საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1062აპ-25 6 მაისი, 2026 წელი
ა–ა ქ., №1062აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გულნარა ოქრუაშვილის და მსჯავრდებულ ქ. ა–ას ადვოკატის – ზ. ნ–ას – საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ქ. ა–ას (დაბადებულს .... პირადი №........) ბრალად ედებოდა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რაც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ძალადობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
1.2. ქ. ა–ას ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2023 წლის 11 ივლისს, შუადღის საათებში, თ–ში, კ–ს ... № ., ბინა №..–ში ქ. ა–ამ, დაზარალებულ თ. გ–ის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შეაღწია მის საცხოვრებელ ბინაში ძალადობის გამოყენებით, კერძოდ, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა სხეულის სხვადასხვა არეში, დაარტყა ხელი მკლავზე, მარცხენა ხელის შუა თითზე, რამდენჯერმე მოუჭირა ხელები ყელზე და არ ტოვებდა საცხოვრებელ მისამართს იმ დრომდე, სანამ ადგილზე არ გამოცხადდნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. ქ. ა–ამ დაარღვია დაზარალებულის ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 9 ივლისის განაჩენით, ქ. ა–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა, 5000 ლარის ოდენობით.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმება და ქ. ა–ასთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრება, ხოლო დაცვის მხარემ – თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გულნარა ოქრუაშვილისა და მსჯავრდებულ ქ. ა–ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. მ–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 9 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
3.2.1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი – გულნარა ოქრუაშვილი – საკასაციო საჩივრით ითხოვს ქ. ა–ასთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ასევე – ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და მოვალეობათა დარღვევის ხასიათი. კასატორის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა იქნება პრევენციული და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების გარანტი.
3.2.2. მსჯავრდებულ ქ. ა–ას ადვოკატი – ზ. ნ–ა – საკასაციო საჩივრით ითხოვს ქ. ა–ას უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: ქ. ა–ა იყო კეთილსინდისიერი მფლობელი დაზარალებულის კუთვნილი ბინისა, რომელიც მან გაარემონტა, აღჭურვა ძვირადღირებული ავეჯითა და ტექნიკით. შესაბამისად, ბინაში შესვლის მოტივი იყო კუთვნილი ნივთების დაბრუნება ან მათ სანაცვლოდ, დაზარალებულთან მოლაპარაკება. აღნიშნული გარემოება გამორიცხავს ქ. ა–ას მხრიდან დანაშაულის ჩადენას.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ასაბუთებენ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ქ. ა–ას მსჯავრდების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.3. განსახილველ შემთხვევაში, დაცვის მხარე არ უარყოფს ქ. ა–ას მიერ დაზარალებულის საცხოვრებელ ბინაში შესვლას, თუმცა აღნიშნავს, რომ აღნიშნული ქმედება განახორციელა მართლზომიერი მიზნის საფუძველზე, კერძოდ, ბინაში დარჩენილი თავისი კუთვნილი ნივთების ბედის განსაზღვრისა და გაწეული სარემონტო სამუშაოების ანაზღაურების საკითხზე შეთანხმების მიღწევის მიზნით.
4.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლით კრიმინალიზებულია ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რაც არღვევს ბინის მფლობელის ხელშეუხებლობას. დანაშაულის საგანია სხვა პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ბინა ან სხვა მფლობელობა, ხოლო ობიექტური მხარე გამოიხატება ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლაში, რაც გულისხმობს ბინის მფლობელის ხელშეუხებლობის უკანონო დარღვევას. ქმედების აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს დანაშაულის სუბიექტის პირდაპირი განზრახვა – მას უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და სურვილი სხვის ბინასა თუ სხვა მფლობელობაში უკანონოდ შესვლის. აღნიშნული დანაშაული ფორმალურია და დასრულებულად ითვლება სხვის ბინასა თუ სხვა მფლობელობაში უკანონო შესვლის მომენტიდან. დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა აღნიშნული დანაშაულის ჩადენა ძალადობით.
4.5. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 1 ნოემბერს, ქ. ა–ამ ერთი წლით იქირავა სამოთახიანი ბინა, მდებარე: თ–ი, ხ–ს ქუჩის №.., ბინა №..-ში მესაკუთრე ზ. ს-სგან. 2018 წლის 4 აპრილს, გ. ს-მა ზ. ს-საგან მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ი. ვ–ეს 35 000 აშშ დოლარად მიჰყიდა უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით – ..........
4.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 დეკემბრის განჩინებით, დამტკიცდა მორიგება სამოქალაქო საქმეზე №....... მოსარჩელე ი. ვ–ის სარჩელის გამო, მოპასუხე ქ. ა–ას მიმართ, მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, შემდეგი პირობებით:
ქ. ა–ა კისრულობს ვალდებულებას, 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გადაუხადოს ი. ვ–ეს 40 000 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხა ეროვნულ ვალუტაში (გადახდის დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით); თანხის გადახდა უნდა მოხდეს ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების გზით; უნაღდო ანგარიშსწორება უნდა მოხდეს საქართველოს ბანკში ი. ვ–ის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით; ნაღდი ანგარიშსწორება უნდა დადასტურდეს ი. ვ–ის ნოტარიულად გაფორმებული დოკუმენტით.
პირველ პუნქტში მითითებული ვალდებულების (ი. ვ–ისთვის 40 000 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხის ეროვნულ ვალუტაში დადგენილ ვადაში გადახდა) ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ი. ვ–ე, თ/ში, ..... №.. (მშენებარე), სადარბაზო №.., სართული №.., №.. ბინას (საკადასტრო კოდი: ..........) – შემდგომში („№.. ბინა“) საკუთრებაში გადასცემს ქ. ა–ას ან ქ. ა–ას მიერ მითითებულ მესამე პირს.
პირველ პუნქტში მითითებული თანხის მთლიანად (40 000 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხა ეროვნულ ვალუტაში) ი. ვ–ისთვის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ქ. ა–ას დაეკისრება ვალდებულება, 2021 წლის 3 იანვრამდე უზრუნველყოს ი. ვ–ისთვის „№.. ბინის“ პირდაპირ მფლობელობაში გადაცემა სრულიად გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში. დასახელებული ვალდებულება დარღვეულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ „№.. ბინა“ დაკავებული ექნება მესამე პირს და არა ქ. ა–ას. ამ პუნქტში მითითებული ვალდებულების (ი. ვ–ისთვის „№.. ბინის“ პირდაპირ მფლობელობაში გადაცემა სრულად გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში) დარღვევის შემთხვევაში, ქ. ა–ას ჯარიმის სახით დაეკისრება 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხის ეროვნულ ვალუტაში გადახდა.
მხარეები აცხადებენ, რომ არ გააჩნიათ ერთმანეთის მიმართ რაიმე სახის მოთხოვნა ან/და პრეტენზია, გარდა იმ მოთხოვნებისა, რაც წინამდებარე მორიგების აქტშია მითითებული.
ი. ვ–ეს ეკრძალება „№.. ბინის“ დატვირთვა სანივთო უფლებით ან/და „№.. ბინის“ თაობაზე რაიმე ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის დამყარება, მათ შორის, ნებისმიერი სახით განკარგვა, გარდა ამ მორიგების აქტის მე-2 პუნქტის შესაბამისად „№.. ბინის“ ქ. ა–ასთვის საკუთრებაში გადაცემისა. აღნიშნული შეზღუდვა ექვემდებარება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. შეზღუდვა უქმდება, თუ ქ. ა–ა 2020 წლის 31 დეკემბრამდე არ გადაუხდის ი. ვ–ეს 40 000 აშშ დოლარის ეკვივალენტურ თანხას ეროვნულ ვალუტაში (გადახდის დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით).
4.7. სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ 2023 წლის 5 ივნისის ოქმის მიხედვით, იმავე დღეს ქ. ა–ა იძულებით გამოასახლეს თ–ში ..... №..-ში მდებარე ბინა №..-დან. გამოსახლების შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიუროს ლოჯისტიკის თანამშრომელთა ჯგუფმა ბინიდან გამოიტანა მისი კუთვნილი ნივთები. ოქმს ერთვის ქ. ა–ას შენიშვნა, თუმცა მასში არ არის დაფიქსირებული პრეტენზია ბინაში დარჩენილი ნივთების თაობაზე. აღნიშნული ბინა თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა კრედიტორ ი. ვ–ეს.
4.8. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, დგინდება, რომ ქ. ა–ა 2023 წლის 5 ივნისს გაასახლეს დაზარალებულის კუთვნილი ბინიდან, რის შედეგადაც, 2023 წლის 11 ივლისის მდგომარეობით, მას სადავო ბინასთან აღარ ჰქონდა რაიმე სამართლებრივი ან ფაქტობრივი კავშირი. ამგვარად, ქ. ა–ას იმ დროისთვის უნდა სცოდნოდა, რომ სადავო ბინაზე მას აღარ გააჩნდა რაიმე უფლება.
4.9. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორი დაცვის მხარის არგუმენტს, რომ ქ. ა–ა იყო კეთილსინდისიერი მფლობელი დაზარალებულის კუთვნილი ბინისა, რომელიც მან გაარემონტა, აღჭურვა ძვირადღირებული ავეჯითა და ტექნიკით. აღნიშნული პოზიცია მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტებაა და არ არის დადასტურებული რაიმე სარწმუნო მტკიცებულებით. რაც შეეხება ქ. ა–ას მხრიდან თ. გ–ის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს, დადასტურებულია ისეთი უტყუარი მტკიცებულებებით, როგორიცაა ვიდეოჩანაწერები და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
4.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ქ. ა–ას ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და, იმავდროულად, მას დაუნიშნა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი სასჯელი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თავისუფლების აღკვეთა, როგორც სასჯელის ყველაზე მკაცრი ფორმა, უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, როდესაც სხვა, უფრო მსუბუქი საშუალებები ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების რეალიზებას. მოცემულ საქმეზე სასამართლო, სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი ზოგადსავალდებულო გარემოებების შეფასების შედეგად, მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულისთვის დანიშნული ჯარიმის გამკაცრება მიზანშეუწონელია.
4.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება Hirvisaari v. Finland, განაცხადი №49684/99, §30). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება Gorou v. Greece (No. 2), განაცხადი №12686/03, §37, §41). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ზედმიწევნით გამეორება გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციისა, რომელსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
4.12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორები არ უთითებენ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრების განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.13. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, მხარეთა საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გულნარა ოქრუაშვილის და მსჯავრდებულ ქ. ა–ას ადვოკატის – ზ. ნ–ას – საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე