საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100124009002273
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1011აპ-25 ქ. თბილისი
ს–ე კ., 1011აპ-25 6 მაისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 2 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. ს–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ყ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: კ. ს–ეს, – პირადი ნომერი: ..........., – ბრალად ედებოდა: განზრახ მკვლელობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 108-ე მუხლით.
1.1. კ. ს–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის 31 დეკემბერს, საღამოს საათებში, ქ. თ–ში, მტკვრის .... სანაპიროზე, .......ს მოპირდაპირე მხარეს, მდინარე მტკვრის ნაპირთან კ. ს–ემ, ეჭვიანობის გამო შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დანის გამოყენებით, სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა მის ნაცნობ ბ. გ–ს, რომელიც აღნიშნული დაზიანების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 სექტემბრის განაჩენით:
2.1. კ. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.2. კ. ს–ეს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან – 2024 წლის 1 იანვრიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ კ. ს–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ყ–მა მოითხოვა კ. ს–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით კვალიფიკაცია.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ. ს–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ყ–მა.
6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული, რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის N751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის N193აპ-25).
6.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.2. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ითხოვს კ. ს–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე გადაკვალიფიცირებას.
8.1. ამდენად, დავის საგანს არ წარმოადგენს კ. ს–ის მიერ ბ. გ–სათვის დანის გამოყენებით, მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის მიყენების ფაქტი. დაცვის მხარე სადავოდ ხდის მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობის განზრახვის არსებობას.
9. ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ; ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი, ლოკალიზაცია, მიყენების ვითარება, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 14 აპრილის N146აპ-22 განჩინება).
10. საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ადგენს როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი განზრახვით ჩადენილი მკვლელობისთვის.
10.1. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
11. მოწმეთა: თ. ზ-სა და გ. ო-ს ჩვენებებით დგინდება კ. ს–ესა და ბ. გ–ს შორის კონფლიქტური ურთიერთობა წლების წინ წარმოშობილი წყენის გამო და ამ წყენით გამოწვეული აგრესია. კ. ს–ესა და ბ. გ–ს შორის არსებულ წყენასა და კონფლიქტზე უთითებს თავად კ. ს–ეც ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოპოვებულ ვიდეოჩანაწერში.
11.1. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ვიდეოჩანაწერში კ. ს–ე ასევე უთითებს, რომ ე. ჭ–თან ერთად მანქანით მომავალმა, გზაზე შემთხვევით დაინახა ბ. გ–ის მანქანა. ე. ჭ– გაჩერებინა ავტომობილი გაჩერებაზე, წავიდა მაღაზია „კ-ში“, იყიდა დანა და ლუდი. დანის ყიდვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბ. გ–ის მანქანა დაინახა, რათა მის წინააღმდეგ გამოეყენებინა. დანის ყიდვის შემდეგ წავიდა ბ. გ–ის სანახავად, მასთან შემთხვევით არ მისულა, შეგნებულად მივიდა, იცოდა რომ იქ იყო (იხ.: ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერი (14:55:15-15:06:50)).
11.2. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 იანვრის განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ქ. თ–ში, ვ–ს ქუჩის N..-ში მდებარე მაღაზია „კ–ს“ შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერებით დგინდება, რომ 2023 წლის 31 დეკემბერს, 17:30:10 - 17:50:42 საათის შუალედში კ. ს–ე, რომელსაც აცვია მუქი ფერის ქურთუკი, შარვალი და თეთრძირიანი ფეხსაცმელი, თავზე ახურავს მუქი ფერის კეპი, მიდის სექციაში, სადაც იყიდება დანები. დაახლოებით სამი წუთის განმავლობაში არჩევს დანას, რის შემდეგაც ერთ დანას იღებს და მიაქვს სალაროსთან. კ. ს–ე სალაროსთან დგას რიგში, შემდეგ ყიდულობს მის მიერ არჩეულ დანას და ერთ ბოთლ სასმელს და გადის მაღაზია ,,კ–დან“.
11.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 იანვრის სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი, ქ. თ–ში, მტკვრის ...სანაპიროზე ..... მოპირდაპირედ დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერებით დგინდება, რომ 2023 წლის 31 დეკემბერს, 17:43:53 საათზე ბ. გ–ის ავტომანქანა ჩერდება ტროტუარზე. ბ. გ–ი ჩამოდის ავტომანქანიდან და მიდის მტკვრის ნაპირზე გაჩერებულ ნავთან. 18:02:54 საათზე კ. ს–ე, მარჯვენა ხელში მინის ბოთლით, გადაადგილდება ქუჩაში. ჩერდება რამდენიმე წუთი და იყურება მდინარე მტკვრის ნაპირისაკენ. 18:05:25 საათზე კვეთს საავტომობილო გზას მდინარე მტკვრის ნაპირისაკენ და გადის კადრიდან. 18:07:28, 18:08:15 საათზე კ. ს–ე გადაადგილდება ....ოს შენობის მოპირდაპირედ საავტომობილო გზის ტროტუარზე, მტკვრის ნაპირას. 18:08:15 საათზე კ. ს–ე გადაადგილდება საქართველოს საპატრიარქოს შენობის მოპირდაპირედ საავტომობილო გზის ტროტუარზე, მტკვრის ნაპირას. 18:08:56 საათზე კ. ს–ე, მიდის ბ. გ–თან და იქვე მყოფ მამაკაცთან (შ. თ–ე). 18:09:08 საათზე კ. ს–ე ხელებს უქნევს ბ. გ–ს თავისა და გულ-მკერდის მიდამოებში. ბ. გ–ი ცდილობს თავის დაცვას და კ. ს–ის მოშორებას, მაგრამ კ. ს–ე არ ეშვება და ურტყამს ხელებს და ფეხებს და არ აძლევს ბ. გ–ს წასვლის საშუალებას. პირველად ბ. გ–ი ამორბის მტკვრის ნაპირიდან ტროტუარზე, სადაც ხელების ქნევით მისდევს კ. ს–ე. აღნიშნულის შემდეგ ისევ ჩარბის ბ. გ–ი მტკვრის ნაპირზე ნავთან და ისევ მისდევს კ. ს–ე ხელების ქნევით. 18:11:05 კადრში ჩნდება მეოთხე პირი (ვ. კ-ი), რომელიც მოდის იმ გზიდან, საიდანაც მოვიდა კ. ს–ე. 18:11:11 საათზე კ. ს–ე გადის კადრიდან და ტოვებს ტერიტორიას.
12. თვითმხილველი მოწმის – შ. თ–ის ჩვენებით დგინდება, რომ კ. ს–ემ მისვლისთანავე დაუწყო ჩხუბი ბ. გ–ს. კერძოდ, ხელი დაარტყა თავის არეში და დაუწყო ცემა. ბ. გ–ი თავდაცვას ცდილობდა. ყველანაირად ცდილობდა მათ გაშველებას. კ. ს–ემ ქურთუკიდან ამოიღო დანა და იქნევდა ბ. გ–ის მიმართულებით. დანას მისი მიმართულებითაც იქნევდა. დანის დარტყმის მომენტი არ დაუნახავს. ბ. გ–ი უკან მიდიოდა ნავის მხარეს და შევიდა წყალში. ბ. გ–ს უკან მიჰყვებოდა კ. ს–ე. ბ. გ–მა მას უთხრა, რომ უკან დაეწია. კ. ს–ემ დანა ისროლა ბ. გ–ის მიმართულებით. ამ დროს ბ. გ–ი იდგა ნავზე, რომელსაც დანა არ მოხვედრია. სავარაუდოდ, დანა ჩავარდა წყალში. შემდეგ კ. ს–ე წამოვიდა მისი მიმართულებით, შეჩერდა ცოტა ხანს და უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდა ბ. გ–ს. ამბობდა, რომ წყალში დასახრჩობი იყო და წავიდა.
13. მოწმე ვ. კ–ს ჩვენებით დგინდება, რომ 2023 წლის 31 დეკემბერს ნავსადგომთან (სადაც დატოვა ბ. გ–ი) გზად შეხვდა კ. ს–ე, რომელიც აგინებდა ბ. გ–ს. ამავდროულად, მდინარე მტკვრის სანაპიროდან ამოვიდა ბ. გ–ი, რომელიც იყო სველი. გაიხადა ქურთუკი, რა დროსაც შენიშნა წითელი ლაქა. მაისურის აწევისას ზურგის არეში, მარჯვენა მხარეს შეამჩნია ჭრილობა, რომლიდანაც მოდიოდა სისხლი. ბ. გ–მა უთხრა: ,,ნახე რა მიქნა, დანა დამარტყა, ეს მინდოდა საახალწლოდ?“ ამ ფაქტს ესწრებოდა შ. თ–ე, რომელმაც დაუდასტურა, რომ კ. ს–ემ დაჭრა ბ. გ–ი. შემთხვევის ადგილზე დანა არ შეუმჩნევია. ბ. გ–ი ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანით გადაიყვანა საავადმყოფოში.
14. თ–ს ........... უნივერსიტეტისა და ......... კლინიკის ზოგადი ქირურგის ი. კ–ს ჩვენებით დგინდება, რომ 2023 წლის 31 დეკემბერს ბ. გ–ი ნახა ე–ს განყოფილებაში შესვლისთანავე. პაციენტს ჰქონდა შემავალი ჭრილობა, გულმკერდის არედან გამავალი მუცლის ღრუში, დაზიანებული ღვიძლითა და ქვემო ღრუ ვენით. ძალიან მძიმე დაზიანება იყო. პაციენტი უსწრაფესად იქნა აყვანილი საოპერაციო ბლოკში (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 ივლისის სხდომის ოქმი 14:51:38-14:52:40), 18:30 საათზე პაციენტი შეიყვანეს კლინიკაში, 20 წუთში, 18:50 საათზე კი დაიწყო ანესთეზია, 19:00 საათზე დაიწყო ოპერაცია (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 ივლისის სხდომის ოქმი 15:00:20-15:02:15), ოპერაციის დაწყებამდე გადაუღეს მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფია, რომლითაც დადგინდა, რომ მუცლის ყველა ფალანგში იყო სისხლი (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 ივლისის სხდომის ოქმი 14:52:50-14:54:25) და გარდაცვალება დაფიქსირდა 20:50 საათზე (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 ივლისის სხდომის ოქმი 15:00:20-15:02:15). შეყვანისას პაციენტი გონზე იყო, ფერმკრთალი, ძლიერი ტახიკარდიით, ოფლიანობით, (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 ივლისის სხდომის ოქმი 14:55:55-14:57:15). ჭრილობა იყო სავარაუდოდ ბასრი საგნით მიყენებული, რადგან ჭრილობის კიდეები იყო სწორი. ექსპერტი არ არის, მაგრამ ქირურგად მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე, შეუძლია თქვას, რომ რომ არა ქვემო ღრუ ვენის დაზიანება, პაციენტი გადარჩებოდა. სამწუხაროდ, დაზიანების სიღრმეს ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 ივლისის სხდომის ოქმი 14:55:22-14:55:50). ძალიან გაუკვირდა, ეტყობოდა, რომ გარდაცვლილი ძალიან ძლიერი კაცი იყო ფიზიკურად, ამტანი და ალბათ რესურსი ჰქონდა. ზოგადად მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანების შემთხვევაში ვერ ასწრებენ პაციენტის საოპერაციოში შეყვანას (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 ივლისის სხდომის ოქმი 14:54:30-14:55:20).
15. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N......... დასკვნის თანახმად:
- ბ. გ–ის სიკვდილის მიზეზია: მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის შედეგად ღვიძლის გამჭოლი და ქვემო ღრუ ვენის სრულშრეობრივი დაზიანება და მათგან გამოწვეული სისხლდენის შედეგად განვითარებული მწვავე სისხლნაკლებობა. ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, ბ. გ–ის სიკვდილი დაფიქსირდა – 2023 წლის 31 დეკემბერს 20:50 საათზე, რაც არ ეწინააღმდეგება გვამის გამოკვლევის დროს ნანახ სიკვდილის შემდგომ გვამურ ცვლილებებს;
- ბ. გ–ის გვამს აღენიშნებოდა: მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა (მარჯვნივ, მე-9-10 ნეკნთაშუა მიდამოში ტერფის ძირიდან 114 სმ- ის დაშორებით, იღლიის უკანა და ბეჭის ხაზებს შორის) კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის, მე-9-10 ნეკნთაშუა კუნთების, დიაფრამის მარჯვენა გუმბათის, ღვიძლის გამჭოლი და ქვემო ღრუ ვენის სრულშრეობრივი დაზიანებით და ჰემოპერიტონეუმით (სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემებით მუცლის ღრუში 2500 მლ. ჰემორაგიული გამონადენი. სისხლის კოლტებით), ჭრილობის არხის მიმართულებით ზემოდან ქვემოთ, უკნიდან წინ, მარჯვნიდან მარცხნივ, ჭრილობის არხის სიგრძით – 8,4 სმ. ჭრილობის არხის შესაბამისად, რბილ ქსოვილებში – სისხლჩაქცევებით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი. მიეკუთვნება სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხს, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს და იმყოფება უშუალო მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან;
- ბ. გ–ის გვამს მარჯვენა წვივის მიდამოში ასევე აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანება ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს, როგორც ერთობლიობაში, ასევე იზოლირებულად, ცალ-ცალკე აღებული ატარებს მსუბუქი ხარისხის დაზიანების ნიშნებს და მიზეზობრივ კავშირში არ არის დამდგარ შედეგთან. დაზიანებები ხანდაზმულობით არ შეესაბამება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
15.1. ექსპერტმა კ. ც–მა ჩვენებაში დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა და დამატებით განმარტა, რომ დაზიანების ხარისხი განისაზღვრება უშუალოდ მიყენების მომენტში, რამდენად არის სიცოცხლისათვის სახიფათო. სამედიცინო ჩარევისა და კარგი გამოსავლის მიუხედავად, დაზიანების ხარისხი არ იცვლება. ბ. გ–ის შემთხვევაში, ქვემო ღრუ ვენა იყო დაზიანებული სრულშრეობრივად, ვენას გააჩნია სამი ფენა და სამივე ფენა იყო დაზიანებული, ჭრილობის არხი იყო 8 სმ (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 აგვისტოს სხდომის ოქმი 15:45:30-15:47:18). სიკვდილი გამოიწვია სისხლნაკლებობამ, რაც არის სისხლის დანაკარგი, სისხლდენის წყარო იყო დაზიანებული ღვიძლი და ქვემო ღრუ ვენა. რა რაოდენობის სისხლის დაკარგვის შემდეგ შეიძლება დადგეს სიკვდილი, ექსპერტიზის კვლევის საგანი არ არის (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 აგვისტოს სხდომის ოქმი 15:49:08-15:50:30), დაზიანება იყო მუცლის ღრუში და მნიშვნელობა არ ჰქონდა, გარედან ჭრილობას რამე დაედებოდა თუ არა, ამით სისხდენა არ შეჩერდებოდა (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 აგვისტოს სხდომის ოქმი 15:50:35-15:52:16). მიუხედავად დროული და ადექვატური სამედიცინო ჩარევისა, ჩატარდება თუ არა საერთოდ სამედიცინო ჩარევა, კარგად ჩატარდება თუ – ცუდად, კარგი გამოსავლით დასრულდება თუ ცუდი, ეს დაზიანების ხარისხს არ ცვლის (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 აგვისტოს სხდომის ოქმი 15:52:44-15:53:15). პაციენტი ყველა შემთხვევაში დაიღუპებოდა თუ არ დაიღუპებოდა, ამის განსაზღვრა არცერთ ექსპერტს არ შეუძლია (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 აგვისტოს სხდომის ოქმი 15:53:20-15:54:20).
16. კასატორის მტკიცებით, კ. ს–ეს არ ჰქონდა დაზარალებულის მოკვლის განზრახვა, რაც დასტურდება, ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერისას, კ. ს–ის განმარტებებით (არ იცის ბ. გ–ს მოხვდა თუ არა დანა, გამომძიებელს ეკითხება: მიჩივის?) იმ გარემოებით, რომ კ. ს–ეს ჰქონდა შესაბამისი დრო და შესაძლებლობა, მკვლელობის განზრახვის არსებობის შემთვევაში, სისრულეში მოეყვანა განზრახვა.
16.1. მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდა, რომ კ. ს–ეს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ბ. გ–თან. 2023 წლის 31 დეკემბერს, საღამოს საათებში, თ–ში, მტკვრის ....სანაპიროზე კ. ს–ემ შენიშნა ბ. გ–ი. ამის შემდეგ შეიძინა დანა და წავიდა ბ. გ–თან შესახვედრად. ადგილზე მისვლისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს. ბ. გ–ი აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა კ. ს–ეს. შ. თ–ე აქტიურად ცდილობდა კონფლიქტის განმუხტვას. ჩხუბის დროს, კ. ს–ემ ჯიბიდან ამოიღო დანა, რომელსაც იქნევდა დაზარალებულის მიმართულებით, მაშინაც კი, როცა ბ. გ–ი ზურგით იდგა მის წინ. ბ. გ–მა უშველა თავს და გაიქცა ნავზე. კ. ს–ე ცდილობდა ბ. გ–თან მისვლას, თუმცა შ. თ–ემ შეუშალა ხელი, რომელსაც კ. ს–ემ სახეში გაარტყა ხელი. გაბრაზებულმა კ. ს–ემ ბ. გ–ის მიმართულებით ისროლა დანა. კ. ს–ე უცენზურო სიტყვებით მიმართავდა დაზარალებულს და ემუქრებოდა წყალში დახრჩობით, რის შემდეგაც დატოვა შემთხვევის ადგილი.
16.2. სასამართლო ითვალისწინებს, საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილს, დანაშაულის ჩადენამდე კ. ს–ის ქმედებას (ბ. გ–ის მანქანის შემთხვევით დანახვის შემდეგ, გააჩერებინა მანქანა, წავიდა მაღაზია „კ–ში“ დანის შესაძენად (კ. ს–ის განმარტებით, დანის ყიდვა მას შემდეგ გადაწყვიტა რაც ბ. გ–ის მანქანა დაინახა, რათა მის წინააღმდეგ გამოეყენებინა. დანის ყიდვის შემდეგ წავიდა ბ. გ–ის სანახავად, მასთან შემთხვევით არ მისულა, შეგნებულად მივიდა, იცოდა რომ იქ იყო (იხ.: ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ვიდეოჩანაწერი (14:55:15-15:06:50)), დანაშაულის ჩადენის ადგილს და ვითარებას, ინტენსივობას, დანაშაულის ჩადენის ხერხს, მოტივს, ბ. გ–ისათვის მიყენებული ჭრილობის სიღრმეს (8,4 სმ) და ლოკალიზაციას/ხასიათს (მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთნაჩხვლეტი ჭრილობის შედეგად ღვიძლის გამჭოლი და ქვემო ღრუ ვენის სრულშრეობრივი – სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება).
17. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ კ. ს–ეს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და, შესაძლოა, არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ გულგრილად ეკიდებოდა/შეგნებულად უშვებდა მის დადგომას.
18. კასატორის მტკიცებასთან მიმართებით, რომ ვინაიდან ბ. გ–ს დაჭრიდან საავადმყოფოში მისვლამდე არ ჰქონდა ჭრილობა დაფიქსირებული ამან დაამძიმა მისი მდგომარეობა და გამოიწვია სასიკვდილო შედეგი, სასამართლო ითვალისწინებს, ქირურგ ი. კ-ს და სამედიცინო ექსპერტ კ. ც–ის ჩვენებებს, რომ ბ. გ–ს ჰქონდა შიდა სისხლდენა, რაც გარედან დაწოლით ან/და დაფიქსირებით ვერ შეწყდებოდა.
19. კასატორი უთითებს, რომ ექსპერტისაგან ვერ მიიღო ცალსახა პასუხი, ასეთი დაზიანებით ადამიანი წინდახედულობის ნორმებს თუ დაიცავდა, არ იმოძრავებდა და ადგილზეც მივიდოდა სამედიცინო დახმარება, სიკვდილი დადგებოდა თუ არა. სასამართლო ითვალისწინებს ექსპერტ კ. ც–ის (განმარტა, რომ ქვემო ღრუ ვენა იყო დაზიანებული სრულშრეობრივად, ვენას გააჩნია სამი ფენა და სამივე ფენა იყო დაზიანებული (15:45:30-15:46:40). დაზიანება იყო მუცლის ღრუში, შიგნით, სისხლძარღვი მუცლის ღრუსია და, გარედან რაც არ უნდა მიეფაროს, სისხლდენა არ შეჩერდება (15:50:35-15:52:16). ადგილზე სასწრაფო დახმარება რომ ყოფილიყო, ან პირველადი დახმარება ადგილზევე რომ გაეწიათ, შედეგი თავიდან იქნებოდა თუ არა აცილებული, ამის თქმა არ შეუძლია (14:45:30-15:46:30), პაციენტი დაიღუპებოდა თუ არ დაიღუპებოდა, ამის განსაზღვრა არც ერთ ექსპერტს არ შეუძლია (15:53:20-15:54:20)) და ქირურგ ი. კ–ის (განმარტა, რომ ზოგადად მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანების შემთხვევაში ვერ ასწრებენ პაციენტის საოპერაციოში შეყვანას (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 ივლისის სხდომის ოქმი 14:54:30-14:55:20)) განმარტებებს.
20. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება კ. ს–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
21. „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლოებს საკმარისი სიზუსტით აჩვენონ თავიანთი გადაწყვეტილებების მიზეზები (იხ. Taxquet v. Belgium [GC],no. 926/05, par. 91, ECtHR,16/11/2010, Nikolay Genov v. Bulgaria, no.7202/09, par. 27, ECtHR,13/07/2017). გადაწყვეტილების მიზეზების წარმოდგენის ვალდებულების მოცულობა განსხვავდება გადაწყვეტილების ბუნების მიხედვით და უნდა განისაზღვროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე“ (Rostomashvili v. Georgia, no.13185/07, par. 55, ECtHR, 8/11/2018; იხ. Ruiz Torija v. Spain, no. 18390/91, par. 29, ECtHR, 9/12/1994; Moreira Ferreira v. Portugal (no. 2) [GC], no.19867/12, par. 84, ECtHR,11/07/2017).
22. „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები" (Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, par. 76, ECtHR, 21/09/2017; იხ. Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, par. 29, ECtHR 18/07/2006; ).
23. მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არც ერთი საფუძვლის არსებობა, რის გამოც, საკასაციო სასამართლო მოკლებულია საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
24. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ კ. ს–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ყ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 2 ოქტომბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე