საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 29.04.2026
საქმის ნომერი
2კ-70აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160100123007785347

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №70აპ-26 29 აპრილი, 2026 წელი

ჯ–ი ე., №70აპ-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ოქტომბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ე. ჯ–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით, ჩადენილი გენდერის ნიშნით), საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი ორი პირის და დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) (გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ მიმართ), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) (გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ოჯახის წევრის მიმართ), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), (გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), საქართველოს სსკ-ის 111,1501-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულება, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), (გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2019 წლის 9 სექტემბერს, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში მე.. ქუჩა, N..-ში მდებარე ე. ჯ–ის ოჯახის საცხოვრებელ სახლში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მიაჩნდა რა, რომ გოგო არ უნდა სარგებლობდეს სოციალური ქსელებით, ე. ჯ–მა ტელეფონი წაართვა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არასრულწლოვან ქალიშვილს გ. ჯ–ას თუ იგი კვლავ გამოიყენებდა სოციალურ ქსელ „...ს“, რის შედეგადაც გ. ჯ–ას გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში. ე. ჯ–მა აღნიშნული მუქარით გ. ჯ–ა მიიყვანა თვითმკვლელობის ცდამდე, რომელმაც 2019 წლის 10 სექტემბერს ამ მიზნით დალია სარეცხი საშუალება, გახდა შეუძლოდ და მისი გადარჩენა მოხერხდა დროული სამედიცინო დახმარების შედეგად.

1.3. 20.. წლის დეკემბრის თვეში, დაახლოებით ..:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში მე.. ქუჩა, N..-ში მდებარე ე. ჯ–ის ოჯახის საცხოვრებელ სახლში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მიაჩნდა რა რომ ქალიშვილები უნდა ემორჩილებოდნენ მამას, ხმაურის გამო გაბრაზებულმა ე. ჯ–მა თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა არასრულწლოვან შვილებს გ. ჯ–ასა და გ. ჯ–ას, კერძოდ, ორივეს ხელი მოკიდა ხელებში, ძალით წაიყვანა და ბოქლომით ჩაკეტა ეზოში მდგარ სათავსოში, სადაც ისინი იმყოფებოდნენ მეორე დღის დილამდე, სანამ დედამ არ გაანთავისუფლა ისინი.

1.4. 2022 წლის ივნისის თვის ბოლოს, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში მე.. ქუჩა, N..-ში მდებარე ე. ჯ–ის ოჯახის საცხოვრებელ სახლში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მიაჩნდა რა რომ ქალიშვილი უნდა ემორჩილებოდეს მამას და არ უნდა ჩაერიოს მის საუბარში, ე. ჯ–მა თავით კედელზე შეაჯახა არასრულწლოვანი შვილი გ. ჯ–ა, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ძალადობრივ ფაქტს შეესწრო მათი ოჯახის არასრულწლოვანი წევრი გ. ჯ–ა.

1.5. 2022 წლის ივნისის თვის ბოლოს, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში მე.. ქუჩა, N..-ში მდებარე ე. ჯ–ის ოჯახის საცხოვრებელ სახლში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მიაჩნდა რა რომ ქალიშვილი უნდა ემორჩილებოდეს მამას და არ უნდა ჩაერიოს მის საუბარში, ე. ჯ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არასრულწლოვან შვილს- გ. ჯ–ას, რომელმაც რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.6. 2022 წლის ზაფხულში, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში მე.. ქუჩა, N..-ში მდებარე ე. ჯ–ის ოჯახის საცხოვრებელ სახლში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მიაჩნდა რა რომ ქალიშვილი უნდა ემორჩილებოდეს მამას და კაცი ყოველთვის ქალის წინ დგას ოჯახში, ჩაის ჯერ დედისთვის მიტანის გამო გაბრაზებულმა ე. ჯ–მა ხელი რამოდენიმეჯერ დაარტყა თავის არეში არასრულწლოვან შვილს გ. ჯ–ას, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ძალადობრივ ფაქტს შეესწრო მათი ოჯახის არასრულწლოვანი წევრი გ. ჯ–ა.

1.7. 2022 წლის ზაფხულში, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში მე.. ქუჩა, N..-ში მდებარე ე. ჯ–ის ოჯახის საცხოვრებელ სახლში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მიაჩნდა რა რომ ქალიშვილი უნდა ემორჩილებოდეს მამას და კაცი ყოველთვის ქალის წინ დგას ოჯახში, ჩაის ჯერ დედისთვის მიტანის გამო გაბრაზებული ე. ჯ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არასრულწლოვან შვილს – გ. ჯ–ას, რომელმაც რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.8. 2022 წლის ივლისის თვეში, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში ავტომანქანით მგზავრობისას, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მიაჩნდა რა რომ ქალიშვილი უნდა ემორჩილებოდეს მამას, ბებიასთან წასვლაზე გაბრაზებულმა ე. ჯ–მა ხელი რამოდენიმეჯერ გაარტყა თავის არეში არასრულწლოვან შვილს – გ. ჯ–ას, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.9 2022 წლის ივლისის თვეში, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში ავტომანქანით მგზავრობისას, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მიაჩნდა რა რომ ქალიშვილი უნდა ემორჩილებოდეს მამას, ბებიასთან წასვლაზე გაბრაზებული ე. ჯ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არასრულწლოვან შვილს – გ. ჯ–ას, რომელმაც რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.10. 2022 წლის სექტემბრის თვიდან 2023 წლის მაისის თვემდე პერიოდში, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თვლიდა, რომ ქალიშვილის აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა, ქალს სწავლა არ უნდა გაეგრძელებინა უნივერსიტეტში და უნდა გათხოვილიყო, ე. ჯ–ი, სისტემატური მოთხოვნით და სწავლის არდაფინანსების მუქარით, იცოდა რა მისი ასაკი, აიძულებდა თავის არასრულწლოვან შვილს – გ. ჯ–ას მისი ნების საწინააღმდეგოდ ექორწინა მამის მიერ არჩეულ ბიჭზე.

1.11. 2023 წლის მაისის თვეში, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში მე.. ქუჩა, N..-ში მდებარე ე. ჯ–ის ოჯახის საცხოვრებელ სახლში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მიაჩნდა რა რომ ქალიშვილი უნდა ემორჩილებოდეს მამას და აკეთებდეს კარგ კერძებს, საჭმლის გემოთი უკმაყოფილო ე. ჯ–მა ხელი ზურგის არეში დაარტყა არასრულწლოვან შვილს – გ. ჯ–ას, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.12. 2023 წლის .. ივნისს, დილის საათეებში, ქ.თ–ში, წ–ს N..-ის ტერიტორიაზე ე. ჯ–მა, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მიაჩნდა რა, რომ მისი ოჯახის უფროსის დაუკითხავად შვილს – გ. ჯ–ას არ ჰქონდა უფლება დარჩენილიყო მეგობართან, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეაფურთხა და სახეში გაარტყა ხელი, რის გამოც გ. ჯ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.13. 2023 წლის 29 ივნისს, დღის საათებში, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში მე.. ქუჩა, N..-ში მდებარე ე. ჯ–ის ოჯახის საცხოვრებელ სახლში და გ. ჯ–ას ოჯახის საცხოვრებელ სახლში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მიაჩნდა რა რომ ქალიშვილი უნდა ემორჩილებოდეს მამას და არ უნდა იცმევდეს მოკლე შარვალს, შორტის ჩაცმის გამო გაბრაზებულმა ე. ჯ–მა ხელით თმები მოქაჩა და რამოდენიმეჯერ დაარტყა ტანისა და თავის არეში, ხოლო ფეხი ერთხელ ტანის არეში შვილ გ. ჯ–ას, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის განაჩენით, ე. ჯ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,1501-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), წარდგენილი ბრალდებებით.

2.2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ე. ჯ–ის წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი და პროპორციული სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2025 წლის 28 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ე. ჯ–ის წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, დაზარალებულების მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად წარმოდგენილი მტკიცებულებები ადატურებენ ე. ჯ–ის მიერ ჩადენილ ქმედებებს. კერძოდ: მოწმეების: ო. ქ–ს და მ. ჯ–ის გამოკითხვის ოქმები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, შემაკავებელი ორდერი, უდავოდ გამხდარი მოწმეების მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. ასევე, კასატორი დამატებით მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისგან.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ე. ჯ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,1501-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულებმა (შვილები) და მოწმემ (მეუღლე) ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მეორე ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია დაზარალებულისა და მოწმეთა მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მათ ამ უფლებით ისარგებლეს მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ე. ჯ–ის მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.

5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, კასატორის მიერ მითითებული მოწმეების გამოკითხვის ოქმებზე და განმარტავს, რომ ისინი არ არიან ფაქტის თვითმხილველი მოწმეები. მათ დაადასტურეს მათ მიერ/მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა და დაზარალებულების მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაცია.

5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.7. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ე. ჯ–ის ბრალეულობას ადასტურებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რითიც დგინდება დაზარალებულის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტი და ექიმ ო. ქ–ს ჩვენება. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებული ექსპერტიზის დასკვნით დაზარალებულს დაუდგინდა საპნებისა და დეტერგენტების ტოქსიური ეფექტი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვა ნაწილების ქიმიური დამწვრობა (კუჭის), საყლაპავის ქიმიური დამწვრობა, რაც განვითარებულია საპნებითა და დეტერგენტებით მოწამვლის შედეგად. შესაბამისად, აღნიშნული დასკვნა იძლევა მხოლოდ იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, ხოლო ო. ქ–ის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციით დასტურდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ დაზარალებულს ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება, რის შემდეგაც გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში. აღნიშნული მტკიცებულებებით დგინდება მხოლოდ გ. ჯ–ას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ არის საკმარისი იმის სამტკიცებლად, რომ ე. ჯ–მა დაზარალებული მუქარით მიიყვანა თვითმკვლელობის ცდამდე.

5.8. რაც შეეხება, ბრალდების სხვა ეპიზოდებს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან გ. ჯ–ამ, გ. ჯ–ამ და ტ. მ–ამ უარი განაცხადეს სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე – მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ე. ჯ–ის მიერ ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენას. საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებათა ისეთი ბაზა, რომელიც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა უტყუარად დაედგინა ე. ჯ–ის მიერ შვილის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის, შვილებზე ძალადობისა და ამ ძალადობის შედეგად ფიზიკური ტკივილის გამოწვევის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ქორწინების იძულების, მუქარის განხორციელებისა და ამ მუქარის შედეგად საფუძვლიანი შიშის გაჩენის ფაქტები.

5.9. რაც შეეხება, შემაკავებელი ორდერისა და ორდერის ოქმის ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად შეფასებას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მათში დაფიქსირებული რამდენიმესიტყვიანი ჩანაწერი, რომელიც არ შეიცავს ქმედებების კონკრეტულ აღწერილობას, შეუძლებელია საკმარისად იქნეს მიჩნეული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

5.10. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ე. ჯ–ის მიერ ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა გამართლებულის სასარგებლოდ.

5.11. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებას, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.

5.12. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველი საქმის მოცემულობიდან.

5.13. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე