საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 01.06.2026
საქმის ნომერი
2კ-81აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№81აპ-26 თბილისი

პ-ი გ., 81აპ-26 1 ივნისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 19 დეკემბრის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ეკა ჭაავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. პ-ს ბრალად დაედო ადევნება, ე. ი. პირადად პირის უკანონო თვალთვალი ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის (საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ელი ნაწილი). აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· 2023 წლის თებერვლიდან გ. პ-ი და ქ. ყ-ი მუშაობდნენ შპს “ი. ჰ. გ-ში“. თანამშრომლობის პერიოდში გ. პ-ს მის მიმართ გაუჩნდა სასიყვარულო გრძნობები, რაც ცნობილი გახდა გ. პ-ის მეუღლისა და ოჯახის სხვა წევრებისთვის, რომლებიც ქ. ყ-ს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ქ. ყ-ი იძულებული გახდა, შეეცვალა სამუშაო ადგილი. 2023 წლის 14 აგვისტოდან გ. პ-ი სისტემატურად უკანონოდ უთვალთვალებდა ქ. ყ-ს. მისმა ქმედებებმა ქ. ყ-ის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მასა და მისი ოჯახის წევრების მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში გაუჩინა და ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლა აიძულა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 29 სექტემბრის განაჩენით გ. პ-ი ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 19 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ეკა ჭაავა ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, გ. პ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით.

5. გამართლებულ გ. პ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. დ-ი შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №725აპ-19, №981აპ-19, №1302აპ-23, №1353აპ-24).

8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა გ. პ-ის ბრალეულობა, კერძოდ:

9. საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლით კრიმინალიზებულია ადევნება – პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა, განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, მისი სიმშვიდე, უსაფრთხო გარემო და ცხოვრების წესის თავისუფლება. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია: პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა, განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს: პირის ფსიქიკური ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს და აიძულებს დაზარალებულს, მნიშვნელოვნად შეიცვალოს ცხოვრების წესი ან უქმნის ასეთი ცვლილების რეალურ საჭიროებას.

10. საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის შემადგენლობა მატერიალურია. დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ ქმედებათაგან ერთ-ერთის განხორციელება და მის მიერ ამავე მუხლში ჩამოთვლილ შედეგთაგან ერთ-ერთის გამოწვევა. ამდენად, მოცემული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ალტერნატიულ ქმედებებში, ალტერნატიულ შედეგსა და ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივ კავშირში. ამასთან, თითოეული ქმედება უნდა განხორციელდეს სისტემატურად, დროის მცირე ინტერვალის დაშორებით, სულ მცირე, სამჯერ მაინც. ამ დანაშაულის სუბიექტი შეიძლება მოქმედებდეს როგორც პირადად, ასევე მესამე პირის მეშვეობით. სუბიექტური მხრივ, ადევნების მოტივსა და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. მოცემული დანაშაულის ამსრულებელი არის პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული ნებისმიერი ბრალუნარიანი პირი და ის შეიძლება იყოს მსხვერპლისთვის სრულიად უცხო ადამიანიც.

11. სასამართლო აღნიშნავს, რომ გ. პ-ის მიერ დაზარალებულის სისტემატური თვალთვალის ფაქტის დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილია ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება – დაზარალებულ ქ. ყ-ის ჩვენება. სასამართლოში დაკითხვისას დაზარალებულმა მიუთითა, რომ 2023 წლის 23 ივნისიდან გ. პ-ი მას სისტემატურად უთვალთვალებდა, დაჰყვებოდა ავტომანქანით, მიდიოდა სახლსა და სამსახურთან. დაზარალებული გამოძიების ეტაპზე არაერთხელ გამოიკითხა, მაგრამ მხოლოდ 2023 წლის 19 აგვისტოს განმარტა, რომ მას სისტემატურად უთვალთვალებდა ბრალდებული. წინა გამოკითხვის ოქმებში დაზარალებულს აღნიშნული ინფორმაცია არ დაუფიქსირებია. ქ. ყ-ის მონათხრობი, გ. პ-ის ივნისიდან თვალთვალის თაობაზე, არ დასტურდება მის არცერთ განცხადებაში, 112-ისადმი გაკეთებულ შეტყობინებასა თუ ექსპერტთან კლინიკური გასაუბრების დროს. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა ორი ფოტოსურათი, რომლებზეც ასახულია გ. პ-ის ავტომანქანა და რომლებიც დათარიღებულია 2023 წლის 14 და 17 აგვისტოთი. წარმოდგენილი ფოტოსურათებით დგინდება, რომ გ. პ-ის მანქანა მიდის წინ, დაზარალებული კი უკან მიჰყვება. იმ ვითარებაში, როდესაც გ. პ-ი კატეგორიულად უარყოფს დაზარალებულის თვალთვალს და განმარტავს, რომ ქუჩებზე, სადაც გადაღებულია მისი ავტომანქანა, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, უწევდა გადაადგილება, შემთხვევით გაიარა დაზარალებულმა, რომელთანაც არანაირი კონტაქტი არ ჰქონია, წარმოდგენილი ფოტოსურათებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალდებულის მიერ სისტემატური თვალთვალის ფაქტი.

12. რაც შეეხება შემაკავებელი ორდერის ოქმს და 112-ში დაზარალებულის შეტყობინებებს, ისინი ნაწარმოები ხასიათის მტკიცებულებებია, რომლებიც ემყარება დაზარალებულის მონათხრობს. ამრიგად, დაზარალებულის ჩვენებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების უტყუარობა არ დასტურდება რაიმე პირდაპირი მტკიცებულებით, რის გამოც, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე, უტყუარად დაადგინოს მტკიცების საგანში შემავალი უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი გარემოებები და ისინი საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს.

13. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა თ. კ-ემ დაადასტურა, რომ დასკვნის გაცემის დროს დაეყრდნო წარდგენილ სისხლის სამართლის საქმის მასალებს და ქ. ყ-თან გასაუბრების შედეგებს. ექსპერტმა დაკითხვისას განმარტა, რომ დაზარალებულის მიერ მიწოდებული, ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ასახა დასკვნაში. ექსპერტთან გასაუბრებისას დაზარალებულს არ უხსენებია ბრალდებულის მხრიდან უკანონო თვალთვალის ფაქტი. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, დაზარალებულს დაუდგინდა ფსიქოლოგიური ტანჯვა, მოიცავს 2023 წლის 26 ივლისამდე პერიოდს და გ. პ-ისთვის ბრალად წარდგენილ ქმედებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით, მართალია, დადასტურდა დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა, თუმცა არ დადასტურდა ის ფაქტი, რომ დაზარალებულმა ფსიქოლოგიური ტანჯვა განიცადა სწორედ ბრალდებულის ქმედებით. ამრიგად, სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №-- დასკვნა საფუძვლად ვერ დაედება გ. პ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

14. სასამართლო ასევე უთითებს, რომ მოწმეები – ზ. ვ-ი და ბ. ყ-ი – ფლობენ გარკვეულ ინფორმაციას საქმის გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა ისინი არ არიან ფაქტის შემსწრე თვითმხილველები და მათი წყარო დაზარალებული ქ. ყ-ია. შესაბამისად, მათი ჩვენებებიც ირიბია. ირიბი ჩვენების გამოყენება კი შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და შეიძლება, დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა – მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება – „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 22/01/2015, II-37, II-52).

15. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ გ. პ-ის ბრალეულობის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მის მიერ ქ. ყ-ის მიმართ ადევნების ფაქტს. შესაბამისად, ყოველგვარი ეჭვი, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „In dubio pro reo-ს“ – გათვალისწინებით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არ ვლინდება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე წინაპირობა. ბრალდების მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა ანალოგიურ (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, გასაჩივრებულ განაჩენში კი მხარის ყველა არგუმენტს დეტალურად და ამომწურავად უპასუხა. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

17. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ხოლო იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ეკა ჭაავას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე