხვა წევრებთან ერთად, საბრძოლო კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გაგზავნილ იქნა ინგუშეთის რესპუბლიკის ქალაქ ნ-ში. აღნიშნულის შემდგომ, 20.. წლის .. სექტემბერს, რ. ა-მ მონაწილეობა მიიღო აკრძალული შეიარაღებული დაჯგუფების უკანონო მოქმედებებში ი-ს რესპუბლიკის სოფელ გ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე და 20.. წლის .. ოქტომბერს – სოფელ მ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმებში. ამ შეიარაღებული თავდასხმების შედეგად, სოფელ გ-ს მახლობლად მოკლულ იქნა ოთხი ჯარისკაცი, ხოლო სოფელ მ-ს მახლობლად – ოთხმოცი.

გარდა ამისა, რ. ა-მ, რომელიც, ასევე, ცნობილია მეტსახელებით „ა..ი“ და „.გ“, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ტერორისტული მიზნით, კერძოდ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევის, მოსახლეობაში პანიკის შექმნის, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მიზნით, ორგანიზება გაუწია ისეთი აფეთქებების მოწყობას, რომელიც ქმნის ადამიანების დაღუპვის, მათი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის მიყენებისა და სხვა საზოგადოებრივად საშიში შედეგების დადგომის საფრთხეს, მათ შორის, 20.. წლის მაისში ქალაქ ბაქოში ორგანიზებული „Eurovision-2012“ სიმღერის კონკურსის წინ, დივერსიული და ტერორისტული აქტების განხორციელებას. აგრეთვე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის წინააღმდეგ, ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდებისა და სახელმწიფო კონსტიტუციური წყობის ძალადობით შეცვლის მიზნით, დაახლოებით, 20.. წლის ივნისიდან ოქტომბრის დასაწყისამდე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეებთან, „ჯ-ს“ მეტსახელით ცნობილ ჰ. ა. ა. ო-თან, „ა-ს“ მეტსახელით ცნობილ მ. ა. ქ. ო-სთან, „მ-ს“ მეტსახელით ცნობილ მ. ე. ქ. ო-სთან, „ა. ი-ს“ მეტსახელით ცნობილ მ. ა. ქ. ო-სა და სხვებთან ერთად ირანის ისლამური რესპუბლიკის ქალაქ ... არსებულ სამხედრო ბაზაზე გაიარა სპეციალური სამხედრო წვრთნა ფარული თვალთვალის წარმოებაზე, ფარული თვალთვალის გამოვლენაზე, ფარული თვალთვალისგან თავის არიდებაზე, პისტოლეტით, ავტომატით, სნაიპერული შაშხანით, ყუმბარმტყორცნითა და ნაღმმტყორცნით ცეცხლის გახსნაზე, ასევე – ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და ნივთიერებების დამზადებასა და დისტანციური მართვით გამოყენებაზე. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტის, ტერიტორიული ხელშეუხებლობის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის საზიანოდ, იგი ჩართულ იქნა ფარულ თანამშრომლობაში ირანის ისლამური რესპუბლიკის სპეციალური სამსახურის – დაზვერვისა და ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს („Ettelaat“) მიერ, რომლის თანამშრომელთა ვინაობა გამოძიების მიერ დადგენილი არ არის. სპეციალური წვრთნების დასრულების შემდეგ, ირანის ისლამური რესპუბლიკის სპეციალური სამსახურის – დაზვერვისა და ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს („Ettelaat“) თანამშრომლებმა მას გადასცეს 1000 აშშ დოლარის ფულადი ჯილდო და ამის შესახებ მისგან მიიღეს შესაბამისი ხელწერილი.

3. რ. ა-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

3.1. 2025 წლის 5 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი რ. ა.;

3.2. 2025 წლის 8 აგვისტოს მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, რ. ა-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა – 3 თვით;

3.3. 2025 წლის 9 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო რ. ა-ს ექსტრადიციის თაობაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები;

3.4. 2025 წლის 31 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, რ. ა-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა – 3 თვით, 6 თვემდე – 2026 წლის 5 თებერვლამდე;

3.5. 2026 წლის 3 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, რ. ა-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა – 3 თვით, 9 თვემდე – 2026 წლის 5 მაისამდე;

3.6. რ. ა. მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №18 პენიტენციურ დაწესებულებაში.

4. 2026 წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა – ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა, რ. ა-ს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია რ. ა-ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ 2013 წლის 3 მაისის დადგენილებაში და დასჯადია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 127.2.2, 274 და 279.3 მუხლებით (კანონმდებლობით აკრძალული შეიარაღებული ფორმირებების ან ჯგუფების შექმნა; ჯანმრთელობის დაზიანება; აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის მიერ განზრახ ჩადენილი ქმედება, რომელიც ზიანს აყენებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ ხელშეუხებლობას, სახელმწიფო უსაფრთხოებას ან თავდაცვისუნარიანობას).

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 16 მარტის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი რ. ა-ს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია რ. ა-ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ 2013 წლის 3 მაისის დადგენილებაში და დასჯადია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 127.2.2, 274 და 279.3 მუხლებით (კანონმდებლობით აკრძალული შეიარაღებული ფორმირებების ან ჯგუფების შექმნა; ჯანმრთელობის დაზიანება; აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის მიერ განზრახ ჩადენილი ქმედება, რომელიც ზიანს აყენებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ ხელშეუხებლობას, სახელმწიფო უსაფრთხოებას ან თავდაცვისუნარიანობას).

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 16 მარტის განჩინება გაასაჩივრა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – რ. ა-ს – ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – დ. თ-მ, რომელიც ითხოვს განჩინების გაუქმებასა და რ. ა-ს ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მისი ექსტრადიციის შემთხვევაში, რ. ა-ს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შესაძლოა, დაემუქროს რეალური საფრთხე.

7. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – რ. ა-ს – ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. თ-ს საკასაციო საჩივრის განხილვამდე, მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.

8. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა – ნანიკო ზაზუნაშვილმა სასამართლოსთვის წარდგენილი პოზიციით, ითხოვა არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, ხოლო დაცვის მხარეს დამატებითი პოზიცია არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. კასატორის მიერ, საკასაციო საჩივარში გამოკვეთილ, ძირითად არგუმენტთან მითითებით, საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Soering v. the United Kingdom, no.14038/88, §91, ECtHR, 7/07/1989). ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას. ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: J.K. and others v. Sweden, no. 59166/12, §91,96, ECtHR, 23/08/2016; Saadi v. Italy, no.37201/06, §129, ECtHR, 28/02/2008). საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Mamatkulov and Askarov v. Turkey, no. 46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005; K. v. Russia, no. 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005). განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას იმის დასადასტურებლად, რომ ექსტრადიცია პერსონალურ საშიშროებას უქმნის ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირებს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §350, 352, ECtHR, 12/04/2005). აღსანიშნავია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარში ზოგადად არის მითითებული რ. ა-ს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის შესაძლო საფრთხეზე, მაგრამ გაცხადებულის არსებობა ან/და რეალურობა არ არის გამყარებული კონკრეტული დამადასტურებელი მტკიცებულებებით, რისი მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს რ. ა-ს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რეალური საფრთხე.

5. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევების პრევენციის კუთხით. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ხსენებული მექანიზმები, ერთობლივ, მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნიან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული, ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 16 მარტის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი რ. ა-ს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია რ. ა-ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ 2013 წლის 3 მაისის დადგენილებაში და დასჯადია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 127.2.2, 274 და 279.3 მუხლებით (კანონმდებლობით აკრძალული შეიარაღებული ფორმირებების ან ჯგუფების შექმნა; ჯანმრთელობის დაზიანება; აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის მიერ განზრახ ჩადენილი ქმედება, რომელიც ზიანს აყენებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ ხელშეუხებლობას, სახელმწიფო უსაფრთხოებას ან თავდაცვისუნარიანობას), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – რ. ა-ს – ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. თ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 16 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე