საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №981აპ-25 24 მარტი, 2026 წელი
ფ-ა ვ., №981აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 სექტემბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას და მსჯავრდებულ ვ. ფ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ვ. ფ–ს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობის მცდელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 19,108-ე მუხლით.
1.2. ვ. ფ–ს ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2024 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით, 02:10 საათზე, ზ–ში, ...... ქუჩის №...-ში მდებარე ზ–ს ....... ჰოსპიტლის მიმდებარედ, ვ. ფ–მ სიტყვიერი შელაპარაკებისას, ნ. ტ–ს მოკვლის განზრახვით, დანის გამოყენებით, მუცლისა და ყურის მიდამოში მიაყენა ჭრილობები, მათ შორის, შემღწევი ჭრილობა მუცლის არეში, ნაწლავების ევენტრაციით (გამოვარდნა). დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად, ნ. ტ–ს სიცოცხლე შეუნარჩუნდა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 სექტემბრის განაჩენით, ვ. ფ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე. ვ. ფ– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც აეთვალა 2024 წლის 19 თებერვლიდან. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 5 წლის ვადით აეკრძალა ნებისმიერი სახის იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება და გამოყენება.
2.2. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: 2024 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით, 02:10 საათზე, ზ–ში, ...... ქუჩის №...-ში მდებარე ზ–ს ....... ჰოსპიტლის მიმდებარედ ვ. ფ–მ სიტყვიერი შელაპარაკებისას ნ. ტ–ს მჭრელი საგნის გამოყენებით მიაყენა მარცხენა ყურის ნაკვეთი ჭრილობა და სიცოცხლისთვის სახიფათო შემღწევი ჭრილობა მუცლის არეში ნაწლავების ევენტრაციით (გამოვარდნა). დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად, ნ. ტ–ს სიცოცხლე შეუნარჩუნდა.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – შორენა გვილავამ – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ვ. ფ–ს დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი მუხლით და მისთვის პროპორციული სასჯელის განსაზღვრა, ხოლო, მსჯავრდებულმა ვ. ფ–მ – უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 სექტემბრის განაჩენით, ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
3.2.1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი – შორენა გვილავა – საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შეცვლას. კერძოდ, ვ. ფ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მისთვის პროპორციული სასჯელის დანიშვნას. პროკურორის პოზიციით, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ დანაშაულის ჩადენისას ვ. ფ–ს ამოძრავებდა ნ. ტ–ს მოკვლის განზრახვა.
3.2.2. მსჯავრდებული ვ. ფ– საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და, მის ნაცვლად, მტკიცებულებათა არარსებობის საფუძველზე, გამამართლებელი განაჩენის დადგენას. ალტერნატიულად, მსჯავრდებული ითხოვს მისი ქმედების შეფასებას აუცილებელი მოგერიების მდგომარეობით განპირობებულად. კასატორის პოზიციით, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა. მოწმე ლ. შ–ს ჩვენება კი, რომელზეც დაფუძნებული იყო გამამტყუნებელი განაჩენი, არის მიკერძოებული, ურთიერთწინააღმდეგობრივი და ბუნდოვანი.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ვერცერთი მათგანი აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ასაბუთებენ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში მხარეთა მიერ გამოკვლეული და პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ 2024 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით, 02:10 საათზე, ზ–ში, ...... ქუჩის №...-ში მდებარე ზ–ს ....... ჰოსპიტლის მიმდებარედ, ვ. ფ–სა და ნ. ტ–ს შორის იყო სიტყვიერი შელაპარაკება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმე ლ. შ–ს ჩვენებით დადასტურდა, რომ ფიზიკური დაპირისპირებისას ვ. ფ–მ ამოიღო დანა და შემდეგ რამდენჯერმე მოიქნია ხელი ნ. ტ–ს მიმართულებით. ისინი იდგნენ ერთმანეთის პირისპირ და მათთან იმ მომენტში სხვა არავინ მდგარა. ნ. ტ–ს ფიზიკური დაპირისპირებისას ხელში რაიმე იარაღი არ სჭერია. იმ მომენტში დაზარალებული ძირს დაეცა, მუცლის არეში მძიმე ჭრილობით და მეგრულად დაიყვირა, „რას შვებიო“. შემდეგ თავად მოწმემაც დაიყვირა და ვ. ფ. გაიქცა შემთხვევის ადგილიდან.
4.3. სასამართლოს მოსაზრებით, მოწმე ლ. შ–ს ჩვენება არის თანმიმდევრული, სხვა მტკიცებულებებთან შესაბამისი და დამაჯერებელი, რის გამოც, მასში დაეჭვების საფუძველი არ არსებობს. კერძოდ, შემთხვევის დღეს ნ. ტ–ს მძიმედ დაჭრა დადასტურდა სხვა მოწმეთა ჩვენებებით, სამედიცინო დოკუმენტაციითა და ექსპერტიზის დასკვნითაც. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზარალებულისთვის მიყენებული მარცხენა ყურის ნიჟარის ნაკვეთი ჭრილობა, განვითარებული მჭრელი საგნის მოქმედებით, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით, ხოლო, მუცლის ღრუში შემღწევი ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობა იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
4.4. სასამართლოში დაკითხული დაზარალებულის მეუღლის – ნ. უ–ს – ჩვენებით, ნ. ტ–ს დაჭრის შესახებ ტელეფონის მეშვეობით შეიტყო. მას უთხრეს, რომ დამნაშავე ვ. ფ. იყო, რასაც თავად დაზარალებულიც უდასტურებდა, თუმცა ეუბნებოდა, რომ არ სურდა სასამართლოში ჩვენების მიცემა (საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებული იძულებით, განჩინების საფუძველზე მიიყვანეს სასამართლოში და, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ განუმარტა ჩვენების მიცემაზე უარის სამართლებრივი შედეგები, მან მაინც უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე). ამ უკანასკნელს ღრმა ჭრილობა ჰქონდა მუცელში, ასევე დაჭრილი იყო ყურის არეშიც.
4.5. ზემოაღნიშნული და მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, უტყუარად დადასტურებულია, რომ შემთხვევის დღეს, ვ. ფ–სა და ნ. ტ–ს შორის არსებული სიტყვიერი კონფლიქტი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც ვ. ფ–მ მუცლისა და ყურის მიდამოში დანით მიაყენა ჭრილობები ნ. ტ–ს, მათ შორის, შემღწევი ჭრილობა მუცლის არეში, ნაწლავების ევენტრაციით, თუმცა, დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად, ნ. ტ–ს სიცოცხლე შეუნარჩუნდა. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილი უტყუარი ფაქტები გამორიცხავს მსჯავრდებულის ყოფნას აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და, შესაბამისად, მისი უდანაშაულობის ვერსიის საფუძვლიანობას.
4.6. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარე სადავოდ ხდის მსჯავრდებულის განზრახვას. კასატორის პოზიციით, ვ. ფ–ს დანაშაულის ჩადენისას მიზანმიმართულად სურდა დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა, თუმცა აღნიშნული შედეგი არ დადგა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. შესაბამისად, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ დამნაშავის ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით არასწორია, ვინაიდან აღნიშნული მუხლი გულისხმობს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენების და არა – მკვლელობის განზრახვას.
4.7. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მკვლელობის მცდელობის და ჯანმრთელობის დაზიანების გამიჯვნის დროს, ქმედების კვალიფიკაციისას შეცდომის გამოსარიცხად სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის ელემენტი, რომლის მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის №227აპ-16 განაჩენი).
4.8. განსახილველ შემთხვევაში ვ. ფ–ს მიერ ჩადენილი ქმედების მკვლელობის მცდელობისაგან გამიჯვნისათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ის გარემოება, რომ დანის დარტყმის მომენტში მას არ ჰქონია იმგვარი შემაფერხებელი ფაქტორი, რაც ხელს შეუშლიდა ნ. ტ–ს მოკვლაში, ასეთი განზრახვის არსებობის შემთხვევაში. რეალურად, ფიზიკური დაპირისპირება მხოლოდ მათ შორის მიმდინარეობდა; ვ. ფ– შეიარაღებული იყო დანით, ხოლო დაზარალებულს ხელში არ სჭერია რაიმე საგანი. შესაბამისად, მკვლელობის განზრახვის არსებობის შემთხვევაში, ვ. ფ–ს ჰქონდა განზრახვის რეალიზების როგორც შესაძლებლობა, ისე – რეალური საშუალება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ შემთხვევის შემდეგ ვ. ფ– გაეცალა ადგილს, მიუხედავად იმისა, რომ ხედავდა როგორ მიემართებოდა ნ. ტ– ავტომანქანისკენ, რომელთანაც მყოფ ადამიანებს მითვის დახმარების გაწევა შეეძლოთ. აღნიშნული გარემოებები მიუთითებს, რომ ვ. ფ–ს ამოძრავებდა დაზარალებულისთვის მხოლოდ ჯანმრთელობის დაზიანების მიყენების განზრახვა.
4.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ვ. ფ–ს ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს. ქვედა ინსტანციის სასამართლოს არგუმენტირებულად აქვს ნამსჯელი როგორც მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციის, ისე მისთვის დანიშნული სასჯელის კანონიერებისა და სამართლიანობის შესახებ. აღნიშნული დასაბუთება საკმარისად სრულყოფილია და საკასაციო პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია ზედმიწევნით გამეორება გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციისა, რომელსაც თავადაც ეთანხმება.
4.10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).
4.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 სექტემბრის განაჩენი ვ. ფ–ს მიმართ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორები არ უთითებენ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრების განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.12. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.13. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას და მსჯავრდებულ ვ. ფ–ს საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე